ელბაქიანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია
ელბაქიანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ელბაქიანთკარში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით 1 კილომეტრზე, მდინარე ძამის ხეობაში, კლდის პირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (10,7 X 5,5 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით, აქა-იქ უსწორმასწორო ლოდები და აგურია გამოყენებული. გარედან ოთხკუთხა, სოლო შიგნიდან ისრულთაღიანი შესასვლელები დასავლეთით და ჩრდილოეთითაა. დარბაზის შიდა სივრცე მაღალი და ხალვათია. ნახევარწრიული აფსიდი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხევლის ღერძზე სარკმელია, რომლის ქვეშ კედელზე მიშენებულია სატრაპეზო. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია აგურის დაბალი (1,6 მ) კანკელით, რომელიც სამი მონაკვეთისაგან შედგება: შუაში თაღოვანი აღსავლის კარია, გვერდებზე - ღრმა სახატე ნიშები. დარბაზის გრძივი კედლები და ნახევარწრიული კამარა დანაწევრებულია წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი ოდნავ შეისრელი თაღით. დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში თითო სარკმელია. ეკლესიის კედლები, კონქი და კამარა შელესილი და მოხატული ყოფილა. ეკლესია დგას მაღალ სუბსტრუქციაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 371.