შინაარსზე გადასვლა

მილეტის ალყა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილეტის ალყა
ალექსანდრეს სპარსეთის კამპანიის ნაწილი

მილეტის აღება, ანდრე კასტანის ნამუშევარი
თარიღი ივლისი,[1] ძვ. წ. 334
მდებარეობა მილეტი
შედეგი მაკედონელების გამარჯვება
მხარეები
მაკედონია სპარსეთის იმპერია
მეთაურები
ალექსანდრე დიდი
ჰეგისისტრატუსი
ძალები
160 ტრირემი
მაკედონელი მეომრები
400 ტრირემი
დაქირავებული ბერძნები
დანაკარგები
უცნობი, მაგრამ მსუბუქი მძიმე
1 ტრირემი
მილეტის ალყა ვიკისაწყობში

მილეტის ალყა (ბერძ. Πολιορκία της Μιλήτου) — ბრძოლა ალექსანდრე დიდსა და აქამენიდების იმპერიის არმიას შორის, რომელიც ქალაქ მილეტში გაიმართა ძვ. წ. 334 წლის ივლისში. ეს იყო ალექსანდრე დიდის პირველი ბრძოლა, რომლის ბედიც საზღვაო მოქმედებებმა განაპირობა. გრანიკოსის ბრძოლის შემდეგ ალექსანდრე თავისი არმიით მცირე აზიის დამორჩილებას შეუდგა. პირველი ქალაქი, რომელმაც მას წინააღმდეგობა გაუწია იყო მილეტი. მართალია გარნიზონის მეთაურმა ჰეგისისტრატუსმა ბრძოლის გარეშე დაუთმო მას ქალაქის გარე კედლები და ქალაქის ჩაბარებასაც აპირებდა, თუმცა როდესაც შეიტყო, რომ სპარსელების ფლოტი მილეტისკენ მოიწევდა, გადაწყვიტა ქალაქის დაცვა. ბერძნული ფლოტის მეთაურმა, ნიკანორმა სპარსელების გამოჩენამდე სამი დღით ადრე შეძლო მილეტის პორტში შესვლა და კუნძულ ლადეს დაკავება, რამაც საბოლოოდ განაპირობა ალყის ბედი. მაკედონიელებმა საალყო დანადგარების მეშვეობით ჩამანგრიეს კედლები, შეცვივდნენ ქალაქში და დესანტირდნენ ნავმისადგომებში. გარნიზონის წინააღმდეგობა ძლიერი არ გამოდგა და მაკედონელებს იქ გაბატონება არ გასჭირვებიათ. ალექსანდრემ გადარჩენილები შეიწყალა და ქალაქში დემოკრატია დაადგინა.

მილეტის ალყის დროს ნათამაშები უმნიშვნელოვანესი როლის მიუხედავად, ალექსანდრემ მის განკარგულებაში მყოფი ბერძნული ფლოტი დაშალა და ისინი, რამდენიმე ტრირემის გამოკლებით სამშობლოში დააბრუნა. ზოგიერთი ისტორიკოსი ამ მოქმედებას მიიჩნევს ერთ-ერთს ალექსანდრეს მცირეოდენი სამხედრო შეცდომებიდან, სხვები კი მას ბრძნულ სტრატეგიულ და ეკონომიკურ სვლად ნათლავენ. მილეტის აღების შემდეგ ალექსანდრემ განაგრძო სპარსეთში ლაშქრობა ჰალიკარნასის ალყით, რის შედეგადად ის ქალაქს და მთელ მცირე აზიას დაეპატრონა.

ძვ. წ. 334 წლის მაისში ალექსანდრე მაკედონელმა ჰელესპონტი გადაკვეთა 160 ტრირემით.[2] პლუტარქე[3] გვამცნობს, რომ ალექსანდრეს არმიის რაოდენობა სხვადასხვა წყაროების მიხედვით 34,000-დან 46,000 მეომრამდე მერყეობს.[4]

ალექსანდრემ მცირე აზიაში ბერძნული ქალაქების განთავისუფლება დაიწყო. შეიკრიბა საბჭო საბრძოლო გეგმის შესადგენად ქალაქ ზელეაში, რომელსაც სპარსელი მეთაურები და დაქირავებული ბერძენი, მემნონ როდოსელი ესწრებოდნენ.[5] სპარსელმა მეთაურებმა გადაწყვიტეს ალექსანდრესთან ბრძოლა გაემართათ.[6] ორი არმია ერთმანეთს მდინარე გრანიკოსთან დაუპირისპირდა, სადაც სპარსელებმა და მათმა მოკავშირე ბერძნებმა გამანადგურებელი დამარცხება იწვნიეს. ბრძოლის ველზე დაიღუპა სპარსელთა მეთაურობის უმეტესობა.

გრანიკოსის ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ ჯერ ფრიგიის სატრაპია დაიმორჩილა[7], შემდეგ კი ლიდიის სატრაპიის დედაქალაქი სარდისი, რომელიც ციტადელის მეთაურმა მითრინესმა ჩააბარა მაკედონელებს.[8] ალექსანდრე დიდის არმიამ ასევე აიღო დაქირავებული ბერძნების მიერ გამაგრებულები ეფესო.

მილეტის გეგმა ძვ.წ. IV საუკუნეში

მილეტის სპარსული გარნიზონის მეთაურმა ჰეგისისტრატუსმა ბრძოლის გარეშე დაუთმო მოწინააღმდეგეს ქალაქის გარე კედლები და მილეტის ალექსანდრესთვის ჩაბარებასაც აპირებდა, თუმცა შემდეგ, როდესაც შეიტყო, რომ სპარსელების ფლოტმა კარია დატოვა და მილეტისკენ მოიწევდნენ, გადაწყვიტა ქალაქის დაცვა.[9] მეფემ ქალაქთან ახლოს ბანაკი გაშლა და მილეტის კედლებზე ყოველდღიურად მცირე იერიშებს ახორციელებდა.[10] ჰეგისისტრატუსს იმედები გაუცრუვდა, რადგან ბერძნული ფლოტის მეთაურმა, ნიკანორმა სპარსელების გამოჩენამდე სამი დღით ადრე შეძლო მილეტის პორტში შესვლა და კუნძულ ლადეს დაკავება, სადაც გადასხეს თრაკიელები და სხვა 4,000 მეომარი.[11] სპარსელების ფლოტი მიკალეს მთასთან გაჩერდა. მილეტელების დელეგაცია გლაუკიპუსის მეთაურობით ცდილობდა დაერწმუნებინა ალექსანდრე რათა არ განეხორციელებინა ქალაქის შტურმი, და ჰპირდებოდნენ ნეიტრალიტეტს მის ომში სპარსელებთან, ისე რომ ქალაქის ნავსადგომში შესვლა ნებადართული იქნებოდა, როგორც მაკედონელებისთვის ისე სპარსელებისთვის, მაგრამ მეფემ მოითხოვა უსიტყვო კაპიტულაცია. მეორე დღეს მაკედონიელებმა საალყო დანადგარების მეშვეობით ჩამანგრიეს კედლები, შეცვივდნენ ქალაქში და დესანტირდნენ ნავმისადგომებში.[11][12] ნიკანორის ფლოტი, რომელსაც დაბლოკილი ჰქონდა მილეტის პორტი, არ აძლევდა საშუალებას სპარსელებს, რომ ქალაქში მყოფთ მიშველებოდნენ. გარნიზონის წინააღმდეგობა ძლიერი არ გამოდგა და მაკედონელებს იქ გაბატონება არ გასჭირვებიათ. მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა, ზოგმა კი გაქცევით უშველა თავს. მაგალითად სამასმა დაქირავებულმა ბერძენმა მეომარმა, რომლებთაც მილეტის მახლობელ კუნძულზე გადასვლა შეძლეს და იქ გამაგრებულიყვნენ სისხლის ბოლო წვეთამდე საომრად გამზადებულნი. ამით მოხიბლულმა ალექსანდრემ შეიწყნარა ისინი, იმ პირობით, რომ მის მხარეზე იბრძოლებდნენ.[13] მეფემ გადაწყვიტა გამოეჩინა სულგრძელობა, შეიბრალა ისინი ვინც გადარჩა ცოცხალი, და განაცხადა ქალაქში დემოკრატიული წყობის დამტკიცების შესახებ. მართალია მეფემ მილეტელების მიმართ გულმოწყალება გამოიჩინა, თუმცა ყველა სხვა მონად გაყიდა.[12]

საზღვაო მოქმედებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბერძნული ტრირემის რეკონსტრუქცია

მილეტის გარემოცვის დროს მიუხედავად იმისა, რომ სპარსელთა საზღვაო ძალი, რომელიც 400 გემისგან შედგებოდა მნიშვნელოვნად აღემატებოდა 160 ტრირემს, რომელიც მაკედონელების განკარგულებაში იყო, პარმენიონმა ალექსანდრეს ურჩია, რომ საზღვაო ბრძოლაში დაპირისპირებოდა მოწინააღმდეგეს. ის მიიჩნევდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მათ მნიშვნელოვნად გაუადვილდებოდათ დასახული მიზნების შესრულება, დამარცხება კი უმნიშვნელო იქნებოდა. მის თვითდაჯერებულობას ასევე განაპირობებდა წინასწარმეტყეველური მომასწავლებელი ნიშანი, კერძოდ ნაპირზე მჯდომი არწივი, რომელიც ბერძნული გემისკენ იხედებოდა. თუმცა ალექსანდრე მას არ დაეთანხმა, რადგან ის მიიჩნევდა, რომ საკუთარი გამოუცდელი საზღვაო ძალის დაპირისპირება ფინიკიელი და კვიპროსელი დისციპლინირებული მეზღვაურების წინააღმდეგ წინდაუხედავი ნაბიჯი იქნებოდა. ამასთან ის ფიქრობდა, რომ დამარცხება მნიშვნელოვნად ვნებდა მის პოზიციებს, განსაკუთრებით საბერძნეთში, სადაც აჯანყების საშიშროება არსებობდა. ალექსანდრემ წინასწარმომასწავლებელი ნიშნის სხვაგვარი ინტერპრეტაციას წარმოადგინა. მისი აზრით ნაპირზე მჯდომი არწივი ნიშნავდა, რომ ის სპარსულ ფლოტს, სახმელეთო ბრძოლაში გამარჯვებით დაიმორჩილებდა.[11][14]

მილეტის მდებარეობა

სპარსული ფლოტის გემები ყოველდღე დაცურავდნენ ბერძნული ფლოტისკენ მათ ღია ზღვაში გამოსატყუებლად. ღამეს კი მიკალეს მთასთან ათევდნენ, რაც მოუხერხებელი ადგილი იყო, რადგან წყლის მომარაგება უხდებოდათ მდინარე მეანდრიდან, რომელიც საკმაოდ დაშორებული იყო. მაშინ, როდესაც მილეტის ნავმისადგომს ბერძნულ ფლოტი იცავდა, ალექსანდრემ მიკალესკენ გაგზავნა ფილოტა კავალერიითა და ქვეითთა სამი დანაყოფით, იმისთვის, რომ სპარსელებისთვის იქ დესანტირების საშუალება არ მიეცათ. ამ მოქმედებამ ისინი აიძულა, რომ მარაგის შესავსებათ სამოსში წასულიყვნენ დაშემდეგ ისევ მილეტში დაბრუნებულიყვნენ, სადაც ისევ მაკედონელების ღია ზღვაში გამოტყუებას ცდილობდნენ. ერთხელ, სპარსული ფლოტის ხუთმა ტრირემმა გაცურა რეიდისკენ, ლადესა და ბანაკს შორის, მიუხედავად იმისა, რომ მათი ეკიპაჟის დიდი ნაწილი გემზე არ იმყოფებოდა. შენიშნეს თუ არა ეს მაკედონელებმა, ათმა ბერძნულმა გემმა მათკენ გაცურა, რასაც სპარსეული გემების გაქცევა მოჰყვა. გაქცევისას მხოლოდ ერთი გემი ჩავარდა მაკედონელების ხელში. ამის შემდეგ სპარსელებმა დატოვეს მილეტი.[15]

შემდგომი მოვლენელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის აღების შემდეგ ალექსანდრემ განაგრძო სამხედრო მოქმედებები აქემენიდური სპარსეთის წინააღმდეგ მცირე აზიაში. მათ შორის შემდეგი დაპირისპირება ჰალიკარნასში გაიმართა, რომლის ალყაც მაკედონელების გამარჯვებით დასრულდა. ამ ბრძოლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ალექსანდრე დიდს მცირე აზიის დამორჩილებაში ხელს ვეღარავინ შეუშლიდა.

მილეტში განხორციელებული მოქმედებების შემდეგ ალექსანდრემ ბერძნული ფლოტი გამოუყენებელ სამხედრო ძალად ჩათვალა, რომელიც დიდ ფინანსებს მოითხოვდა შენახვისთვის, თან მეტისმეტად პატარა იყო იმისთვის, რომ სპარსულ ფლოტს ღია ზღვაში დაპირისპირებოდა.[16] ამიტომ მან ფლოტი დაშალა რამდენიმე გემის გამოკლებით, რომელთაც საალყო დანადგარების ტრანსპორტირება ევალებოდათ. მათ შორის იყო ათენელების 20 გემი.[12] ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი ამ მოქმედებას მიიჩნევს ერთ-ერთს ალექსანდრეს მცირეოდენი სამხედრო შეცდომებიდან,[17] სხვები კი მას ბრძნულ სტრატეგიულ და ეკონომიკურ სვლად ნათლავენ.[18] ამის შემდეგ ალექსანდრემ საზღვაო მოქმედებები 6 თვის შემდეგ განაახლა მცირე ფლოტის შექმნით, რომელსაც ჰეგელოქუსი და ამფოტერუსი მართავდნენ.[19]

  1. ლივიუსი - სტატიები ძველი ისტორიის შესახებ, ალექასნდრე დიდი: ქრონოლოგია
  2. არიანე, 1.11.
  3. პლუტარქე - ალექსანდრე, გვ. 10
  4. დიოდორეს მიხედვით არმია შეადგენდა 32,000 ქვეითსა და 4,500 კავალერისტს, არიანესა და ებოტის მიხედვით კი 30,000 ქვეითს და 5,000 კავალერისტს
  5. არიანე - 1. 12
  6. დიოდორე სიცილიელი, ისტორიის ბიბლიოთეკა, VIII ნაწილი (XVII წიგნი), გვ.169
    არიანე, 1.12.9.
  7. ჯეიმზ ეშლი - მაკედონიის იმპერია: ფილიპე II-ისა და ალექსანდრე დიდის ომები, ძვ. წ. 359-323, გვ.203
  8. არიანე - 1.17
  9. ეშლი, გვ.203
  10. დიოდორე სიცილიელი, ისტორიის ბიბლიოთეკა, VIII ნაწილი (XVII წიგნი), 22, გვ.181
  11. 11.0 11.1 11.2 არიანე - 1.18.
  12. 12.0 12.1 12.2 დიოდორე, XVII, 22, გვ.181
  13. ჯონ უილიამსი - ალექსანდრე დიდის ცხოვრება და მოღვაწეობა, გვ.78
  14. უილიამსი - გვ.79
  15. არიანე - 1.19
  16. ჯონ მაქსველ ობრაიენი - ალექსანდრე დიდი: უხილავი მტერი: ბიოგრაფია, გვ. 65
  17. მაიკლ ბურგენი - ალექსანდრე დიდი: მსოფლიოს დამპყრობელი, გვ.43
  18. ვალდემარ ჰეკელი, ლოურენს ტრიტლი - ალექსანდრე დიდი: ახალი ისტორია, გვ. 31
  19. კურტიუსი, 3.1.19