ზღუდრის წმინდა კვირიკეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზღუდრის წმინდა კვირიკეს ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში. მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (3,8 X 5,8 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით, ფასადებზე გამოყენებულია შირიმის მოზრდილი ქვებიც. სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთითაა. შემორჩენილია კარის ღიობის გადასახური ხის ძელების კვალი. ოდნავ დეფორმირებული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი სარკმელია (გარეთ მკვეთრად ვიწროვდება), ხოლო მის ორივე მხარეს, იატაკიდან იწყება ღრმა სწორკუთხა ნიშები. მარჯვენა ნიშის ზემოთ, კედლის სისქეში ქვედა ნიშთან დაკავშირებული ტრაპეციული ნიშია. აფსიდის სარკმლის ქვემოთ, კედელზე სატრაპეზო ყოფილა (შეინიშნება კვალი). საკურთხეველი გადახურულია დამრეცი კონქით, რომელიც დასრულებულია ნახევრადელიფსური თაღით. თაღი ქვიშაქვის მარტივი პროფილის კრონშტეინებს ეყრდნობა. საკურთხეველი უშუალოდ ერწყმის დარბაზის გრძივ კედლებს. დასავლეთით სწორკუთხა სარკმელია. დასავლეთის ფასადზე, შესასვლელის ზემოთ კარის ღიობის სიგანის თაღოვანი ნიშია. აღმოსავლეთ ფასადის ქვედა ნაწილი ჟანგისფერი ქვებითაა ნაწყობი. ეკლესიის ფასადები თაროსებრი ლავგარდნით იყო დასრულებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]