შემოქმედის ეკლესია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შემოქმედის ეკლესია
Shemqmedi.jpg
შემოქმედის ეკლესია (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°54′27″ ჩ. გ. 42°03′47″ ა. გ. / 41.90750° ჩ. გ. 42.06306° ა. გ. / 41.90750; 42.06306
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია გურიის მხარე
რაიონი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა შემოქმედი
სასულიერო სტატუსი მონასტერი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა, გუმბათოვანი ეკლესია
თარიღდება XIII-XIV საუკუნე
XVI საუკუნე

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი — შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში, შემოქმედის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე, ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 7-8 კმ-ის დაშორებით.

ისტორია[რედაქტირება]

ვიკიციტატა
„...მთის ძირში არს შემოქმედი, ეკლესია დიდ შენი, გუნბათიანი, შემკული ყოვლითა. იყო ესე საარქიმანდრიტო აწ არს საეპისკოპოზო, ზის ეფისკოპოზი, მწყემსი მას ქვეითის გურიისა“

შემოქმედის ეკლესია აიგო, როგორც გურიის მთვრების, გურიელების სამარხ-საცავი. ის XII საუკუნეს განეკუთვნება. XVI საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს სამცხე-საათაბაგოს თურქთა მიერ დაპყრობის შემდეგ ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“,, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი და სხვა ძვირფასი ნივთები.

მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულში შემოქმედში მოღვაწეობდა ეპისკოპოსი იაკობ დუმბაძე, რომელმაც 1687 წელს იმოგზაურა ევროპაში და შეხვდა რომის პაპ ინოკენტი XI-ს.

მონასტრის მთავარი ტაძარი აგებული იყო მთის მწვერვალზე, ხოლო კალტებზე აგებული იყო ბერების სენაკები.ამ სენაკების ქვემოთ ცნობილ მგალობელ გიორგი დუმბაძეს ჰქონდა აშენებული საკუთარი და მისი თანამოსაგრეების სენაკები. მეორე მხარეს იყო დედათა სენაკები[1] 1820 წელს იმერეთის აჯანყების ჩახშობისას გენერალმა ველიამინოვმა ააფეთქა შემოქმედის ციხე და მის კედლებში მოქცეული სამონასტრო ნაგებობანი.

1894-95 წლებში შემოქმედში მოგზაუროდბენ ოლივერ და მარჯორი უორდროპები. მარჯორი უორდროპი ისე მოიხიბლა მონასტრის სილამაზით, რომ ანდერძი დატოვა, მონასტრის გალავანში დამმარხეთო.[2]

XIX საუკუნეში მონასტერი რამდენიმეჯერ გაიძარცვა. გარდა ამისა, თვით ტაძარი ძალიან დაზიანდა. დარაჯების საქციელის გამო განადგურდა ფრესკები. ისინი დასავლეთ მინაშენში შუაგულ ოთახში ანთებდნენ ცეცხლს გასათბობად. ჭვარტლმა ფრესკები ისე გამურა, რომ რაიმეს გარჩევა ჭირდა.[3] ამას ემატებოდა წვიმის წყალი. წვიმა ყველგან ატანდა, მხატვრობა სულ ჩამოირეცხა, ნივთები დაინესტა. მოგვიანებით ვინმე ნიკო გალოგრემ 200 მანეთი შესწირა მონასტრის შეკეთებას.

არქიტექტურა[რედაქტირება]

შემოქმედის მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: მაცხოვრის ეკლესია და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი. სამრეკლო აშენებულია ერკეთელი აზნაური არსენ მგალობლიშვილის მიერ.

შემოქმედის მაცხოვრის ეკლესია შიგნით და გარეთ ნაგებია თლილი ქვით, აქვს მარმალილოს იატაკი. ეკლესია სამნავიან უგუმბათო ნაგებობას წარმოადგენს. სავარაუდოდ XIII-XIV საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. ვახტანგ ბერიძის მოსაზრებით ეკლესია თავდაპირველად ერთნავიანი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, მას სიგრძივი კედლები მოარღვიეს და ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავები მიუშენეს. ამდენად შუა ნავიდან მხოლოდ ერთი-ორი ფრანგმეტიღა გადარჩა. ნავების მიშენების შემდგომ ეკლესია ახალი პერანგით შემოსეს და ჭადრაკულად განლაგებული სხვადასხვა ფერის ქვებით მოაპირკეთეს. ტაძრის დასავლეთი ფასადი შემკულია ფანჯრის ირგვლივ შემოვლებული ჩუქურთმით. ტაძარზე ორი წარწერაა. იატაკი მეტწილად თეთრი მარმარილოსია. ტაძარი შიგნიდან ერთიადნად დაფარული იყო ფრესკებით. ზარზმის ეკლესიის სამხრეთ კედელზე გამოსახული იყო მამია II გურიელი და მისი მეუღლე თინათინი, შესაბამისი წარწერებით.

ტაძარ „ზარზმის“ შესასვლელი კარი

ფერისცვალების სახელობის ეკლესია „ზარზმა“ მაცხოვრისაზე მცირეა. იგი გუმბათით დასრულებულ ერთ ნავს წარმოადგენს. ეკლესია მრავალჯერ გადაუკეთებიათ, მთელი გუმბათქვეშა კონსტრუქცია მოგვიანებით ჩამატებულია. არსად არ აქვს ჩუქურთმა. აღმოსავლეთის ფასადი მთავრდება ხუთწახნაგოვანი ნახევარწრით. რვა ფანჯრის თავზე დგას რვაკუთხოვანი გუმბათი, რომლის ყელი შიგნიდან მრგვალია. მოპირკეთებულია მოცისფრო პორფირის ცისფერი ქვით, რომელიც მონასტრის ახლოსვე არის მოჭრილი. ეკლესიის შესასვლელის თავზე გამოსახულია სამი მედლიონი: შუაში თანაბარმკლავებიანი ჯვარი, მარცხნივ — ექვსქიმიანი ვარკვლავი, მარჯნივ კი ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ზარზმის კედელზე შემორჩენილია პირველი შემოქმედელი ეპისკოპოსის, ბესარიონ მაჭუტაძის გამოსახულება.

ეკლესიის კედელზე 1961 წელს აღმოჩნდა წარწერა „გრიგოლ გალატოზთუხუცესსა ბანდასძესა და ...“. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერა XI-XV საუკუნეებით თარიღდება. ბანდასძეთა გვარი გურიის ისტორიულ წყაროებში არ ფიქსირდება. ბანდაიძეები XIII-XV საუკუნეებში ქსნის ხეობაში მოღვაწეობდნენ. მწიგნობარი, მხატვარი და ხუროთმოძღვარი გრიგოლ ბანდასძე XV საუკუნეში მოღვაწეობდა, თუმცა არის თუ არა ეს შემოქმედის წარწერაში მოხსენიებული პიროვნება, დაუდგენელია. ბანდაისძის მიერ შემოქმედის ეკლესიის აგება დაკავშირებული უნდა იყოს იმერეთის სამეფოდან გურიის სამთავროს გამოყოფასა და შემოქმედის საეპიკოპოსო კათედრის დაარსებასთან, რაც XV საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა.[4]

მონასტერი[რედაქტირება]

შემოქმედი და ზარზმა ერთ სამონასტრო ორგანიზაციას წარმოადგენდა. მას ჰქონდა თავისი სამმართველო აპარატი. მონასტრის სათავეში იდგა წინამძღვარი — არქიმანდრიტი. სამონასტრო ყმა-მამულს განგებდა საშემოქმედლოს მოურავი. ის საერო პირი იყო და ამ თანამდებობას ნაკაშიძეები იკავებდნენ. მონასტრის საეკლესიო ქონება კანდელაკს ებარა.შემოქმედელ მიტროპოლიტებს ჰყავდათ ქორეპისკოპოსები ანუ მეომფორეები.

შემოქმედის მონასტერი მდიდარ მამულებს ფლობდა. მონასტერს საყანე მიწები ჰქონდა მდინარე სუფსის პირას ხაშიაში, საიდანაც ყოველწლიურად შესდიოდა სამოცი ქილა სიმინდი და ღომი. ვენახიანი მამულები 11 სხვადაასხვა ადგილას იყო გაშენებული. მონასტერს ეკუთვნოდა შემოქმედის ტყეებში მონადირებული ირმებისა და ღორების ნახევარი. სამონასტრო გლეხებისგან წლიური შემოსავალი შეადგენდა თოთხმეტ ღორს, ან თხას, ხუთას ქათამს, ასოთხმოც ქილა ღომს და ოთხას საწყავ ღვინოს, ორ ბათმან სანთელს და ხუთ მიზალთუნ თეთრს. შემოქმედის კუთვნილი 68 აზნაური და აზატი ყოველ მესამე წელიწადს იხდიდა 50 საწყავ ღვინოს,ორმოცდაათ ქილა ღომს და ორმოცდაათ ქათამს.

სიძველეები[რედაქტირება]

შემოქმედში მრავალი ძვირფასი ხატი და საეკლესიო ინვენტარი იყო დაცული. მათი უმრავლესობა ადგილზე იყო მოჭედილი, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებიდან (ძირითადად სამცხე-საათაბაგოდან) გადატანილი. შემოქმედის მონასტერი უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა და გააჩნდა მდიდარი წიგნთსაცავი. აქ დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: გულანი ანუ ლოცვანი და „ფუტკარი“ ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგი წმიდანის ცხოვრების კრებული, მასში ასევე მოთხრობილია ქართული და სომხური ეკლესიების განხეთქილების ამბავი, VI და VII საუკუნეების ქალკედონიის კრების შემდეგ. გულანი 1004 ფურცელს შეიცავს, ამბების ჩაწერა დაწყებულია 1512 წელს და დასრულებულია 1749 წელს. უკანასკნელი ჩანაწერი გაკეთებულია იაკობ შემოქმედელის მიერ.

შემოქმედის ტაძარში შენახული იყო კახაბერ II გურიელისა და მისი მეუღლე ანას მიერ შეწირული მაცხოვრის ხატი. ხატის სავედრებელ წარწერაში ნათქვამია:

ვიკიციტატა
„დავასვენეთ ხატი ესე სამიტროპოლიტოსა ხარისხსა ზედა შემოქმედს“

წარწერიდან ჩანს რომ კახაბერის დროს (1479-1483 წწ) შემოქმედი უკვე სამიტროპოლიტო კათედრა იყო.

შემოქმედში დაცული იყო გიორგი II გურიელისა და დედოფალ ელენეს შეწირული მაცხოვრის ოქროს ხატი, ასევე ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელზეც წარწერაში მოხსენიებული იყო იგივე გიორგი გურიელი და დედოფალი ელენე და მათი შვილი მამია, ასევე შემოქმედელი ეპისკოპოსი ბესარიონ მაჭუტაძე. ვახტანგ I გურიელის მეუღლე თამარ ათაბაგმა ეკლესიას შესწირა ღვთისმშობლის ხატი. ვახტანგი და მისი მეუღლე იხსენიებიან ზარზმის ტაძრის წარწერაში (1572 წ.). ასევე საინტერესოა ვერცხლის ხატი, რომლის მინაწერში მოხსენიებულნი არიან მამია II გურიელი და მისი მეუღლე თინათინი, ასევე ოქრომჭედელი ივანე წიქარიძე. წარწერა 1601 წლისაა. ასევე მონასტერში შენახული იყო სოფელ გოგიეთიდან გადმოსვენებული წმინდა დემეტრეს მოოქროული ვერცხლის ხატი, წმინდა გიორგის ხატი ამაღლებიდან, წმინდა გიორგის ოქროს ხატი. საეკლესიო ინვენტარიდან აღსანიშნავია ნიკოლოზ შემოქმედელის განახლებული ოქროს ბარძიმი 46 ძვირფასი ქვით, ოქროს ფეშხუმი, ოქროს მასიური დაფარნა. ეკლესიასი ინახებოდა ღვთისმშობლის ხატის მოოქროვილი კუბო, რომელიც ვინმე გიორგი კავკასიძეს მოუჭედინებია.

XVI-XVII საუკუნეში შემოქმედში თავი მოიყარა მესხეთის ზარზმის უძვირფასესმა ნივთებმა. მათ შორის იყო ქართულ ხატებს შორის უძველესი, 886 წლით დათარიღებული ფერისცვალების ხატი. ზარზმიდან გადმოსვენებული მეორე ხატი იყო ლაკლაკიძეების ღვთისმშობლის ხატი — XI საუკუნის ქართული ოქრომჭედლობის შედევრი; ასევე 1008 წლის ვერცხლის ფირფიტა, თამარ ხურციძის შეწირული რვთისმშობლის ოქროს ხატი 87 ძვირფასი თვლით, გაბრიელ ხურციძის შეწირული ვერცხლის ჯვარი, მაცხოვრის ფერისცვალების ოქროს ხატი, ვერცხლის ბარძიმი ორი ფეშხუმით. სამცხე-საათაბაგოს სხვა ეკლესიებიდან შემოქმედში გადმოუსვენებიათ მოოქროული ვერცხლის ჯვარი, ღვთისმშობლის ოქროს ხატი 32 ძვირფასი თვლით, მღვდელმთავრის კვერთხი 117 ძვირფასი ქვით, ღვთისმშობლის მოოქროული ვერცხლის ხატი, რომელიც ქაიხოსრო გურიელს 700 მარჩილად შეუძენია და სამცხიდან გურიაში გადაუსვენებია.

1861 წელს მონასტერი მაჰმადიანმა აჭარლებმა გაძარცვეს და ძვირფასეულობა გაიტანეს, თუმცა გამტაცებლები შეიპყრეს და გატანილი ნივთების ნაწილი მონასტერში დააბრუნეს. ამ წელს დაიკარგა ძვირფასი ნივთები, მათ შორის ღვთისმშობლის გამოსახულება, რომელზეც წარწერაში მოხსენიებული იყო კახაბერ I გურიელი 1873 წელს დიმიტრი ბაქრაძემ აღწერა წმინდა დიმიტრის ჭედური ხატი XVI საუკუნისა, ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი მთავარანგელოზებთან ერთად, წმინდა გიორგის რამდენიმე ხატი, ვერცხლის ჭედური ჯვარი, ფარსმან ერისთავის შეწირული; ვერცხლის ჯვარი, ლიპარიტ გიორგობიანის შეწირული. 1889 წელს ეს ხატები ადგილზე აღარ დახვდა ნიკოდიმე კონდაკოვს.[5] ისინი მონასტრიდან გაიტანა თბილისელმა ფოტოგრაფმა სტეფანე საბინ-გუსმა 1881 წელს, რომელმაც საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისგან მიიღო ნებართვა, შემოქმედისა და ჯუმათის მონასტრებიდან რესტავრაციის მიზნით გაეტანა სიძველეები. 1889 წელს მონასტრის სიძველეები აღწერა ნიკოდიმ კონდაკოვმა. ამ დროს მონასტრიდან 8 ხატი დაკარგული იყო. 1919 წელს შემოქმედი კიდევ ერთხელ გაიძარცვა. 30 მილიონ მანეთად ღირებული სიმდიდრე ჯერ ბათუმში, შემდეგ კი ოსმალეთში გაიტანეს.

შემოქმედის მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე. ტაძარშია დაკრძალული მამია III გურიელი, მამია V გურიელი და დედამისი მარინე. შემოქმედელი ეპისკოპოსების საფლავები ეკლესიის ეზოშია. გადმოცემის მიხედვით მონასტერში დაკრძალულნი არიან მგალობლები ანტონ დუმბაძე და მისი შვილი დავითი[6], მაგრამ საფლავები დაკარგულია.

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  • მეტი ყურადღება გურიის მატერიალური კულტურის ძეგლებს, ძეგლის მეგობარი, №. 10-11, გვ. 62, თბ., 1967 წელი.
  • თეა ქართველიშვილი, „გურიის საეპისკოპოსოები“ — „არტანუჯი“, თბილისი, 2006 ISBN 99940-11-89-8

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. კ. ცინცაძე, „ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია ტფილისში“ გვ. 121 — 1994 წ.
  2. გურამ შარაძე, „მეცნიერებისა და სათნოების საუნჯე“ გვ. 423 — თბილისი, 1984 წ.
  3. გაზეთი „დროება“ N243 გვ.3 — 18841წ.
  4. ქველი ჩხატარაიშვილი, „ახლადაღმოჩენილი წარწერა“ // „ლენინის დროშა“, N116, გვ. 3 — 1961 წ.
  5. Н. Кондаков. Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии. ст. 133 — СПБ, 1890
  6. ლ. გეგეჭკორი, „ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები“, გვ. 66 — თბილისი, 1954 წ.
PrincipalityGuria.GIF გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.