ზღუდერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ზღუდერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ზღუდერი
კოორდინატები 41°58′06″ ჩ. გ. 43°48′03″ ა. გ. / 41.96833° ჩ. გ. 43.80083° ა. გ. / 41.96833; 43.80083
ადრეული სახელები ზორეთი
ცენტრის სიმაღლე 800
მოსახლეობა 210[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (63,8 %)
ოსები (34,8 %)[2]
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზღუდერი — საქართველო
ზღუდერი
ზღუდერი — შიდა ქართლი
ზღუდერი

ზღუდერი (ყოფ. ზორეთი) — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: აბუხალო, არცევი, ბანი, ბატიური, გვერძინეთი, ელბაქიანი, ველისციხე, იმერხევი, კლდისთავი კოდმანი, ლოშკინეთი, მუხილეთი, ორბოძალა, ორთუბანი, სუქანაანთუბანი, ტყემლოვანა, ქვათეთრი, ყინწვისი, ძაძვისმონასტერი, წითელსოფელი წიფლოვანა). მდებარეობს მდინარე ძამის ხეობაში,თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ქარელიდან 12 კილომეტრი, აგარიდან 7,7 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდ. ძამის მარცხენა ნაპირზე, ადგილ გოჩაანთკარში, 1964-1966 წლებში გაითხარა (ხელმძღვანელი გ. ნემსაძე) მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი - ზღუდერი. სახელწოდება მომდინარეობს სახელიდან "ზღუდე", ე. ი. შემოზღუდული ადგილი, ქალაქი. გათხრების დროს გამოვლინდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო - I ათასწლეულის დასაწყისი) სამაროვანი (10 ორმოსამარხი და 6 ქვეწრიული გორასამარხი). გორასამარხებში (დიამეტრი 5 მ) თითო მიცვალებული ესვენა. ჩატანებული ჰქონდათ შავად და ნაცრისფრად გამომწვარი, ზოგჯერ ორნამენტით შემკული, თიხის ჭურჭელი (ქოთნები, კანგრები, სადღვებელი), სამკაული (ბრინჯაოს თავხვია საკინძები, სამაჯურები და ბეჭდები, სარდიონის, მინისა და პასტის მძივები). შრომისა და ბრძოლის იარაღი (ბრინჯაოს ნემსი, მახათი, ისრისპირები, რკინის მასრაგახსნილი შუბისპირი). გორასამარხებში ჩაშვებული იყო ორმოსამარხები, რომლებშიც ხელფეხმოკეცილ მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ ლეგად გამომწვარი თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს სამკაული. აღმოჩნდა აგრეთვე გვიანდელი ანტიკური ხანის (ძვ. წ. II საუკუნის ბოლო - ახ. წ. IV საუკუნის დასაწყისი) დიდგვაროვანთა სამაროვანი. ორმოსამარხებსა და ქვის სარკოფაგებში დაკრძალულია თითო და ორი მიცვალებული. თავით დასავლეთისკენ დასვენებულ მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი (მ. შ. ბერძნული და არაბული წარწერებიანი ლანგარი, კოვზი და თასი, ცეცხლოვანი ბომონისა და საკურთხევლის წინ მდგარი ცხენისგამოსახულებიანი პინაკები და სხვა), სამკაული (ძვირფასი თვლებით შემკული საყურეები, გემიანი ბეჭდები, სამაჯურები, აბზინდები და სხვა), რიტუალური დანიშნულების ნივთები (ბრინჯაოს გრიფონი, 2 სასაკმევლე, რომელთაგან ერთი ხარის თავის გამოსახულებაა, მეორე კი ტაძრის მოდელს წარმოადგენს), იმპორტული მინის ნაწარმი, ვერცხლის გარსაკრავებიანი ხის სარეცლის ფეხები, ოქროსა და ვერცხლის რომაული და პართული მონეტები. მსგავსი მასალა საქართველოში მრავლად გვხვდება (ბორი, ბაგინეთი, კლდეეთი, მცხეთა-არმაზი, ჟინვალი). დიდგვაროვანთა სამაროვნების გვერდით აღმოჩნდა მათი თანადროული ღარიბული ორმოსამარხებიც. მიცვალებულები იწვნენ მარცხენა გვერდზე, ხელფეხმოკეცილნი. ჩატანებული ჰქონდათ მოვარდისფროდ და ლეგად გამომწვარი თიხის ხელადები, ვერცხლის ბეჭდები (ერთს ოქროს რგოლებიანი საყურე), თითო პართული ვერცხლის მონეტა.

ზღუდერის სამაროვნის ჩრდილოეთით, დაახლოებით 80 მეტრზე, გაითხარა გვიანდელი ანტიკური ხანის (III-VI სს.) ნასახლარი. აღმოჩნდა ქვის ნაგებობის საძირკველი (სიგანე 1,5 მ). რამდენიმე მოზრდილი ორყურა ჭურჭელი, რომელთა ყურები შემკულია მზის სტილიზებული გამოსახულებით. აღნიშნული ნამოსახლარის აღმოსავლეთით, დაახლოებით 150 მეტრზე, გაითხარა ფეოდალური ხანის ნამოსახლარი. აღმოჩნდა საცხოვრებელი (ოთხკუთხა ოთახები მიწატკეპნილი იატაკით, დედაბოძისა და კერის ნაშთები) და სამეურნეო (ზეთსახდელი) ქვის ნაგებობათა ნაშთები, ქვევრები, თონეები. ზეთის სახდელი საწნახელი, კერამიკული ჭურჭელი, წყალსადენის მილი და სხვა.

სოფლის ცენტრში ერთმანეთის გევრდით აღმართულია ძლიერ დაზიანებული ორი ეკლესია. VI საუკუნის მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია ნაგებია დიდ-დიდი თლილი კვადრებით. სამხრეთი კარის თავზე ღია ლუნეტი აქვს. VI საუკუნეს განეკუთვნება მეორე ნაგებობის - მოზრდილი სამეკლესიიანი ბაზილიკის თავდაპირველი სამშენებლო ფენაც. ეკლესია ორჯერ გადაუკეთებიათ (X-XI და XIII-XIV საუკუნეებში). საშენ მასალად თლილი კვადრებია გამოყენებული. სამხრეთი შესასვლელი მორთულია ვაზის სტილიზებული გამოსახულებით (XI ს.).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 210 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 283 138 145
2014[1] Decrease2.svg 210 103 107

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნემსაძე გ., სანიკიძე თ., ქსე, ტ. 4, გვ. 553-554, თბ., 1979

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]