შინაარსზე გადასვლა

დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი)
დადიანების სასახლე
დადიანების სასახლე
დადიანების სასახლე

დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი – ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი დადიანისეულ ორ სასახლეში ზუგდიდში. მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ-საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გადმოტანილ ქართულ სიძველეთა ბაზაზე. მას თავდაპირველად „სამეგრელოს მუზეუმი“, შემდგომ – „ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული“, 2005 წელს კი „დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი“ ეწოდა[1]. მის ფონდებში დაცულია 50 000-მდე ექსპონატი, ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.

მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა – „ფაცხა“, „ჯარგვალი“, „ოდა“ – და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონატები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანისა და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი) მოთავსებული.

დედოფლისეული სასახლე XIX საუკუნის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ. მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. რაისმა II სართულს თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.

არქეოლოგიური ექსპონატები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური ძეგლებიდან აღსანიშნავია ძველი და ახალი ქვის ხანის იარაღები. ბრინჯაოს ცული დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ყალიბი, აღმოჩენილი ენგურის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. თაგილონთან. საკმაო რაოდენობით მოპოვებული სპილენძის ზოდები მოწმობს ბრინჯაოს იარაღების, მათ შორის, ცულების ადგილობრივ წარმოებას.

ნუმიზმატიკური კოლექცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კოლხური მონეტები

მუზეუმში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური კოლექცია: კოლხური თეთრი, რომაული, ბიზანტიური, XII–XIX საუკუნეთა ქართული, რუსული, უნგრული, პოლონური და სხვა მონეტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვ. წ. I – ახ. წ. II ს.-ის კოლხური ოქროს მონეტა, იუსტინიანე I-ის (527–565) მონეტა.

ქანდაკების ნიმუშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში დაცულია ქართული ქანდაკების ნიმუშები, რომლებიც ქართველთა წარმართული კერპის – ხარის გამოსახულებას წარმოადგენს, აგრეთვე XIIIXVII საუკუნეების ათობით ეპიგრაფიკული ძეგლი.

აქვეა ქართული საეკლესიო ნაქარგობის ბრწყინვალე ნიმუშები: მწიგნობართუხუცესის საბუხარი, რომელიც XVII საუკუნის დამდეგს არის მოქარგული და ქართული ქარგვითი ხელოვნების უძველესი ნიმუშია; ექსპოზიციას ამშვენებს ლევან II დადიანის ბრძანებით დამზადებული გარდამოხსნა.

ოქრომქანდაკებლობისა და ოქრომჭედლობის ნიმუშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნდა აღინიშნოს ოქრომქანდაკებლობისა და ოქრომჭედლობის უბრწყინვალესი ნიმუშები XI–XIX საუკუნეებისა: გიორგი მეფის სამწერობელი (XI), რომელიც ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო და უძველესი ნიმუშია; თამარ მეფის დედის ბურდუხან დედოფლის ხატი (XII), რომლის 52 სანაწილე ბუდეში წმინდანთა ნაწილებია ჩაბრძანებული; კარედი ხატი წმინდა გიორგისა ქტიტორის კირილე ჟუანიძის გამოსახულებით (XVI საუკუნე); ხატი წმინდა გიორგისა პეპუ მეუნარგიასი (XIX) და სხვა მრავალი.

დაცული სიწმინდეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი

ზუგდიდის მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გადმოუტანიათ. იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ კი ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1533 წლიდან კი ლევან I დადიანს გადმოუსვენებია სამთავრო სასახლეში.

ზუგდიდის მუზეუმში ღვთისმშობლის კვართის გარდა კიდევ მრავალი სიწმინდეა დაცული: წმინდა მარინეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, წმინდა გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი. წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის ლუსკუმაში, რომელიც შემკობილია ძვირფასი თვლებითა და ღვთისმშობლის ოქროს რელიეფური გამოსახულებით.

ლუსკუმის მხედრულ წარწერაში მოხსენიებულია სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი (1611–1657) და დედოფალი ნესტან-დარეჯანი.

დაცული ხელნაწერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცულია XVI–XIX საუკუნეების უნიკალური ხელნაწერი წიგნები, მინიატურები და სიგელ-გუჯრები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ლიტერატურული არქივი, სადაც შემონახულია XIX-XX სს. გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა –გრიგოლ ორბელიანის, პლატონ იოსელიანის, იონა მეუნარგიას, ნიკო ნიკოლაძის, თედო ჟორდანიას და სხვათა – მიმოწერა.

განსაკუთრებულ საუნჯეს წარმოადგენს სამხედრო არქივი – რუსეთის საიმპერატორო კარის არქივი და სამხედრო კანცელარია, მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ (XIX საუკუნის დასაწყისი), რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სოციალურ-ეკონიმიკური და პოლიტიკური ისტორიის შესასწავლად.

ყოველმხრივ განათლებულმა სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა ზუგდიდის სასახლეში საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დააარსა მუზეუმი. ამავე პერიოდში უნდა დაეწყო მას საბრძოლო ხელოვნების ნიმუშების შეგროვებაც. კოლექციას „ჟამითი ჟამად“ მისი მეუღლე, შვილები და საგვარეულოს სხვა წარმომადგენლები ამდიდრებდნენ.

დადიანების სასახლის საბრძოლო ხელოვნების კოლექციაში იარაღის ისტორიის თითქმის ყველა ეტაპმა თავისი ასახვა ჰპოვა. როგორც ჩანს, იარაღის შეგროვებას აქ საფუძველი ჯერ კიდევ XVII საუკუნეში დაედო. თუმცა მაშინ ეს სპონტანურად მიმდინარეობდა. XIX საუკუნეში კი ყოველმხრივ განათლებულმა სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა ამ პროცესს მიზანმიმართული და, ამასთანავე, სამუზეუმო სახე მისცა. როგორც ჩანს, დავითი სასახლის მუზეუმისათვის იარაღს გარკვეული სისტემით აგროვებდა, ამიტომ კოლექცია პირობითად შემდეგ ჯგუფებად შეიძლება დაიყოს: კავკასიური ცივი იარაღი, კავკასიური ცეცხლსასროლი იარაღი, რუსული ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, ევროპული, აზიური, აფრიკული და ავსტრალიური საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები, შუბები და არბალეტები, ყუმბარები და ნაღმმტყორცნები, საბრძოლო წარჩინების ნიშნები, მუზარადები, აბჯრები, თავდაცვითი იარაღი, უნაგირები და ძვირფასი მემორიალური საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები.

ცხადია, კოლექციის დიდ ნაწილს კავკასიური ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი წარმოადგენს. აქ თავი მოიყარა საქართველოში XVIII-XIX საუკუნებში დამზადებულმა ნიმუშებმა, რომელთათვისაც დამახასიათებელია მდიდარი ორნამენტაცია, ირანული და ჯვრის ტიპის სადავეებით. ქართულ იარაღზე ლითონის თითქმის ყველა დეტალი გაფორმებულია, სადაც ძირითადად ზედაპირული და ჩაჭედვითი ინსტრუქცია გამოიყენება. ჩაჭედვის დროს ოსტატი წინასწარ მომზადებულ ღარებში ვერცხლის ან თითბრის მავთულს ათავსებდა. ზედაპირული გაფორმების დროს კი, პირიქით, მავთული ზემოდან მაგრდებოდა. ქართული ცივი იარაღისთვის უმეტეს შემთხვევაში დამახასიათებელია სოლის მასიურობა, რომელიც ზოგჯერ ერთმხრივ, ზოგჯერ კი – ორმხრივაა წამახული. ხმლის შუაში დატანილი ღარი კი იარაღს სიმსუბუქესა და მოქნილობას ანიჭებს. ხშირია შემთხვევა, როცა ნიღრზე დამღა ან განმარტებითი წარწერაა დატანილი. მუზეუმში დაცული ხმლების სიგრძე 44-დან 100 სანტიმეტრამდე მერყეობს. ქართული იარაღისთვის ჩვეულია სოლის მასიურობა და დამღების მრავალფეროვნება. მაგალითად, ხმლის ტერფებზე იკითხება შემდეგი სახის არაბული წარწერები: „იმუშავა მუჰამედმა ჰიჯრით 1273 წელს“ (ე. ი. 1856 წელს), ან „მთავარია ღვთის წყალობა, გამარჯვება კი თავად მოვა“, ან კიდევ „რაც ღმერთს ენებოს, ის მოხდეს“. ქართულ განმარტებით წარწერათაგან აღსანიშნავია რამდენიმე ნიმუში, რომლებიც XIX საუკუნის სამეგრელოს განთქმულ ოსტატებზე მიგვითითებს. ერთ-ერთი ხმალი (ცი. 24), რომლის სადავე მოოქრული ვერცხლისაა და ფრაგმენტულად მოსევადებულია, მდიდარი ყვავილფოთლოვანი ორნამენტით გამოირჩევა, იგი ქარქაშიდან 91 სანტიმეტრია და 24 ყუნი ამშვენებს. ხმლის ტერფზე, სადავის გასაყართან ლამაზი მხედრული ხელით შემდეგი სახის წარწერაა დატანილი: „ძაძამიძი. კელ“. ძაძამიძეთა სკოლა მთელ დასავლეთ საქართველოში იყო განთქმული. გადმოცემის თანახმად, ძაძამიძის ზუგდიდის სახელოსნოში ჩრდილოეთკავკასიელი ბეგებისა და ხანებისათვისაც კი მზადდებოდა იარაღი. ოსტატისთვის დამახასიათებელი იყო ვირტუალური შავი სევადი და მდიდარი ოქროს ზარნიში. სასახლეში აგრეთვე დაცულია ისეთი ავტორების ნამუშევრები, როგორებიცაა მაქსიმე ხურცილავა და ივანე ვარდანიძე.

დადიანების სასახლე

დამღიან ხმალთაგან აღსანიშნავია კიდევ ერთი საინტერესო ნიმუში: მისი სიგრძე 110, სიგანე კი – 8 სანტიმეტრია. ქარქაში მოპირკეთებულია სადაფით და ორი ვერცხლისბორჯღლიანი პირამიდით. ხმლის ტერფთან არის ხუთთავიანი დევის გამოსახულება, რომელსაც ხელში ჰოროლი უპყრია. სოლის შუაში კი მოჩანს ზოომორფული გამოსახულებები. განირჩევა თმაგაშლილი ვაჟკაცისა და აბჯროსანი ყმაწვილის გამოსახულებები. ხმალზე ასევე ნაყოფიერებისა და ძლიერების სიმბოლო – ფალოსია დახატული. ხმლის ფორმის ხასიათიდან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საბრძოლო ხელოვნების ეს ნიმუში დადიანების სასახლეების ერთ-ერთ საუკეთესო ექსპონატს წარმოადგენს. როგორც აღვნიშნეთ, კოლექციაში ბევრია სხვა კავკასიელ ხალხთა იარაღიც. მათგან გამოვყოფდით დაღესტნურსა და ჩერქეზულს.

დადიანების სასახლე და ზუგდიდის საკათედრო ტაძარი

დაღესტანს ოდითგან კავკასიის იარაღის სამჭედლოს უწოდებდნენ. დაღესტნელი ოსტატები ამზადებდნენ თოფებსა და ხმლებს, ოქრომჭედლები კი ქმნიდნენ განუმეორებელი ხელოვნების ზარნიშსა და სევადს. იარაღის წარმოება დაღესტნის ბევრ სოფელში იყო განვითარებული, რომელთაგან ნაწილი ცივი, ნაწილი კი – ცეცხლსასროლი იარაღის დამზადებაში დაოსტატდა. ზოგან ორივე დარგს ერთნაირი წარმატებით ფლობდნენ. აქ იარაღის წარმოების იმდენად მნიშვნელოვანი ცენტრები შეიქმნა, რომ ზოგიერთი სოფელი მთელ კავკასიას ამარაგებდა. ზუგდიდის მუზეუმში დაცული უნდა იყოს ყუბაჩში, ლაკეთსა და ავარიაში შექმნილი იარაღი. ისინი ძირითადად XVIII-XIX საუკუნეების მიჯნას განეკუთვნება და მათთვის დამახასიათებელია მკაცრად სტილიზებული ორნამენტი, რომელიც ფოთლების, ლამაზი თაიგულების ერთობლიობაში გამოიხატება. სადავეები ვერცხლისაგან, რქისაგან ან ძვლისაგან მზადდებოდა. უმეტეს შემთხვევაში ხმალი ოდნავ მოხრილია და პირი ერთ მხარესაა წამახული. მუზეუმში დაცულ ერთ-ერთ ექსპონატზე სოლის ორივე მხარეს შუაში, მთელ გაყოლებაზე არაბულად ყურანის სტრიქონებია დატანილი. აქვე მამაკაცის პორტრეტია გამოსახული. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი სახის ხმლებზე იმამ შამილს ხატავდნენ, ზოგიერთის აზრით კი, ეს პორტრეტი შაჰ აბასს მიეკუთვნება. ხმალს აგვირგვინებს არწივისთავიანი სადავე, რომელიც მთიულებში უძლეველობის სიმბოლო იყო.

დაღესტნურისაგან განსხვავებით, ჩერქეზული იარაღი ნაკლები რაოდენობითაა წარმოდგენილი მუზეუმში. მათი სადაურობის განსაზღვრაც საკმაოდ ძნელია, რადგან ჩერქეზული იარაღის უმეტესობა დაუდამღავია, თუმცა იდენტიფიცირებაში ორნამენტაცია გვეხმარება. როგორც ცნობილია, ჩერქეზები ძირითადად გეომეტრიულ ფიგურებში ჩახატულ მცენარის ორნამენტს ანიჭებდნენ უპირატესობას. გვხვდება ცხვრის რქის სტილიზებული ფორმაც. ჩერქეზული ხმლის სოლი დაღესტნურთან შედარებით ვიწროა და წამახვაც უფრო ცერი. როგორც აღვნიშნეთ, ჩერქეზული დამღები იშვიათობაა. დადიანების სასახლეში ერთ-ერთი მათგანი შემორჩენილია. მასზე ცხენზე ამხედრებული, ხმალშემართული ჰუსარია გამოსახული, ლათინური წარწერით „V. Hუსსარ “ ე. ი. „Vივალ Hუსსარ“. ეს პრუსიელ ჰუსართა დამღაა, რომელიც შვიდწლიანი ომის დროს, 1756–1763 წლებში მზადდებოდა და დაახლოებით ამავე პერიოდში იგი ჩერქეზმა ოსტატებმაც გადაიღეს. ამ დამღით დანიშნული ხმალი სოლის მკვეთრი მოხრილობითა და კარგი ალესვით გამოირჩევა.

უმდიდრესია დადიანების სასახლის კავკასიური ცეცხლსასროლი იარაღის კოლექციც, რომელიც სანადირო და საომარი თოფებისა და დამბაჩებისაგან შედგება. თოფების ძირითადი ნაწილი XVIII საუკუნის მეორე ნახევრითა და XIX საუკუნით თარიღდება. ამ პერიოდში მზადდებოდა პატრუქიანი და კაჟის სასხლეტიანი ცეცხლსასროლი იარაღიც. თოფის, ისევე, როგორც დამბაჩის, ძირითად ღირსებას ლულა წარმოადგენდა. ამიტომ მისთვის საგანგებოდ არჩევდნენ ფოლადს, რომელიც დამასკოდან ან თურქეთიდან ჩამოჰქონდათ. ლულა სევადით ან ოქროს დაფერვით ფორმდებოდა და მისი წაგრძელებული ფორმა კონდახის მიმართულებით სქელდებოდა. თოფების უმეტესი ნაწილი მდიდარი ორნამენტაციით გამოირჩევა. ორნამენტი ლულებზე ე. წ. ჩაჭედვის ან გადაკვრის მეთოდითაა შესრულებული. ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში დაცული თოფები ძირითადად სამეგრელოს მთავრის დავითის და მისი ვაჟების – ნიკო და ანდრია დადიანების კუთვნილებაა. თუმცა რამდენიმე ექსპონატი მიურატებსაც და სამეგრელოს სხვა წარჩინებულ თავადებსაც უნდა ეკუთვნოდეს. ნივთებს, მხატვრული ღირებულების გარდა, განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობაც აქვს, რადგან ამ იარაღით 1828-1829 წლებში ქართველები იბრძოდნენ ყარსისა და ერზრუმის კედლებთან. ამ იარაღმა გამოიარა ყირიმის ომი და სამეგრელოს სამთავრო თურქ-ოსმალოთაგან გაათავისუფლა. ამ იარაღს ახსოვს დუნაის ფარსირება და 1877-78 წლების ბალკანეთის გმირული ეპოპეა, სადაც სამეგრელოს უბრწყინვალესმა თავადმა ნიკო დადიანმა ვაჟკაცობითა და გმირობით ისახელა თავი.

მუზეუმში არის კავკასიის მეხუთე მსროლელი რეგულარული ბატალიონის წევრთა ნაქონი იარაღიც. ეს ბატალიონი 1899 წელს ჩამოყალიბდა. მთიელების წინააღმდეგ გამოჩენილი წარმატებისათვის მან მიიღო ხუთი უმაღლესი საიმპერატორო ჯილდო. პოლკი ელიტარული იყო და, იმპერიის უმაღლესი მთავარსარდლობის განკარგულების თანახმად, იქ სამსახური მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ.

მუზეუმში დაცული თოფების განუყრელ ნაწილს წარმოადგენს ე. წ. დამხმარე ხელსაწყოები, ანუ ლულის საწმენდები, კაჟები და საპირწამლეები. ლულის საწმენდი ლულის ქვეშ იარაღის კორპუსში, კაჟი – სპეციალურ ქისაში, საპირწამლე კი – ქამარზე მაგრდებოდა. ზუგდიდში დაცული ცეცხლსასროლი იარაღის სახლეტები არცთუ ისე დიდი ზომისაა. მათი სიგრძე და სიგანე 60-დან 90 მილიმეტრამდე მერყეობს, გაფორმებულია უმეტეს შემთხვევაში ოქრო-ვერცხლის ყვავილფოთლოვანი ორნამენტით. ლულებზე სამიზნეები ძირითადად თურქული ტიპისაა, უძრავი და ერთი ხვრელით. თოფების კონდახები მასიური ხისგანაა დამზადებული და ოვალური საჭდევებით გამოირჩევა. მათზე ორნამენტები ყოველთვის განსაკუთრებით უხვად და ლამაზად დაჰქონდათ.

თოფებთან შედარებით კოლექციაში დამბაჩები უფრო მრავალფეროვანია. მათ ლულებზე ორნამენტი ღრმა ჩაჭდევის მეთოდით, ევროპულ სტილშია შესრულებული. კონდახი ორი ტიპისა: პირველი ცელისებრია, ანუ მოხრილი ლითონისაა, რომელიც ლულის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს და ბოლოში ბურთულით, ე. წ. დუმით სრულდება. დუმა თუ ვერცხლისაა, იგი მდიდრულადაა გაფორმებული, თუ ძვლისა – მხოლოდ ხისტადაა დამუშავებული. კონდახის მეორე ტიპი ხის მართკუთხედის ფორმისაა, ფართო საწდევითა და სადაფებით ან ვერცხლის ფირფიტებითაა გაფორმებული. აღსანიშნავია ისიც, რომ კავკასიურ იარაღს რუსულთან შედარებით საცეცხლე მოქმედების არეალი უფრო მეტი ჰქონია (დაახლოებით 60 მეტრი). ამიტომ მიზანში მოხვედრის ალბათობაც მეტი იყო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დადიანების სასახლის რუსული და ევროპული ნიმუშები.

მუზეუმში დაცული რუსული ხმლები მკვეთრად განსხვავდება კავკასიურისაგან. რუსმა ოსტატებმა საუკუნეების განმავლობაში შექმნეს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი მეთოდი, რომელიც იარაღის გაფორმების სირთულეში გამოიხატებოდა. სევადისა და ზარნიშის გარდა, რუსი ოსტატები ფერად ემალსა და ლითონის დრაპირებასაც მიმართავდნენ. რუსეთის არმიის მძიმე კავალერიისათვის ცივი იარაღის ძირითად ფორმას პალაში წარმოადგენდა. რუს ქვეითებში კი მეტი უპირატესობა დაშნას ენიჭებოდა. XIX საუკუნეში მასობრივად იწყება ევროპული ტიპის ხმლების გამოყენება.

სოლის ტიპებიდან გამომდინარე, არმიის ხმლები სამ ნაწილად იყოფა: დაშნები, რომელთაც ატარებდნენ ოფიცრები და სამხედრო მოხელეები, პალაშები მძიმე კავალერიისათვის და საკუთრივ ხმლები, რომლებითაც შეიარაღებული იყო მსუბუქი კავალერია და ქვეითი ჯარი.

რუსეთში საბრძოლო იარაღის წარმოების მეტი წილი ქალაქებზე – ტულასა და ზლატოუსტზე მოდიოდა. იქ დამზადებული იარაღიდან გამოვყოფდით დამბაჩას (ცი. 183) ირმის დამღით და მემორიალური ოქროს წარწერით „Вь Туле Петрь Гольтяков. Вь память свидания в Бомборах 9-го августа 1845 года“. ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია 1891 წლის რუსული სამხაზიანი შაშხანა (#280785) წარწერით „Императорский Тульский оружейный завод“ ან სანადირო თოფი წარწერით „Акива Тимофеев Воронцова Мануфактура“. როგორც ჩანს, ამ პერიოდში ოსტატები ხშირად ლულებს ქარხნებში უკვეთავდნენ. ამიტომ იარაღზე ავტორის ხელმოწერასთან ერთად ქარხნის დამღაცაა გამოსახული.

შთამბეჭდავია სასახლეში დაცული შაშხანები. მათი ნაწილი რუსულ არმიაში 1869 წელს შემოვიდა და ხის კონსტრუქტორის – კრნკა-ს ექვსხაზიანი შაშხანის რუსულ მოდელს წარმოადგენს. ასევე საინტერესო ნიმუშია ტულის ქარხანაში დამზადებული 1870 წლის შაშხანა, რომელსაც ასევე „ბერნარდ 2“-ს ეძახიან. მას გრძივად მოძრავი ჩამკეტი აქვს და მიზნის სიზუსტით გამოირჩევა.

მუზეუმში დაცულია კავალერგრადის პოლკისა და ლეიბგვარდიის ცხენოსანთა პოლკების ხმლები. აქვეა რუსული მსუბუქი კავალერიის მეომართა ხანჯლები, რომელთა სოლი ოდნავ მოხრილია. საინტერესოა გერმანული ტიპის მახვილებიც, რომელთა პირი დაკბილული და კარგად ალესილია. მახვილის ეს მხარე ხერხის მოვალეობას ასრულებდა, ოფიცერთა ხმლებისა და დაშნების 1827 და 1830 წლების მოდელების სადავეები ამპირის სტილშია და ოქროთია მოვარაყებული.

ევროპულ და რუსულ ცეცხლსასროლ იარაღს შორის განსხვავება უმნიშვნელოა, რადგან მათ განვითარების ერთნაირი გზა გამოიარეს. ცეცხლსასროლ იარაღზე პირველი მექანიკური ხელსაწყო – პატრუქის სასხლეტი XV საუკუნეში ევროპაში გაჩნდა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა კაჟის სახლეტმა მოიპოვა, რომელიც მთელი XVIII-XIX საუკუნეების განმავლობაში იარაღის წარმოების დროს წარმმართველ როლს ასრულებდა.

კოლექციაში საპატიო ადგილი უჭირავს მემორიალური იარაღის ნიმუშებს. მათგან ყველაზე მრავალრიცხოვნად წარმოდგენილია ოქროს ხმალი და მახვილი მამაცობისათვის. საბრძოლო წარჩინების ეს საპატიო ნიშანი რუსეთში 1720 წლის 27 ივნისს დაწესდა, როდესაც რუსმა გენერალმა მ. გოლიცინმა კუნძულ გრენგამთან შვედების ესკადრა გაანადგურა. ოქროს ხმალს თან ერთოდა იმპერატორის სიგელი. 1788 წლამდე ოქროს მახვილის მიღება მხოლოდ გენერლებსა და ფელდმარშლებს შეეძლოთ. მოგვიანებით კი მისი მფლობელობის პატივი ოფიცრებმაც მიიღეს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ხმლის ოქროს სადავეეზე ბრილიანტები და სხვა ძვირფასი ქვები არ მაგრდებოდა. მათ ნაცვლად დაჰქონდათ წარწერა: „За храбрость“. პირველი, ვინც ასეთი წარწერით მიიღო ხმალი, 1812 წლის სამამულო ომის გმირი დოხტუროვი იყო. ამ უმაღლესი ნიშნის საპატიო საბრძოლო ნიმუშის მფლობელები იყვნენ ისეთი ცნობილი მხედართმთავრები, როგორებიცაა პეტრე ბაგრატიონი და ალექსანდრე ერმოლოვი. მუზეუმში დაცული ერთი ოქროს მახვილი სამეგრელოს უბრწყინვალეს თავადს ნიკო დადიანს უნდა ეკუთვნოდეს. ამაზე მიუთითებს შემორჩენილი წყაროებიც. დადიანების მეგობარი, გერმანელი მწერალი ბერტა ფონ ზუტნერი თავის მოგონებებში მოგვითხრობს ნიკო დადიანის ბალკანეთში 1877-1878 წლებში ლაშქრობის ამბავს – მინგრელსკი აქ იმპერატორს ახლდა როგორც ფლიგელ-ადიუტანტი და ბრძოლებში იმდენად გამოიჩინა თავი, რომ ოქროს მახვილი, წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ბაფთიანი და წმინდა ანას II ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა.

ოქროს მახვილის მფლობელი ყოფილა დადიანების უმცროსი ვაჟი ანდრია დადიანიც, რომელიც ბავშვობიდანვე კაზაკთა პოლკის ლეიბგვარდიაში მსახურობდა, შემდეგ ძმასთან, ნიკო დადიანთან ერთად რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდა და ბალკანეთის მთებში იბრძოდა. ამ პერიოდის ამსახველ ერთ-ერთ ფოტოზე ანდრია ლეიბგვარდიის საზეიმო ფორმაშია გამოწყობილი. მას მარჯვენა მკლავის ცისფერ მენტიკზე ფართო შევრონი უჩანს, ხოლო გულ-მკერდს წმინდა ვლადიმერის IV და III ხარისხის ბაფთიანი და მახვილებიანი ორდენები უმშვენებს, ხმალს კი გეორგიევსკის ლენტის ტემლაკი აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მამაცობისათვის ანდრიას ოქროს მახვილი ჰქონია მიღებული.

მუზეუმში დაცულია სამეგრელოს სახელოვანი დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის ორი ხმალი. როგორც ცნობილია, აბჯარასხმული დედოფალი 1855 წელს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქართველთა განმათავისუფლებელ მოძრაობას სამეგრელოში შემოჭრილი ოსმალების წინააღმდეგ. ხმალი საკმაოდ მასიურია. მისი ზომა ქარქაშიანად 105 სანტიმეტრს შეადგენს, უქარქაშოდ კი – 89,5 სმ-ს. გაფორმებულია ყვავილფოთლოვანი ორნამენტით, შავი სევადითა და ზარნიშით. ორნამენტში მთავარი ადგილი ფარის მსგავს ბალთასა და პირამიდას უკავია. ხმალს ამშვენებს სარტყელი 16 ყუნით.

დედოფალს თავისი უფროსი ვაჟისთვის საჩუქრად საუკეთესო ქართული ხელობის ხმალი მიუძღვნია. მუზეუმს ნაკლული სახით, თუმცა მაინც შემორჩა სამეგრელოს მთავრის – დავით დადიანის ხმალი. ზომა ქარქაშიანად 105 სანტიმეტრია, უქარქაშოდ – 88,5 სმ, რომელსაც დაკარგული აქვს სადავე. ხმლის ტერფზე შემდეგი სახის წარწერაა: „მანგრელიის მეფე დავით დადიანი 15 თვის მომირთმევია მისი მონა ხელისან 1826 წელსა 18 სა თებერვალსა“. მეორე მხარეს სამსტრიქონიანი წარწერა, სამწუხაროდ, ვერ ამოვიკითხეთ.

კოლექციაში წარმოდგენილია დადიანების სიძის, ნაპოლეონ I-ისა და ნეაპოლის მეფის, იოაჰიმ მიურატის შთამომავლის, პრინც აშილ შარლ ლუი ნაპოლეონ მიურატის ხმალი. ზომა ქარქაშიანად – 111, ხოლო უქარქაშოდ – 108, ნიჟარისებური ყვავილებითა და გვირილებით, სახელური კი ნიანგის ტყავში უნდა იყოს ჩასმული.

მუზეუმში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი შუბები და მახვილები. მათგან, უპირველეს ყოვლისა, გამოვყოფდით ქართული შუბის ნაირსახეობას – გორდას. გორდა წარმოადგენს საკმაოდ მასიურ ორპირიან შუბს, რომელსაც ოთხივე მხარე ალესილი აქვს. ფოლადის ეს მასიური კორპუსი ხის ტარზე მაგრდებოდა და მისი საშუალებით მოწინააღმდეგის შუაზე გადაჭრა ხდებოდა. იარაღის ეს ნიმუში მხოლოდ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი, თუმცა მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი. ასევე შეუძლებელია მისი წარმოშობის პერიოდის დადგენა, ის კი ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში მას ქართველი მეომრები საკმაოდ წარმატებულად იყენებდნენ.

ქართული და კავკასიური შუბებისა და ხიშტების გარდა, კოლექციაში ინახება მანჯურიაში დამზადებული ისარი, მადაგასკარული შუბი და ავსტრალიური ჰოროლი. ჩვენი აზრით, დადიანების სასახლეში აფრიკული ირაღის ნიმუშები მიურატების საშუალებით უნდა მოხვედრილიყო. ცნობილია, რომ ალჟირში, მუსტაფასა და მადაგასკარში სამხედრო სამსახური გაიარეს აშილ და ნაპოლეონ მიურატებმა. ამ უკანასკნელმა კი მადაგასკარში გამოჩენილი მამაცობისათვის ოფიცრობა მიიღო. გაზეთ „კვალის“ თქმით, პრინც ნაპოლეონ მიურატს კარგი, მამაცური და გამბედავი შეხედულება აქვს, როგორც ჰქონდათ მის წინაპართ. ეს არის ერთობ მძლავრი გასაკვირველი მოყვანილობისა, სამხედროთ კარგად გაწვრთნილი, სწრაფი, მიმზიდველი. ეს ახალგაზრდა მხედარი ამ დროებით იმყოფება ალასონში, სადაც მიძამისი – პრინცი ლიუდვიკ მიურატი ასრულებს თავის სამხედრო სამსახურს.

მუზეუმში ერთადერთ ეგზემპლარადაა დაცული არბალეტი. არბალეტი უძველესი მექანიკური იარაღია და მის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება. მან განსაკუთრებული აღიარება ევროპაში X საუკუნიდან მოიპოვა. არსებობს ორი სახის არბალეტი – საომარი და სანადირო. ჩვენი სანადირო არბალეტი უნდა იყოს და იგი XIX საუკუნეშია შექმნილი. იარაღის კონსტრუქცია და მისი სიმსუბუქე გვაფიქრებინებს, რომ იგი ინგლისშია დამზადებული.

ხელოვნების ნიმუშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მე-19 ს-ის ფრანგული გრავიურა, რაფაელო სანტის ფერისცვალების მიხედვით.

მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბულეს, როკოკოს, ამპირის სტილის ავეჯი, ქართული, ჩინური, იაპონური, ფრანგული, რუსული გამოყენებითი ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშები, ბროლის, ქაშანურის ჭურჭელი, მოვერცხლილი სერვიზი, ლარნაკები, ვაზები, ალბომი ოქროსცურვილიანი ყდით, ქართული ჭედური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები – ვერცხლის ქამრები, ხმლები.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფრანგული ისტორიულ-კულტურული ძეგლები – სურათები და წიგნები, რომელიც ორი გზით შემოვიდა მუზეუმში. ერთ ნაწილს წარმოადგენს დადიანების კარზე შეკრებილი კოლექცია, ხოლო მეორეს პრინც აშილ მიურატის (1847-1895) მიერ საფრანგეთიდან ჩამოტანილი ნივთები.

პრინცი აშილ მიურატი ნაპოლეონის ცნობილი მხედართმთავრისა და სიძის (მისი დის, კაროლინ ბონაპარტის მეუღლის), ნეაპოლის მეფის, მარშალ იოაჰიმის შვილიშვილი იყო, რომელსაც ცოლად ჰყავდა დავით დადიანის ქალიშვილი სალომე. საფრანგეთში მონარქიის გაუქმების (1879) შემდეგ აშილი საქართველოში ჩამოვიდა და თან ოჯახური რელიკვიების დიდი ნაწილი ჩამოიტანა.

დადიანებს სამეგრელოში რამდენიმე რეზიდენცია ჰქონდათ, თუმცა მათ შორის ყველაზე გამორჩეული ზუგდიდისა იყო. „დიდ ველსა ზედა არს ზუგდიდი, სასახლე დადიანთა, დიდშენი და პალატებიანი, ზღუდე გოდლიანი“ – წერს ვახუშტი ბატონიშვილი. უცხოელი მოგზაურების ისტორიული მემკვიდრეობიდან ცხადად ჩანს, რომ ზუგდიდის სასახლეს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭებოდა. იგი უფრო უპირატესი იყო, რაც აქ გამართულ ელჩობებსა და შეხვედრებში გამოიხატებოდა. ძირითად დროს აქ ატარებდა მთავარი და მისი ოჯახიც.

XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე დადიანებს სასახლე ქალაქის შუაგულში, დღევანდელი რეზიდენციის ტერიტორიაზე უკვე ჰქონდათ. ამისათვის მათ საგანგებოდ შეურჩევიათ ადგილი და სპეციალურად გრანდიოზული მასშტაბების მიწაყრილიც მოუმზადებიათ. ეს ფაქტი სავარაუდოდ გრიგოლ დადიანის (1788–1804) გარდაცვალების შემდეგ მალე უნდა მომხდარიყო, სწორედ მაშინ, როცა ნინო დადიანს (1804–1847) რუსეთის იმპერატორმა 2000 ჩერვონეცი გამოუგზავნა ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიის ასაგებად. 1837 წელს დავით დადიანს აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებითი სასახლეების მშენებლობა დაუწყია. მთავარი რეზიდენციის აგებას იგი მომავალში გეგმავდა. „ნამდვილი სამთავრო სასახლე“ მალე აშენებულა – იგი ორსართულიანი და 28-ოთახიანი ყოფილა. შენობის შუა ნაწილი ქვისაგან შეუსრულებიათ და მასზე მოგვიანებით წაბლის ხისაგან დამატებითი ოთახები მიუშენებიათ.

იმპერიის პრინცი ნაპოლეონ მეოთხე,დადიანების სასახლის ფრანგული გრავიურა, XIX ს.

რეზიდენციის მოსაწყობად დადიანს რუსეთის იმპერატორის თანხმობის შემდეგ ყულევის პორტით ბაჟგადაუხდელად საზღვარგარეთიდან შემოუტანია 25 ათას მანეთად შეფასებული, ძვირფასი ავეჯი და ინვენტარი.

აღნიშნული ნაგებობა 1855 წელს ომარ ფაშამ დაიკავა და შიგნით ოსმალო ჯარისკაცებისათვის ლაზარეთი მოაწყო. გრიგოლ დადიანის წარმატებული კონტრშტევისა და ზუგდიდის დაკავების შემდეგ ისკანდერ ფაშამ მას გაქცევის წინ ცეცხლი მოუკიდა და გადაწვა. დამწვარი ნაგებობა დიმიტრი ყიფიანმა აღადგინა და იგი სამეგრელოს მმართველ ჭილაევს დაუთმო, თუმცა მალე სასახლე კვლავ ცეცხლმა იმსხვერპლა. შემდეგ იგი აღარ აღუდგენიათ, მისგან დარჩენილი ქვის კედლები დაუნგრევიათ და ნიკო დადიანის სასახლის მშენებლობისათვის გამოუყენებიათ.

დავითის გარდაცვალებისა და ომარ ფაშას ლაშქრობის შემდეგ რეზიდენციის ტერიტორიაზე ფართო სამშენებლო სამუშაოები დედოფალმა ეკატერინე დადიანმა წამოიწყო. იგი მთავრის დის, პუპის (1821–1849) ყოფილი სახლით დაინტერესებულა. აქ ჯერ ღვინის სარდაფი ყოფილა, პუპის გათხოვების შემდეგ კი დადიანს დროებითი სახელოსნო მოუწყვია, სადაც ახალი სასახლეებისათვის პარკეტს ამზადებდნენ. ახალი რეზიდენციის პროექტი, სავარაუდოდ, ან ევროპაში, ან რუსეთში უნდა მომზადებულიყო. 1873 წელს დაწყებული სამუშაოები 1878 წელს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

ქართველების გარდა, სასახლის მშენებლობაში უცხოელებიც მონაწილეობდნენ: იაკობ „თათარი“, ხასან ხამუზ ოღლი და თეოდორე ბერძენი.

დედოფლისეული სასახლის არქიტექტორი ედვიგ იაკობის ძე რაისი ყოფილა, რომელიც 1851-1852 წლებში ტფილისში მეფისნაცვლის კარზე არქიტექტორისა და სამოქალაქო კანცელარიის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.

ზუგდიდის დედოფლისეული რეზიდენციის მთავარი ფასადი ტიუდორების სტილის თავისებური ინტერპრეტაციაა. შიდა ეზო ქართულისა და ოსმალურის ბრწყინვალე ნაზავია, სადაც ცენტრალური ადგილი ლაზურ აივანს უკავია.

სამეგრელოს მთავრების მეოხებით სასახლემ სრულად შეიძინა ყველა ის ფუნქცია, რომელიც მხარის მთავარ რეზიდენციას სჭირდებოდა. სასახლეში ცხოვრობდნენ არა მარტო მთავარი და დედოფალი, არამედ აქ იყო საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკა, სამხედრო კანცელარია, არქეოლოგიური, პალეოგრაფიული ძეგლები, ხელოვნების სხვა ნიმუშები, მუზეუმ-კაბინეტები; სასახლეში ინახებოდა სამთავროს ჰერალდიკური ატრიბუტიკა, შტანდარტები და გერბები.

ნიკო დადიანის სასახლე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უფლისწულის, იმავე მინგრელსკის სასახლე, ნიკო დადიანისთვის XIX საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მისი ავტორი რუსი არქიტექტორი ლეონიდ ვასილევია. მან ტრადიციულ რუსულ ექსტერიერს ოსტატურად შეუხამა ქართული ინტერიერი და იმდროინდელი საქართველოსათვის სრულიად უჩვეულო არქიტექტურული ნიმუში მიიღო. სასახლეს განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. აქ ძალიან ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები, სადაც თავს იყრიდნენ იმდროინდელი საქართველოს გამოჩენილი მოღვაწეები. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე კი დადიანის რეზიდენცია ეროვნული კულტურის უმთავრესი კერა გახდა.

რუსიფიკატორთა მცდელობა, სამეგრელოში წირვა-ლოცვა მეგრულ ენაზე შემოეღოთ, სწორედ ამ სასახლის მფლობელთა და მათ თანამოაზრეთა წყალობით ჩაიშალა. აქ გაჩნდა იდეა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკისათვის დადიანების უნიკალური წიგნებისა და ხელნაწერების გადაცემისა. ამ თაღებქვეშ სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი. აქაურ დარბაზებში აფიცებდნენ განმდგარ აფხაზ თავადებს საქართველოს ერთგულებაზე.

მიურატების სასახლე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადიანების არქიტექტურული ანსამბლის ერთ-ერთი შემადგენელ ნაწილს მიურატების ხის ლამაზი სასახლე წარმოადგენდა, სადაც ეკატერინეს ქალიშვილი, სალომე და მისი მეუღლე, ბონაპარტის ნათესავი, ნაპოლეონ III-ის ფლიგელ-ადიუტანტი, აშილ მიურატი ცხოვრობდნენ. სასახლეს, ისევე, როგორც მის მეპატრონეებს, საოცრად ტრაგიკული ბედი ერგო წილად. იგი 1895 წელს განადგურდა:

ვიკიციტატა
„იწვოდა ეს ულამაზესი შენობა მიურატებისა, მშველელი კი არსად ჩანდა, შინამოსამსახურეებმა ერთი წივილ-კივილი ატეხეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. დაიფერფლა ხის ნაწილი, შავად შეტრუსული აგურებიღა დარჩა ჩონჩხივით. შინამოსამსახურეები რაღაც სასწაულებრივ გადარჩენილ ავეჯს ერთ ადგილას უყრიდნენ თავს და მიცვალებულივით დასტიროდნენ თითოეულ ნივთს.“

ხანძრის შემდეგ სულ ცოტა ხანში გარდაიცვალა აშილ მიურატიც, „ტვინში სისხლის ჩაქცევით“, – იტყობინებოდა ფრანგული პრესა. „არაოფიციალური ცნობით კი ხალხში ხმა დადიოდა, თითქოს სალომეს ბანკში დაუზღვევია ზუგდიდის ხის ოცდაოთხოთახიანი სასახლე, ავეჯი გაუტანია და სასახლე ცეცხლისათვის მიუცია. ცნობა ამის შესახებ გაპარულა გაზეთებში, პატიოსანმა, კეთილმა გულმა ვერ აიტანა შეურაცხყოფა და თავი მოიკლა თავის საზაფხულო ვილაში, სოფელ ჭკადუაშში“.

ერთ-ერთ ნეგატივზე, ჩვენი აზრით, სწორედ ზუგდიდის 24-ოთახიანი ხის სასახლე უნდა იყოს ასახული. იგი, როგორც ჩანს ფრანგული ტიპის ვილა ყოფილა, რომელშიც იმავდროულად ქართული და რუსული სტილი ფიგურირებდა.

ბოტანიკური ბაღი და სხვა შენობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადიანებს არქიტექტურული ანსამბლის ტერიტორიაზე ცალკე გაშენებული ჰქონდათ სამეურნეო შენობები რომელთა შორის აბანო გამოირჩეოდა. მუზეუმის ფოტოფონდში დაცული რამდენიმე ფოტოს მიხედვით ცხადია, რომ ზუგდიდის აბანო დედოფლის რეზიდენციის უკან, საჯინიბოს მახლობლად მდგარა. ერთსართულიანი, აგურის მომცრო თაღოვანი შენობა ყოფილა. აღმოსავლური წესის თანახმად, აქ ხშირად ეწყობოდა ლხინი და თეატრალური წარმოდგენები.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ზუგდიდის არქიტექტურული ანსამბლის შემადგენელი ნაწილი იყო ბოტანიკური ბაღი. იგი 1840 წელს დაარსდა და XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის საპარკო ხელოვნების ნიმუშთა კონკურსში პირველი ადგილი დაიმსახურა. დავითმა ბაღი მეუღლეს გაუშენა, რისთვისაც ტრიესტიდან საგანგებოდ მოიწვია განთქმული მებაღე ჟოზეფ ბაბინი. მასთან ერთად მუშაობდნენ იტალიელი ძმები – გაეტანო და ჯიევანო ზამბერლეტები. ბაბინმა განსაზღვრა და დააზუსტა დეკორატიული ფართობი, მოაწყო სანერგე და ორანჟერეა, ბაღი ფრანგული სიმეტრიული სტილითა და იტალიური განაშენიანების პრინციპით დაგეგმა, გააფორმა ყვავილნარები, გაზონები, შექმნა ხელოვნური პეიზაჟები. ბაღის გაშენებაში თვით დედოფალსაც მიუძღოდა დიდი წვლილი. აქ ყველაფერი მისი მეთვალყურეობით კეთდებოდა. ეკატერინემ საჭირო თესლელული და ნერგები საფრანგეთიდან, ვერსალის ბაღიდან გამოიწერა. 1856 წელს ხელოვნური პარკი ოსმალი სარდლის, ომარ ფაშას ბრძანებით ისკანდერ ფაშამ აჩეხა. „ზუგდიდი აღარ არის, იქაური თექვსმეტი წლის ნაშრომი ბაღი, რომელიც კავკასიის მხარეში კი არა, უცხო ქვეყნებშიც მოსაწონი იყო, მტერმა აღგავა. ყოველი ხილი, ყვავილი და უცხო ქვეყნის მცენარეები ზოგი წაიღეს და ზოგიც დასჭრეს“, – სწერდა იმავე წლის 2 თებერვალს დამწუხრებული დედოფალი პლატონ იოსელიანს. თუმცა ეკატერინეს ფარ-ხმალი არ დაუყრია, ბაღი ნელ-ნელა აღდგა და ძველებური ხიბლი დაიბრუნა. მის ტერიტორიას დღემდე ამშვენებს ინდოეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან ჩამოტანილი ხეები.

ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ უბრწყინვალესი თავადი ნიკო სამეგრელოს ამბებისათვის სულ უფრო ნაკლებად იცლიდა, ეს კი ზუგდიდის არქიტექტურულ ანსამბლსა და ბოტანიკურ ბაღს განსაკუთრებით დაეტყო. 1886 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა:

ვიკიციტატა
ზუგდიდიდამ გვწერენ, რომ თუმცა ჩვენი ქალაქი პლანზეა გაშენებული, ბულვარიცა აქვს და ბულვარს აქედ-იქიდამ ჭანდრის ხეები აქვს არიგებულ-ჩარიგებული, მაგრამ მაინც ამ ბოლო დროს სისუფთავესა და სიფაქიზეს ვერ დაიქადილებსო. ჩვენი ქალაქის შვენება იყო ბაღი სამეგრელოს მთავრის დავით დადიანისაო; ამ გვარი ბაღი, არა თუ სამეგრელოში, კავკასიაშიც არ მოიპოვებოდა, მაგრამ სადღაა ახლა ეს ბაღიო, იმისი აჩრდილიც აღარ არის დარჩენილიო. ეს დიდი ბაღი ახლა უდაბურ ტყეთ არის გადაქცეული და შიგ კაცების მაგიერ, მგლები, ტურები და სხვა ნადირნი დასეირნობენო, ისე რომ მზის ჩასვლის შემდეგ კაცი ვერც-კი შევა შიგაო.

ზუგდიდის დადიანების სასახლის შემდეგ მნიშვნელობით მეორე გორდის საზაფხულო რეზიდენცია იყო. 1841 წელს დავით დადიანმა ალექსანდრე ჭავჭავაძის რჩევითა და არქიტექტორ ვასილევის პროექტით ორსართულიანი, ციხე-დარბაზის ტიპის სასახლის მშენებლობა დაიწყო. წინანდლიდან ჩამოსულ პოეტს საძირკვლის ჩაყრის დროს საგანგებო პარაკლისი გადაუხდია. გორდში დავით დადიანმა გამოცდილი აგრონომ-დეკორატორი ჟოზეფიც მოიწვია და მას კარ-მიდამოს ირგვლივ წალკოტის გაშენების გეგმა შეადგენინა. ბაბინის დაწყებული საქმე მალე იტალიელმა მებაღემ, გაეტანო ზამბერლეტიმ გააგრძელა. დაახლოებით 80-ჰექტრიანი ეზო ქვითკირის გალავნით შემოაკავეს, რომლის სამ ჭიშკარს რვა სვანი მეთოფე იცავდა. აიგო ასევე აბანო, ხელოვნური ტბა, დამხმარე ნაგებობები.

ბოლშევიკური რევოლუციის დროს აქ წითელი არმიის ნაწილები ალექსი გეგეჭკორის მეთაურობით დაბანაკდნენ. მაშინ სასახლიდან ჯერ იარაღი, შემდეგ – ავეჯი და ჭურჭელი დაიტაცეს.

1922-23 წლებში რევკომმა გორდის სასახლეში ფოსტა გახსნა. 1925 წელს კი, ადგილობრივი ხელისუფლების წაქეზებით, „სოფლის პროლეტარიატმა“ თავისი „კლასობრივი მტრის“, მთავრის კარ-მიდამო სასტიკად ააოხრა. თუ რაიმე ნივთი დარჩა, ხალხმა მიიტაცა. კარ-ფანჯრები და მოჩუქურთმებული ხის სვეტებიც კი წაიღეს.

მნიშვნელობით მესამე და ადგილმდებარეობით პირველი სალხინოს სასახლე უნდა ყოფილიყო. 1825-1826 წლებში აქ უბრალო ხის ოდა მდგარა. მიუხედავად რეზიდენციის ღარიბულობისა, აქ სამეგრელოს დედოფალი, კაცია დადიანის ქვრივი, ანა ცხოვრობდა. სალხინოშივე იჯდა სალიაპარტიანოს მფლობელი მანუჩარ დადიანი.

ლევან V დადიანს აქ ორსართულიანი ქვის სასახლის მშენებლობა არჩილ ბატონიშვილისა და გიორგი გეგელიას რჩევით დაუწყია. საბოლოო სახე შენობამ სალომე მიურატის დროს მიიღო. სასახლეს, ზუგდიდის მსგავსად, თურქები და ბერძნები აშენებდნენ. ლეცავედან საჭირო მასალა გლეხებს მოჰქონდათ, ამისათვის მარხილებში შებმულ 100 უღელ ხარ-კამეჩს იყენებდნენ. მშენებლობის დროს გარდაცვლილა უფროსი ოსტატი, თათარი ოსმანი. „სასახლის მდებარეობა იმ ადგილის ახლო, სადაც არის სამშობლო ოჯალეშისა“ (სასახლიდამ ორ ვერსტზე) მდინარის წაჩხურის ნაპირად, რომელიც იყო და არის განთქმული შესანიშნავის წაჩხურის კალმახებით და თვითონ პლანი სასახლისა, რომლის ქვედა სართულის შუა-გულ ზალაში არის ჩატნეული უზარ-მაზარი ქვევრი, რომლის გარეშე შიგ ზალაში გაკეთებულია სალხინოდ გამზადებული მუხის ხის სვეტებზე აყვანილი ფანჩატური ლამაზად მოქარგულის თაღით, სრულად ამართლებენ სასახლის წოდებას „სალხინოს“ და მოწმობენ, რომ ამგვარი სასახლის აშენების აზრი ამ ადგილზე, სწორედ უნდა მოსვლოდა ისეთს მთავარს, როგორიც იყო ლევან დადიანი, რომელსაც მთელი მისი სიცოცხლე ლხინში და სიმღერაში გაუტარებია. ბოლო დიდი ზეიმი სასახლეში 1897 წელს ლუსიენ მიურატისა და ჰერცოგინია დე როანის ჯვრისწერის დროს იყო.

ნაპოლეონ I-ის ნიღაბი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნაპოლეონ I-ის ბრინჯაოს ნიღაბი

მუზეუმის იშვიათ ექსპონატთა შორის განსაკუთრებულია ნაპოლეონ I-ის (1769–1821) ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც ჩამოასხმევინა ანატომიის პროფესორმა ფრანჩესკო ანტომარკმა (1780–1838) პარიზში 1833 წელს. ნიღაბს ყელზე აწერია თაბაშირის ნიღბის გამკეთებლის სახელი – „დოქტორი ფ. ანტომარკი“, მარცხნივ – ბრინჯაოს ნიღბის ჩამომსხმელების სახელები – „ლ. რიშარი და კენელი“ და ჩამოსხმის ადგილი – „პარიზი“. წინ, ყელთან გაკეთებულ მედალიონს აწერია: „ნაპოლეონი – იმპერატორი და მეფე“, აგრეთვე „ფ . ანტომარკი“ და ბრინჯაოს ჩამოსხმის წელი – „1833“.

სერგეი პროკუდინ-გორსკის გამოფენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 29 აპრილს ამერიკის ელჩმა, ჯონ ტეფტმა, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა, ბატონმა გიორგი გაბაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსში პრეზიდენტის რწმუნებულმა, ზაზა გოროზიამ გახსნეს ფოტოგამოფენა „ფერადი წარსული“: სერგეი პროკუდინ-გორსკის 100 ფოტო“.

  • ნუცუბიძე ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 542.
  • გიორგი კალანდია. „დადიანების სასახლეების საგანძური“. თბ. 2003
  • გიორგი კალანდია.„ოდიშის საეპისკოპოსოები“. თბ. 2004
  • გიორგი კალანდია. „მარიამ ღვთისმშობლის სიწმინდეები და საქართველო“. თბ. 1999
  • გიორგი კალანდია. „ზუგდიდის ისტორიული მუზეუმი“. თბ. 2002
  • გიორგი კალანდია. „ზუგდიდის დადიანების სასახლე“. თბ. 2001
  • გიორგი კალანდია. „გაძარცვული საგანძური“. თბ 2006
  • გიორგი კალანდია. „ფერადი წარსული“ თბ.2007

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ლორთქიფანიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 249-250.