შინაარსზე გადასვლა

მოხისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოხისი.
სოფელი
მოხისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი მოხისი
კოორდინატები 42°03′13″ ჩ. გ. 43°46′18″ ა. გ. / 42.05361° ჩ. გ. 43.77167° ა. გ. / 42.05361; 43.77167
ცენტრის სიმაღლე 680
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1296[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (98,9 %)
ოსები (0,6 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მოხისი (ქარელის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
მოხისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)
მოხისი (ქარელის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
მოხისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)
მოხისი (ქარელის მუნიციპალიტეტი) — ქარელის მუნიციპალიტეტი
მოხისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)

მოხისისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ზემო შაქშაქეთი, კოდავარდისუბანი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარეების დასავლეთის ფრონესა და სურამულას შორის. ზღვის დონიდან 680 მეტრი, ქარელიდან 21 კილომეტრი.

მოხისის ტერიტორია ადრინდელი ფეოდალური ხანიდან დასახლებული ყოფილა. სოფელზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზა (შიდა ქართლიდან-გორი-რუისი, საღოლაშენი-არადეთი-მოხისი-ვაყა-ბორჯომის ხეობა), რამაც გარკვეული კვალი დაამჩნია შუა საუკუნეებში სოფლის ეკონომიკურ, სოციალურსა თუ კულტურულ ცხოვრებას.

ფეოდალური საქართველოს ერთიანობის ხანაში (XI-XIII საუკუნეები) მოხისი საქართველოს სამეფო კარის კუთვნილი (,,სადედოფლო”) ტერიტორია იყო. XIV საუკუნეში სამეფო კარმა სოფელი, ჩანს, სვეტიცხოვლის მონასტერს შესწირა-1392 წლიდან XVI საუკუნის დამდეგამდე მოხისი საკათალიკოსო სოფელია. 1509 წელს იმერეთის მეფემ ალექსანდრე II ისარგებლა ქართლის სამეფოს დასუსტებით, გორის ციხე აიღო და საკუთარი ძალაუფლება ქართლზე მდინარე ლიახვამდე გაავრცელა. იმერეთში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ქართლმა მალე დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიის ნაწილი, მაგრამ ზემო ქართლის ნაწილი, მ. შ. მოხისი, კვლავ იმერეთის სამეფოს დარჩა. 1512 წელს იმერეთის მეფემ ბაგრამ III-მ მოხისთან დაამარცხა ურჩი ძმა ვახტანგი, ხოლო 1520 წელს მამია გურიელმა სძლია ქართლის მეფე დავით IX. იმერეთის სამეფომ თავისი უფლებები მოხისზე XVII საუკუნის შუა ხანებამდე შეინარჩუნა. XVII საუკუნეში, იმერეთის სამეფოს დასუსტებასთან ერთად, ქართლის მეფემ და სვეტიცხოვლის მონასტერმა თანდათან დაიბრუნა დაკარგული ყმა-მამული ზემო ქართლში. 1660 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე III-სა და ქართლის კათალიკოს დომენტის შორის წარმოებული მოლაპარაკების საფუძველზე იმერეთის მეფეს კვლავ უნდა შეეწირა მოხისი სვეტიცხოვლისათვის და სამაგიეროდ კათალიკოსისაგან საუკეთესო ცხენი და ორმოცი თუმანი თეთრი მიეღო. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან და XVIII საუკუნეში მოხისი კვლავ საკათალიკოსო სოფელი იყო. სვეტიცხოველს მოხისში თავის მოურავი ჰყავდა. ამილახორთა სათავადოს ჩამოყალიბებასთან ერთად, მოხისის ყმა-მამულის ნაწილზე წილს იღებენ ამილახორებიც. 1766 წლისთვის მათ სოფლის ყმა-მამულის მერვედი ეკუთვნოდათ. გვიანდელი ფეოდალური ხანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით მოხისი ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა, რომელსაც ამილახორები სარდლობდნენ. სოფლიდან თოფით, ფარ-ხმლითა და მშვილდ-ისრით შეიარაღებული 50 მოლაშქრე გამოდიოდა. მოხისელი მოლაშქრეთაგან ორი მესამედი მხედარი იყო. ეს სოფლის ეკონომიკურ სიმძლავრეზე მეტყველებს. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში საქართველოში გავრცელებული იყო სპეციალური საწყაო - „მოხისული კოდი“. 1785 წლის 16 აპრილს მოხისთან ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა სოფელ ფხვენისიდან უკუგდებული თურქ-ლეკთა მოთარეშე რაზმები.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1296 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1330 665 665
2014[1] 1296 652 644
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II