ბრეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბრეთის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში. მდებარეობს სოფლის ცენტრში, ეკლესია თარიღდება VI საუკუნით.

ეკლესია დარბაზული ნაგებობაა (14,35 X 13,2 მ). მიუხედავად მრავალგზის გადაკეთებისა, უცვლელია ნაგებობის გეგმა, მასები და ცალკეული ფორმები. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს - ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით. შიდა სივრცე საკმაოდ ფართოა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, ხოლო მის ორივე მხარეს - ღრმა ნიშები. დარბაზის გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრებით ორ ნაწილად იყოფა. შუა საფეხურს კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა, გვერდის საფეხურებს კი - კედლის დეკორატიული თაღები. ეკლესიას ჩრდილოეთით ეგვტერი (მამა პიროსის ეკლესია), ხოლო სამხრეთით და დასავლეთით მინაშენები ეკვრის.

მამა პიროსის ეკლესია (ეგვტერი) და წმ. გიორგის ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადი თითქმის ერთნაირი საშენი მასალით არის ნაგები, მაგრამ კედლები გადაუბმელია, წყობა განსხვავებული. ეგვტერზე ფრონტონის კვალიც შეიმჩნევა. მოგვიანებით ეგვტერის კუთხეები აუმაღლებიათ, შენობა ცალფერდა სახურავით გადაუხურავთ და წმ. გიორგის ეკლესიისათვის დაუკავშირებიათ. ეგვტერის ფასადები რამდენჯერმეა განახლებული. ძველი ნაწილები შემორჩენილია ფრაგმენტების სახით. გადაკეთებულია ნაგებობის ინტერიერიც. კამარა აღდგენილია. უცვლელად არის მოღწეული აფსიდი და კედლის ქვედა ნაწილები. ღრმა, ნალისებრი აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია. სამხრეთით გაჭრილი ერთადერთი კარი მთავარ ეკლესიაში გადის. სამხრეთის და დასავლეთის მინაშენები უწყვეტად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და გარშემოსავლელს წარმოადგენს. ორივე გადახურულია კირხსნარით დაბეტონებული ნახევარწრიული კამარით. სამხრეთ მინაშენს ნახევარწრიული აფსიდი აქვს. წმინდა გიორგის ეკლესიაში მოხვედრა შეიძლება მინაშენის სამხრეთ კედელში გაჭრილი შესასვლელით.

გარშემოსავლელის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეზე მოგვიანებით დაუშენებიათ სამრეკლო - აგურით ნაგები ექვსთაღიანი ფანჩატური, რომელსაც საფუძველი მრგვალი აქვს, სახურავი - პირამიდული. ფანჩატურის ყოველი წახნაგი შემკულია დეკორატიული ლილვებით და თაღებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]