ძაძვის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ძაძვის კომპლექსი, ძამის კომპლექსიეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერხევში. მდებარეობს სოფელ იმერხევის მიდამოებში, სოფელ ზღუდრის სამხრეთით 7-8 კილომეტრზე. ფართობი დაახლოებით 1 ჰექტარი. თარიღდება ადრინდელი და განვითარებული ფეოდალური ხანით.

კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, სამრეკლო, სატრაპეზო, გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები.

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა (11,2 X 5,9 მ). თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია ნაგებია ნატეხ ქვით, ნახმარია ქვიშაქვის პირგათლილი ლოდებიც, კონსტრუქციული ნაწილები და წირთხლები ამოყვანილია კარგად დამუშავებული შირიმის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ორივე კარი შიგნიდან თაღოვანია, ხოლო გარედან გადახურულია არქიტრავით. სამხრეთ შესასვლელი ძალიან ფართოა. ეკლესია დაბალი და განიერია. ნალისებრი აფსიდი ღრმა და ფართოა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია დიდი, ინტერიერისაკენ გაფართოებული სარკმელი. საკურთხეველს ფაქიზად შესრულებული გეომეტრიული და ფოთლოვანი ორნამენტით შემკული რვაწახნაგასვეტებიანი მოჩუქურთმებული კანკელი ჰქონია. კანკელი ეკლესიის თანადროულია. განვითარებულ ფეოდალურ ხანაში იგი შეუკეთებიათ და ახალი დეტალებით შეუვსიათ. დარბაზის გრძივი კედლები ერთსაფეხურიანი პილასტრებით ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა. სამხრეთ შესასვლელის წირთხლები შემკულია მოყავისფრო საღებავით შესრულებული გეომეტრიული ორნამენტით. დასავლეთ კედლის კუთხეებში ერთსაფეხურიანი პილასტრებია შემორჩენილი.

ეკლესიას სამი მინაშენი აქვს. ჩრდილოეთ მინაშენი მთლიანად დანგრეულია. დასავლეთის მინაშენი - კარიბჭე - ეკლესიის კედელს მთელ სიგრძეზე მიყვება. მას ძირითადი ნაგებობის კამარის პერპენდიკულარული კამარა ჰქონია. მინაშენის კედლებზე მოყვითალო გათლილი ქვიშაქვისაგან ოსტატურად გამოყვანილი დეკორატიული თაღებია, რომლებიც მარტივღარებიან კაპიტელებს და კუთხოვან პილასტრებს ეყრდნობა. სამხრეთ კედლის ქვიშაქვის კვადრების წიბოები შეერთების ადგილზე საგანგებოდ არის ამოღარული, რაც დამახასიათებელია ადრინდელი ფეოდალური ხანის სამშენებლო ხელოვნებისათვის. სამხრეთ მინაშენი (დანგრეულია) ეკლესიის დასავლეთ კედლის გასწვრივ იწყება და შემდეგ მთელ სამხრეთ ფასადს მიყვება. აქაც წყობის რიგები ხაზგასმულია ღარებით. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ამ მინაშენის კედლები ორი ახალ ეგვტერის კედლებად გამოუყენებიათ. ერთი მდებარეობს სამხრეთ და დასავლეთ მინაშენებს შორის არსებულ კუთხეში (მას სამხრეთით ვიწრო შესასვლელი აქეს), მეორე სამხრეთ მინაშენის აღმოსავლეთ ნაწილშია. ორივე მინაშენს თაროს, ღრმა წრეთარგისა და ლილვისაგან შედგენილი, მთლიანად მუქი ფერის ბაზალტის ქვაში გამოკვეთილი, მონუმენტური ლავგარდანი ჰქონია. ეკლესიის ჩრდილოეთის დაზიანებული კედლისათვის გარედან მოგვიანებით კონტრფორსი მიუშენებიათ.

ეკლესიის სამხრეთ კედელთან, მიწაზე დევს ფართო ფილა ასომთავრული წარწერით (იკითხება ცალკეული სიტყვები).

სამრეკლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამრეკლო (5,5 X 4,8 მ) ეკლესიის ეზოს შუაში დგას. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ნაგებია უხეშად ნატეხი კირქვით. სამრეკლო ორსართულიანი ყოფილა. მეორე სართული დანგრეულია. პირველი სართული წარმოადგენს კუბური მოცულობის მასიურ სათავსს, რომელიც გადახურული ყოფილა ნახევარსფერული გუმბათით (დაზიანებულია). შესასვლელი დასავლეთითაა. სამხრეთ კედელთან მეორე სართულზე ასასვლელი კიბეა (დაზიანებულა). სამრეკლოს პირველი სართული დამოუკიდებელი სამლოცველო ან დამხმარე სათავსი უნდა იყოს.

სატრაპეზო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატრაპეზო (14,5 X 9 მ) მდებარეობს ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით 20 მეტრზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო, ხოლო გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია. ინტერიერში შემორჩენილია მწკრივებად დალაგებული ჩამოსაჯდომი ქვები.

გალავანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალავანი ნაგებია კირქვის დიდი ლოდებით. დასავლეთით თაღისებრი კარიბჭე ჰქონია (შემორჩენილია ფრაგმენტი). ეზოში სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთებიც არის. მიწაში ჩაფლულია რამდენიმე მოზრდილი ქვევრი. მიკვლეულია მარცვლეულის შესანახი დიდი ხაროები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]