შინაარსზე გადასვლა

მუხილეთის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუხილეთის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი — საეკლესიო კომპლექსი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხილეთში. მდებარეობს სოფლის ცენტრში, თარიღდება XIV საუკუნით.

კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთები. ნაგებობათა უმეტესი ნაწილი ძლიერ დაზიანებულია. ეკლესია შედარებით კარგადაა დაცული.

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (12,4 X 5,25 მ), ნაგებია კარგად დამუშავებული ბაზალტის კვადრებით. აქვს სამი შესასვლელი; სამივე მინაშენებში გადის. მთავარი, სამხრეთის შესასვლელი გარედან არქიტრავითაა გადახურული, შიგნიდან - ნახევარწრიული თაღით. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშებია.

ეკლესიას სამი მინაშენი აქვს - დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. დასავლეთის მინაშენი ეკლესიის კედლის მთელ სიგრძეზეა მიდგმული; გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც დაბეტონებულ მასას წარმოადგენს. მინაშენი, ეკლესიასთან შედარებით, ნაგებია მდარედ. მას ორი შესასვლელი ჰქონია - სამხრეთით (ამოშენებულია) და დასავლეთით, რომელიც დაკავშირებულია ძლიერ დანგრეულ ნაგებობასთან. ჩრდილოეთ მინაშენი დანგრეულია და მიწითაა დაფარული. ეკლესიის სამხრეთ მინაშენი, რომელსაც სამხრეთ ფასადის დასავლეთ ნახევარი უჭირავს, მცირე ეგვტერია. მას საკურთხეველი და აგურით ნაგები კანკელი (დანგრეულია) ჰქონია. ეგვტერის წინ მიშენებულია მაღალი კარიბჭე, რომელიც სამხრეთით მთლიანად გახსნილია ფართო თაღით. თაღი მთლიან ქვაში გამოკვეთილ მარტივღარებიან კაპიტელებს ეყრდნობა.

ეკლესია და მინაშენები კრამიტით ყოფილა გადახურული. საზურგე კრამიტებს მარტივი გეომეტრიული ორნამენტი ამკობს, ხოლო ბრტყელ კრამიტებს აქვს ასომთავრული წარწერა, რომელიც სამი დაქარაგმებული ასოსაგან შედგება: ინე (იოანე).

ეკლესიის აღმოსავლეთით, სოფლის განაპირას, კლდეზე აღმართულია ოთხკუთხა კოშკი, რომელიც მდინარე მუხილეთის გაყოლებით მიმავალ ძველ გზას იცავდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]