პარმენიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პარმენიონი (ბერძნ. Παρμενίων) (დ. ძვ. წ. 400 - გ. ძვ. წ. 330) — მაკედონელი გენერალი, რომელიც მსახურობდა ფილიპე II-ის და ალექსანდრე დიდის მმართველობის ხანაში. მან ორივე მეფის კარზე წარმატებით შეძლო დაემკვიდრებინა თავი, როგორც მეფის მარჯვენა ხელად სამხედრო საქმეში.

წარმოშობით ის იყო მაკედონელი დიდებულის, ფილოტას შვილი. ფილიპე II-ის დაქვემდებარებაში ძვ. წ. 356 წელს მან დაამარცხა ილირიელები დიდ ბრძოლაში. ათი წლის შემდეგ გაანადგურა სტრატეგიული ქალაქი თესალიაში, ჰალოსი. ძვ. წ. 336 წელს ფილიპემ პარმენიონი გააგზავნა მცირე აზიაში 10,000 მეომრით. ამ არმიის დანიშნულება იყო მოემზადებინა პლაცდარმი მთავარი არმიისთვის, რომლითაც ფილიპე თავად აპირებდა აზიაში შეჭრას. თავდაპირველად ყველაფერი კარგად წარიმართა, თუმცა იმავე წელს ფილიპე II-ის სიკვდილის შემდეგ მაკედონელები მემნონ როდოსელმა მაგნეზიასთან დაამარცხა, შემდეგ კი უკან დაახევინა. ამის მიუხედავად არმია შეძლო აზიაში დარჩენა.

ძვ. წ. 334 წელს ფილიპეს მემკვიდრემ, ალექსანდრე დიდმა წამოიწუო მამამისის მიერ დაგეგმილი ლაშქრობა აქემენიდების სპარსეთის წინააღმდეგ, რითიც დაიწყო ალექსანდრეს სპარსეთის კამპანია. პარმენიონს კვლავ მნიშვნელოვანი როლი ეჭირა მაკედონელთა სამხედრო ძალაში. გრანიკოსის, ისოსის და გავგამელის ბრძოლების დროს ის არმიის მარცხენა ფლანგს მეთაურობდა. ძვ. წ. 330 წელს პარმენიონის შვილი, ფილოტა, რომელიც არმიის ელიტარულ რაზმს, ჰეტაირებს მეთაურობდა, ალექსანდრეს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა. შეთქმულება გამოაშკარავდა და ალექსანდრემ ფილოტა მოაკვლევინა. ამასთან ხალხი გაგზავნა ეკტაბანაში, სადაც პარმენიონი იმყოფებოდა, რომელმაც არაფერი იცოდა თავისი შვილის შესახებ და მათ დაავალა მოეკლათ ის იქამდე, საცამ ფილოტას შესახებ შეიტყობდა. გაურკვეველია მიუძღვოდა თუ არა ბრალი პარმენიონს ალექსანდრეს წინააღმდეგ შეთქმულებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]