ელეონორა მედიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელეონორა მედიჩი
Studio of Frans Pourbus II Eleanor de' Medici Duchess of Mantua.jpg
მანტუასა და მონფერატოს ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 14 აგვისტო, 1587
მმართ. დასასრული: 9 სექტემბერი, 1611
წინამორბედი: ელეონორა ავსტრიელი
მემკვიდრე: მარგერიტა სავოიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 თებერვალი, 1567
დაბ. ადგილი: ფლორენცია, იტალია
გარდ. თარიღი: 9 სექტემბერი, 1611, (44 წლის)
გარდ. ადგილი: მანტუა, იტალია
მეუღლე: ვინჩენცო I, მანტუას ჰერცოგი
შვილები: ფრანჩესკო IV, მანტუას ჰერცოგი
ფერდინანდო I, მანტუას ჰერცოგი
მარგერიტა, ლოთარინგიის ჰერცოგინია
ვინჩენცო II, მანტუას ჰერცოგი
ელეონორა, საღვთო რომის იმპერატრიცა
სრული სახელი: ელეონორა დი ფრანჩესკო დე მედიჩი
დინასტია: მედიჩები
მამა: ფრანჩესკო I, ტოსკანის დიდი ჰერცოგი
დედა: იოჰანა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ელეონორა დე’ მედიჩი (იტალ. Eleonora de' Medici; დ. 28 თებერვალი, 1567, ფლორენცია, იტალია — გ. 9 სექტემბერი, 1611, მანტუა, იტალია) — მედიჩთა დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ისა და იოჰანა ავსტრიელის ქალიშვილი. საფრანგეთისა და ნავარის დედოფალ მარია მედიჩის უმცროსი და. მანტუას ჰერცოგინია 1587-1611 წლებში როგორც ვინჩენცო I-ის მეორე მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეონორა დაიბადა 1567 წლის 28 თებერვალს ფლორენციაში. იგი იყო ტოსკანის მომავალი დიდი ჰერცოგის, ფრანჩესკო I-ისა და მისი მეუღლის, იოჰანა ავსტრიელის უფროსი ქალიშვილი. მას სახელი ბებიამისის, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია ელეონორა ტოლედოელის პატივსაცემად დაარქვეს. მისი ნათლობა მალევე შედგა ინოჩენცო კიოჩი დელ მონტეს მიერ, რომელიც რომის პაპ იულიუს III-ის ძმის შვილი იყო. კარდინალი სპინელო დე ბენჩი კი რომის პაპ პიუს V-ს წარმოადგენდა. მისი პომპეზური ნათლობა ცნობილი ცერემონიის შემდეგ დადგმული ნადირობისა და ისტორიული სცენების დადგმით გახდა.

სულ რამდენიმე წელიწადში დაიწყო ელეონორას საქორწინო მოლაპარაკებები, მისი მომავალი საქმრო კი საფრანგეთის მეფე ანრი II-ისა და დედოფალ ეკატერინე მედიჩის უმცროსი ვაჟი, ალანსონის ჰერცოგი ფრანსუა დე ვალუა იყო. მას ამზადებდნენ კიდევაც საფრანგეთში გასამგზავრებლად, თუმცა 1570 წელს ჩუტყვავილა შეეყარა და სახე დაუმახინჯდა, რის გამოც დედოფალმა ეკატერინემ მათი ნიშნობა ჩაშალა.

1574 წელს, როდესაც ელეონორა შვიდი წლის იყო, მისი საყვარელი ბაბუა, ტოსკანის დიდი ჰერცოგი კოზიმო I გარდაიცვალა, ტატხზე კი მისი მშობლები ავიდნენ. ამ ამბიდან სულ ოთხ წელიწადში, 1578 წელს ელეონორას დედა, ერცჰერცოგინია იოჰანა ავსტრიელი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის გამოც მამამისმა, ჰერცოგმა ფრანჩესკო I-მა სასწრაფოდ იქორწინა თავის საყვარელ ბიანკა კაპელოზე. ელეონორა და მისი ორი და — მარია და ანა თითქმის მთლიანად უმეთვალყურეოდ დარჩნენ. სულ მალე მარია საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ს გაჰყვა ცოლი და დედოფალი გახდა, სწორედ ის იყო დედა და რეგენტი მეფე ლუი XIII-ისა. რაც შეეხება ანას, იგი 14 წლის ასაკში მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწილი და ზეიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეონორა მედიჩისა და ვინჩენცო გონძაგას ქორწინება

1584 წლის 29 აპრილს ელეონორა ცოლად გაჰყვა მანტუასა და მონფერატოს ჰერცოგ ვინჩენცო გონძაგას, რომელიც თავის პირველ ცოლს, მარგერიტა ფარნეზეს უშვილობის გამო სულ ცოტა ხნისწინ გაეყარა. მათი საქორწინო კონტრაქტი 1584 წლის 4 აპრილს გაფორმდა მანტუას სამეფო სასახლეში, რასაც საოცარი ფოიერვერკის გაშვება მოჰყვა. ამ ამბიდან რვა დღეში ვინჩენცო გონძაგა ფლორენციაში ჩავიდა ელეონორას გასაცნობად, რასაც ფრანჩესკო I-ისთვის და მისი დედინაცვლის, ბიანკა კაპელოსთვის ელეონორას ხელისთხოვნა მოჰყვა. ცნობილია, რომ ამ დროს ელეონორას პორტრეტი ვინჩენცომ საკუთარი საძინებელში ჩამოაკიდებინა. 10 აპრილს ფრანჩესკო I-მა ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს წერილი მისწერა და ელეონორას გათხოვებისათვის ნებართვა სთხოვა (რადგანაც ამ დროს ტოსკანა ესპანეთის ვასალი სახელმწიფო იყო). ესპანეთიდან თანხმობა მალევე მოვიდა, რის შემდეგაც უკვე საქორწინო სამზადისი დაიწყო.

1584 წლის 3 მაისს ელეონორა და ვინჩენცო მანტუაში ჩავიდნენ. ვინჩენცოს მალევე სტუმრად ეწვია მეზობელი პარმის ჰერცოგი ოტავიო ფარნეზე და მისი ცოლი, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ნახევარ-და, საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის ასული მარგარეტ ავსტრიელი. მათ თან ახლდნენ უამრავი მშვენიერი არისტოკრატი ქალბატონი პარმის, პიაჩენცისა და მანტუას სამეფო კარებიდან. მანტუაში ელეონორას შესვლა ძალიან ეფექტური და პომპეზური იყო. იგი საოცრად მდიდრული ეტლით შევიდა რომელშიც შებმული იყო ძვირფასი თვალ-მარგალიტით მოკაზმული ოთხი თეთრი ცხენი. თავად ელეონორას ვერცხლის ძაფით შეკერილი ძვირფასი კაბა ემოსა, რომელზედ დაკერებული იყო მარგალიტები. მის ეტლს წინ ფლორენციული კავალერია მიუძღვოდა, მანტუას გალავანზე კი მის პატივსაცემად მედიჩების გერბი იყო გაკეთებული. მას სასახლის შესასვლელთან მისი მამამთილი, მანტუას ჰერცოგი გულიელმო გონძაგა და მისი ცოლი, ელეონორა ავსტრიელი შეეგებნენ, რომელიც ელეონორას ღვიძლი დეიდაც იყო.

მანტუას ჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელონორა მედიჩი, მანტუას ჰერცოგინია

მანტუაში ელეონორამ თან თავისი დედის, იოჰანა ავსტრიელისა და გარდაცვლილი და-ძმის, ანასა და ფილიპოს პორტრეტებიც წაიღო და თავის პალატებში განათავსა. თუმცა ცნობილია, რომ იგი ამ პორტრეტების ზომის გამო დიდად უკმაყოფილი იყო. 1586 წელს ელეონორამ თავისი პირველი შვილი გააჩინა, რომელსაც მამამისის, ფრანჩესკოს სახელი დაარქვა. ცნობილია, რომ როდესაც თავად ფრანჩესკო I-მა ამ ამბავის შესახებ გაიგო, ძალზედ გაუხარდა და ელეონორას საჩუქრად იმ დროისათვის უიშვიათესი ხილი — ქლიავი გაუგზავნა. მომდევნო 1587 წელს ელეონორას მამამთილი გარდაიცვალა, რის შემდეგაც მანტუასა და მონფერატოს ჰერცოგი მისი ქმარი ვინჩენცო I ხდება. ამავე წელს ელეონორამ მეორე ვაჟი გააჩინა, რომელსაც სახელი თავისი ბიძის, ჰერცოგ ფერდინანდო I-ის პატივსაცემად დაარქვა. ამას მოჰყვა 1589 წელს კიდევ ერთი ვაჟის დაბადება, რომელსაც გარდაცვლილი მამამთილის პატივსაცემად გულიელმო დაარქვა, თუმცა იგი მალევე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ელეონორამ კიდევ ორი გოგონა და ერთი ვაჟი გააჩინა.

1600 წლის ოქტომბერში ელეონორა დაესწრო თავისი უმცროსი დის, მარია მედიჩისა და საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV ბურბონის ქორწინებას. მომდევნო 1601 წელს მარიამ ვაჟი გააჩინა, რომელიც მომავალი მეფე ლუი XIII იყო, რომლის ნათლიაც მისივე დეიდა, ელეონორა გახდა.

1602 წელს ვინჩენცო I ფლანდრიაში გაემგზავრა, რა დროსაც მანტუასა და მონფერატოს საჰერცოგოებში მთელი ძალაუფლება ელეონორას ჰქონდა. ამ დროს მან თავის ბიძას, ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფერდინანდო I მედიჩის წერილი მისწერა, სადაც აცნობებდა რომ ვინჩენცო წასული იყო და მათ საჰერცოგოებს შორის მეგობრობის აღსანიშნავად ელეონორამ საჩუქრად რამდენიმე გალერა გაუგზავნა. 1603-1604 წლების ზამთარში მანტუას სამეფო კარს გალილეო გალილეი ეწვია, რა დროსაც ელეონორამ მას დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ მათთვის მუშაობა შესთავაზა, თუმცა გალილეომ უარი თქვა. 1606 წელს ელეონორამ თავისი უფროსი ქალიშვილი მარგერიტა ლოთარინგიის ჰერცოგ ანრი II-ს მიათხოვა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1611 წლის პირველ მეოთხედში ელეონორი მძიმედ დაავადდა, თუმცა აპრილში იგი გამოჯანმრთელდა. ბოლომდე გამოსაკეთებლად იგი პალაცო დი პორტოში გადავიდა, რომელიც თავისი საოცარი ბაღებითა და გარშემო მდებარე მტკნარი წყლებით იყო ცნობილი. ზაფხულის დადგომასთან ერთად პალაცო დი პორტოში ძალიან დაცხა, რის გამოც ელეონორა უფრო ჩრდილოეთით, ვილა დი კავრიანაში გადავიდა. იქ მას თავისი ძველი დაავადება შემოუბრუნდა და 1611 წლის 9 სექტემბერს, 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროს მისი ქმარი ვინჩენცო მონფერატოში იყო, ხოლო როდესაც ცოლის გარდაცვალების შესახებ აცნობეს, იგი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, რომლიდანაც გარდაცვალებამდე ვერ გამოვიდა, 1612 წლის 9 თებერვალს კი თავად ვინჩენცოც გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ფრანჩესკო IV Teatro Olimpico (Vicenza) - Francesco IV Gonzaga - Frans Pourbus il Giovane - A63 96,6x77,2.jpg 7 მაისი, 1586,

მანტუა, იტალია

22 დეკემბერი, 1612,

მანტუა, იტალია,

(26 წლის)

მანტუას ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარგერიტა სავოიელი, რომელთანაც სამი შვილი

შეეძინა,თუმცა მათგან მხოლოდ ერთმა გოგონამ შესძლო ზრდასრულობამდე მიღწევა

ფერდინანდო I Ritratto del Duca Ferdinando Gonzaga.jpg 26 აპრილი, 1587,

მანტუა, იტალია

29 ოქტომბერი, 1626,

მანტუა, იტალია

(39 წლის)

მანტუას ჰერცოგი, ცოლად შეირთო კატერინა მედიჩი, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ
მარგერიტა Margarita Gonzaga, future Duchess of Lorraine as depicted in 1606 by Frans Pourbus the Younger.jpg 2 ოქტომბერი, 1591,

მანტუა, იტალია

7 თებერვალი, 1632,

ნანსი, ლოთარინგია,

(40 წლის)

ცოლად გაჰყვა ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგ ანრი II-ს, რომელთანაც ორი

გოგონა შეეძინა

ვინჩენცო II Ritratto del Duca Vincenzo II Gonzaga.jpg 7 იანვარი, 1594,

მანტუა, იტალია

25 დეკემბერი, 1627,

მანტუა, იტალია,

(33 წლის)

მანტუას ჰერცოგი, ცოლად შეირთო იზაბელა გონძაგა, რომელთანაც შვილები არ

ჰყოლია, თუმცა საყვარლებთან ჰყავდა ოთხი უკანონო ვაჟი

ელეონორა BMVB - Joost Susterman - Leonor de Màntua - 8604.jpg 23 სექტემბერი, 1598,

მანტუა, იტალია

27 ივნისი, 1655,

ვენა, ავსტრია,

(56 წლის)

ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორს, ავსტრიის ერცჰერცოგს, ბოჰემიის,

უნგრეთისა და ხორვატიის მეფე ფერდინანდ III-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sonia Pellizzer: Eleonora de' Medici, duchessa di Mantova. In: Fiorella Bartoccini (Hrsg.): Dizionario Biografico degli Italiani (DBI). Band 42: Dugoni–Enza. Istituto della Enciclopedia Italiana, Rom 1993.
  • Priebatsch, Felix (1908), "Wladislaw II.", Allgemeine Deutsche Biographie (ADB), 54, Leipzig: Duncker & Humblot, pp. 688–696
  • Cazacu, Matei (2017). Reinert, Stephen W., ed. Dracula. Brill. p. 204.