შინაარსზე გადასვლა

ატოცის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ატოცის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში. მდებარეობს სოფლის ცენტრში. გადმოცემით აგებულია 1903 წელს ძველი პატარა ეკლესიის ადგილზე.

ეკლესია მოზრდილი ნაგებობაა (17,1 × 11,7 მ), ნაგებია უხეშად ნატეხი ქვითა და აგურით. კონსტრუქციულ ნაწილებში თლილი კვადრებია გამოყენებული. საფუძვლად სამნავიანი ბაზილიკის გეგმა უდევს. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია თითო ოთხკუთხა მასიური ბურჯითა და მათზე გადაყვანილი ფართო ნახევარწრიული თაღებით. გვერდის ნავები ტოლია და არქიტექტურულად მსგავსი. შუა ნავი საგრძნობლად მაღალია გვერდის ნავებზე. გადახურულია ნახევარსფერული კამარით. 2018 წლამდე ჰქონდა მაღალი თორმეტსარკმლიანი გუმბათი. შუა ნავის დასავლეთ შესასვლელის თავზე სამრეკლოს მეორე სართულზე გასასვლელი კარი იყო. აღმოსავლეთით ფართოსარკმლიანი ნახევარწრიული აფსიდია. საკურთხეველი ორი საფეხურით ამაღლებულია და შუაში არდაბაგი აქვს. საკურთხეველს გასასვლელებით უერთდება სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნე, რომლებიც გვერდის ნავების უწყვეტ გაგრძელებას წარმოადგენს და თითოეულს აღმოსავლეთით თითო ფართო სარკმელი აქვს. ინტერიერის მთელი აღმოსავლეთ ნაწილი საკურთხეველთან, სამკვეთლოსა და სადიაკვნესთან ერთად გამოყოფილია ხის მაღალი კანკელით, რომელშიც კარგად შემონახული მოგვიანო ხანის ხატებია ჩასმული. ჩრდილოეთით და სამხრეთით ექვს-ექვსი სარკმელია, ხოლო დასავლეთით — ორი. კედლები გარეთ და შიგნით მთლიანად შელესილი და შეთეთრებულია.

ნაგებობას გარედან ბაზილიკური იერი აქვს — შუა ნავი მკვეთრად არის ამოწეული გვერდის ნავებიდან. გუმბათი როგორც შიგნით, ისე გარეთ არ შეესაბამებოდა საერთო მასებს. ეკლესიაზე დასავლეთით მიშენებული ჰქონდა ნაგებობა, რომლის პირველი სართული — ეკლესიის კარიბჭე, ზედა სართული კი გახსნილთაღებიანი სამრეკლო იყო. 2018 წელს ტაძრის წინამძღვარმა სამრეკლოს ნაგებობა და გუმბათი მოანგრევინა.[1]

ფასადების ქვედა ნაწილებში ნალესი დახაზულია და თლილი კვადრების იმიტაციას ქმნის. ფასადებზე სარკმლები ნახევარწრიულ დეკორატიულ თაღებშია ჩასმული. ლავგარდანი შედგენილია აგურის სამი რიგისაგან. ეკლესიას შემოვლებული აქვს უსწორო ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. მის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში თლილი ქვის ფართო თაღოვანი ალაყაფის კარია.

  1. „ატოცის წმინდა გიორგის ეკლესიას წინამძღვარმა გუმბათი და სამრეკლო თვითნებურად მოანგრია“. rustavi2.ge. ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)