ლაზისტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლაზისტანის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის რუკა

ლაზისტანი (ლაზ. ლაზონა, Lazona) — ბუნებრივი მხარე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთი პონტოს მთების ჩრდილოეთ კალთაზე. სიმაღლე 3931 მ-მდე (მთა კაჩკარი, ლაზისტანის ქედზე). კალთები ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა განივი ხეობებით. ჰავა ნოტიო სუბტროპიკული, ნალექები 2-3 ათასი მმ წელიწადში. სანაპირო ზოლი დამუშავებულია (თამბაქო, ვენახი, სიმინდი, ციტრუსები, ჩაი, თხილი). მთის ძირას ფართოფოთლოვანი ტყეებია (მუხა, წიფელი, რცხილი, ნეკერჩხალი) ხშირი მარადმწვანე ქვეტყით, 400-იდან 1250 მ სიმაღლემდე გავრცელებულია წიფლნარი და ნაძვნარი. 1250-იდან 1900 მ-მდე ნაძვნარში შერეული სოჭი, უფრო მაღლა ტანბრეცილი ტყე და მთის მდელოებია.ლაზისტანი საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფოების შემადგენლობაში შედიოდა. მე-13 საუკუნეში რეგიონი საქართველოს გავლენის ქვეშ მოექცა. თურქ-ოსმალთა მიერ ტრაპიზონის აღების შემდეგ ლაზისტანი ოსმალეთის ერთ-ერთ ვილაიეთად იქცა. რუსეთ-თურქეთის ომების დროს რეგიონი ხელიდან ხელში გადადიოდა. 1921 წელს ერთა ლიგამ ლაზისტანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილად აღიარა, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე დარჩა და საქართველოს გავლენა რეგიონზე ნულოვანი აღმოჩნდა. 1921 წლიდან რეგიონის უმეტესი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში მოექცა, მცირე ნაწილი (სოფელი სარფი) საქართველოს შემადგენლობაში დარჩა.

ლაზისტანის სანჯაყი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1547 წელს ოსმალეთის იმპერიამ ჭანეთი და აჭარა წაართვა გურიის სამთავროს. ამის შემდეგ ისტორიულ ჭანეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ლაზისტანის სანჯაყი, რომელის ტრაპიზონის ვილაითში შედიოდა. სანჯაყის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი რიზე, მოგვიანებით ბათუმი, ხოლო 1878 წლიდან — კვლავ რიზე. სანჯაყს მართავდა მუთასარიფი, ანუ გუბერნატორი, რომელიც პირდაპირ ემორჩილებოდა პორტას, ანუ ცენტრალურ ხელისუფლებას. სანჯაყი იყოფოდა ოთხ კაზად.

1865 წლისთვის ლაზისტანის სანჯაყში შედიოდა 11 კაზა: ბათუმი, ჩურუქ-სუ, ზემო აჭარა, ქვემო აჭარა, მაჭახელი, ლივანა, გონიო, ხოფა, არჰავი, ჰემშინი, ათინა. მისი მოსახლეობა შეადგენდა 79610 ადამიანს. მნიშვნელოვანი ქალაქები იყო ბათუმი, ხოფა და ართვინი. ლაზისტანის სანჯაყში იწარმოებოდა წელიწადში 30000 კილო სიმინდი, 18 ათასი ოყა ფეტვი, 12 ათასი ოყა თევზის ცხიმი, 10 ათასი ოყა თაფლი. ქარხნული წარმოება განვითარებული არ ყოფილა. მოსახლეობას ჰქონდა შენარჩუნებული ქართული იდენტობა და საუბრობდა ქართულად. სანჯაყის წლიური შემოსავლები შეადგენდა 1930304 პიასტრს, ხოლო ადმინისტრაციის ხარჯები — 930032 პიასტრს[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]