ელიზაბეტა გრანოვსკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეტა გრანოვსკა
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი
კორონაცია: 19 ნოემბერი, 1417
მმართ. დასაწყისი: 2 მაისი, 1417
მმართ. დასასრული: 12 მაისი, 1420
წინამორბედი: ანა ცელიელი
მემკვიდრე: სოფია ჰოლშანსკა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1372
გარდ. თარიღი: 12 მაისი, 1420
გარდ. ადგილი: კრაკოვი, პოლონეთი
მეუღლე: ვინსენტ გრანოვსკი
ვლადისლავ II, პოლონეთის მეფე
შვილები: იადვიგა
ოტონი
ელიზაბეტა
იანი
ოფკა
მამა: ოტონ პილიცკელი
დედა: იადვიგა მელსტინი
რელიგია: კათოლიციზმი

ელიზაბეტა გრანოვსკა (პოლ. Elżbieta Granowska; დ. 1372 — გ. 12 მაისი, 1420) — პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი 1417-20 წლებში როგორც ვლადისლავ II იაგელონის მესამე ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები და პირველი ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეტა დაიბადა 1372 წელს პოლონეთში. იგი იყო სანდომირის ვოივოდე ოტონ პილიცკელისა და მისი ცოლის, იადვიგა მელტინის ერთადერთი შვილი. აღსანიშნავია, რომ ელიზაბეტას დედა პოლონეთის მეფე ვლადისლავ II-ის ნათლია იყო. ბიძამისი, სპიტეკ მელსტინი ძალზედ გავლენიანი კაცი იყო იაგელონთა სამეფო კარზე. 1385 წელს, როდესაც მამამისი დაიღუპა, ელიზაბეტამ მემკვიდრეობით მიიღო სანდომირისა და ლანკუტის მხარეები.

1397 წელს ელიზაბეტა ვინსენტ გრანოვსკზე დაქორწინდა, რომელიც ნაკლოს კასტელანი იყო. ცნობილია, რომ ელიზაბეტა ქორწინების შემდეგ ვინსენტის გვარზე გადავიდა და სწორედ ამ სახელით შევიდა იგი ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ ვინსენტი ამ დროს უკვე დაქვრივებული კაცი და სამი ვაჟის მამა იყო. ამის გამო ცხადია მას მემკვიდრე აღარ სჭირდებოდა და ეს ქორწინება მისთვის მხოლოდ ელიზაბეტას სამფლობელოებზე დაპატრონების საშუალება იყო. ქორწილიდან მალევე მეფემ ვინსენტი დიპლომატიური მისიით ელჩად მიავლინა ბოჰემიის მეფე ვენეცელ IV-სთან. ამის შემდეგ იგი სულ უფრო განაგრძობდა კარიერულ აღმასვლას და ელიზაბეტაც სულ უფრო უახლოვდებოდა სამეფო კარს, თუმცა 1410 წელს ვინსენტი სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. ითვლება, რომ იგი მოწამლეს. ისტორიული ცნობების თანახმად, ელიზაბეტასა და ვინსენტს ქორწინებაში ორი ვაჟი და სამი ქალიშვილი შეეძინათ.

მეორე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1416 წლის მარტში პოლონეთის დედოფალი ანა ცელიელი გარდაიცვალა და მეფე ვლადისლავ II-ს მისგან მემკვიდრედ მხოლოდ ერთი გოგონა დარჩა. მეფეს დიდგვაროვნები რიგით მესამე ქორწინებისკენ მოუწოდებდნენ როგორც პოლიტიკური კავშირის შექმნის, ისე მამრობითი სქესის მემკვიდრის დაბადების მიზნით. თავდაპირველად ვლადისლავი მოსკოვის დიდ მთავარ ვასილი I-ის შვილიშვილ მარია ვასილევნაზე ქორწინებას აპირებდა, შემდგომში კი საღვთო რომის იმპერატორ სიგიზმუნდ I-ის ძმის შვილ ელიზაბეთ ლუქსემბურგელის ცოლად შერთვა მოისურვა. ცხადია, ამის შემდეგ დიდი აჟიოტაჟი და სკანდალი მოჰყვა, როდესაც ვლადისლავმა შუა ხნის, დაქვრივებულ და შვილებიან ელიზაბეტა გრანოვსკაზე ქორწინება მოისურვა, რომლითაც იგი ვერანაირ პოლიტიკურ კავშირს ვერ დაამყარებდა და მემკვიდრის დაბადების ალბათობაც მცირე იყო. ეპისკოპოსმა სტანისლავ სიოლეკმა ელიზაბეტას "ბებერი ღორიც" კი უწოდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ პოლონელებს არ სურდათ მისი გადედოფლება.

1417 წლის დასაწყისში ვლადისლავი ლიტვაში გაემგზავრა, სადაც იგი თავის საყვარელ დას, პრინცესა ალექსანდრას შეხვდა, რა დროსაც თან ალექსანდრაც ახლდა. ცხადია, ვლადისლავს სურდა, რომ ელიზაბეტას მისი ოჯახის წევრები გაეცნო, რაც სიტუაციის სერიოზულობაზე მიუთითებს. 1417 წელს მეფე და ელიზაბეტა პოლონეთში დაბრუნდნენ, სადაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდა მათი ნიშნობა, 2 მაისს კი ჯვარიც დაიწერეს. როგორც ჩანს, ქორწინების გადაწყვეტილების მიღებაში მეფეზე დიდი გავლენა მისმა დამ იქონია. როგორც წესი, პოლონეთის დედოფლების კორონაცია მათი ქორწილის დღესვე იმართებოდა ხოლმე, თუმცა პოლონელი დიდგვაროვნების წინააღმდეგობის გამო ელიზაბეტას კორონაცია 19 ნოემბრამდე გაჭიანურდა. მეტიც, ხალხი და არისტოკრატია ვლადისლავს ამის გამო დამხობის გამო ემუქრებოდნენ და აცხადებდნენ რომ პოლონეთის ნამდვილი მონარქი მისი ქალიშვილი ჰედვიგია იაგელონი იყო.

მიუხედავად დიდი პოლიტიკური უკმაყოფილებისა, წყაროებიდან ირკვევა, რომ მათი ქორწინება ბედნიერი იყო. მოგზაურობისა თუ ოფიციალური გასვლებისას, დედოფალი ყოველთვის თან ახლდა მეფეს. თუმცა, მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ქორწინებიდან ორ წელიწადში ელიზაბეტა ტუბერკულოზით დაავადდა და 1420 წლის მაისში გარდაიცვალა, დაკრძალეს ვაველის კათედრალში. ვინაიდან ვაჟი არც ელიზაბეტასთან ჰყოლია, მეფე ვლადისლავი იძულებული გახდა კიდევ ერთხელ დაქორწინებულიყო.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეტას შვილები მხოლოდ თავის პირველ ქმარ ვინსენტთან ჰყავდა:

  1. იადვიგა, იან ლეკსანდროვსკის მეუღლე;
  2. ოტონი;
  3. ელიზაბეტა, ოპოლეს ჰერცოგ ბოლკო IV-ის მეუღლე;
  4. იანი, კრაკოვის კასტელანი;
  5. ოფკა, იან იაიკინას მეუღლე;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Duczmal, Małgorzata (2012). Jogailaičiai (in Lithuanian). Translated by Birutė Mikalonienė; Vyturys Jarutis. Vilnius: Mokslo ir enciklopedijų leidybos centras. ISBN 978-5-420-01703-6.