შინაარსზე გადასვლა

ჭეშმარიტას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭეშმარიტას ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრებში. მდებარეობს სოფლის ცენტრში, მდინარე ხვედრულის მარჯვენა ნაპირზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება ფეოდალური ხანის გარდამავალი პერიოდით.

ეკლესია დარბაზულია (10,9 X 4,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, წყობა ირეგულარულია; აფსიდის კუთხეები და კარ-სარკმლის ღიობები მოპირკეთებულია შირიმით. სამხრეთით გარედან არქიტრავით გადახურული, შიგნიდან თაღოვანი შესასვლელია, დასავლეთის შესასვლელი სწორკუთხაა. ეკლესიის, საკმაოდ წაგრძელებული დარბაზი, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს ღრმა სწორკუთხა ნიშებია. კონქი დამრეცია. ორი სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ კედელშია. ნახევარცილინდრული კამარა დარბაზის გრძივ კედლებს და სატრიუმფო თაღს ეყრდნობოდა. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის კეხზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის ორი ქვა.

ნაგებობის კედლებში ჩატანებულია რამდენიმე მხატვრულად საინტერესო ქვა. ინტერიერში ჩრდილოეთის კედლის წყობაში ჩასმულია ქვიშაქვის სტელა (მოჩანს ერთი გვერდი და მისი წიბოები). ჩანს ძლიერ დაზიანებული, ვიწრო განივი ზოლით გაყოფილი ორი კომპოზიციის ფრაგმენტები: ზედა მონაკვეთზე ორი ფეხზე მდგომი ფიგურა იყო გამოსახული (დარჩენილია ტანის ქვედა ნაწილები), ქვედაზე შემორჩენილია ორი შარავანდიანი გამოსახულება. წიბოები დამუშავებულია ორ ვიწრო ლილვს შორის მოქცეული ჩაჭრილი სამკუთხედებით. დარბაზის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და სამხრეთ ფასადზე ჩასმული ღვინისფერი ქვები შემკულია რელიეფური უჯრედებით.