მამის გარდაცვალების დროს მძევლად ჰყავდა აფხაზეთის მთავარ ქეილაშ შარვაშიძეს, რომლისგანაც მისი განთავისუფლება 1805 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხერხდა. 1805 წელს, როდესაც გრიგოლ დადიანი გარდაიცვალა, ლევან V დადიანის მცირეწლოვანების გამო ოდიშის სამთავროს 4 წევრისაგან შემდგარი საბჭოს დახმარებით განაგებდა დედამისი, დედოფალი ნინო. 1811 წლიდან ლევან V დადიანი უშუალოდ შეუდგა სამთავროს მართვა-გამგეობას. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის მიერ დასავლეთ საქართველოში მოწყობილ სამხედრო ექსპედიციებში: 1809 წელს მონაწილეობდა ფოთის აღებაში, 1810 წელს იმერეთის სამეფოს დამორჩილებაში, 1819-1820 წლებში - იმერეთისა და გურიის აჯანყების ჩახშობაში. ასევე დაეხმარა რუსეთს აფხაზეთის სამთავროში ხელისუფლების განმტკიცებაში. 1813 წელს ლევან V დადიანმა შემოიერთა სამურზაყანო, რომელსაც 1840-მდე მართავდა. მის დროს, 1830 წელს, ოდიშის სამთავროში დაარსდა პირველი სასწავლებელი - მარტვილის სასულიერო სასწავლებელი. 1840 წელს უარი თქვა სამთავრო ტახტზე თავისი შვილის დავითის სასარგებლოდ, თუმცა მთავრის ტიტულს სიკვდილამდე ატარებდა.