ანა ბოჰემიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანა ბოჰემიელი
Anna Česká
AnaBoémia.jpg
ინგლისის დედოფალი
კორონაცია: 22 იანვარი 1382
მმართ. დასაწყისი: 20 იანვარი 1382
მმართ. დასასრული: 7 ივნისი 1394
წინამორბედი: ფილიპა ენოელი
მემკვიდრე: ისაბელა ფრანგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 მაისი 1366
დაბ. ადგილი: პრაღა, ბოჰემიის სამეფო
გარდ. თარიღი: 7 ივნისი 1394 (28 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, ინგლისის სამეფო
დაკრძ. ადგილი: 3 აგვისტო, 1394 უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი
მეუღლე: რიჩარდ II, ინგლისის მეფე
დინასტია: ლუქსემბურგები
მამა: კარლ IV, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ელიზაბეთ პორემანიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ანა ბოჰემიელი (ჩეხ. Anna Česká, ინგლ. Anne of Bohemia, გერმ. Anne von Böhmen; დ. 11 მაისი, 1366, პრაღა, ბოჰემია — გ. 7 ივნისი, 1394, ლონდონი, ინგლისი) — ინგლისის დედოფალი 1382-1394 წლებში როგორც რიჩარდ II-ის მეუღლე. ლუქსემბურგების დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ კარლ IV-ისა და მისი ცოლის, იმპერატრიცა ელიზაბეთ პორემანიელის უფროსი ასული. 12 წლიანი ქორწინების შემდეგ გარდაიცვალა 28 წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ იგი უშვილო იყო, რიჩარდი წლების მანძილზე გლოვობდა მას.

ანასა და რიჩარდის ქორწინება თავიდან ინგლისელებს დიდად არ მოსწონდათ. თუმცა ვინაიდან მამამისი ევროპის უძლიერესი მონარქი იყო, ინგლისს პრივილეგიები მიენიჭა. ამან ინგლისი დააწინაურა ვაჭრობასა და პოლიტიკაში. რიჩარდმა ანას მზითვებით შეძლო თავისი ძმის ფრანგული ტყვეობიდან გამოსყიდვა. მოგვიანებით ანამ თავისი თვისებებით მოახერხა ინგლისელთა გულების მოგება.

მამამისის რეზიდენცია პრაღაში, იყო ევროპული ხელოვნებისა და გოთიკის ცენტრი. შემდგომში პრაღაში გაზრდილმა ანამ ინგლისურ ხელოვნებაში უამრავი მშობლიური დეტალი დაამატა და განავითარა. ჩეხეთის პრინცესის გვირგვინი, რომელიც საგანგებოდ ანასთვის დამზადდა დღეს მიუნხენში ინახება.

ანას ჰყავდა ოთხი ძმა, მათ შორის საღვთო რომის იმპერატორი სიგიზმუნდ I, ასევე მისი და იყო ნოიბურგის ჰერცოგინია მარგარეტ ბოჰემიელი. გარდა ამისა ანას მამის ხაზით ჰყავდა კიდევ ხუთი ნახევარ და-ძმა. დედოფალი ანა ბოჰემიელი გარდაიცვალა სრულიად მოულოდნელად, ლონდონში. იგი დაკრძალულია უესტმინსტერის სააბატოში.

ინგლისის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ბოჰემიელისა და რიჩარდ II-ის კორონაცია

რიჩარდ II და ანა ბოჰემიელი დაქორწინდნენ კათოლიკური ეკლესიის დიდი განხეთქილების გამო. რიჩარდმა ანასთან ქორწინებით საღვთო რომის იმპერია თავის მოკავშირედ აქცია და დაჰპირდა პაპ ურბან VI-ს, რომ დაეხმარებოდა ფრანგებისა და მათთვის სასურველი პაპი კლემენტის წინააღმდეგ ბრძოლაში. რეალურად კი რიჩარდს საფრანგეთთან გაჩაღებული ასწლიანი ომის მოგება სურდა და თუ მას ამაში რომის პაპი დაუჭერდა მხარს გამარჯვება გარანტირებული იქნებოდა. ანას მამა ევროპის უძლიერესი მონარქი იყო რომელიც ევროპის მოსახლეობის ნახევარს მართავდა.

ქორწინება ეწინააღმდეგებოდა პარლამენტისა და ინგლისელების სურვილებს. ანა დიდად არ მოსწონდათ მათ და ამასთან გარეგნობითაც არ იყო გამორჩეული. აგრეთვე განიხილებოდა რიჩარდისა და მილანის ჰერცოგ ბერნაბო ვისკონტის ქალიშვილის კატერინა ვისკონტის ქორწინებაც, თუმცა რიჩარდმა ანა აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ნაკლები სარგებელი ნახა მასთან ქორწინებით. ანას მზითვებში 20 ათასი ფლურინი (დღეისვის 400 000 ფუნტი სტერლინგი) გაატანეს. ამ ქორწინების წყალობით ინგლისელები მშვიდად და უსაფრთხოდ ვაჭრობდნენ ბოჰემიისა და საღვთო რომის მიწებზე. თუმცა ამ ქორწინებამ საფრანგეთთან ომში ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა ინგლისს და გასაკვირი არცაა, რომ ინგლისელები უკმაყოფილონი იყვნენ ამით.

1381 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც რიჩარდი ანაზე დაინიშნა, ათასობით მოწინააღმდეგე გამოვიდა, მათ შორის სასულიერო პირებიც. ყოველივე ამის მიუხედავად, 1382 წლის 20 იანვარს უესტმინსტერში ანა და რიჩარდი დაქორწინდნენ. ქორწილიდან სულ ორ დღეში ანა ინგლისის დედოფლად აკურთხეს. 1383 წელს დედოფალი ქალაქ ნორვიჩს ესტუმრა სადაც საოცრად დახვდნენ. აღსანიშნავია, რომ ქალაქში ჩამოკიდებული იყო 252 ცალი ანას გერბი. მეფესა და დედოფალს მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი. რიჩარდი ცოლის ერთგული და მოსიყვარულე ქმარი აღმოჩნდა, რაც ნამდვილად დიდი იშვიათობა იყო იმ ეპოქაში.

რიჩარდ II-ისა და ანას ქორწინება იყო რიგით მეხუთე სამეფო ქორწილი რომელიც უესტმინსტერში შედგა და მომდევნო 537 წლის მანძილზე აღარც შემდგარა.

მათ ქორწინებაში 12 წელი გაატარეს, მაგრამ შვილები არ ჰყოლიათ. 1392 წელს ანას ჭირისაგან გარდაცვალებამ რიჩარდს დიდი დარტყმა მიაყენა. ის იმდენად წუხდა საყვარელი ცოლის სიკვდილით, რომ საერთოდ მოსწყდა წლების მანძილზე ქვეყნის მართვას და დეპრესიაში ჩავარდა. მართალია მან მეორე ცოლი შეირთო, რათა მემკვიდრე ჰყოლოდა (რომელიც არც მასთან ეყოლა), თუმცა იგი გამუდმებით ანაზე ფიქრობდა. ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ რიჩარდმა ტახტი სწორედ იმის გამო დაკარგა, რომ მთელ დროს ცოლზე დარდში ატარებდა.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ანა ბოჰემიელი

მართალია ანა თავიდან ინგლისელებში ზიზღით სარგებლობდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მან მათი გულები მოიგო. დედოფალი ანა ძალიან კეთილი ადამიანი იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში. მაგალითად, მან სახელი გაითქვა იმით, რომ დაუღალავად ზრუნავდა ხალხზე, ყურადღებით ეცნობოდა შემოსულ საჩივრებს, თითოეული გლეხის საჩივარს იღებდა და ხალხს პრობლემას უგვარებდა.

იგი ასევე მუშაობდა მეფისა და ხალხის ურთიერთობაზე. 1389 წელს რიჩარდმა ლონდონის მერი ჯონ ნორთჰემპტონი დააკავა და უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ანა წლების მანძილზე მოქმედებდა ლონდონის მოქალაქეთა ინტერესების მიხედვით და საბოლოოდ იმდენი შესძლო, რომ 1392 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რიჩარდი და ჯონი სახალხოდ შეარიგა. ამით აღტაცებულნი დარჩნენ არა მხოლოდ ინგლისელები, არამედ ევროპის მონარქებიც, რომლებმაც დედოფლის ჰუმანურობის შესახებ შეიტყვეს. იმ ეპოქაში ჰუმანიზმი ძალიან უცხო და იშვიათი რამ იყო, სწორედ ამან გამოიწვია ამდენი ადამიანის გაოცება.

მეორეს მხრივ მან ვერ შეასრულა რამდენიმე ტრადიციული მოვალეობა. კერძოდ, 12 წლიანი ქორწინებიდან მან ვერ გააჩინა მემკვიდრე, რაც მხოლოდ მას ბრალდებოდა და არა რიჩარდს. მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდს არც მეორე ცოლთან ჰყავდა შვილი, არც კი განიხილებოდა მისი უშვილობა, მიუხედავად იმისა, რომ მის მეორე ცოლს მეორე ქმართან შვილები შეეძინა. როგორც იმ დროის მემატიანეები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი მემკვიდრეს ვერ აჩენდა მას დიდი წვლილი შეჰქონდა ინგლისის სამეფოს სიდიადესა და სიმდიდრეში. სწორედ ამიტომაა, რომ ინგლისელები მას უწოდებენ :"Good Queen Anne" (კარგი დედოფალი ანა). ის მემკვიდრეობა რაც მან ინგლისს დაუტოვა, ბევრი ინლისელისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე თავად მემკვიდრის გაჩენა.

გარდაცვალების შემდეგ და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ბოჰემიელის დაკრძალვა, შექმნილია 1383 წელს

ანა დაკრძალულია უესტმინსტერის სააბატოში. 1395 წელს რიჩარდმა ანას დალუქული საფლავი გახსნა, დროებით ამოატანინათ მისი ნეშტი და ახალი ორმაგი აკლდამა გააკეთებინათ, რათა შემდგომში ისიც მის გვერდით დაკრძალულიყო. ეს იყო ინოვაცია, რადგან მანამდე ინგლისის ისტორიას არ ახსოვს, რომ მეფე და დედოფალი ერთ აკლდამაში დაკრძალულიყვნენ. რიჩარდმა მას მოოქროვილი კუბო დაუმზადა ხოლო აკლდამა მარმარილოსგანაა ნაკვეთი, რომელზეც ზემოდან სპილენძის ასოებით აწერია ანას სახელი და მოღვაწეობის წლები. აგრეთვე ცნობილია, რომ რიჩარდი და ანა ისე არიან დაკრძალულნი, რომ ანას მარჯვენა ხელი რიჩარდის მარცხენა ხელშია ჩაჭიდებული, რაც სპეციალურად რიჩარდის დანაბარების მიხედვითაა გაკეთებული. 1871 წელს როცა მისი საფლავი გახსნეს, აღმოაჩინეს, რომ დედოფლის ნეშტიდან რამდენიმე ძვალი მოპარული იყო. გასაოცარია ვის დასჭირდა ანას ძვლები ან რაში გამოიყენეს, თუმცა რეალობა ასეთია. ამან თავად საფლავის გამხსნელებიც ძალიან აღაშფოთა.

ანა ბოჰემიელმა უამრავი ახალი რამ დაამკვიდრა ინგლისში. განსაკუთრებით დიდი ცვლილებები შეიტანა იმ ეპოქის ინგლისელი ქალბატონების ჩაცმის სტილში. მან ასევე დაამკვიდრა და გაავრცელა ეტლი და მისით მგზავრობა, რაც მან უნგრელებისგან გადაიღო. იგი უნდრეთში თავიდან რიჩარდთან შესახვედრად ჩავიდა, სადაც შენიშნა გადაადგილების ეს ახალი და მარტივი მეთოდი. გარდა ამისა შეიტანა თავსაბურავების ახალი სტილიც.

ჰერალდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Arms of Anne of Bohemia.svg ცნობები

ანას გერბი მამამისის, საღვთო რომის იმპერატორისა და ბოჰემიის მეფის კარლ IV-ის ბრძანებით დამზადდა ჯერ კიდევ ანას გათხოვებამდე. კარლს იმდენად უხაროდა, რომ ქალიშვილს ინგლისში ათხოვებდა, რომ ამის აღსანიშნავად მისთვის გერბის შექმნა დაუკვეთა

სიმბოლიკა

ანას გერბი იყოფა ორ დიდ ნაწილად მარჯვენა და მარცხენა ნახევრებად. მარცხენა ნახევრის ზედა მარჯვენა და ქვედა მარცხენა კუთხეებში წარმოდგენილია ინგლისის გერბი, რაც იმაზე მიუთითებს რომ იგი ინგლისის დედოფალია და ეს წოდება მან ქორწინებით მიიღო და არა მემკვიდრეობით, ხოლო ზედა მარცხენა და ქვედა მარჯვენა კუთხეებში წარმოდგენილია საფრანგეთის გერბები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ანა საფრანგეთის დედოფლობაზე აცხადებს პრეტენზიას და მხოლოდ პრეტენზიას კიარა, იგი თავს თვლის მის დედოფლად, რადგან გერბზე აქვს გამოსახული.

რაც შეეხება მარჯვენა ნახევარს. მის ზედა მარჯვენა და ქვედა მარცხენა კუთხეებში გამოსახულია თეთრი გვირგვინოსანი ლომი წითელ ფონზე, რაც ბოჰემიის სიმბოლოა, ხოლო ზედა მარჯვენა და ქვედა მარცხენა კუთხეებში გამოსახულია შავი არწივი ყვითელ ფონზე რაც საღვთო რომის იმპერიის სიმბოლოა. ეს ყოველივე კი მიუთითებს, რომ იგი საღვთო რომისა და ბოჰემიის პრინცესაა და რადგან მარჯვენა ნახევარშია მოთავსებული ე.ი. ეს წოდება მან მემკვიდრეობით მამისაგან მიიღო.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Strickland, Agnes, Lives of the Queens of England from the Norman Conquest, (Lea & Strickland, 1841), 303, 308.
  • Cherry, John, in: Jonathan Alexander & Paul Binski (eds), Age of Chivalry, Art in Plantagenet England, 1200–1400, Catalogue number 16, Royal Academy/Weidenfeld & Nicholson, London 1987.
  • Westminster Chronicle 1381-1394, edited by L.C. Hector and B.F. Harvey (Oxford: Clarendon Press, 1982), 25.
  • Thomas Walsingham, The St Albans Chronicle: The Chronica Maiora of Thomas Walsingham, Vol I: 1376-1394, ed. and trans. by John Taylor, Wendy R. Childs, and Leslie Watkiss (Oxford: Clarendon Press, 2003), 572-575.
  • Jones, Dan, The Plantagenets: The Warrior Kings and Queens who made England, (Viking Press: New York, 2012), 456.
  • Costain, Thomas (1962). The Last Plantagenets. Garden City, NY: Doubleday. pp. 148, 149, 153.
  • Westminster Chronicle 1381-1394, edited by L.C. Hector and B.F. Harvey (Oxford: Clarendon Press, 1982), 93.
  • Historia Vitae et Regni Ricardi II, ed. by G.B. Stow (Philadelphia: University of Pennsylvania Press, 1977), 134.
  • Boutell, Charles (1863), A Manual of Heraldry, Historical and Popular, London: Winsor & Newton, p. 276

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ბოჰემიელი
დაიბადა: 11 მაისი 1366 გარდაიცვალა: 7 ივნისი 1494
წინამორბედი:
ფილიპა ენოელი
ინგლისის დედოფალი შემდეგი:
ისაბელა ფრანგი