ავლევის ღვთისმშობლის ეკლესია
ავლევის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში. დგას სოფლის ცენტრში, გზის პირას, ძველ სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (11,8 X 5,8 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვიშაქვით, შენობის კუთხეები ამოყვანილია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით, ხოლო კარ-სარკმლების წირთხლები რუხი ფერის ბაზალტით. მოგვიანებით ჩატარებული შეკეთებისას კედლების ზედა ნაწილები, კამარა და კონქი აღდგენილია აგურით. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ფართო ნიშია. ერთი სარკმელი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია. დარბაზის გრძივი კედლების ორ წყვილ მარტივ პილასტრს კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. შეკეთებისას საბჯენი თაღები აღარ განუახლებიათ და კამარა უშუალოდ გრძივ კედლებზე გადაუყვანიათ, კამარაში და კონქში მცირე ქვევრი-რეზონატორები ჩაუდგამთ.
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზე გამოსახულია მცირე რელიეფური ჯვარი. ფასადები დასრულებული იყო ქვიშაქვის თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესიაზე დასავლეთიდან მიშენებულია ორსართულიანი, აგურით ნაგები სამრეკლო, რომლის პირველი სართულის კვერცხისებრი ბოლოწაკვეთილი გუმბათოვანი გადახურვა ეყრდნობა ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიშენებულ ორ ნახევარსვეტს და ორ თავისუფლად მდგომ ბოძს. სამრეკლოს მეორე სართული (სწორკუთხა ბოძებზე დაყრდნობილი, ნახევარწრიული თაღებით გახსნილი ღია ფანჩატური) აღმართულია პირველი სართულის კვადრატულ ბაქანზე. ფანჩატურს კვერცხისებრი აზიდული გუმბათი აქვს და გადახურულია თუნუქის პირამიდული სახურავით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 354-355.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავლევის ღვთისმშობლის ეკლესია დაარქივებული 2013-09-16 საიტზე Wayback Machine.