შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე მაკედონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ალექსანდრე დიდი)
ალექსანდრე დიდი
Μέγας Aλέξανδρος

ალექსანდრე მაკედონელი ალექსანდრეს მოზაიკაში ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში, ნეაპოლი, იტალია
მაკედონიის ბასილევსი
მმართ. დასაწყისი: ძვ.წ. 336
მმართ. დასასრული: ძვ.წ. 323
წინამორბედი: ფილიპე II
მემკვიდრე: ალექსანდრე IV
ფილიპე III
ეგვიპტის ფარაონი
მმართ. დასაწყისი: ძვ.წ. 332
მმართ. დასასრული: ძვ.წ. 323
წინამორბედი: დარიოს III
მემკვიდრე: ალექსანდრე IV
ფილიპე III
სპარსეთის შაჰანშაჰი
მმართ. დასაწყისი: ძვ.წ. 330
მმართ. დასასრული: ძვ.წ. 323
წინამორბედი: დარიოს III
მემკვიდრე: ალექსანდრე IV
ფილიპე III
აზიის მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ.წ. 331
მმართ. დასასრული: ძვ.წ. 323
წინამორბედი: ტიტული შეიქმნა
მემკვიდრე: ალექსანდრე IV
ფილიპე III
სხვა წოდებები: მაკედონიის ბასილევსი, კორინთოს ლიგის ჰეგემონი, სპარსეთის შაჰანშაჰი, ეგვიპტის ფარაონი, აზიის ლორდი.
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 ივლისი, ძვ. წ. 356
დაბ. ადგილი: პელა, მაკედონია
გარდ. თარიღი: 11 ივნისი, ძვ. წ. 323
გარდ. ადგილი: ბაბილონი
მეუღლე: როქსანა, სტატეირა II
შვილები: ალექსანდრე IV
სრული სახელი: ალექსანდრე III
დინასტია: არგეადების დინასტია
მამა: ფილიპე II
დედა: ოლიმპიადა
რელიგია: ძველი ბერძნული

ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძ. Μέγας Αλέξανδρος; დ. 20/21 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323, ბაბილონი), ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვდილამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავ II ადოლფის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგოსს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.

ალექსანდრე რომელსაც ხშირად ალექსანდრე დიდს ან მაკედონელს უწოდებდნენ 20 წლის ასაკში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში. მიუხედავად მცირე ასაკისა მან სერიოზული მომზადება გაიარა. მამამისმა ფილიპე II-მ ჯერ კიდევ გამოჩენილ ფილოსოფოსს არისტოტელეს მიაბარა აღსაზრდელად და 16 წლის ასაკში მისი ლაშქრობების მონაწილე გახდა. ალექსანდრეს უპირველესი სურვილი იყო, რომ შეექმნა ერთი დიდი სახელმწიფო, სადაც მოქცეული იქნებოდა იმ დროინდელი ცივილიზირებული სამყარო და ამ ერთიანობას საფუძვლად უნდა დასდებოდა სამი ერთიანობის პრინციპი: ენობრივი, კულტურული და პოლიტიკური. ეს იდეა კი ალექსანდრეს სხვა დამპყრობლებისაგან განასხვავებს.

ალექსანდრე ათვინიერებს ბუცეფალს, ანდრე კასტანის ნამუშევარი

ალექსანდრე დაიბადა ძვ. წ. 356 წელს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-ის და მისი მეოთხე ცოლის, ეპირის მეფის, ნეოპტოლემეს ასულის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი. დედის მხრიდან ალექსანდრე იყო ეპირელი მხედართმთავრის პიროსის მეორე მამიდაშვილი. პლუტარქეს მიხედვით, ალექსანდრე მამის მხრიდან ჰერაკლეს შთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან – ეაკოსის, აქილევსისა და ნეოპტოლემესი. ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ არტემიდეს ტაძარი, ეფესოში. ასევე ცნობილია ისიც, რომ ამ დღეს პარმენიონმა გაანადგურა ილირიელები და ფილიპეს ცხენებმა კი ოლიმპიურ თამაშებში, ეტლოსანთა ჯირითში გაიმარჯვეს.

როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო, ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა ცხენი. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს ალექსანდრემაც სცადა ბედი და ცხენი მოათვინიერა. პლუტარქე გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა:

ვიკიციტატა
„მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო“
(ლევან სანიკიძე -ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, გვ.43)

ალექსანდრემ მას ბუცეფალი დაარქვა, რაც ხარისთავას ნიშნავს.

არისტოტელე, „ათენის სკოლის“ ფრაგმენტი, რაფაელის ნამუშევარი

ბავშვობაში ალექსანდრე განებივრებული იყო აღმზრდელებით, თუმცა მის აღზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ლეონიდასი და ლისიმაქოსი. ფილიპე ამას არ დასჯერდა და ალექსანდრეს მასწავლებლად მოიწვია პლატონის მოსწავლე არისტოტელე, რომელიც იმ დროის ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. არისტოტელეც დათანხმდა. ცნობილია, რომ არისტოტელეს პატივსაცემად ფილიპემ თავიდან ააშენა მის მიერვე დანგრეული სტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი.[1] ასევე ფილიპემ არისტოტელეს ალექსანდრეს აღსაზრდელად უბოძა ნიმფების ტაძარი, მიეზასთან ახლოს. ასე, რომ მიეზა ალექსანდრესა და სხვა წარჩინებული ოჯახის შვილების სკოლად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა მომავალში ალექსანდრეს მეგობრები ან გენერლები გახდნენ. არისტოტელე აქ მათ ასწავლიდათ ფილოსოფიას, მედიცინას, ფიზიკას, მათემატიკას, ლოგიკას, ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას და ა.შ.

ალექსანდრე და არისტოტელე
არისტოტელე ამეცადინებს ალექსანდრეს, ფერისის ნამუშევარი, 1895
არისტოტელე ამეცადინებს ალექსანდრეს მიეზაში

ალექსანდრეს არისტოტელეს შესახებ ერთხელ უთქვამს:

ვიკიციტატა
„მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს“

ადრეული სამხედრო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ალექსანდრე 16 წლის იყო, ფილიპე ბიზანტიონის ასაღებად გაეშურა და მაკედონიის რეგენტად თავისი შვილი დატოვა. ალექსანდრეს ეს დრო ფუჭად არ დაუკარგავს. მან შეუტია მედების ტომს და აიღო მათი მთავარი ქალაქი. შემდეგ იქიდან გაყარა მოსახლენი და მის ადგილას დააარსა ახალი კოლონია, ალექსანდროპოლისი.[2] ფილიპემ დაბრუნების შემდეგ ალექსანდრე გაგზავნა სამხრეთ თრაკიაში, აჯანყების ჩასახშობად. ბერძნული ქალაქის პერინთუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ალექსანდრემ მამამისი სიკვდილს გადაარჩინა. ამ დროს ქალაქმა ამფისამ დაიწყო აპოლონისთვის შეწირული მიწების დამუშვება, რამაც საშუალება მისცა ფილიპეს ჩარეულიყო საბერძნეთის საქმეებში. თრაკიაში ყოფნის პერიოდში ფილიპემ, ბერძნული ქალაქების მხრიდან თავდასხმის შიშით, ალექსანდრეს დაავალა შეექმნა არმია. ალექსანდრემ ეს გამოიყენა ილირიელებზე თავდასასხმელად.[3]

ქერონეიის ბრძოლის ამსახველი რუკა

ფილიპე II მაკედონელს ალყა ჰქონდა შემორტყმული პერინტუსისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ქალაქს სპარსეთის იმპერია ამარაგებდა, ალყა მოხსნა და საბერძნეთის დაპყრობა განიზრახა. მან მცირე დრო დაჰყო მაკედონიაში და შემდეგ მოულოდნელად დაიძრა სამხრეთისკენ. ძვ. წ. 338 წლის 2 აგვისტოს ორი არმია ერთმანეთს ქერონეიის ველზე გაუპირისპირდა ერთმანეთს. ფილიპეს მარჯვენა ფლანგი ებარა, ალექსანდრეს მარცხენა. შეუპოვარი ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა ისე, რომ არცერთ მხარეს უპირატესობა არ მოუპოვებია. შემდეგ ალექსანდრემ იმისათვის, რომ თავისი სიმამაცე და გამბედაობა დაემტკიცებინა შეტევა წამოიწყო თებელებზე. ის პირველი ეკვეთა მტერს. ამ შეტევამ მოწინააღმდეგის რიგებში ხვრელი გააჩინა და არმია ორ ნაწილად დაჰყო. ბერძნებმა დიდი დანაკლისი განიცადეს და საბოლოოდ გაქცევით უშველეს თავს. ამ დროს კი ფილიპემ თავისი არმია თავიდან უკან დახია, შემდეგ კი მთელი ძალით ეკვეთა მტერს. ამ მანევრმა ათენელები დააბნია და მათაც უკან დაიხიეს. ალექსანდრემ 3 ათასამდე თბელი ჩაიგდო ტყვედ. აღსანიშნავია, რომ მან გაანადგურა თებელების „საღვთო რაზმი“. ბრძოლის შემდეგ ფილიპემ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებთან ზავი დადო და შექმნა კორინთოს ლიგა სპარსეთის იმპერიიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

პელაში დაბრუნების შემდეგ, ფილიპეს შეუყვარდა მისი გენერლის, ატალოსის ძმისწული და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. ამის გამო ალექსანდრეს მემკვიდრეობა სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა. ქორწილის დროს მთვრალმა ატალოსმა წამოიყვირა:

ვიკიციტატა
„მაკედონელებო, შეევედრეთ ღმერთებს, რომ ფილიპეს და კლეოპატრას კანონიერი ტახტის მემკვიდრე შეეძინოთ“
(პლუტარქე, „ალექსანდრე“)

ამ სიტყვებმა ალექსანდრეს განრისხება გამოიწვია. მან ატალოსს ღვინის ჭიქა ესროლა თავში და უყვირა:

ვიკიციტატა
„არამზადავ, მე შენ ნაბიჭვარი გგონივარ?“

ამჯერად ამ სიტყვებმა კი მეფე გააღიზიანა. მთვრალმა ფილიპემ ხმალი ამოიღო და ალექსანდრესკენ გაექანა, თუმცა წაიბორძიკა და დაეცა. ამის შემხედვარე ალექსანდრე მამას თავზე დაადგა და თქვა:

ვიკიციტატა
„შეხედეთ, მეგობრებო, ამ კაცს - ევროპიდან აზიაში, რომ სალაშქროდ ემზადება - სკამიდან სკამამდე ისე ვერ მიუღწევია, ძირს არ გაშხლართულიყო“
(ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი)

ამ შემთხვევის შემდეგ ალექსანდრე და ოლიმპიადა წავიდნენ ეპიროსში ამ უკანასკნელის ძმასთან. თუმცა შემდეგ ალექსანდრე ილირიაში გადავიდა.[4] იქ მან ექვსი თვე დაჰყო, შემდეგ კი კორინთელი დემარატოსის შუამდგომლობით მაკედონიაში დაბრუნდა.

შემდეგ წელს კარიის სპარსელმა სატრაპმა პიქსოდოროსმა ფილიპეს თავისი შვილი შესთავაზა მისი ვაჟისთვის, არიდეოსისთვის. ალექსანდრე და ოლიმპიადა შეშინდნენ, რომ ფილიპე აპირებდა არიდეოსი გაეხადა თავის მემკვიდრედ. ზუსტად ამიტომ ალექსანდრემ ზომები მიიღო, მან კარიაში გააგზავნა მსახიობი თესალუსი, რათა დაერწმუნებინა პიქსოდოროსი, რომ არიდეოსის ნაცვლად თავისი ასული ალექსანდრესთვის მიეცა.[4] მას შემდეგ, რაც ფილიპემ ეს ამბავი შეიტყო, განრისხდა, ალექსანდრეს მიუვარდა და გაკიცხა ის. პლუტარქეს მიხედვით, ფილიპემ ალექსანდრეს ოთხი მეგობარი, ჰარპალუსი, ნეარხუსი, პტოლემე და ერიგიუსი მაკედონიიდან გაყარა, კორინთოელებს კი უბრძანა, რომ თესალუსი მისთვის გადმოეცათ.[5]

ალექსანდრეს გამეფება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პაუსანია კლავს ფილიპეს
პაუსანია კლავს ფილიპეს
„როდესაც თეთრმოსასხამიანი ფილიპე გამოჩნდა, თეატრში ყველა ადგილი დაკავებული იყო. მისი ბრძანების გამო მცველი მას მხოლოდ დისტანციაზე მოჰყვებოდა. ფილიპეს ამით ხალხისთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ ის დაცული იყო ყველა ბერძენის კეთილგანწყობით და რომ მისი უსაფრთხოება არ საჭიროებდა შუბოსნების რაზმს. მაგრამ უეცრად მეფისადმი მოწყობილი შეთქმულება გამოაშკარავდა, ფილიპესთვის მიყენებული სასიკვდილო დარტყმის საშუალებით.“
დიოდორე სიცილიელი აღწერს ფილიპეს სიკვდილს.„ისტორიის ბიბლიოთეკა“' წიგნი XVI

ძვ. წ. 336 წელს ფილიპემ მოაწყო თავისი შვილი, კლეოპატრასი, რომლის დედაც იყო ოლიმპიადა და ოლიმპიადასივე ძმის, ეპიროსის მეფის, ალექსანდრეს ქორწილი. ფესტივალი ეგიაში გაიმართა. ფილიპეს ამით ოლიმპიადას შემორიგება უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მკვლელმა, პაუსანიამ ის სიცოცხლეს გამოასალმა. ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა.

გამეფებისთანავე ალექსანდრემ დაიწყო თავისი ჯარის თითქმის მუდმივი წვრთნა[6], რადგან აჯანყებები მოსალოდნელი იყო, როგორც ბერძნების, ისე ატალოსის მხრიდან, რომელიც თავისი არმიით მცირე აზიაში იმყოფებოდა პარმენიონის არმიასთან ერთად. ატალუსს მიმოწერა ჰქონდა დემოსთენესთან, რომელიც ათენელების აჯანყებას ედგა თავში, თუმცა შემდეგ ატალუსმა აზრი შეიცვალა და ისევ ალექსანდრეს მიემხრო. ამის მიუხედავად მეფემ ის არ შეიწყალა და სიკვდილით დასაჯა. ამ პერიოდშივე მოკლეს ფილიპეს ბოლო ცოლი კლეოპატრა და მისი ახალშობილი შვილი (ამ მკვლელობასთან ხშირად ოლიმპიადას აკავშირებენ).

ბერძნულმა პოლისებმა კორინთოს კონგრესი გააუქმეს. ამას ალექსანდრეს მოქმედება მოჰყვა. თავისი არმიით ის ჯერ თესალიაში შევიდა, სადაც მის არმიას თესალიური მხედრობა შეუერთდა. შემდეგ დიპლომატიითა და დაშინებით აჯანყებებიც ჩაახშო. ბოდიშის მოხდა მოუწია ათენსა და თებესაც. ალექსანდრემ კორინთოს კონგრესი თავიდან მოიწვია, რომელსაც თითქმის ყველა ბერძნული პოლისი შეუერთდა, სპარტის გამოკლებით. ალექსანდრე კონგრესის ჰეგემონად გამოცხადდა.

ბალკანეთის კამპანია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ ალექსანდრე თავის მთავარ ჩანაფიქრს, აზიაში შეჭრას განახორციელებდა, მას მაკედონიის ჩრდილოეთი საზღვრებისთვისაც უნდა მიეხედა. ძვ. წ. 335 წლის გაზაფხულზე მან ჩრდილოეთით ლაშქრობა წამოიწყო. თავდაპირველად ის თრაკიაში შეიჭრა, რომ ტრიბალების და ილირიელების აჯანყება ჩაეხშო. აქ მას შეუერთდნენ ცოტაოდენი თრაკიელი მოკავშირეები. ალექსანდრეს პირველი შეტეკება, ჰემოსის მთებში (დღევანდელი სტარა-პლანინა), თრაკიელების გარნიზონთან მოუვიდა და ისინი დაამარცხა.[7]

სპარსეთში ლაშქრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 334 წლის მაისში ალექსანდრემ ჰელესპონტი გადაკვეთა თავისი არმიით. პლუტარქე[8] გვამცნობს, რომ ალექსანდრეს არმიის რაოდენობა სხვადასხვა წყაროების მიხედვით 34,000-დან 46,000 მეომრამდე მერყეობს.[9] მაკედონიაში ალექსანდრემ თავისი გენერალი ანტიპატრე დატოვა 12,000 ქვეითით და 1,500 კავალერისტით.[10]

კავკასიის ლაშქრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლის ცხოვრება აგვიღწერს ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობას კავკასიაში. ქართული მატიანეს გარდა არის სხვა უცხო წყაროები რომლებიც ამას ადასტურებენ:

  • რუფუს კვინტუს კურციუსი — თავის ნაშრომში არაერთხელ აქვს მოხსენიებული კავკასია. ასევე მეშვიდე წიგნის, მესამე თავის 19-23 სტროფებში წერს: „ჯარმა გადაიარა კავკასიის მთა 17 დღეში და მისადგნენ იმ მთას სადაც იყო პრომეთე მიჯაჭვული“[11][12].
  • იული სოლინი — გვიამბობს, რომ ალექსანდრე მაკედონელს დაემონებინოს აზია, სომხითი, იბერია, ალბანია... და ტავრის მთით გადაეკვეთს კავკაზი[13].

ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა ძვ.წ. 323 წელს, 32 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიაა გავრცელებული. მეცნიერები აცხადებდნენ, რომ მაკედონელი, შესაძლოა, მალარიას[14], პნევმონიას, მუცლის ტიფს[15] ან გილიან ბარის სინდრომს[16] ემსხვერპლა. ბერძენი მეცნიერი ფომა გერასიმიდისი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების მიზეზს 19 წელი სწავლობდა, მთავარ მიზეზად პანკრეონეკროზისგან გამოწვეულ სეფსისის ასახელებს.[17]

მნიშვნელოვანი თარიღები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალექსანდრე დიდი
იეროგლიფებში
სახელი
C12C1U21
N35
N36
პირადი სახელი
G1E23
V31
O34
M17N35
D46
D21
O34
  • ძვ. წ. 340: როდესაც ფილიპე II აჯანყების ჩასახშობად იყო წასული, ალექსანდრე მართავდა მაკედონიას. მას აუჯანყდა მაედი. მან აჯანყება ჩაახშო და ქალაქს ალექსანდროპოლისი დაარქვა.
  • ძვ. წ. 336: მოკლეს ფილიპე II და ალექსანდრე გახდა ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი.
  • ძვ. წ. 334: ივნისში, გრანიკოსის ბრძოლაში, მან დაამარცხა სპარსეთის ჯარი, სექტემბერში კი აიღო ჰალიკარნასი.
  • ძვ. წ. 333: ისოსის ბრძოლა. მან გადაჭრა გორდიას ნასკვი. ამავე წლის ნოემბერში დაატყვევა სპარსების სამეფო ოჯახი.
  • ძვ. წ. 332: 14 ნოემბერს იგი აღიარეს ეგვიპტის ფარაონად. მომდევმო წლის ზამთარში დაიწყო ალექსანდრიის მშენებლობა. 1 ოქტომბერს გავგამელის ბრძოლაში მან საბოლოოდ დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III. 21 ოქტომბერს ალექსანდრე შევიდა ბაბილონში.
  • ძვ. წ. 331: გავგამელის ბრძოლა. ალექსანდრემ მესამედ დაამარცხა დარიოსის ჯარი.
  • ძვ. წ. 330: მთლიანად დაიპყრო სპარსეთი.
  • ძვ. წ. 329: იგი შეიჭრა ცენტრალურ აზიაში. იქსარტეს ბრძოლაში მან დაამარცხა სკვითები.
  • ძვ. წ. 328: წარმატებით ჩაახშო სპიტამენესის აჯანყება მაკედონიაში.
  • ძვ. წ. 327: სიკვდილით დასაჯა სამეფო კარის მემატიანე კალისთენესი. ამავე წელს ალექსანდრემ დაიპყრო „სოგდიის კლდე“, აჯანყებულთა მთავარი ციხე. აგვისტოში იგი დაქორწინდა როქსანაზე, ბაქტრიელი მთავრის ოქსირატესის ასულზე. ამავე წლის ზაფხულში მან ინდოეთი დაიპყრო.
  • ძვ. წ. 326: ჰიდასპეს ბრძოლაში ალექსანდრემ მეფე პორუსი დაამარცხა. სექტემბერში ჯარმა მას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.
  • ძვ. წ. 325: ივლისში მან ინდოეთის ოკეანეს მიაღწია.
  • ძვ. წ. 324: ალექსანდრემ ქ. სუზაში გასცა ბრძანება, რომ ჯარისკაცებს ცოლად მოეყვანათ სპარსი ქალები. თვითონ კი დარიოს III-ის ქალიშვილზე - სტატირაზე იქორწინა. ივლისში მას ჯარი კვლავ აუჯანყდა ქალაქ ოპისთან. ოქტომბერში, ეკბატანაში, გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი ჰეფესტიონი (სავარაუდოდ ის მისი საყვარელიც იყო, მაგრამ ეს არც ერთი წყაროთი არ დასტურდება).
  • ძვ. წ. 323: ალექსანდრე დაბრუნდა ბაბილონში. 10 ივნისს იგი გარდაიცვალა.
ალექსანდრე მაკედონელი
დაიბადა: ძვ. წ. 356 გარდაიცვალა: ძვ. წ. 323
წინამორბედი:
ფილიპე II
მაკედონიის მეფე
ძვ. წ. 336—ძვ. წ. 323
შემდეგი:
ალექსანდრე IV და ფილიპე III არიდეოსი
წინამორბედი:
დარიოს III
სპარსეთის შაჰი
ძვ. წ. 330—ძვ. წ. 323
ეგვიპტის ფარაონი
ძვ. წ. 332—ძვ. წ. 323
წინამორბედი:
ახალი ტიტული
აზიის მეფე
ძვ. წ. 331—ძვ. წ. 323

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ალექსანდრე მაკედონელს მეგობრებმა ჰკითხეს, ოლიმპიურ თამაშებზე სირბილში ხომ არ მიიღებ მონაწილეობასო?

— „სიამოვნებით“ — მიუგო ალექსანდრემ — „თუკი ჩემი მოწინააღმდეგენი მეფეები იქნებიან“.

  • მაკედონიაში ხშირად მოდიოდა ამბავი, ფილიპემ ესა და ეს ქალაქი აიღო და კიდევ ერთ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვებაო. ალექსანდრე მაკედონელი ამ ამბებს მოღუშული ისმენდა და მეგობრებს ეუბნებოდა: „ყმაწვილებო, მამაჩემი ყველაფერს დაიპყრობს და მე აღარაფერს დამიტოვებს თქვენთან ერთად საგმირო და ბრწყინვალე საქმეები რომ ჩავიდინო“.
  • ქალაქ გორდიასში ეტლზე შეკრული იყო ძალზე დახლართული კვანძი, რომელსაც გორდიასის კვანძს ეძახდნენ. სჯეროდათ, რომ ვინც ამ კვანძს გახსნის, მთელი აზიის მბრძანებელი გახდებაო. ბევრი შეეცადა მის გახსნას, მაგრამ ამაოდ. ვერც ალექსანდრემ შეძლო ამის გაკეთება. მაშინ იძრო მახვილი და გაჭრა კვანძი.
  • უდაბნოში გადასვლისას მაკედონელი მეომრები წყურვილისგან იტანჯებოდნენ. მეფისათვის ცოტაოდენი წყალი იშოვეს. მან წყალი არ დალია და თქვა: „თუ მარტო მე დავლევ, ჩემი მხლებლები მხნეობას დაკარგავენ“.
  • ალექსანდრეს არ სწამდა თავისი ღმერთობა და არც ამაყობდა ამით. მისი ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ გავრცელებულ აზრს იგი იყენებდა როგორც საშუალებას სხვა ხალხების დასამორჩილებლად.
  • ალექსანდრე მაკედონელის საფლავს ამკობდა ეპიტაფია: „ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო“.
  1. პლუტარქე - ალექსანდრე, გვ.5
  2. ფოქსი, ალექსანდრეს ძიებაში, გვ. 68.
    * პლუტარქე,ალექსანდრეს ზეობა, გვ. 260
    * რენო, ალექსანდრე დიდის ბუნება, გვ. 47
    * ბოუსი,ალექსანდრე დიდის სტრატეგიის ხელოვნება, გვ. 43
  3. renault, The Age of Alexander, p. 47-49.
  4. 4.0 4.1 პლუტარქე - ალექსანდრე, გვ.7
  5. მაკკარტი, ალექსანდრე დიდი, გვ. 27.
    * პლუტარქე, ალექსანდრე, გვ.7
    * რენო, ალექსანდრე დიდის ბუნება, გვ. 59
    * ფოქსი,ალექსანდრეს ძიებაში, გვ. 71
  6. დიოდორე სიცილიელი, ისტორიის ბიბლიოთეკა, VIII ნაწილი (XVII წიგნი), გვ.123
  7. ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, გვ. 54
  8. პლუტარქე - ალექსანდრე, გვ. 10
  9. დიოდორეს მიხედვით არმია შეადგენდა 32,000 ქვეითსა და 4,500 კავალერისტს, ებოტის მიხედვით კი 30,000 ქვეითს და 5,000 კავალერისტს
  10. დიოდორე სიცილიელი, ისტორიის ბიბლიოთეკა, VIII ნაწილი (XVII წიგნი), გვ.167
    ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, გვ. 60
  11. 19. Оттуда войско отправилось к Кавказским горам, которые непрерывной цепью пересекают Азию. С одной стороны они подходят к морю у Киликии, с другой — к Каспийскому морю, реке Араксу и другим пустынным местам Скифии. 20. К Кавказу примыкают менее высокие горы Тавр; начавшись в Каппадокии, они проходят мимо Киликии и соединяются с горами Армении. 21. Так, сплетаясь между собой, эти хребты образуют непрерывную цепь; отсюда берут начало почти все реки Азии, впадающие как в Красное море, так и в Каспийское, в Гирканское и в Понт. 22. Войско перевалило через Кавказ за 17 дней. Там есть скала, имеющая в окружности 10 стадиев и в вышину более четырех, к которой, согласно древним преданиям, был прикован Прометей. 23. У подножия горы было выбрано место для основания города. 7 тысяч старейших македонцев и, кроме того, воины, уже негодные для военной службы, получили разрешение поселиться в новом городе. Жители назвали его также Александрией.
  12. Руф К.К. История Александра Македонского. — М.: Издательство МГУ, 1993.
  13. Ган. Известия древних греческих и римских писателей о Кавказе 1884, 145, 179
  14. „Disease, not conflict, ended the reign of Alexander the Great“. The Independent on Sunday. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  15. INTESTINAL BUG LIKELY KILLED ALEXANDER THE GREAT. University of Maryland Medical Center. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2011.
  16. „Why Alexander the Great May Have Been Declared Dead Prematurely (It's Pretty Gruesome)“. Live Science. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  17. „Greek Scientists Say Alexander the Great Died of Pancreatic Necrosis“. Greek Reporter. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)