შინაარსზე გადასვლა

კათარინა ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კათარინა ავსტრიელი
Katharina von Österreich
მანტუის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 22 ოქტომბერი, 1549
მმართ. დასასრული: 22 თებერვალი, 1550
წინამორბედი: მარგერიტა პალეოლოგინა
მემკვიდრე: ელეონორა ავსტრიელი
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი
კორონაცია: 30 ივნისი, 1553
მმართ. დასაწყისი: 23 ივნისი, 1553
მმართ. დასასრული: 28 თებერვალი, 1572
წინამორბედი: ბარბარა რაძივილი
მემკვიდრე: ლუიზა დე ლორენ-ვედემონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 სექტემბერი, 1533
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 28 თებერვალი, 1572, (38 წლის)
გარდ. ადგილი: ლინცი, ავსტრია
მეუღლე: ფრანჩესკო III, მანტუის ჰერცოგი
(ქ. 1549 - გარდ. 1550)
სიგიზმუნდ II, პოლონეთის მეფე
(ქ. 1553)
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ანა უნგრელი
რელიგია: კათოლიციზმი

კათარინა ავსტრიელი (გერმ. Katharina von Österreich, იტალ. Caterina d'Austria, პოლ. Katarzyna Habsburżanka, ლიეტ. Kotryna Habsburgaitė; დ. 15 სექტემბერი, 1533, ვენა, ავსტრია — გ. 28 თებერვალი, 1572, ლინცი, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ანა უნგრელის ქალიშვილი. 1549 წელს ცოლად შერთეს მანტუის ჰერცოგ კარლო III გონძაგას, თუმცა 1550 წელს კათარინა დაქვრივდა. 1553 წელს იგი ცოლად შერთეს მეორედ დაქვრივებულ მისსავე სიძეს, პოლონეთ-ლიტვის მეფე სიგიზმუნდ II იაგელონს. მათი ქორწინება არასდროს ყოფილა ბედნიერი და არც შვილები არ ჰყოლიათ. 1554 და 1558 წლებში მოშლილი ორსულობების შემდეგ სიგიზმუნდი კათარინას ახლოს აღარ გაჰკარებია. იგი პაპს კათარინასთან განქორწინებას სთხოვდა, თუმცა ამაოდ. 1565 წლიდან დედოფალი კათარინა მშობლიურ ავსტრიაში დაბრუნდა და ქალაქ ლინცში დასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. სიგიზმუნდი გარდაიცვალა უშვილოდ, რის გამოც იაგელონთა დინასტია შეწყდა.

ადრეული ცხოვრება და მანტუის ჰერცოგინია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათარინა დაიბადა 1533 წლის 15 სექტემბერს ვენაში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ანა უნგრელის ერთ-ერთი შვილი თხუთმეტიდან. მან თავისი ბავშვობის დიდი დრო ქალაქ ინსბრუკში მდგარ ჰოფბურგის სასახლეში გაატარა, სადაც იგი ძალიან დისციპლინირებულად და რელიგიურად იზრდებოდა. იგი სწავლობდა იტალიურ და ლათინურ ენებს. 1543 წლის 17 მარტს ათი წლის კათარინა დანიშნეს მანტუისა და მონტფერატის ჰერცოგ ფრანჩესკო III გონძაგაზე. ეს ნიშნობა მიმართული იყო მამამისის, იმპერატორ ფერდინანდის სურვილების ასასრულებლად, რაც მიზნად ისახავდა საფრანგეთის წინააღმდეგ ჩრდილო იტალიური სახელმწიფოების გადმობირებას. ანალოგიური მიზეზების გამო მისი სამი დაც იტალიაში გაათხოვეს. 1549 წლის ოქტომბერში კათარინა თავის ძმასთან, ინსბრუკის არქიეპისკოპოსთან ერთად მანტუისკენ დაიძრა. მისი მზითვი 100, 000 ფლორინს წარმოადგენდა. კათარინა და ფრანჩესკო 1549 წლის 22 ოქტომბერს დაქორწინდნენ, თუმცა ქორწინება სულ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. 1550 წლის 22 თებერვალს ფრანჩესკო კომოს ტბაში დაიხრჩო. დაქვრივებული კათარინა უკან, ინსბრუკში დაბრუნდა. ჰაბსბურგებმა განაცხადეს, რომ ფაქტობრივად ქორწინება არც ყოფილა და კათარინასთვის მეორე სარფიანი მეუღლის ძებნა დაიწყეს.

პოლონეთის დედოფალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კათარინასა და სიგიზმუნდის ქორწინება

1551 წლის მაისში პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ II-ის მეორე სკანდალური მეუღლე, დედოფალი ბარბარა რაძივილი გარდაიცვალა. სწორედ ამიტომ, ფერდინანდ I-მა სასწრაფოდ წამოიწყო მოლაპარაკებები პოლონელებთან კათარინასა და სიგიზმუნდის ქორწინებასთან დაკავშირებით, რათა ავსტრია-პოლონეთის ალიანსი კვლავ განახლებულიყო. კერძოდ, ფერდინანდს სურდა, რომ უნგრეთის ტახტისთვის ბრძოლაში, სადაც პოლონელები სიგიზმუნდის დას, იზაბელა იაგელონისა და მისი ქმრის, იან ზაპოლიას მხარეს იჭერდნენ, ამ ქორწინებით გადმოებირებინა. კათარინა თავიდან უარც აცხადებდა სიგიზმუნდთან ქორწინებაზე, რადგან მას პირველ ცოლად კათარინას უფროსი და, დედოფალი ელიზაბეთ ავსტრიელი ჰყავდა, რომელიც 1545 წელს გარდაიცვალა, ამაში კი კათარინა ბრალს სიგიზმუნდს სდებდა. თავად პოლონეთის მეფესაც დიდად არ სურდა ავსტრიის პრინცესაზე ქორწინება, რადგან ეშინოდა, რომ კათარინასაც ელიზაბეთის გენები ექნებოდა და ისიც მასსავით უნაყოფო იქნებოდა. თუმცა საბოლოოდ სიგიზმუნდი დასთანხმდა, რადგან ჰაბსბურგები უკვე რუსების დახმარებას აპირებდნენ ანტი-პოლონურ ომში.

1553 წლის დასაწყისში სიგიზმუნდის განსვენებული ცოლის ძმა, მიქაელ რაძივილი ვენაში ჩავიდა იმპერატორ ფერდინანდის კარზე, რათა დაერწმუნებინა, რომ რუსეთის ცარ ივანე IV-ისათვის პოლონეთისათვის დამღუპველი დახმარება არ გაეწია. რაძივილმა ისარგებლა იმპრიაში ყოფნით და ამის პარალელურად სიგიზმუნდისთვის ბავარიის ჰერცოგისა და ფერარის ჰერცოგის ასულები შეარჩია საცოლეებად. თუმცა ფერდინანდმა განუცხადა, რომ შეთანხმებისათვის აუცილებელი იყო კათარინასა და სიგიზმუნდის დაქორწინება. საბოლოოდ რაძივილი დასთანხმდა და სიგიზმუნდს კათარინაზე საოცარი ენთუზიაზმით სავსე წერილი გაუგზავნა. საბოლოოდ 1553 წლის 15 აპრილს პოლონეთის მეფემ ოფიციალურად განაცხადა თანხმობა კათარინას ცოლად შერთვაზე. პაპის დისპენსია (ვინაიდან ისინი პირველი თაობის ბიძაშვილებიც იყვნენ) 20 მაისს იქნა მიღებული, 23 ივნისს კი ხელი მოეწერა საქორწინო ხელშეკრულებას. ქორწილი 1 ივლისს იყო დანიშნული, თუმცაღა სიგიზმუნდის ავადმყოფობის გამო 30 ივლისამდე გადავადდა. საქორწინო ზეიმი მომდევნო ათი დღის მანძილზე გრძელდებოდა. კათარინას მზითვი შეადგენდა 100, 000 ფლორინს, 500 ვერცხლის მონეტას, 48 უძვირფასეს კაბასა და 800 სამკაულს.

ცხოვრება სიგიზმუნდთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვინაიდან კათარინას ბავშვობიდან იტალიაში გასათხოვებლად ამზადებდნენ, მან უცხო ენებიდან მხოლოდ იტალიური და ლათინური იცოდა, პოლონელებთან კი ძლივს საუბრობდა. მიუხედავად ამისა, ვინაიდან სიგიზმუნდის დედა, დედოფალი ბონა სფორცა იტალიელი იყო, მასთან გამართულად ლაპარაკობდა ხოლმე. იგი დედამთილის მსგავსად ძალზედ ამბიციური ქალი იყო და პოლიტიკაზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა, რაც მეფის გაღიზიანებას იწვევდა. მიუხედავად ამიას, როგორც დედოფალმა და მეუღლემ, კარგად იცოდა, რომ მისი უპირველესი მოვალეობა მემკვიდრის გაჩენა იყო, რაც სიგიზმუნდის წინა ცოლებმა ვერ შესძლეს. 1554 წლის თებერვალში ხალხს საზეიმდ ამცნეს დედოფლის ფეხმძიმობა. სამეფო წყვილი აქამდე ყოველთვის ცალ-ცალკე იყვნენ ხოლმე. როგორც სამეფო კარის მემატიანე აღნიშნავს, მარტოსული დედოფალი ძალიან ხშირად იკეტებოდა და ტიროდა. 9-10 აპრილს თავად მეფეს (რომელიც მთელი ეს დრო ლიტვაში იყო) ამცნეს დედოფლის ორსულობა. 25 აპრილს წყვილი ვილნიუსში გაემგზავრა, სადაც გაატარეს მომავალი ცხრა წელი. უცნობია ეს მუცლის მოშლა იყო, ცრუ ორსულობა თუ ინტრიგა, მაგრამ ბავშვი 1554 წლის ოქტომბერში, როგორც ელოდებოდნენ არ დაბადებულა.

ტიციანის მიერ შესრულებული კათარინას პორტრეტი

შედარებით ნორმალური, თუმცა შორი ქორწინება გრძელდებოდა მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე. როგორც ჩანს, 1556 წლის სეიმის დროს და ამავე წლის იანვარში თავისი მულის, სოფია იაგელონისა და ბრუნსვიკ-ლუნებურგის ჰერცოგ ჰაინრიხ V-ის ქორწილში დედოფალი კათარინა სიგიზმუნდს კამპანია უწევდა. ასევე იგი იყო სიგიზმუნდისა და ფერდინანდის შუამავალი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა ალბერტ პრუსიელის ამბოხი და პროტესტანტიზმთან ბრძოლის საკითხები. 1555 და 1556 წლებში კათარინას ნება დართეს ავსტრიაში ჩასულიყო და ოჯახის წევრები მოენახულებინა. 1556 წლის 19 იანვარს სიგიზმუნდმა მას ქალაქები: ვისლიცა, ცარნოვი, რადომი, კოსინიცე, ჩეცინი და რადოსჟსცე აჩუქა.

1556 წლის გაზაფხულზე დედა-დედოფალი ბონა სფორცა საცხოვრებლად თავის მშობლიურ იტალიაში დაბრუნდა. კათარინა ამის შემდეგ მალევე დაახლოვდა თავის ორ, ჯერჯერობით გაუთხოვარ მულთან — ანა და კატარინა იაგელონებთან. ამ დროისთვის სამეფო ოჯახი კვლავ ვილნიუსში ცხოვრობდა, 1558 წლის ზაფხულში კი სამეფო ოჯახი კვლავ პოლონეთში დაბრუნდა. ამავე წლის ოქტომბერში კათარინა ძალიან მძიმედ დაავადდა. ავადმყოფობის მიზეზები თავიდან უცნობი იყო, რადგან პოლონელმა ექიმებმა ვერ დაადგინეს. ამის შემდეგ ფერდინანდმა ავსტრიიდან გაუგზავნა ექიმები, რომლებმაც დედოფალს ციებ-ცხელება დაუდგინეს. 1559 წლის ზაფხულში პრაღაში მოგზაურობისას სიგიზმუნდი და კათარინა მისი ავადმყოფობის გამო შეჩერდა. 1560 წელს ისინი ვილნიუსში ჩავიდნენ, სადაც კათარინა კვლავ ცუდად გახდა. საბოლოოდ სიგიზმუნდმა დაასკვნა, რომ კათარინას ეპილეფსია სჭირდა, ისევე როგორც მის უფროს დასა და სიგიზმუნდის პირველ ცოლ ელიზაბეთ ავსტრიელს. ამის შემდეგ მეფე და დედოფალი საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს.

1562 წლის ოქტომბერში, კატარინა იაგელონისა და ფინეთის ჰერცოგ იან ვაზას ქორწილში კათარინამ და სიგიზმუნდმა უკანასკნელად ნახეს ერთმანეთი. ამის შემდეგ კათარინა ჯერ ვილნიუსში, შემდეგ კი გროდნოში, 1563 წლიდან კი რადომში ცხოვრობდა. 40 წლის სიგიზმუნდს განქორწინება მოუნდა, ვინაიდან მას შვილი არ ჰყავდა, მეოთხე ქორწინება ნებადართული იყო, მას კი აუცილებლად სჭირდებოდა ტახტის მემკვიდრე. 1565 წელს სიგიზმუნდმა რომის პაპთან ნუნციო გაგზავნა, რომელსაც განქორწინება მოსთხოვა. ამის მიზეზად იგი ამბობდა, რომ კათარინასთან ქორწინება ცოდვა იყო. რადგან მანამდე მისი პირველი ცოლი კათარინას და იყო, ღმერთმა დასაჯა პოლონეთი და 1554 წელს დედოფალს მუცელი მოუშალა, ამის შემდეგ კი კათარინას ეპილეფსიაც დაეწყო. ასეთი მიზეზების გამო რომის პაპი ჩვეულებრივ იძლეოდა განქორწინებას, თუმცა ამ შემთხვევაში ჰაბსბურგთა პაპზე გავლენის გამო მან სიგიზმუნდს განქორწინების ნება არ მისცა.

1564 წელს ფერდინანდ I გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი, კათარინას უფროსი ძმა მაქსიმილიან II ავიდა. ახალმა იმპერატორმა და მისმა ელჩობამ პოლონეთის მეფე-დედოფლის შერიგება სცადეს, თუმცა ვინაიდან სიგიზმუნდი ვერ დაარწმუნეს, კათარინას ავსტრიაში დაბრუნება შესთავაზეს.1565 წლის მაისში კათარინამ სიგიზმუნდს პოლონეთის დატოვებისა და ავსტრიაში გადასახლების ნებართვა სთხოვა, თუმცა მან თავიდან ამაზე უარი მიიღო, რადგან სიგიზმუნდს ეშინოდა, რომ ავსტრიასა და ჰაბსბურგთა სახელმწიფოებში ანტი-პოლონური განწყობა გაიზრდებოდა, თუმცა შემდეგ დასთანხმდა, რადგან მიხვდა, რომ ამით განქორწინება უფრო გაუადვილდებოდა. წესით კათარინა 1565 წლის ივნისში ავსტრიაში უნდა წასულიყო, თუმცა საქმეში პოლონელი დიდგვაროვნების ჩარევამ მისი გამგზავრება 1566 წლის 8 ოქტომბრამდე გადადო.

სამშობლოში დაბრუნებული კათარინა თბილად არ მიუღიათ, რადგან მას ავსტრიელები ქორწინების გაფუჭებაში ადანაშაულებდნენ. იმპერატორმა მაქსიმილიანმა ამ საქმის მოგვარების საკითხი კიდევ ერთხელ წამოჭრა და ამ მიზნით სიგიზმუნდთან შეხვედრა მოისურვა. 1567 წელს სიგიზმუნდმა მაქსიმილიანს შერიგებაზე კატეგორიული უარი განუცხადა, თუმცა ისიც დაურთო, რომ თუ კათარინას სურდა შეეძლო პოლონეთში დაბრუნება, ამისთვის იგი დიდი პენსიის დანიშვნასაც დაჰპირდა. თავიდან კათარინამ დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა გამგზავრების წინ კიდევ ერთი შეტევა დაემართა, რის გამოც წასვლა გადაიფიქრა და ლინცში გადასახლდა, სადაც გაატარა დარჩენილი წლები.

მემატიანეთა ჩანაწერებით კათარინამ თავის სასახლეში სიგიზმუნდი მკვდრად გამოაცხადა და დარჩენილი ცხოვრება ქვრივივით გაატარა. იგი საკმაოდ მელანქოლიურად ცხოვრობდა, მაგრამ სიგიზმუნდის დებთან კვლავ ახლო და თბილი ურთიერთობა შეინარჩუნა. კათარინა ხშირად დადიოდა სამეფო კარზე, მესაზე, კითხულობდა ბიბლიას და სხვა სასაულიერო ნაწარმოებებს. მან სამკურნალო მცენარეების ბაღი გააშენა, საიდანაც უამრავ სამკურნალო საცხებსა და მალამოებს აკეთებდნენენ. თუმცა როგორც ჩანს კათარინას მაინც უნდოდა პოლონეთში დაბრუნება. მან პოლონეთის ელჩს დახმარება სთხოვა და მისი ხელით სიგიზმუნდს ორჯერ წერილიც გაუგზავნა. იგი მეუღლეს პატიებასა და შერიგებას სთხოვდა, თუმცა ამაოდ. ამის შემდეგ მან თავისი ძვირფასეულობის საქველმოქმედო საქმიანობაში ჩადება დაიწყო. კათარინა ავსტრიელი გარდაიცვალა 1572 წლის 28 თებერვალს, 38 წლის ასაკში.

  • Duczmal, Małgorzata (2012). Jogailaičiai (in Lithuanian). Translated by Birutė Mikalonienė; Vyturys Jarutis. Vilnius: Mokslo ir enciklopedijų leidybos centras. ISBN 978-5-420-01703-6.
  • Vladislas II, King of Bohemia and Hungary at Encyclopædia Britannica.
  • Cazacu, Matei (2017). Reinert, Stephen W., ed. Dracula. Brill. p. 204.
  • Noubel, P., ed. (1877). Revue de l'Agenais [Review of the Agenais]. 4. Société académique d'Agen. p. 497.
  • Boureau, Alain (1995). The Lord's First Night: The Myth of the Droit de Cuissage. Translated by Cochrane, Lydia G. The University of Chicago Press. p. 96.
  • Wurzbach, Constantin, von, ed. (1860). "Habsburg, Elisabeth von Oesterreich (Königin von Polen)" (in German). Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical Encyclopedia of the Austrian Empire]. 6. Wikisource. p. 167.