აბანოს წმინდა მარინეს ეკლესია
აბანოს წმინდა მარინეს ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით ეკლესია თარიღდება XVII საუკუნით, მხატვრობა — XIX საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია (10 X 6 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთით (ამოქოლილია) და დასავლეთით. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის წინ იდგა მოხატული კანკელი. თითო თაღოვანი სარკმელი გრძივ და დასავლეთ კედლებშია. გრძივი კედლების შუა მონაკვეთში და დასავლეთის კედელთან თითო წყვილი პილასტრია, რომლებზეც გადაყვანილია აგურით ნაწყობი საბჯენი თაღები. ამ თაღებისა და კონქის თაღის ქუსლებთან რთული პროფილის მაღალი იმპოსტებია.
მოხატულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილია სხვადასხვა სახის მოხატულობის ფრაგმენტები. დარბაზის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე ღია ვარდისფერ ფონზე ყვითელი და მოწითალო-ყავისფერი საღებავით შესრულებული ცხენოსანი მეომრის გამოსახულება გვიანდელ ფეოდალურ ხანას (XVII ს.) მიეკუთვნება. ამავე ხანისაა კანკელის სამხრეთ მხარეს, მის კიდურ ნაწილში შარავანდიანი მამაკაცის და ხის გამოსახულება. განსხვავებული ხასიათისაა XIX საუკუნის მხატვრობა - ცხენოსნის ფიგურა (წმ. გიორგი), რომელსაც ასომთავრული წარწერა ახლავს და ანგელოზის თავი კანკელის ნიშის ზედა ჩრდილოეთ კუთხეში. კოლორიტი წითელ, ცისფერ, თეთრ და ოქროსფერ ოქრას შეხამებაზეა აგებული.
ეკლესიის ბაქანი აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან რელიეფის შესაბამისად საყრდენი კედლებითაა შემოსაზღვრული. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზე გამოსახულია აგურის რელიეფური ჯვარი. სარკმლის ზემოთ, ქვიშაქვის პატარა ქვაზე, შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული მხედრული წარწერა. დასავლეთით ეკლესიას ჰქონია კარიბჭე, რომლისაგანაც აგურით ნაწყობი ორი სვეტიღაა შემორჩენილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 352-353.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბანოს წმინდა მარინეს ეკლესია დაარქივებული 2013-09-16 საიტზე Wayback Machine.