შინდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შინდი

ოქროშინდა ძველი შუამთიდან
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
გვარი:  შინდი
ლათინური სახელი
Cornus

შინდი (ლათ. Cornus) — მცენარეთა გვარი შინდისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან პატარა ხეებია. 50-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ამერიკასა და აფრიკაში. ყირიმსა და კავკასიაში იზრდება მხოლოდ 1 სახეობა — ჩვეულებრივი შინდი (ლათ. Cornus mas), რომელიც საქართველოსთვის ხშირი სახეობაა.

გვხვდება ზღვის დონიდან 1300 მეტრამდე, მთის ქვედა და შუა სარტყლის ფოთლოვან ტყეებში, უმეტესად ქვეტყის სახით. შინდის მწიფე ნაყოფი მეტწილად მუქი წითელია, მაგრამ არის ყვითელნაყოფა ფორმებიც (ოქროშინდა). სასიამოვნო მომჟავო-მოტკბო გემო ქვს; ხმარობენ სურავანდის საწინააღმდეგოდ, ნაყოფსა და ფოთოლს ჩაის სუროგატადაც. შინდის მაგარ და მძიმე მერქანს სხვადასხვა ნაკეთობისათვის იყენებენ.

ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. დეკორატიული მცენარეა, აშენებენ ცოცხალ ღობედ.

ოქროშინდას უკავშირდება ლეგენდა თინათინ გურიელის ასულის ხილვისა და შედეგად ახალი შუამთის მონასტრის დაარსებაზე. როდესაც თინათინ გურიელი კახეთის მეფე ლევანის გაჰყვა ცოლად და გურიიდან კახეთში მიდიოდა, გზად ერთ-ერთი შესვენებისას ესიზმრა, რომ იქ ააშენებდა მონასტერს, სადაც ყვითელი შინდის ტყეს ნახავდა... სწორედ ასეთი ადგილი ნახა შუამთაში და დააარსა მონასტერიც XVI ს-ის 50-იან წლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]