შინაარსზე გადასვლა

ჭანიეთურის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭანიეთურის ეკლესია რეკონსტრუქციამდე

ჭანიეთურის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში. ტაძარი სავარაუდოდ X საუკუნეში უნდა იყოს აგებული. გადმოცემის მიხედვით თავდაპირველად ეს ეკლესია მაღალ გორაზე იდგა, მაგრამ იქ მოსახლეობა უგზოობის გამო ვერ ადიოდა, ამიტომ ტაძარი დაშალეს და გზასთან ახლოს ჩაიტანეს. ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2013- 2014 წლებში.

ჭანიეთურის მონასტერი

დგას შემაღლებულ ადგილას. ნაგებია სხვადასხვა ფერის თლილი ქვის კვადრებით. ტაძარი დარბაზულია, წყობა სწორკუთხაა. ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. დასავლეთით ტაძარს დიდი კარიბჭე აქვს. კარიბჭის თაღები მრგვალ მასიურ სვეტს ეყრდნობა. დასავლეთ მინაშენზე, სვეტის თავზე გამოყენებულია ტიმპანის ქვა, სადაც ცენტრში წარმოდგენილია წრეში ჩახაზული ჯვარი. კარიბჭის კედლებზე მოჩუქურთმებული ქვებია გამოყენებული. სამხრეთით კარის თავზე ჩუქურთმიანი თაღი გადის. ჩრდილოეთიდან ტაძარს მცირე ზომის სწორკუთხა მინაშენი აქვს, რომლის შესასვლელი დასავლეთიდანაა. ტაძარს დასავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით გაჭრილი აქვს თაღოვანი სარკმლები, რომელიც ასევე მოჩუქურთმებულია.

ტაძარს გარშემო გალავანი შემოუყვება. გალავანი ნაგებია უხეშათ თლილი მოზრდილი ქვებისგან კირის დუღაბის ხსნარზე. ყველაზე უკეთ ჩრდილოეთ მხარეს არის შემორჩენილი კედლის წყობა. იგი ამოზიდულ ბორცვს ირგვლივ შემოუყვება და ორ ადგილას არის გახსნილი ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით საიდანაც შესაძლებელია ეკლესიის ეზოში მოხვედრა.[1]

ისტორიული გეოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი მდებარეობდა სოფელ ჭანიეთურის ტერიტორიაზე, რომელიც საბჭოთა პერიოდში სამ ნაწილად გაიყო და სამ სხვადასხვა სასოფლო საბჭოში გადანაწილდა. მონასტერი მოექცია იმ ტერიტორიაზე, რომელიც განთიადის სახელით შევიდა კონჭკათის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9899
  1. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9277
  2. ტუღუში კ., სირაძე დ., „დავიცვათ და შევისწავლოთ კულტურის ძეგლები“ // „ლენინის დროშა“ : გაზეთი, 1961, № 135, გვ. 3.