ანა იზაბელა გონძაგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანა იზაბელა გონძაგა
Ritratto di Anna Isabella Gonzaga di Guastalla.png
მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგინია
მმართ. წლები: 1671-1703
წინამორბედი: იზაბელა კლარა ავსტრიელი
მემკვიდრე: სიუზან ანრიეტ ლოთარინგიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 თებერვალი, 1655
გარდ. თარიღი: 11 აგვისტო, 1703, (48 წლის)
მეუღლე: კარლო IV, მანტუის ჰერცოგი
დინასტია: გონძაგები
მამა: ფერანტე III, გუასტალას ჰერცოგი
დედა: მარგერიტა დ'ესტე
რელიგია: კათოლიციზმი

ანა იზაბელა გონძაგა (იტალ. Anna Isabella Gonzaga; დ. 12 თებერვალი, 1655 — გ. 11 აგვისტო, 1703) — გონძაგას დინასტიის წარმომადგენელი. გუასტალას ჰერცოგ ფერანტე III-ის ასული. მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგინია 1671-1703 წლებში როგორც კარლო IV-ის პირველი მეუღლე. მანტუის რეგენტი ესპანური მემკვიდრეობის ომის პერიოდში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა იზაბელა დაიბადა 1655 წლის 12 თებერვალს იტალიაში. იგი იყო გუასტალას ჰერცოგ ფერანტე III გონძაგასა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია მარგერიტა დ’ესტეს ქალიშვილი. დედამისი თავის მხრივ მოდენისა და რეჯოს ჰერცოგ ალფონსო III-ის მეუღლე და ფრანჩესკო I-ის და იყო.

ვინაიდან ფერანტეს ვაჟი არ ჰყავდა, როგორც მისი უფროსი ქალიშვილი, ანა იზაბელა გონძაგა გუასტალასა და ლუცარა-რეჯოლოს ტახტის მემკვიდრე იყო. მოგვიანებით ეს ყველაფერი სადავო გახდა, რადგან პრეტენზია გამოთქვა მისმა უმცროსმა დამ, პრინცესა მარია ვიტორიამ, რომელმაც თავის ქმართან ერთად ომიც კი გამოუცხადა ანა იზაბელას. ამასთან, გუასტალა ისედაც წარმოადგენდა გონძაგას დინასტიის ორი შტოს: გუასტალელი და მანტუელი გონძაგების სადავო მიწას.

1671 წელს, მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ჯერ კიდევ სიცოცხლეში, ფერანტე III-მ ანა იზაბელა ცოლად შერთო მანტუისა და მონფერატის ჰერცოგ კარლო IV გონძაგას, განსვენებული ჰერცოგის, კარლო III-ისა და ერცჰერცოგინია იზაბელა კლარა ავსტრიელის ვაჟს. მიუხედავად ხანგრძლივობისა, მათი ქორწინება უნაყოფო იყო.

1678 წელს მამამისი, ჰერცოგი ფერანტე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ანა იზაბელას დამ, მარია ვიტორიამ და მისმა ქმარმა, დონ ვინჩენცო გონძაგამ პრეტენზია განაცხადეს ტახტზე და მეტიც, ვინჩენცომ თავი გუასტალას ჰერცოგად გამოაცხადა. მანტუელმა გონძაგებმა ეს გააპროტესტეს, თუმცა გუასტალელ გონძაგებს ესპანეთის მეფე კარლ II დაეხმარათ და მანტუელებს დაემუქრათ, მანტუელების მოკავშირე საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ კი ამის წინააღმდეგ არაფერი იღონა.

მიუხედავად ყველაფრისა, გუასტალასთვის ბრძოლა გრძელდებოდა, რის გამოც 1691 წელს ესპანელებმა მანტუა დაიპყრეს, რის გამოც კარლო თავის ცოლთან და მინისტრებთან ერთად ვენეციაში გაიქცა. ანა იზაბელამ მარტივად მოახერხა ახალი მოკავშირეების გაჩენა და მანტუიდან ესპანელების გაძევება. მოგვიანებით, სწორედ მან აწარმოა ესპანეთის მეფესთან სამშვიდობო მოლაპარაკებები. იგი ასევე დაუზავდა მილანის გუბერნატორსა და ნეაპოლის მეფისნაცვალს, რომლებიც ასევე ესპანეთის მეფის ქვეშევრდომები იყვნენ.

1700 წელს კარლ II-ის უშვილოდ გარდაცვალებით შეწყდა ჰაბსბურგთა დინასტიის ესპანური შტო, რის გამოც დაიწყო ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, სადაც ერთმანეთს კარლის სიძეები: საფრანგეთის მეფე ლუი XIV და საღვთო რომის იმპერატორი ლეოპოლდ I დაუპირისპირდნენ. ფრანგების გავლენით 1702 წელს მანტუაც ჩაება ომში. კარლო IV-ს იმედი ჰქონდა, რომ მოახერხებდა გუასტალასა და მისი მიმდებარე მიწების მოერთებას, რის გამოც დატოვა მანტუა და ომში წავიდა, საჰერცოგოს კი რეგენტის სტატუსით მართავდა ანა იზაბელა. იგი საკმაოდ დიდი წარმატებით მართავდა მანტუას, თუმცა რამდენიმე თვეში, 1703 წლის 11 აგვისტოს მოულოდნელად გარდაიცვალა, 48 წლის ასაკში, უშვილოდ, რის გამოც კარლო IV-მ მეორე ცოლი შეირთო, თუმცა შვილები არც მასთან ეყოლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pompeo Litta, Famiglie celebri d'Italia. Gonzaga di Mantova, Torino, 1835.
  • Elvira Gencarelli, ANNA ISABELLA Gonzaga, duchessa di Mantova, in Dizionario biografico degli italiani, vol. 3, Roma, Istituto dell'Enciclopedia Italiana, 1961.