შინაარსზე გადასვლა

არჩილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არჩილი (მრავალმნიშვნელოვანი).
არჩილი

მიხეილ საბინინის მიერ შესრულებული წმინდა არჩილი.
ქართლის ერისმთავარი
მმართ. წლები: 668–718[1]
719–745[2]
748–760[3]
წინამორბედი: მირი
მემკვიდრე: იოანე და ჯუანშერი
კახეთის ერისმთავარი
მმართ. წლები: 705–745[2]
736–786[4]
წინამორბედი: სტეფანოზ III
მემკვიდრე: იოანე და ჯუანშერი
მეუღლე: დარია[5]
შვილები: ჯუანშერ
იოანე (იოვანე)
გურანდუხტ
მარიამ
მირანდუხტ
შუშან[6]
დინასტია: ხოსროიანი
მამა: სტეფანოზ III
რელიგია: მართლმადიდებელი ქრისტიანი

არჩილ სტეფანოზის ძე[7]ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნეში, ჯუანშერის მატიანეში მოხსენიებულია მეფედ. იმავე მატიანის ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისიც, ხოლო აფხაზეთის ერისთავი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო. VIII საუკუნის 30-იან წლებში არჩილმა თავის ძმასთან, მირისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ანაკოფიის ბრძოლაში მურვან ყრუს წინააღმდეგ. მას მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. კახეთ-ჰერეთში მას ბევრი ციხე და ეკლესია-მონასტერი აუშენებია, იძულებით მოუნათლავს ნუხპატელები. არჩილმა არ უარყო ქრისტეს რჯული და არ მიიღო დიდება და პატივი არაბებისაგან, რის გამოც არაბებმა წამებით მოკლეს. მისი წამების ამბავი VIII საუკუნეში დაიწერა, ხოლო XI საუკუნეში გადაამუშავა და განავრცო ლეონტი მროველმა.[8]

743 წელს არაბეთის სასახლის კარზე არეულობა დაიწყო. მურვანი სასწრაფოდ გაბრუნდა არაბეთში და 744 წელს ბაღდადის ხალიფა გახდა. მას დაემორჩილა მთელი არაბეთი.

750 წელს აბასიდების დინასტიამ მურვანს თავი წააგდებინა, ენა ამოაჭრა და კატას შეაჭამა. ტახტზე ავიდა აბულ-აბასას-საფაჰი, რომელმაც მაშინვე არაბეთის სატახტო ქალაქად ბაღდადი გამოაცხადა. აქვე შექმნა მან ბაღდადის სახელმწიფო. 754 წელს აბულ-აბასას-საფაჰი ჩამოაგდეს ტახტიდან.

ამ დროს ქართველები (ეგრისელები, აფხაზები და სვანები) ძლიერი მეფის არჩილის გვერდით მყარად დადგნენ. არჩილმა სატახტო ქალაქად აირჩია ქუთაისი. მერე ქართლი დაიპყრო და თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. არაბები დაფრთხნენ და თბილისსა და მცხეთაშ ჩაიკეტნენ.

760 წელს კავკასიაში მორიგი მარბიელი არაბები გამოჩნდნენ. არჩილმა მოლაპარაკება გამართა არაბთა სარდალთან. მან კი ჯერ ცბიერი ლიქნით მიიტყუა არჩილ მეფე და მერე ქრისტიანობის დაგდება მოსთხოვა. არჩილისაგან უარი რომ მიიღო, თავი მოაკვეთინა მსახურებს. არჩილს დარჩა ოთხი ქალი და ორი ვაჟი. ვაჟები იყვნენ: იოვანე და ჯუანშერი.[3]

მოღვაწეობის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ გამოცემული სიის თანახმად, საქართველოს XV საუკუნემდე სულ ორი არჩილი ჰყავდა მეფედ - არჩილ I (410-434 წლები), პაპა ვახტანგ გორგასალისა, და არჩილ II (668-718 წლები.) ამ პერიოდში ჩნდება ორი კათალიკოსი მიქაელიც: მიქაელ I (459-467 წლები), რომელმაც ვახტანგ გორგასალს კბილები ჩაუმტვრია და მიქაელ II (774-780 წლები.) მართალია, აღნიშნულ სიაში დადასტურებული მეფობის თარიღები მიახლოებითია, მაგრამ სავსებით ნათელია, რომ ჯერ არჩილ I მეფობს, შემდეგ კათალიკოსობს მიქაელ I; ასევე არჩილ II-ის მოღვაწეობის წლები უსწრებს მიქაელ II-ის კათალიკოსობის თარიღს. დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება „მირონის კურთხევის წესი“, მეფე არჩილი დავალებას აძლევს საეკლესიო პირს, მიქაელს, შეადგინოს მირონის კურთხევის განგება, რასაც მიქაელი გარკვეული დროის შემდეგ ასრულებს. ის იძიებს, ირკვევს მირონის კურთხევის წესს და ადგენს განგებას მირონის კურთხევის ძველი „ნიშნის“ შესაბამისად, ხოლო დოკუმენტის გამოცემის დროს ის უკვე კათალიკოსია.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

  • ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 615.
  • ლეონტი მროველი „წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელი იყო მეფე ქართლისა“. წიგნი: „ქართლის ცხოვრება“, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა. ტომი I. თბილისი, 1955.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“. გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვერდი დ.
  2. 2.0 2.1 მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნსაცავის განყოფილება, K 281.358/3, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, გვ. 53. ISBN 99928-58-36-2. 
  3. 3.0 3.1 ტარიელ მუმლაძე „ქართველ მეფეთა ქრონოლოგია“. თბილისი, 2008. გვ. 71.
  4. Iberia between Chrosroid and Bagratid Rule by Cyril Toumanoff. This study appears as part IV of Toumanoff's Studies in Christian Caucasian History (Georgetown, 1963), pp. 357-434.
  5. მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“. თავი II. არაბების მძლავრობა. ტომი I, გვერდი: 287.
  6. და ესხნეს არჩილს ძენი ორნი: ჯუანშერ და იოვანე, და ასულნი ოთხნი: გურანდუხტ, მარიამ, მირანდუხტ და შუშან.
    ჯუანშერი „ცხორებაჲ ვახტანგ გორგასლისა მშობელთაჲ და თჳთ მის დიდისა და ღმრთისმსახურისა მეფისაჲ, რომელი უმეტესად სხუათა განთქუმულად გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა“ როინ მეტრეველის რედაქციით. ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები. 2008.
  7. არჩილ სტეფანოზის ძე. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  8. არჩილ სტეფანოზის ძე. ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
წინამორბედი:
სტეფანოზ III
კახეთის ერისმთავარი
736–786
შემდეგი:
იოანე და ჯუანშერი