შინაარსზე გადასვლა

გაჩიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სანადირო ქალაქი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაჩიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
გაჩიანის ველი

გაჩიანი — ქალაქი და მხარე ისტორიულ ქვემო ქართლში. ქალაქის ზუსტი ადგილმდებარეობა დაუდგენელია. გაჩიანის მხარე ანუ სამშვილდის საერისთავო ქართლის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაპირა საერისთავო იყო.

ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, ქართველთა ლეგენდარულმა მამამთავარმა ქართლოსმა თავის ერთ-ერთ ძეს, გაჩიოს მისცა ქალაქი სამშვილდე და ქვემო ქართლის ნაწილი მდინარე ვერიდან მოყოლებული აბოცის მთამდე.

ქალაქის ადგილმდებარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატა
„ხოლო გაჩიოსს მისცა ორბის ციხე და სკჳრეთის მდინარითგან ვიდრე თავადმდე აბოცისა. და ამან გაჩიოს აღაშენა ქალაქი გაჩიანი, რომელსა მაშინ ერქუა სანადირო ქალაქი.“
ვიკიციტატა
„გარდაბოსს მისცა ხუნანი და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მდინარე ბერდუჯისი, დასავლით ქალაქი გაჩიანი, და სამჴრით მთა პირველ ჴსენებული, და ჩრდილოთ მტკუარი.“
ვიკიციტატა
„და მსახურებდა იგი მეფესა ასურასტანისასა. და მოიყვანა ცოლი სპარსი, ასული ბარდაველის ერის-თვისა. და ესხნეს მის თანა ორნი ასულნი, და არა ეშუა ძე. მაშინ მოიყვანა სპარსეთით შვილი ნებროთისი, ნათესავითგან ცოლისა მისისა, დედის დის-წული, და დაიჭირა იგი შვილად, რომელსა ერქუა სახელი მირვან. და მისცა ასული თჳსი ცოლად, ქალაქი გაჩიანი და საერისთაო სამშჳლდისა და ერთი ასული მისცა ძესა ქუჯისსა, მამის დის-წულსა თჳსსა.“
  • ვახუშტის (XVIII ს.) მიაჩნდა, რომ იგი მდინარეების მაშავერ-ქციის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა.
ვიკიციტატა
„ხოლო კვალად შულავრის დასავლით არს მამხუტის-ხევი, და ამის დასავლით ტალავრის-ხევი. ხევის ბოლოს ჭაპალა და ციხე მისი. და ამას ჰსწერენ გაჩიანად. არამედ არა არს ესე დასავლით ხუნანისა, არამედ სამხრით, და არს წილი გარდაბანისა და არა გაჩიოსი. ხოლო არქევანი პირველ იყო გაჩიანი, და სანადირო ქალაქი, მერმე ქაოზიანი, და აწ ესე დაბა რომელი დასავლითცა არს ხუნანისა და საზღვარიცა მათი. არამედ ჭაპალის ჩდილოთ ქციის კბოდე-ზედ, არს არქევანი. ამას ეწოდა ქაოზიანი, სადა არს დიდ-დიდნი ნაშენებნი. ესე არს გაჩიანი[1].“
  • X საუკუნის სომეხი ისტორიკოსი უხტანესი ქალაქ გაჩიანს ვრაცდაშთში ("ქართველთა ველში") ათავსებდა და იგი ცურტავის მერმინდელ სახელად მიაჩნდა.
  • ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება ქალაქ გაჩიანის ადგილსამყოფელის შესახებ:
ვიკიციტატა
„იმავე ლეონტი მროველის სიტყვით გაჩიანი ვითომც ახალი სახელი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ წინათ, «მაშინ ერქუა სანადირო ქალაქია»-ო (ც˜ა მფ˜თა, *104, გვ. 6). დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვებითგანა ჩანს მაინც, რომ გაჩიანი მტკვრის პირასა ყოფილა; იგი მოგვითხრობს: «ჩამოიარიან თურქთა სომხითი... ჩამოდგიან გაჩიანთა პირსა მტკუარისასა»-ო (ც˜ა მფ˜სა დ˜თსი, *529, გვ. 296); მაგრამ თუ გაჩიანი მართლაც ამ ქვეყნის დასავლეთი საზღვარი იყო, როგორც ნათქვამი აქვს ლეონტი მროველს, მაშინ მტკვარზე შეიძლება იგი მხოლოდ ხაშურსა და ტასის-კარს შუა ყოფილიყო სადმე. მაგრამ ამას ცოტა არ იყოს ეწინააღმდეგება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობა, რომლის სიტყვებითგანაც ისე გამოდის, რომ გაჩიანი აღმოსავლით მდებარეობს, სადღაც სომხითსა, ბარდავსა და ივრის პირს შუა. ერთი სიტყვით, ჯერჯერობით ჩვენ ისეთი ცნობები არ მოგვეპოვება, რომ დანამდვილებით გამოგვერკვია, თუ სად მდებარეობდა ქ. გაჩიანი. ყურადღების ღირსია, რომ გაჩიანის მდებარეობა, როგორც ეტყობა, არც ვახუშტსა სცოდნია (გგრ˜ფა, 65)[2].“

იქვე

ვიკიციტატა
„როგორც ლეონტი მროველის სიტყვებითგანა ჩანს, ქ. გაჩიანი მდ. ბერდუჯის დასავლეთით უნდა ყოფილიყო მტკვარსა და სომხითის მთებს შუა. იქნებ ქ. გაჩიანი ყოფილიყო ახლანდელი ბორჩალოს მაზრის ხაჩინ-ჩაის ნაპირას..., სარჩევში იგი ანიშნულია 27º62-41º30 (უნდა ეწეროს 62º27-41º30), მაგრამ 5-ვერსიან რუკაზე მდინარე არა ჩანს, არამედ მთაა ”Хачина керц”; ყურადღების ღირსია, რომ ეს ”ხაჩინი” მართლაც ბერდუჯის დასავლეთით მდებარეობს. ნახე ხაჩინის სამთავროც.“
1926 წლის კავკასიის მხარის ხუთვერსიანი რუკა

აღსანიშნავია, რომ ნასოფლარი უგუდეთი, კავკასიის მხარის ხუთვერსიან რუკაზე აღნიშნულია, როგორც დასახლება სახელად „დიდი სანადირო“. აღნიშნული ადგილი წარმოადგენს ალგეთის აუზის უკიდურეს ხეობის დასახლებულ პუნქტს.

დღევანდელი ტოპოგრაფიულ რუკაზე, გარდაბნის მხარეს აღმოსავლეთით საზღვრავს მტკვარი-ბერდუჯი, აბოცის მთა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთით და შესაბამისად რუკის ასეთი მობრუნების შედეგად არც გაჩიანის ქალაქის ძებნა მის დასავლეთ წერტილში იქნებოდა მართებული.

თუ დღევანდელ რუკას და გეოგრაფიულ პარალელებს 90°-ით შემოვაბრუნებთ, მაშინ შესაძლებელია სწორედ აღმოჩნდეს ვახუშტისეული გარდაბნის მხარის აღწერა: აღმოსავლით მდინარე ბერდუჯი, ჩრდილოით მტკვარი, სამხრით მთა პირველ ხსენებული ანუ აბოცი, ხოლო დასავლით ქალაქი გაჩიანი. ამ შემთხვევაში ქცია-ხრამის სრულ აუზს თუ ჩავთვილით გარდაბნის მხარედ, ხოლო ალგეთის აუზს გაჩიანის ტერიტორიად, მაშინ ნასოფლარი უგუდეთი (დიდი სანადირო) აღმოჩნდება ამ ტერიტორიისათვის დასავლეთი მსაზღვრელი.

საქმე ის არის, რომ ადრე, რადგანაც კარტოგრაფია არ იყო დახვეწილი, რუკები და შესაბამისად მხარის ორიენტაციები დარღვეული იყო. შესაბამისად თუ იქმნებოდა რუკა ხელით, ყოველგვარი ტრიანგულიაციის გარეშე, შედეგი არაზუსტი გამოდიოდა. მაგალითისათვის იგივე ვახუშტისეული სვანეთის ენგური ჩრდილოკავკასიაში გადადის.

ალგეთის ხეობის ზედაწელში მდებარეობს ძველი ციხე სახელად ორბეთის ციხე. ზოგიერთი მეცნიერის აზრით ლეონტი მროველისეული ციხე ორბისა სწორედ ალგეთის ხეობაში არსებული ციხეა. ადრე სწორედ აქ გადადიოდა გზა თრიალეთის ქედზე.

ლეონტი მროველის სიტყვები: "და მისცა ასული თჳსი ცოლად, ქალაქი გაჩიანი და საერისთაო სამშჳლდისა".

  1. ვახუშტი ბატონიშვილი, "გეორგრაფიული აღწერა საქართველოსი" გვ. 144
  2. ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 2, გვ. 33, თბილისი 1983