ანა ცელიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანა ცელიელი
Annacelje.png
ანა თავის ქმართან ერთად
პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი
კორონაცია: 23 თებერვალი, 1403
მმართ. დასაწყისი: 29 იანვარი, 1402
მმართ. დასასრული: 21 მაისი, 1416
წინამორბედი: ელიზაბეტა ბოსნიელი
მემკვიდრე: ელიზაბეტა გრანოვსკა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1381
გარდ. თარიღი: 21 მაისი, 1416
გარდ. ადგილი: კრაკოვი, პოლონეთი
მეუღლე: ვლადისლავ II, პოლონეთის მეფე
შვილები: ჰედვიგია
მამა: ვილჰელმი, ცელიეს გრაფი
დედა: ანა პოლონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ანა ცელიელი (გერმ. Anna von Celje, პოლ. Anna Cylejska; დ. 1381 — გ. 21 მაისი, 1416) — პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი 1402-16 წლებში როგორც ვლადისლავ II იაგელონის მეორე ცოლი. ვინაიდან ანას დედა პიასტთა დინასტიის წარმომადგენელი იყო, პოლონეთში მმართველობის გასამყარებლად ვლადისლავმა მასზე ქორწინება გადაწყვიტა. მათი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და 14 წლის მანძილზე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, შეეძინათ მხოლოდ ერთი ასული, რომელიც გაუთხოვარი გარდაიცვალა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები და ქორწილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა დაიბადა დაახლოებით 1381 წელს ცელიეში, საღვთო რომის იმპერიაში. იგი იყო ცელიეს გრაფ ვილჰელმისა და მისი ცოლის, პოლონეთის მეფე კაზიმირ III-ის ქალიშვილ ანა პოლონელის ასული. როდესაც იგი დაიბადა, ცელიეს საგრაფოს მამამისთან ერთად მისი ბიძაშვილი ჰერმან II-ც განაგებდა. როდესაც ანა ათი წლის იყო გრაფი ვილჰელმი გარდაიცვალა. ამ ამბიდან ორ წელიწადში ანას დედა ტეკის გრაფზე დაქორწინდა, პატარა ანა კი ჰერმან II-ისა და მისი ცოლის, ანა შკაუნბერგელის მზრუნველობის ქვეშ დატოვა ცელიეში.

ანას მეორე თაობის ბიძაშვილი, პოლონეთის დედოფალი იადვიგა 1399 წლის ივლისში უშვილოდ დაიღუპა, მისმა ქმარმა, ლიტვის დიდმა მთავარმა ვლადისლავ II-მ პოლონეთის ტახტის შესანარჩუნებლად მის ნათესავზე ქორწინება განიზრახა. როგორც პიასტთა დინასტიის შთამომავალს, პოლონეთის ტახტზე გარკვეული უფლებები ანასაც ჰქონდა, ამიტომაც ვლადისლავმა სწორედ მასზე ქორწინება მოისურვა. 1401 წელს ვლადისლავი ცელიეში ჩავიდა, სადაც ჰერმანსა და მის ცოლს ანას ხელი სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. 1401 წლის 16 ივლისს ანა ცელიელი კრაკოვში ჩავიდა, სადაც მას მისი საქმრო ქალაქის კარიბჭესთან დახვდა. ამავდროულად, მეფეს პირველივე ნახვისთანავე არ მოეწონა თავისი საცოლე. ქორწილი მანამდე გადავადდა, სანამ ანა პოლონურის სწავლას დაასრულებდა. ამ დროს იგი მონასტერში ცხოვრობდა, ვლადისლავი კი თავისი სამეფოს აღმოსავლეთ პროვინციებში მოგზაურობდა, საიდანაც მხოლოდ 1402 წლის იანვარში დაბრუნდა. საქორწინო ცერემონიალი 1402 წლის 29 იანვარს შედგა ვაველის კათედრალში. უცნობი მიზეზების გამო, ანას პოლონეთის დედოფლად კორონაცია 1403 წლის 25 თებერვლამდე გაჭიანურდა.

უბედური ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანასა და ვლადისლავის ქორწინება დისტანციური იყო. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მეფე დედოფალზე ოცდაათი წლით უფროსი იყო. ცერემონიალის გადავლის შემდეგ მეფემ კვლავ განაგრძო მოგზაურობა, ანა კი მარტო დატოვა ვაველის სასახლეში. ანა დიდად ამბიციური და პოლიტიკური ფიგურა არ ყოფილა, იგი უფრო რელიგიური და მორჩილი დედოფალი იყო.

1407 წელს, ხუთწლიანი უბედური თანაცხოვრების შემდეგ ანა დაფეხმძიმდა. თუმცა, კლემენს მოსკარსკევსკმა დედოფალი იაკუბ კობილანსკთან და მიხაილ კრსასტოვსკთან ღალატში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბავშვიც ერთ-ერთი მათგანის იყო. მეფე მართალია დაეჭვდა, თუმცა მემკვიდრე იმდენად სჭირდებოდა, რომ ჭორებზე თვალი დახუჭა და უბრალოდ იაკუბის დაპატიმრება ბრძანა. ამ ამბიდან ერთი წლის თავზე ანა კვლავ დაადანაშაულეს ღალატში, თუმცა ამჯერად იედრსეი ტეშინსკთან, თუმცა ამ ამბავმა ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა. 1411 წელს ნიესნოს არქიეპისკოპოსმა დედოფალი მეფის ღალატში კვლავ დაადანაშაულა, თუმცა არქიეპისკოპოსი მანამ გარდაიცვალა, სანამ ამ საქმეს გამოიძიებდნენ.

დედობა და პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1408 წლის 8 აპრილს ანამ გოგონა გააჩინა, რომელსაც ჰედვიგია დაარქვეს. რადგანაც ვლადისლავს ვაჟი მემკვიდრე კვლავ არ ჰყავდა, პოლონელი დიდგვაროვნების ნაწილმა ზურგი აქცია მას და მის ტახტზე პრეტენზიაც გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ დედოფალი აქტიურად ჩაება პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1410 წლის თებერვალში პოლონეთ-ტევტონთა ომებისას იგი თან ახლდა მეფეს. 1412 წლის თებერვალში ანა და ვლადისლავი ვენაში ჩავიდნენ, სადაც დაესწრნენ ერცჰერცოგ ერნესტისა და სიმბურგის მოსავიელის ქორწინებას. ქორწილის შემდეგ მეფე-დედოფალი უნგრეთში გადავიდნენ, სადაც ისინი ვლადისლავის განსვენებული ცოლის დასა და მის ქმარს, მეფე სიგიზმუნდს შეხვდნენ. სიგიზმუნდსა და ვლადისლავს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. 1412 წლის ბუდას მოლაპარაკებებში დედოფალს მონაწილეობა არ მიუღია.

1413 წელს იედლნიას კონგრესზე, ვლადისლავმა მათი ერთადერთი ხუთი წლის ასული ჰედვიგია ოფიციალურად გამოაცხადა პოლონეთის ტახტის მემკვიდრედ. ეს დედოფალი ანას უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ტრიუმფი იყო. ამის შემდეგ ვლადისლავი, ანა და ჰედვიგია ლიტვაში ჩავიდნენ, სადაც ადგილობრივმა ლიტველმა დიდგვაროვნებმა პატარა პრინცესა ტახტის მემკვიდრედ სცნეს. ყოველივე ეს 1413 წელს ხელმოწერილი ჰოროდლოს ხელშეკრულებით დამტკიცდა. 1415 წელს ანამ ვლადისლავთან ერთად პოლონეთის პროვინციებში იმოგზაურა, სადაც იგი საზღვრის პირას მოლდოვეთის მეფე ალექსანდრე I-ს შეხვდა. ეს იყო ანა ცელიელის უკანასკნელი პოლიტიკური აქტი.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1415 წლის ბოლოს ვლადისლავი ლიტვაში გაემგზავრა, თუმცა ანა პოლონეთში, კერძოდ კრაკოვში დარჩა. როგორც ვარაუდობენ, მან ქმართან ერთად გამგზავრება იმიტომ ვერ მოახერხა რომ დასნეულებული იყო. 1416 წლის დასაწყისში ვლადისლავს ლიტვაში შეატყობინეს, რომ დედოფალი მძიმედ იყო დაავადებული. მიუხედავად მძიმე ახალი ამბებისა, მეფე არ ჩქარობდა კრაკოვში დაბრუნებას. იგი დედაქალაქამდე მხოლოდ მაისში ჩავიდა, სადაც მას უკვე რამდენიმე დღის გარდაცვლილი ანა დახვდა. როგორც აღმოჩნდა დედოფალი 1416 წლის 21 მაისს გარდაცვლილიყო. იგი დაკრძალეს ვაველის კათედრალში. ამის შემდეგ ვლადისლავმა კიდევ ორჯერ იქორწინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Duczmal, Małgorzata (2012). Jogailaičiai (in Lithuanian). Translated by Birutė Mikalonienė; Vyturys Jarutis. Vilnius: Mokslo ir enciklopedijų leidybos centras. ISBN 978-5-420-01703-6.