მარია ლუიზა გონძაგა
მარია ლუიზა გონძაგა | |
---|---|
Maria Luisa Gonzaga | |
პოლონეთისა და ლიტვის დიდი მთავარი | |
კორონაცია: | 15 ივლისი, 1646 |
მმართ. დასაწყისი: | 5 ნოემბერი, 1645 |
მმართ. დასასრული: | 20 მაისი, 1648 |
წინამორბედი: | სესილია რენატა ავსტრიელი |
პოლონეთისა და ლიტვის დიდი მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 30 მაისი, 1649 |
მმართ. დასასრული: | 10 მაისი, 1667 |
მემკვიდრე: | ელეონორა მარია ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 18 აგვისტო, 1611 |
დაბ. ადგილი: | ნიევრი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 10 მაისი, 1667, (55 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვარშავა, პოლონეთი |
დაკრძ. ადგილი: | კრაკოვი, პოლონეთი |
მეუღლე: |
ვლადისლავ IV, პოლონეთის მეფე (ქ. 1645 - გარდ. 1648) იან II, პოლონეთის მეფე (ქ. 1649) |
შვილები: |
იან სიგიზმუნდი მარია ანა |
დინასტია: | გონძაგები |
მამა: | კარლო I, მანტუას ჰერცოგი |
დედა: | კატრინ დე გიზი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარია ლუიზა გონძაგა (იტალ. Maria Luisa Gonzaga, პოლ. Ludwika Maria Gonzaga; დ. 18 აგვისტო, 1611, ნიევრი, საფრანგეთი — გ. 10 მაისი, 1667, ვარშავა, პოლონეთი) — გონძაგას დინასტიის წარმომადგენელი. მანტუას ჰერცოგ კარლო I-ისა და მისი მეუღლის, კატრინ დე გიზის ასული. პოლონეთისა და ლიტვის ორგზის დედოფალი როგორც ვლადისლავ IV-ის, შემდეგ კი იან II კაზიმირის მეუღლე.
იგი ძალზედ ენერგიული და აქტიური ქალი იყო, რომელიც ავტოკრატიული მონარქიის ძლიერი მხარდამჭერად ითვლებოდა. მას არ უყვარდა მაღალდემოკრატიული პოლონეთის სამეფო კარი და მისი ქედმაღალი დიდგვაროვნები, თუმცაღა მან მოახერხა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის პოლიტიკაში ჩარევა. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი პოლონეთის ეროვნულ გაზეთსა და მრავალ სხვა საჯარო ინსტიტუტს.
ბონა სფორცასთან ერთად, მას განიხილავენ პოლონეთისა და ლიტვის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილ, გავლენიან და გონებამახვილ დედოფლად.
ადრეული ცხოვრება და საქორწინო წინადადებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია ლუიზა გონძაგა დაიბადა 1611 წლის 18 აგვისტოს, საფრანგეთის ქალაქ ნიევრში. იგი იყო მანტუას ჰერცოგ კარლო I-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია კატრინ დე გიზის ასული. მან ბავშვობა დედასთან ერთად კატრინის სამშობლოში, ანუ საფრანგეთში გაატარა სამეფო კარზე. 1627 წელს იგეგმებოდა მისი მითხოვება საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ის უმცროს ძმაზე, ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონზე, თუმცა თავად მეფე ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ამ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ იგი დედასთან ერთად ვინსენის ციხესიმაგრეში გადასახლდა.
გასტონთან წარუმატებელი ნიშნობის შემდეგ პირველი საქორწინო წინადადება პოლონეთ-ლიტვის მეფის, ვლადისლავ IV ვაზასგან წამოვიდა 1634 წელს, თუმცა მოგვიანებით მან ცოლად საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ II-ისა და მარია ანა ბავარიელის ასული, ერცჰერცოგინია სესილია რენატა ავსტრიელი შეირთო ცოლად. ამით ცხადია ავსტრია-პოლონეთის ალიანსი შეიკრა, რამაც საფრანგეთი და მისი მეფე რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ჩააყენა.
1640 წლიდან დაიწყო საქორწინო მოლაპარაკებები მარია ლუიზასა და ვლადისლავ IV-ის ძმას, პრინც იან კაზიმირს შორის, რომლის განსამტკიცებლადაც პოლონეთის პრინცი თავისი დიდი ამალითურთ ეწვია საფრანგეთს. ცხადია საფრანგეთის სამეფო კარზე მას დიდი პატივით დახვდნენ.
პოლონეთის დედოფალი: პოლიტიკა და კონფლიქტები დიდებულებთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1644 წელს გარდაიცვალა ვლადისლავ IV-ის მეუღლე, პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი სესილია რენატა ავსტრიელი, რის შემდეგაც საფრანგეთის დე ფაქტო მმართვლემა კარდინალმა ჯულიო მაზარინიმ გადაწყვიტა პოლონელ ვაზებსა და ავსტრიელ ჰაბსბურგებს შორის ალიანსის აღდგენა არაფრით არ დაეშვა. მაზარინი თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ პოლონეთის დაქვრივებულ მეფეზე დაქორწინება მხოლოდ მარია ლუიზას თუ შეეძლო.
საფრანგეთისა და სხვა დასავლეთ ევროპული სახელმწიფოების დიდი ზეწოლის შემდეგ, 1645 წლის 5 ნოემბერს შედგა მარია ლუიზასა და ვლადისლავ IV-ის მარიონეტული ქორწინება. მათი ნამდვილი ქორწინება კი 1646 წლის 10 მარტს შედგა ვარშავაში. ამის შემდეგ მოხდა პოლონეთის სეიმის მოწვევა, რომელმაც ახალ დედოფალს სახელი მარია ლუიზა შეუცვალა ლუდოვიკა ლუიზათი, ვინაიდან პოლონელებს მიაჩნდათ, რომ სახელი მარია მხოლოდ ღვთისმშობელს უნდა რქმეოდა (ვინაიდან მარია მარიამის ევროპული ვარიანტია).
ქორწინებიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, 1648 წლის 20 მაისს მარია ლუიზა დაქვრივდა. ვინაიდან ვლადისლავს მემკვიდრე არ დარჩა, სეიმმა ახალ მეფედ მისი ძმა, იან II კაზიმირი აირჩიეს, რომელმაც მალევე, 1649 წლის 30 მაისს თავისი ძმის ქვრივზე, მარია ლუიზაზე დაქორწინდა. აქედან გამომდინარე იგი უკვე მეორედ გახდა პოლონეთ-ლიტვის დედოფალი. უკვე ტახტზე მეორედ ასულმა მარია ლუიზა გონძაგამ მალევე ჩაიგდო ხელში პოლიტიკური ძალაუფლება. ის ბევრად უფრო მარტივად აკონტროლებდა იან კაზიმირს, ვიდრე ვლადისლავს, რომელიც ძალიან ჯიუტი და პატივმოყვარე კაცი იყო, რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგებოდა მარია ლუიზას შეხედულებებს და გათავხედებულ დიდგვაროვნებს კიდევ უფრო მეტ უფლებებსა და პრივილეგიებს ანიჭებდა. ინტელექტუალური, მშვიდი და ძლიერი პიროვნების მქონე დედოფალი ხშირად, მეფის გამოყენებით მართავდა პარლამენტს, რამაც ცხადია მთელი პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლება მარია ლუიზას ჩაუგდო ხელში. მეზობელი ბრანდენბურგის ელჩი მასთან დაკავშირებით წერდა: „მკაცრი დაჟინებით, განცალკევებული საჩივრებითა და სხვა ხრიკებით იგი მთლიანად აკონტროლებს საბრალო მეფეს, ამგვარად კი მთელი ქვეყანა მის ხელშია”. თავისი ქმრისგან განსხვავებით, მარია ლუიზა დიდად არ ზრუნავდა მოსამსახურე ფენის, გლეხებისა და სხვა ქვედა კლასების ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებაზე. მას ბევრად უფრო დიდი მიზანი ჰქონდა დასახული, რომლის მიხედვითაც მას პოლონელი ერისა და ხაზინის გაძლიერება სურდა, რომელიც იმ მრავალი ომების შედეგად დასუსტდა, რომელსაც სამ იმპერიასთან — შვედეთთან, რუსეთთან და ოსმალეთთან აწარმოებდა.
მარია ლუიზა აქტიური და ენერგიული ქალი იყო, რომელიც პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე თავისი დიდი ამბიციების წყალობით გაბატონდა. დედოფლის პოლიტიკაში ასე აქტიურად ჩარევამ პოლონეთის თავად-აზნაურობაში დიდი სკანდალი გამოიწვია. მათ მიაჩნდათ, რომ ქალს და მით უმეტეს სრულიად უცხოელ ქალს არანაირი უფლება არ ჰქონდა, რომ პოლიტიკაში ჩარეულიყო, მიუხედავად იმისა, რომ შვედების შემოჭრისას მათ წინააღმდეგ საბრძოლო სტრატეგია მთლიანად "უცხოელი დედაკაცის" მოფიქრებული იყო. მას სურდა, რომ პოლონეთში სენატის ხმის ძალაუფლება შეემცირებინა და ამის ხარჯზე გაეზარდა მონარქისა, თუმცა ამის გაკეთება ვერ შესძლო, ვინაიდან ყოველივე ეს დიდებულთა აჯანყებას გამოიწვევდა, რასაც შესაძლოა თანამეგობრობის გახლეჩვა და ეკონომიკის დამხობა მოჰყოლოდა.
დედოფალი დიდგვაროვანთა გადმოსაბირებლად როგორც ქრთამს, ისე არაპირდაპირ, უხვ და ცხადია ცრუ დაპირებებს იყენებდა. მან ასევე განიზრახა პოლონელი დიდგვაროვნების ფრანგებთან ასიმილაცია. სწორედ ამიტომ პოლონეთი სამეფო კარზე უამრავი ფრანგი დიდგვაროვანი ქალი ჩაიყვანა, რომლებიც შემდგომში პოლონელ დიდებულებზე დააქორწინა. ამით შესაძლოა ითქვას, რომ მან ყველა დიდებულის სახლში საკუთარი ჯაშუში დასვა. ამ ჯაშუშთაგან მარია ლუიზას ფავორიტად კლარა იზაბელა პაკოვა იყო. ამ ყოველივეს შედეგაც პოლონეთში ფრანგული კულტურისა და ტრადიციების დამკვიდრება მოჰყვა, რადგან იქ გათხოვილი ფრანგი ქალები თავიანთ შვილებს ხშირად სწორედ ფრანგული ადათ-წესებით ზრდიდნენ. პოლონელ დიდგვაროვნებს ახლა უკვე ფრანგულ მოდაზე ეცვათ, დედოფალი კი აგროვებდა ყველაფერს რაც მის საყვარელ საფრანგეთს მოაგონებდა, იქნებოდა ეს სამკაული, მონეტა, სუნამო თუ სხვა რამ.
შვედების შემოჭრა და გამარჯვების იმედი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როდესაც შვედების უძლიერესი არმია პოლონეთში შეიჭრა, დედოფალმა მარია ლუიზამ თავისი ნამდვილი ხასიათის თვისებები გამოავლინა, რაც საოცრად მტკიცე გადაწყვეტილებებითა და დიდი სიმამაცით გამოირჩეოდა. იგი ფრონტის ხაზზეც კი აპირებდა გასვლას, მაგრამ რა თქმა უნდა არ გაუშვეს, მას შემდეგ კი რაც პოლონელები დამარცხდნენ და ვარშავაში ყოფნა სახიფათო გახდა, სამეფო ოჯახი სილეზიაში გადავიდა. ცხადია პოლონელები ბრძოლას კვლავ განაგრძობდნენ. სილეზიაში მყოფ პოლონელთა ჯარს გამამხნევებელი სიტყვით მარია ლუიზამ მიმართა. იგი ცდილობდა პირადად შეხვედროდა ყველა იმ მოქალაქეს, ვინც შვედებს წინააღმდეგობას უწევდა. ამას გარდა მან შეიმუშავა ფართო დიპლომატიური კამპანია, რომელშიც არაერთი ევროპელი მონარქი გაერთიანდა. იმისათვის, რომ როგორმე ავსტრია-უნგრეთის მმართველი ჰაბსბურგებიც მოემხრობინა, მათ იან კაზიმირის გარდაცვალების შემდეგ პოლონეთის ტახტს დაჰპირდა და საბოლოოდ, სწორედ დედოფალმა აწარმოა შვედებთან დიპლომატიური მოლაპარაკებები, რაც ოლივას სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა.
ომის დროს გამოჩენილი სიმამაცის გამო პოლონელ ხალხში მარია ლუიზას პოპულარობამ პიკს მიაღწია. იგი მალევე ჩაება პოლიტიკურ საქმიანობებში. მან მოიწვია სამეფო საბჭო, რომელზეც მარია ლუიზა ძირითადად ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებაზე საუბრობდა. ვინაიდან მეფესა და დედოფალს ორივე ბავშვი ადრევე დაეღუპათ, მესამეს კი ვეღარ აჩენდნენ, სეიმმა მემკვიდრის საკითხი განიხილა. პოლონელებმა მათ მომავალ მეფედ მარია ლუიზას დის შვილი, ანა ჰენრიეტა ბავარიელი დაასახელეს, რომელიც საფრანგეთში იყო გათხოვილი პრინც კონდეზე. ამგვარი არჩევნებით დიდგვაროვანთა დიდი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა და ისინი დედოფალს საფრანგეთისათვის სასიკეთო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებდნენ. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ მხოლოდ მის გამო გადაემტერა პოლონეთი ინგლისს, რუსეთს, შვედეთსა და ჰაბსბურგებს.
ამის საპასუხოდ პოლონელმა დიდგვაროვნებმა მომავალი მეფის კანდიდატად ერთხმად დაასახელეს ჰერცოგი ლუბომირსკი. ლუბომირსკმა ეს წოდება დიდი პატივით მიიღო, თუმცა დედოფლის გავლენის ქვეშ მყოფი მეფე იან II ღიად დაუპირისპირდა მას. ამ ყოველივეს 1665 წელს ლუბომირსკის მეთაურობით წამოწყებული აჯანყება მოჰყვა, რომელიც მალევე შეიჭრა პოლონეთში. 1666 წელის 13 ივლისს მეფისა და ჰერცოგის ჯარებს შორის ბრძოლა მოხდა, სადაც ლუბომირსკმა გაიმარჯვა.
ცხადია საქმე ამით არ დასრულებულა და მეფესა და ჰერცოგს შორის კიდევ ერთი ბრძოლა გაიმართა. აჯანყებულები და სამეფო ალტილერია ერთმანეთს ამავე წლის 31 ივლისს, სოფელ ლეგოვიცესთან დაუპირისპირდა, სადაც მთლიანად 4, 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ყოველივე ამის შემდეგ იანმა და ლუბომირსკმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რის მიხედვითაც მეფე-დედოფალი ვალდებულნი გახდნენ თავიანთი რეფორმების ნაწილი გაეწყვიტათ, ამბოხებულთათვის ამინისტია გამოეცხადებინათ და ლუბომირსკისთვის ბოდიში მოეხადათ.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედოფალი დიდ ძალისხმევას დებდა პოლონეთის ეკონომიკური კრიზისიდან ამოთრევაში, რამაც მისი ჯანმრთელობა დიდად შეარყია. იგი საბოლოოდ ისე გარდაიცვალა, რომ თავისი გეგმების მხოლოდ მცირე ნაწილის განხორციელება მოასწრო. დედოფალი მარია ლუიზა სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა 1667 წლის 10 მაისს კრაკოვში. იან II, რომელიც მეუღლის გარდაცვალებამ დიდ შოკსა და მწუხარებაში ჩააგდო, მისი სიკვდილიდან სულ ერთ წელიწადში გადადგა ტახტიდან, რადგან ვერ გაუმკლავდა იმ უდიდეს ტვირთსა და პასუხისმგებლობას, რაც პოლონელი ხალხის წინაშე ჰქონდა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარია ანა (დ. 1 ივლისი, 1650 — გ. 1 აგვისტო, 1651), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- იან სიგიზმუნდი (დ. 6 იანვარი, 1652 — გ. 20 თებერვალი, 1652), გარდაიცვალა ჩვილობაში.
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Magill, Frank N. (2013). The 17th and 18th Centuries: Dictionary of World Biography, Volume 4. Routledge. p. 725. ISBN 9781135924140.
- Rain, Pierre (1928). Chronicles of the chateaux of the Loire. Roger. p. 217.
- Bain, Robert Nisbet (1908). Slavonic Europe a Political History of Poland and Russia from 1447 to 1796. CUP Archive. p. 242.
- Escobar, Mark (2007). On Bits And Pieces: Along With Crooked Lines Cycle A. Xlibris Corporation. p. 339. ISBN 9781450081443.
მარია ლუიზა გონძაგა გონძაგები დაიბადა: 18 აგვისტო, 1611 გარდაიცვალა: 10 მაისი, 1667
| ||
წინამორბედი: სესილია რენატა ავსტრიელი |
პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი 1646-1648 1649-1667 |
შემდეგი: ელეანორა ავსტრიელი |