რუისის წმინდა დემეტრეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუისის წმინდა დემეტრეს ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 1 კილომეტრზე, გორაკზე. თარიღდება ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,3 X 10,3 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით, აქა-იქ გამოყენებულია ტუფიც. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს კონქის თავზე არსებულ სივრცესთან დამაკავშირებელი წრიული ხვრელებია. თითო სარკმელი დასავლეთ და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია კანკელით. ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების ორსაფეხურიან წყვილ პილასტრს ეყრდნობა. პილასტრების ორივე მხარეს, გრძივ კედლებზე დეკორატიული თაღებია.

მოხატულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკურთხეველში და დარბაზის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქის მოხატულობა დაყოფილია სამ რეგისტრად. პირველში გამოსახულია ქრისტე გადაშლილი წიგნით ხელში; მის მარცხენა მხარეს ექვსფრთედისა და იოანე ნათლისმცემლის ფიგურის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მეორე რეგისტრში, სარკმლის ზემოთ გამოსახულია ჯვარი, მის ორივე მხარეს - მოციქულები წიგნებით ხელში; ქვემოთ, მესამე რეგისტრში წარმოდგენილნი არიან ეკლესიის მამები. სამხრეთ კედლის, აღმოსავლეთ მონაკვეთის ქვედა რეგისტრში შემორჩენილია წმ. მეომრის სამი ფიგურა, ხოლო დასავლეთ მონაკვეთში - წმ. დედათა ორი გამოსახულება და მეუდაბნოეს მთლიანი ფიგურა. დასავლეთ კედელზე, მეორე რეგისტრში გაირჩევა თავდახრილი ქალი, მესამე რეგისტრში - ცხენოსანი და ქალაქის ხედი (სავარაუდოა აქ ასახულია წმინდა გიორგის ერთ-ერთი სასწაული). ნახატში გამოყენებულია სუფთა ცისფერი, მოწითალო-ყავისფერი, ყვითელი ოქრა. ნახატი ოსტატურია, დახვეწილი, კონტურები დენადი, დაუნაწევრებელი.

აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია ტუფის ლავგარდნის ფრაგმენტები, რომლის შეზნექილი პროფილი დასრულებულია თაროთი და ლილვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]