რუისის ღვთისმშობლის მცირე ეკლესია
რუისის ღვთისმშობლის მცირე ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში. მდებარეობს სოფლის წინაუბნის ჩრდილო-აღმოსავლეთით. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. შეკეთებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.
ეკლესია დარბაზულია (8,35 X 5,8 მ), ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით. ფასადები მოპირკეთებულია შირიმის კარგად გათლილი კვადრებით, აქა-იქ გამოყენებულია ბაზალტის კვადრებიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ღრმა ნიშებია. სწორკუთხაა დასავლეთის სარკმელიც, რომელსაც ძლიერ დამრეცი ქვედა ნაწილი აქეს. შიდა სივრცე მაღალი და ხალვათია. თავდაპირველად ინტერიერის კედლები შელესილი ყოფილა. შეკეთების შემდეგ ხელმეორედ შეულესიათ და შეუთეთრებიათ. ამავე ხანებში დასავლეთ ფასადის ფრონტონის კეხზე დაუშენებიათ ოთხბოძიანი, ოთხივე მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი აგურის სამრეკლო, რომელსაც შიგნიდან სფერული კამარა აქვს, ხოლო გარედან დასრულებულია პირამიდული სახურავით. ეკლესიას შერჩენილი აქვს შირიმის ლავგარდანი, რომელიც გლუვი ლილვისა და მცირე სიღრმის წრეთარგისაგან შედგება. გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 385.