სოხუმის სამხედრო განყოფილება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოხუმის სამხედრო განყოფილება

18661883
დედაქალაქი სოხუმი
რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეულის აფხაზეთის რუკა სოხუმის სამხედრო განყოფილების ფორმირებამდე, მასში შემავალი ოლქებითა და საბოქაულოებით. 1843 წ.

სოხუმის სამხედრო განყოფილება (რუს. Сухумский военный отдел) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული (1864-1883). ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიაზე, მისი გაუქმების შემდეგ.

საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოხუმის სამხედრო განყოფილების ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი მდ. ბეგერეფსთაზე გადიოდა, სადაც მას ყუბანის ოლქის შავი ზღვის ოკრუგი ესაზღვრებოდა[1]41, სამხრეთ-აღმოსავლეთი — მდ. ენგურზე, ხოლო ჩრდილოეთი — კავკასიონის ქედზე გადიოდა.

ხელმძღვანელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1877 წელს სოხუმს სამხედრო განყოფილების უფროსი გენერალი კრავჩენკო იყო[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვალი, დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე

სამთავროს გაუქმება სპონტანური აქტი არ ყოფილა და რუსეთის ხელისუფლება ამისთვის ნიადაგს წინასწარ ამზადებდა. ჯერ კიდევ 1864 წლის 27 მარტს მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი სამხედრო მინისტრ დ. მილიუტინისადმი გაგზავნილ წერილში სამთავროს გაუქმების საკითხს აღძრავდა. ამის თაობაზე მეფისნაცვლის წინადადებები ასე გამოიყურებოდა:

  1. აფხაზეთის მთავარი და მისი მემკვიდრეები უნდა დაეყოლიებინათ მთავრობის უფლებების დათმობაზე;
  2. მთავარს და მის მემკვიდრეებს უნდა დანიშნოდათ ცხოვრებისთვის საკმარისი ჯამაგირი;
  3. აფხაზეთისგან უნდა შექმნილიყო სამხედრო ოლქი, რომელიც წებელდასთან ერთად უნდა დამორჩილებოდა სპეციალურ სამხედრო მმართველს, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის დაქვემდებარებაში;
  4. ზღვისპირეთში ენგურამდე უნდა ჩაესახლებინათ კაზაკები და შექმნილიყო აფხაზეთის კაზაკთა ლაშქარი აფხაზეთის სამხედრო ოლქის მმართველის დაქვემდებარებაში;
  5. ყუბანის და აფხაზეთის არმიებს შორის საზღვრად უნდა დაწესებულიყო გაგრის ხეობის ჩამკეტი ქედი, რომელიც ჰყოფდა აფხაზეთსა და ჯიქეთს.[3]

აფხაზეთის სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ოკრუგებად და საბოქაულოებად დაყოფილი 1840 წლიდან გვხვდება. ასე მაგალითად: 1838 წლამდე კავკასიის რუკებზე აფხაზეთის სამთავრო წარმოდგენილი იყო რეგიონის სხით რომლის ერთი საზღვარი გაგრის პირას ჩამოდიოდა, ხოლო მეორე ნაწილი კი არ მოიცავდა სამურზაყანოს. აფხაზეთის ტერიტორია ტოპოგრაფების მიერ ასევე დაუმუშავებლად წარმოდგება 1838 წლის ხუთვერსიან რუკაზეც[4]. 1841 წელს აფხაზეთის რუკაზე არ შედის ფსხუ, მაგრამ გამოყოფილია წებელდის საბოქაულო და ბზიფის, აფხაზეთის, აბჟუის ოკრუგები, ხოლო 1842 წელს სამურზაყანოს საბოქაულოც. 1843 წლის რუკაზე სამურზაყანოს საბოქაულო ოკრუგის სახითაა წამოდგენილი. 1847-1857 წლებში აფხაზეთი კვლავ სამი ოკრუგის და ორი საბოქაულოთი გვხვდება.

ფსხუ (მდინარე ბზიფის ზედა დინება) აფხაზეთის შემადგენლობაში, მხოლოდ შემდგომ პერიოდებში გვხვდება.

ერთ-ერთი მონაცემით შავიზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობდა ორი საბოქაულო, ესენია ჯიქეთის და წებელდის საბოქაულოები, რომელბიც 1847 წლის საბოქაულოების მმართველობით სიაში გვხვდება. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს მოხდა ტერიტორიის დატოვება და შესაბამისად საბოქაულოთა მართელობის მოშლა. ჯიქეთის საბოქაულო გაუქდა 1854 წლის 9 მარტს, ხოლო წებელდის საბოქაულო — 5 აპრილს. რუსეთის ჯარების დაბრუნებისთანავე წებელდის საბოქაულო აღსდგა 21 ივნისს[5].

სამხედრო განყოფილების შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ შერვაშიძე
ქუთაისის საგენერალგუბერნატოროში 1857 წელს შემავალი ბიჭვინთის, აფხაზეთისა და აბჟუის ოკრუგები და წებელდისა და სამურზაყანოს საბოქაულოები

1864 წლის აპრილში ალექსანდრე II-მ მოიწონა კავკასიის მეფისნაცვლის მიერ წარმოდგენილი წინადადებები. მაისში მას გაეგზავნა შესაბამისი მითითებები, რომელთა განხორციელება მან ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს დ. სვიატოპოლკ-მირსკის და აფხაზეთის ჯარების სარდალს, გენერალ პ. შატილოვს[6] დაავალა. 24 ივნისს მეფისნაცვალმა ოფიციალურად აუწყა მიხეილ შერვაშიძეს იმპერატორის ბრძანება აფხაზეთის მთავრის მოვალეობისაგან მისი განთავისუფლებისა და აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ[7][8]. იმავე წლის 12 ივლისს თერგისა და ყუბანის კაზაკთა არმიას გადაეცათ უმაღლესი ჯილდო დასავლეთ კავკასიის სრულად დაპყრობისათვის, ხოლო აფხაზეთში დამყარდა უშუალოდ რუსული მმართველობა[9].

1858 წლის ქუთაისის გუბერნიის აღწერის მიხედვით, გუბერნიის ჩრდილო-დასავლეთ ზღვისპირეთში ცალ-ცალკე შედიოდა აფხაზეთი, წებელდა და სამურზაყანო. უშუალოდ აფხაზეთი იყოფოდა სამ (ბზიფის, აფხაზეთისა და აბჟუის) ოკრუგად[10].

1866 წლის 11 აგვისტოს (სხვა ინფორმაციით კი 1864 წლის 14 აგვისტოს) აფხაზეთის, წებელდისა და სამურზაყანოს გაერთიანებით შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება. შიდა დაყოფაში არაფერი არ შეცვლილა, იმისგან განსხვავებით, რომ აფხაზეთის ოკრუგი ზოგჯერ სოხუმის ოკრუგად იწოდებოდა.

პირველი ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1865 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სოხუმის სამხედრო ოლქის მოსახლეობის რაოდენობა (სამურზაყანოს გარეშე, რადგან იმ დროს ის სამეგრელოში შედიოდა) ოლქების მიხედვით ასეთი იყო:

  • სოხუმის ოკრუგი – 2 826 კომლი, 16 475 სული;
  • ბზიფის ოკრუგი – 3 726 კომლი, 20 090 სული;
  • აბჟუის ოკრუგი – 5 049 კომლი, 32 182 სული;
  • წებელდის საბოქაულო – 1 436 კომლი, 10 443 სული;
  • სულ – 13037 კომლი, 79 190 სული[11].

1866 წლის 11 აგვისტოს ალექსანდრე II-ს მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად, სოხუმის სამხედრო განყოფილების ადმინისტრაციულ დაყოფაში რიგი ცვლილებები შევიდა[12]. გაუქმდა წებელდისა და სამეგრელოს მფლობელობაში შემავალი სამურზაყანოს საბოქაულოები და გაგრის ქედიდან ენგურამდე არსებულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ოთხი ახალი (ბიჭვინთის, დრანდის, წებელდის, ოქუმის) ოკრუგი. ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის სახით შევიდა მასში ქ. სოხუმი. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს სამხედრო გუბერნატორის უფლება მიენიჭა, თუმცა ნომინალურად ის ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა.[13]

სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსად დაინიშნა აფხაზეთის ჯარების უფროსი, გენერალი პ. შატილოვი.[14][15]

ლიხნის აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკი

1866 წელს ცარიზმმა სოხუმის სამხედრო განყოფილებაში საგლეხო რეფორმის გატარებისათვის მზადება დაიწყო, მაგრამ აფხაზეთის სოციალურ-საზოგადოებრივი წყობის თავისებურებების გაუთვალისწინებლობამ, ჩინოვნიკური აპარატის უხეშმა ჩარევამ აფხაზთა ცხოვრების წესში, აფხაზეთის მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც სახალხო აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყება დაიწყო 1866 წლის 26 ივლისს სოფ. ლიხნში და მალე თითქმის მთელი აფხაზეთი მოიცვა, რითაც საგრძნობლად შეაშფოთა კავკასიის რუსული ადმინისტრაცია. აჯანყებულმა აფხაზებმა 20 წლის გიორგი შერვაშიძე მთავრად გამოაცხადეს,[16] მაგრამ, იმავე წლის აგვისტოში რუსებმა აფხაზეთში სასწრაფოდ გადაისროლა ჯარის ნაწილები ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის მეთაურობით, რომელმაც აჯანყება სასტიკად ჩაახშო.[13] ამ მოვლენებს აფხაზთა მასობრივი გადასახლება მოჰყვა თურქეთში, რასაც ისტორიოგრაფია "მუჰაჯირობის" სახელით იცნობს.[17]

მეორე ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყების ჩახშობის შემდეგ ცარიზმი მხარის ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმის მომზადებას შეუდგა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული კონტროლის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

1968 წლის 27 მაისს, 1866 წლის 11 აგვისტოს შექმნილი და 4 (წებელდის, ბიჭვინთის, დრანდისა და ოქუმის) ოკრუგისგან შემდგარი სოხუმის სამხედრო განყოფილება, გაიყო 3 (წებელდის, ბიჭვინთისა და ოჩამჩირის) ოკრუგად:

  • წებელდის ოკრუგი დარჩა ხელუხლებელი;
  • ბიჭვინთის ოკრუგში შევიდა გუმისთისა და გუდაუთის საპოლიციო უბნები (ოკრუგის ტერიტორია — გაგრის ქედიდან მდინარე კოდორამდე);
  • ოჩამჩირის ოკრუგში შევიდა კოდორისა და სამურზაყანოს საპოლიციო უბნები (ოკრუგის ტერიტორია — მდინარე კოდორიდან მდინარე ენგურამდე).

იმის გამო, რომ ცარიზმს გადაწყვეტილი ჰქონდა მდ. ბზიფიდან მდ. ენგურამდე შავი ზღვის სანაპიროს კოლონიზაცია კაზაკ-რუსებით, სამურზაყანო (ოქუმის ოკრუგი) აფხაზეთს შეუერთეს.[17]

მუჰაჯირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზი მუჰაჯირები ქ. სამსუნის პორტში (თურქეთი). 1864 წელი

თურქეთთან წინასწარი მოლაპარაკებისა და მათგან თანხმობის მიღების შემდეგ, მეფისნაცვალმა განკარგულება გასცა, რომ 1867 წლის აპრილის ბოლოდან დაწყებულიყო აფხაზთა გადასახლების პროცესი. სოხუმსა და აფხაზეთის სხვა ადგილებში კვლავ გადაისროლეს ჯარები.[8] ჯერ კიდევ გადასახლების დაწყებამდე, 1867 წლის 6 აპრილს, სოფ. ფსირცხადან მუჰაჯირთა პირველი ნაკადი სამი ხომალდით წავიდა ბათუმში, რომელიც მაშინ თურქეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ესენი იყვნენ ჯიქები და ფსხუელები (49 ოჯახი, 218 სული), რომლებიც სოფ. ფსირცხაში 1864 წლიდან ცხოვრობდნენ.[18][8] 1867 წლის აპრილის ბოლოს მუჰაჯირობამ ორგანიზებული პროცესის სახე მიიღო. აფხაზთა გადასახლება, ძირითადად, ძალდატანებით ხასიათს ატარებდა, რასაც იმდროინდელი დოკუმენტები ადასტურებენ. 1867 წ. 31 მარტს მეფისნაცვალი იმპერატორს წერდა, რომ ბიჭვინთის ოლქის მცხოვრებთ არ სურდათ თურქეთში წასვლა. აფხაზები ნებაყოფლობით ქრისტიანობასაც იღებდნენ, რომ დარჩენა მოეხერხებინათ.[8]

მუჰაჯირობა სამურზაყანოელებს, მიუხედავად მათი დიდი შიშისა, არ შეხებია. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ აქ მოსახლეობა, ძირითადად, ქართული იყო, ხოლო აფხაზები, ვინც აქ ცხოვრობდნენ, ქრისტიანები იყვნენ.[17]

1867 წ. ივნისის დასაწყისში გადასახლების პროცესი დასრულდა. თურქეთის ხელისუფლებამ, შეთანხმებისამებრ, მუჰაჯირები რუსეთის იმპერიის საზღვრებიდან შორს დაასახლა – ნაწილი ანატოლიაში, ხოლო ნაწილი ბალკანეთში, ძირითადად – ბულგარეთში.[8]

გადასახლების პროცესში დგებოდა მუჰაჯირთა სიები სოფლების მიხედვით, ოჯახების რაოდენობის, ოჯახის თავკაცების სახელისა და გვარის მითითებით, ოჯახის წევრთა (ქალები, კაცები) რაოდენობის ჩვენებით. ამ სიების თანახმად, სოფ. ფსირცხადან გადასახლდა 51 ოჯახი (210 სული), სოფ. ფოქვეშიდან – 10 (69 სული. აქედან 9 ოჯახი ფაჩულია – 65 სული, 1 ოჯახი ჯინჯია – 4 სული), სოფ. ჭლოუდან – 125 (539 სული), სოფ. ათარიდან – 7 (43 სული) და ა.შ. ბიჭვინთის ოლქიდან გადასახლდა 226 ოჯახი (1357 სული), დრანდის ოლქიდან – 629 ოჯახი (3245 სული), წებელდის ოლქიდან – 2503 ოჯახი (14740 სული). ამრიგად, აფხაზეთიდან, წებელდა–დალთან ერთად, გადასახლდა არა დაგეგმილი 4500, არამედ 3358 ოჯახი, 19342 სული.[19]

კავკასიის მთიელთა სამმართველოს ცნობით,[20] 1867 წ. ნოემბრისათვის სოხუმის სამხედრო განყოფილების (აფხაზეთი) მოსახლეობა ოლქების (округ) მიხედვით ასეთი იყო: თითქმის მთლიანად «გაიწმინდა» წებელდა და დალი, რაც გამოწვეული იყო ამ მხარის სტრატეგიული მნიშვნელობით. ამ თემების თითქმის 15 ათასიანი მოსახლეობა თავიანთი სამკვიდროდან აყარეს და უცხოეთში გადაასახლეს. 1868 წლის მონაცემებით, წებელდაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობდა, ხოლო დალში – არც ერთი.

1874 წელს კავკასიაში ჩამოვიდა ინგლისელი მოგზაური გროვე. იგი ყარაჩაიდან გადმოვიდა კოდორის ხეობაში. ინგლისელი მოგზაური მოიხიბლა კოდორის ხეობით, მაგრამ აღნიშნავს, რომ სევდა და ნაღველი იპყრობს როცა ხედავს, რომ აქ ადამიანის ყოფნის არავითარი კვალი არ ჩანს: «ხეობის ზემო წელი სრულიად უკაცრიელი იყო», – წერს მოგზაური.[21]

მესამე ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის გუბერნია 1890-1906 წლებში
სოხუმის ოლქი (აფხაზეთი და სამურზაყანო). 1899 წელი

1867 წელს აფხაზთა მუჰაჯირობის გამო დაცარიელებული მიწა-წყლის დასახლებისა და სოხუმის სამხედრო განყოფილების მმართველობის შემდგომი ცენტრალიზაციის აუცილებლობამ დღის წესრიგში დააყენა ახალი ადმინისტრაციული რეფორმის გატარება, რომელიც 1868 წლის 27 მაისს განხორციელდა[22]. გამსხვილდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, რის შედეგადაც სოხუმის სამხედრო განყოფილება დაიყო სამ ოლქად:

  • ბიჭვინთის ოლქი (ტერიტორია მდინარე კოდორსა და გაგრის ქედს შორის) — შედგებოდა გუდაუთისა (გაგრიდან ფსირცხამდე) და გუმისთის (ფსირცხიდან მდ. კოდორამდე) უბნებისაგან;
  • ოჩამჩირის ოლქი (ტერიტორია მდინარეები კოდორსა და ენგურს შორის) — შედგებოდა კოდორისა (მდ. კოდორიდან მდ. ღალიძგამდე) და სამურზაყანოს (მდ. ენგურამდე) უბნებისაგან;
  • წებელდის ოლქი — რომელიც მთლიანად კოლონიზაციისათვის იყო განსაზღვრული, დასახლებათა მზრუნველობა შეიქმნა[23][24]. მისი მართვა-გამგეობა დაევალა განსაკუთრებულ პირს — წებელდის დასახლებათა მზრუნველს, საოლქო ხელმძღვანელის უფლებებით.

1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს სოხუმის სამხედრო განყოფილების ტერიტორიის ნაწილი დროებით (1877 წლის მაისი-აგვისტო) ოკუპირებული იყო ოსმალეთის იმპერიის ჯარების მიერ.

ასეთმა ადმინისტრაციულმა დაყოფამ 1883 წლის 26 აპრილამდე იარსება. გაუქმებული სოხუმის სამხედრო განყოფილების ბაზაზე შეიქმნა ახალი ადმინისტრაციული ერთეული — სოხუმის ოკრუგი, რომელიც ქუთაისის გუბერნიის ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дьячков-Тарасов. Гагры и их окресности. Тифлис, 1903, გვ. 83
  2. გაზ. „ივერია“, №12, 19 მაისი, 1877
  3. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 5, აღწ. 1, საქმე 7506, ფურც. 41
  4. კავკასიის მხარის რუკა 1838 წ.
  5. Собрание сочинений Р.А. Фадеева : Т. 1-3. - Санкт-Петербург : В.В. Комаров, 1889
  6. Шатилов, Павел Николаевич (1822). (სტატია რუსული ვიკიპედიიდან)
  7. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 416, აღწ. 3, საქმე 177, ფურც. 48
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 Г.А. Дзидзария - Махаджирство и проблемы истории Абхазии XIX столетия, Сухуми, "Алашара", 1982, ст. 250-252[მკვდარი ბმული]
  9. Кавкавзский календарь на 1866 год
  10. Т. 16 : Кавказский край, ч. 5 : Кутаисское генерал-губернаторство. - 1858. გვ. 242
  11. Ив. Аверкиев, С северо-восточного прибрежья Черного моря, V, «Кавказ», 1866, № 76
  12. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XLI, указ 43551, ст. 1022-1025
  13. 13.0 13.1 Г. А. Дзидзария, Восстание 1866 года в Абхазии, Сухуми, 1955
  14. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 416, აღწ. 3, საქმე 177, ფურც. 78
  15. ლია ახალაძე, ბეჟან ხორავა, დაზმირ ჯოჯუა. ისტორიის სწავლება აფხაზეთში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-19. ციტირების თარიღი: 2010-10-16.
  16. Юрий Чиковани, Род Абхазских князей Шервашидзе (Историко-генеалогическое исследование) // Тбилиси,"Универсал", 2007[მკვდარი ბმული]
  17. 17.0 17.1 17.2 ბეჟან ხორავა, აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა, გამომცემლობა – არტანუჯი, თბ., 2004
  18. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 545, აღწ. I, საქმე 91, ფურც. 115
  19. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 545, აღწ. 1, ს. 191, ფურც. 191, 195, 197, 199, 203, 205, 250.
  20. Сборник статистических сведений о Кавказе, т. 1, отд. II, გვ. 39
  21. Грове, Холодный Кавказ, изд. ред. журн. "Природа иЛюди", СПб., 1879, გვ. 212.
  22. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое, т. XLIII, ბრძ. 45910, გვ. 655
  23. Эсадзе С. Историческая записка об управлении Кавказом. Т. I. Тифлис, 1907, გვ. 279
  24. Станислав Лакоба. Очерки политической истории Абхазии. Сухуми: 1990, გვ. 32