ბარბარა ზაპოლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარბარა ზაპოლია
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი
კორონაცია: 8 თებერვალი, 1512,
ვაველის კათედრალი
მმართ. დასაწყისი: 8 თებერვალი, 1512
მმართ. დასასრული: 2 ოქტომბერი, 1515
წინამორბედი: ელენა მოსკოველი
მემკვიდრე: ბონა სფორცა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1495
დაბ. ადგილი: ტრენჩინი, სლოვაკეთი
გარდ. თარიღი: 2 ოქტომბერი, 1515, (19-20 წლის)
გარდ. ადგილი: კრაკოვი, პოლონეთი
დაკრძ. ადგილი: 18 ოქტომბერი, 1518
ვაველის კათედრალი
მეუღლე: სიგიზმუნდ I, პოლონეთის მეფე
შვილები: იადვიგა, ბრანდენბურგის კურფიურსტი
ანა
დინასტია: ზაპოლიები
მამა: იშტვან ზაპოლია
დედა: იადვიგა ციშინსკა
რელიგია: კათოლიციზმი

ბარბარა ზაპოლია (უნგრ. Szapolyai Borbála, პოლ. Barbara Zápolya; დ. 1495 — გ. 2 ოქტომბერი, 1515) — ზაპოლიების დინასტიის წარმომადგენელი. უნგრეთის მეფე იან I ზაპოლიას უმცროსი და. პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი 1512-15 წლებში როგორც სიგიზმუნდ I-ის პირველი ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარბარა დაიბადა 1495 წელს ტრენჩინში, თანამედროვე სლოვაკეთის ტერიტორიაზე, თუმცა იმხანად უნგრეთის ძლევამოსილ სამეფოში. იგი იყო უნგრეთის პალატინ იშტვან ზაპოლიასა და ტეშენის პრინცესა იადვიგა ციშინსკას ასული. მისი ოჯახი უნგრეთის ყველაზე ძლევამოსილი და მდიდარი გვარის წარმომადგენელი იყო მეფის შემდეგ და გასაკვირი არცაა, რომ შემდგომში მისი ძმა იანი ჰაბსბურგებს ეცილებოდა ტახტში.

1512 წლის 8 თებერვალს ბარბარა ცოლად შერთეს პოლონეთისა და ლიტვის მეფე სიგიზმუნდ I-ს. ამავე დღეს, ვაველის კათედრალში შედგა მისი დედოფლად კორონაცია. ამის შემდეგ იგი სიგიზმუნდთან ერთად დასახლდა კრაკოვის სამეფო კარზე.

ქორწინების დროს, 1512 წელს სიგიზმუნდ I აქტიურად იყო ჩაბმული რუსეთის წინააღმდეგ ომებში. მისი ქვეყანაში არ ყოფნისას სახელმწიფოს დედოფალი ბარბარა მართავდა, რომლის რეზიდენციადაც ვილნიუსი იქცა, თუმცა ქმრის დაბრუნებისთანავე კრაკოვს უბრუნდებოდა. ქორწინებიდან ერთ წელიწადში ბარბარამ გოგონა გააჩინა, რომელსაც სიგიზმუნდმა თავისი დის პატივსაცემად იადვიგა დაარქვა. 1515 წლის 2 ოქტომბერს ახალგაზრდა დედოფალი მეორე მშობიარობას გადაჰყვა. მან კვლავ გოგონა გააჩინა, სახელად ანა, რომელიც 5 წლის ასაკში დაიღუპა. მისი გარდაცვალებით სიგიზმუნდმა უნგრეთი, როგორც მოკავშირე დაკარგა, ამიტომაც მემკვიდრის გასაჩენად და ახალი მოკავშირის შესაძენად მან მეორე ქორწინება მოისურვა. 1518 წელს სიგიზმუნდმა ცოლად შეირთო მილანის ჰერცოგის ასული და ნეაპოლის მეფის დის შვილი ბონა სფორცა, რომელთანაც მრავალი შვილი შეეძინა.

1515 წელს, ბარბარას გარდაცვალების შემდეგ სიგიზმუნდმა იგი ვაველის კათედრალში ღირსეულად დაკრძალა. ამ ამბიდან ათი წლის თავზე, 1526 წელს ოსმალებმა ბრძოლაში მოკლეს უნგრეთის მეფე ლაიოშ II, რომლის შემდეგაც უნგრეთის მეფე ბარბარას ძმა, იან I ხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Duczmal, Małgorzata (2012). Jogailaičiai. Translated by Birutė Mikalonienė; Vyturys Jarutis. Vilnius: Mokslo ir enciklopedijų leidybos centras. ISBN 978-5-420-01703-6.