ალექსანდრეს ბალკანეთის კამპანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრეს ბალკანეთის კამპანია
ალექსანდრე მაკედონელის ომების ნაწილი

მაკედონიის სამეფო ძვ. წ. 336 წელს
თარიღი ძვ. წ. 335
მდებარეობა თრაკია, ილირია, საბერძნეთი
შედეგი მაკედონიამ აღადგინა კონტროლი ბალკანეთზე
მხარეები
მაკედონია მრავალი
მეთაურები
ალექსანდრე დიდი მრავალი

ალექსანდრეს ბალკანეთის კამპანიაძვ. წ. 335 წლის სამხედრო შეტაკებათა სერია ალექსანდრე მაკედონელსა და მაკედონიის სამეფოს აჯანყებულ ვასალებს შორის. ამ წელს ალექსანდრე შეიჭრა თრაკიასა და ილირიაში, კონტროლი აღადგინა ბალკანეთზე და სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულ თებეს. ალექსანდრეს მხრიდან თებეს დასჯის მიზანი სხვა ანტი-მაკედონური ქალაქ-სახელმწიფოების გაფრთხილება და დაშინება იყო. ამ მოქმედებამ ასევე სამი ბერძნული ანგარიშგასაწევი ქალაქ-სახელმწიფოდან (სპარტა, ათენი და თებე) გამოთიშა თებე.

ბალკანეთში სიტუაციის მოგვარების შემდეგ ალექსანდრეს ხელ-ფეხი გაეხსნა იმისთვის, რომ წამოეწყო დიდი ხნის ნანატრი ლაშქრობა სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ. მალე მაკედონურმა არმიამ ჰელესპონტი გადალახა და მცირე აზიაში შეიჭრა, რითაც დაიწყო ალექსანდრეს სპარსეთის კამპანია.

სრული კამპანია ან მისი ცალკეული ნაწილები თავიანთ ნაშრომებში აღწერილი აქვთ პლუტარქეს, დიოდორეს და ფლავიუს არიანეს.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 336 წელს ფილიპემ მოაწყო თავისი შვილი, კლეოპატრასი, რომლის დედაც იყო ოლიმპიადა და ოლიმპიადასივე ძმის, ეპიროსის მეფის, ალექსანდრეს ქორწილი. ფესტივალი ეგიაში გაიმართა. ფილიპეს ამით ოლიმპიადას შემორიგება უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მკვლელმა, პაუსანიამ ის სიცოცხლეს გამოასალმა. ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა.[1] ფილიპეს სიკვდილის ამბავმა ბერძნების ყურამდეც მიაღწია და მათ კორინთოს კონგრესი გააუქმეს. ამას ალექსანდრეს მოქმედება მოჰყვა. თავისი არმიით ის ჯერ თესალიაში შევიდა, სადაც მის არმიას თესალიური მხედრობა შეუერთდა. შემდეგ დიპლომატიითა და დაშინებით აჯანყებებიც ჩაახშო. ბოდიშის მოხდა მოუწია ათენსა და თებესაც. ალექსანდრემ კორინთოს კონგრესი თავიდან მოიწვია, რომელსაც თითქმის ყველა ბერძნული პოლისი შეუერთდა, სპარტის გამოკლებით. ალექსანდრე კონგრესის ჰეგემონად გამოცხადდა.

თრაკია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკედონიის ფალანგები ჰემოსის მთის ბრძოლის დროს
ბალკანეთის რუკა

სანამ ალექსანდრე თავის მთავარ ჩანაფიქრს, აზიაში შეჭრას განახორციელებდა, მას მაკედონიის ჩრდილოეთი საზღვრებისთვისაც უნდა მიეხედა. ძვ. წ. 335 წლის გაზაფხულზე მან ჩრდილოეთით ლაშქრობა წამოიწყო. თავდაპირველად ის თრაკიაში შეიჭრა, რომ ტრიბალების და ილირიელების აჯანყება ჩაეხშო. აქ მას შეუერთდნენ ცოტაოდენი თრაკიელი მოკავშირეები.[2] ალექსანდრეს პირველი შეტეკება, როდოპის მთებში(ჰემოსის მთაგრეხილის, დღევანდელი სტარა-პლანინას ნაწილი), თრაკიელების გარნიზონთან მოუვიდა. თრაკიელებისა და სხვა ჩრდილოეთის ტომებისგან შემდგარი არმია მოწყობილიყვნენ ვიწრო ხეობაში. ციცაბო კლდის მწვერვალზე, იმ ადგილის თავზე, სადაც ალექსანდრეს არმიას უნდა გაევლო, მათ განლაგებული ჰქონდათ დატვირთული ვაგონები, რომლებსაც მაშინ დააგორებდნენ, როცა გზაზე ალექსანდრეს ჯარისკაცები გაივლიდნენ. ამის მიუხედავად, ალექსანდრემ წინსვლის ბრძანება გასცა. მან ჯარისკაცებს უბრძანა, რომ, როდესაც თრაკიელები ვაგონებს დააგორებდნენ, თუ ეს შესაძლებელი იყო, მათ მწკრივში უნდა გაეკეთებინათ ხვრელები, სადაც ვაგონებს გაატარებდნენ და საფრთხეს აირიდებდნენ. თუკი ეს შეუძლებელი იყო, ისინი უნდა დაწოლილიყვნენ მიწაზე, თავის დასაცავად ფარები გადაეფარათ და ვაგონები გადაეტარებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ზომებმა ზოგიერთი ჯარისკაცი ვერ იხსნა სიკვდილისგან, ვაგონების დაგორებამ არმიას მნიშვნელოვანი ზიანი ვერ მიაყენა. ამის შემდეგ არმიამ პირდაპირი იერიში მიიტანა თრაკიელებზე და დაამარცხა ისინი.[3]

ტრიბალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰემოსის მთაზე გამაგრებული თრაკიელების დამარცხების შემდეგ ალექსანდრე ტრიბალების ტერიტორიაზე შეიჭრა. მათი მეფე სარმუსი ალექსანდრეს შემოჭრას ელოდა და ამიტომ ქალები და ბავშვები კუნძულ პეუკეზე გახიზნა, თვითონ კი ალექსანდრეს წინააღმდეგ საბრძოლველად გაემზადა. ორი არმია ერთმანეთს მდინარე ლიგინუსისთან[4] დაუპირისპირდა. სარმუსმა თავისი არმია ტყეში განალაგა. ალექსანდრემ მშვილდოსნებს და მეშურდულეებს უბრძანა მოწინააღმდეგეს მიახლოებოდნენ და მათთვის მშვილდები და შურდულები დაეშინათ. ალექსანდრეს იმედი ჰქონდა, რომ ამ მანევრით ტრიბალებს ტყეებიდან გამოიტყუებდა. ასეც მოხდა. როდესაც ალექსანდრემ ეს შენიშნა, მაშინვე უბრძანა ფილოტას თავისი მაკედონელი მხედრებით ტრიბალების მარჯვენა ფრთისთვის შეეტია. მტრის მარცხენა ფლანგზე იერიში კი ჰერაკლიდესს და სოფოლისს მიანდო, რომელთა განკარგულებაშიც იყვნენ ბერძენი კავალერისტები. დანარჩენმა მხედრებმა და ფალანგებმა კი, რომელთაც თვითონ ალექსანდრე ჩაუდგა სათავეში მოწინააღმდეგის ცენტრს შეუტიეს. ტრიბალებმა მცირე ხნით შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა თითქმის მაშინვე, როდესაც ბრძოლაში ფალანგები ჩაებნენ, მათ გაქცევა დაიწყეს.[5] 3,000 ტრიბალი დაიღუპა. მაკედონელების მხარეს დანაკარგები კი 11 მხედარი და 40 ქვეითი იყო[6] სარმუსმა გაქცევა მოახერხა. ის გადარჩენილებთან ერთად პეუკეზე გადავიდა და გახიზნულებს შეუერთდა.

სამი დღის შემდეგ ალექსანდრე კუნძულსაც მიადგა. მან არმიის იქ გადასხმა სცადა, თუმცა მალე დარწმუნდა, რომ საკმარისი ფლოტი არ ჰყავდა და პეუკეზე გამაგრებულ ტრიბალებს თავი მიანება.

შეტაკება დუნაის ნაპირთან
ალექსანდრეს ბალკანეთის კამპანიის ნაწილი
თარიღი ძვ. წ. 335
მდებარეობა დუნაის ნაპირი
შედეგი მაკედონელების გამარჯვება
მხარეები
მაკედონია გეტები
მეთაურები
ალექსანდრე დიდი
ძალები
4,000 ქვეითი, 1,500 მხედარი 10,000 ქვეითი, 4,000 მხედარი[7]

გეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდეგ მაკედონელები გაემართნენ დუნაისკენ. მის მეორე ნაპირზე მათ ელოდა გეტების 14 ათასიანი არმია. ალექსანდრეს მდინარის მაშინვე გადალახვა უნდოდა, თუმცა ისევდაისევ ფლოტის სიმცირის გამო ვერ შეძლო ეს. ამიტომ მაკედონელებმა მორებისგან და მათი ტყავის კარვებისგან დაამზადეს ტივები. არმიამ, რომელიც შეიცავდა 4000 ქვეითს და 1500 მხედარს მდინარე ღამით გადალახა. მეორე დილას გეტები, რომლებიც მაკედონელების მდინარეზე გადასვლას კიდევ რამდენიმე დღე არ მოელოდნენ, რიცხვობრივი უპირატესობის მიუხედავად კავალერიის პირველივე შეტევისთანავე უწესრიგოდ გაიქცნენ ქალაქისკენ. მას შემდეგ კი რაც ალექსანდრე მათ ქალაქს მიუახლოვდა, ქალაქიდანაც გაიქცნენ და ის ალექსანდრეს დაუტოვეს.[8]

ამის შემდეგ მაკედონელებმა ქალაქი მიწასთან გაასწორეს და უკან გამოემართნენ. ალექსანდრეს მაშინვე ეწვია დესპანი სარმუსისგან, რომელიც ერთგულებას აღუთქვამდა მას.

ილირია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პელიუმის ბრძოლის ამსახველი რუკა

ალექსანდრემ თავისი არმია პეონიისკენ დაძრა, სადაც შეიტყო, რომ დარდანიის მეფე კლიტოსი და ტაულანტიელთა მეფე გლაუკიასი აჯანყებულიყვნენ. მის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილი აუტარიატელები, თუმცა ისინი ალექსანდრეს მოკავშირემ ლანგარუსმა დაამარცხა. მაკედონელებმა მაშინვე პელიუმს მიაშურეს, სადაც კლიტოსი გამაგრებულიყო. პირველივე ბრძოლის შემდეგ კლიტოსი ქალაქში შევიდა და ალექსანდრემაც ის ალყაში მოაქცია, თუმცა გლაუკიასის არმია შემოემატა ბრძოლის ველს. ისინი განლაგდნენ მთის ხეობაში მაკედონელების არმიის ზურგში და გაწყვიტეს ალექსანდრეს კომუნიკაციის ხაზი.[9] ფილოტა, რომელიც ალექასნდრემ აგზავნა სურსათის მოსამარაგებლად, გლაუკიასმა მახეში მოაქცია, თუმცა ის ალექსანდრემ იხსნა.[10]

ამის მიუხედავად ალექსანდრე ჯერ კიდევ ორ მრეტს შორის იყო მოქცეული. მეორე დილას მან არმია ტაულანტიელებისკენ დაძრა. მისი ბრძანებით მეომრებმა შეინარჩუნეს სრული სიჩუმე. შეტევას ტაულანტიელებმა ვერ გაუძლეს და უკან იქცნენ, თუმცა შემდეგ თავიდან გადაეწყვნენ და მტერს შეუტიეს. მაკედონელებმა შეტეცა მოიგერიეს, თუმცა უკან დაიხიეს. ორივე არმია გამოედევნა მათ, თუმცა მსუბუქი არტილერიის გამოყენებით ალექსანდრეს არმია დანაკარგების გარეშე გაეცალა მტერს.

ალექსანდრემ არმია რამდენიმე კილომეტრით უკან გადაანაცვლა და ამით გაქცევის იმიტაცია გაითამაშა. სამი დღის შემდეგ მისმა მზვერავებმა შეატყობინეს, რომ ილირიელები უკვე საგუშაგოებითაც კი აღარ იცავდნენ თავს. მაკედონელებმაც გადალახეს მდინარე და მტერს მოულოდნელად შეუტიეს. ილირიელები მალევე დაფრთხნენ და გაიქცნენ. ილირიელთა ბელადები ჯერ ქალაქში შევიდნენ, იქაურობა გადაწვეს, შემდეგ კი ტაულანტიელების მიწას შეაფარეს თავი. ცოტა ხნის შემდეგ კლიტოსი ალექსანდრეს დანებდა.[11]

თებე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექასნდრე დიდი თებეს დარბევისას. უკანა პლანზე მისი ჯარისკაცები ანადგურებენ ერთ-ერთ შენობას, მასთან მუხლმოდრეკილი თებელი ქალი კი პატიებას სთხოვს. ჩარლზ სტენტონის ნამუშევარი.

ალექსანდრეს ბალკანეთში კამპანიის დროს აცნობეს, რომ საბერძნეთში მის წინააღმდეგ აჯანყება მძვინვარებდა. აჯანყებულთა შორის გამოირჩეოდა თებე. მაკედონელები მაშინვე მისკენ გაიძრნენ და მალევე ქალაქთან დაბანაკდნენ. ბრძოლამდე ალექსანდრემ თებელებთან დაზავება სცადა, თუმცა უშედეგოდ. თებელებს კადმეას იზოლაციის მიზნით მის გარშემო ბარიკადები ჰქონდათ აღმართული, კადმეასა და ალექსანდრეს ბანაკის დამაკავშირებელ გზაზე კი ორი ჯებირი. პირველთან კავალერია იყო განლაგებული, მეორესთან კი 7,000 ჰოპლიტი. კიდევ 12,000 ქვეითი, რომელთა რიგებში ძირითადად გათავისუფლებული მონები შედიოდნენ, ქალაქის კედლებს იცავდნენ. ალექსანდრემ არმია სამ ნაწილად დაყო. ორი ჯებირების პირისპირ განალაგა, მესამე კი რეზერვში.

იერიში ჯებირებზე წამოიწყეს პერდიკასის ქვეითებმა ბრძანების გარეშ. მაკედონელებმა პირველი ჯებირი გაარღვიეს, თუმცა შემდეგ თებელების უპირატესობა გამოიკვეთა. ამიტომ ალექსანდრემ მთელი არმია ჩართო შეტევაში. ბერძნებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს და ქალაქისკენ გაიქცნენ. მათ კვალდაკვალ მიყვნენ მაკედონელებიც, რომლებაც მტერი საბოლოოდ ამფიონის გორაკთან გაანადგურეს.[12] [13][14]

ქალაქის აღების შემდეგ ის დაარბიეს. მაკედონელებმა კადმეას გამოკლებით მთელი თებე მიწასთან გაასწორეს. გადარჩენილი მოსახლეობა კი ტყვეებად გაყიდეს. ალექსანდრემ ჯამში 30,000 თებელი გაყიდა ტყვედ და აქედან შემოსავლად 440 ტალენტი ვერცხლიც ნახეს.[13][15] ქალაქის დარბევა და მის მიმართ გამოჩენილი შეუბრალებლობა ალექსანდრეს მხრიდან იყო სტრატეგიული მოქმედება, რომლის მიზანსაც სხვა ანტი-მაკედონური ქალაქ-სახელმწიფოების გაფრთხილება და დაშინება წარმოადგენდა. ამ მოქმედებამ ასევე სამი ბერძნული ანგარიშგასაწევი ქალაქ-სახელმწიფოდან (სპარტა, ათენი და თებე) გამოთიშა თებე.

შემდგომი მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თებეს განადგურებამ შედეგი გამოიღო. სპარტის გამოკლებით[13] ყველა ბერძნულმა ქალაქ-სახელმწიფომ, რომელთაც მაკედონელებს დახმარება არ გაუწიეს მაკედონელს ელჩები გაუგზავნეს და პატიება სხთოვეს. ბალკანეთში სიტუაციის მოგვარების შემდეგ ალექსანდრეს ხელ-ფეხი გაეხსნა იმისთვის, რომ წამოეწყო დიდი ხნის ნანატრი ლაშქრობა სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ. მალე მაკედონურმა არმიამ ჰელესპონტი გადალახა და მცირე აზიაში შეიჭრა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მაკკარტი, ალექსანდრე დიდი, გვ. 30-31.
    * პლუტარქე,ალექსანდრეს ზეობა, გვ.262-263
    * რენო, ალექსანდრე დიდის ბუნება, გვ. 61-62
    * ფოქსი,ალექსანდრეს ძიებაში, გვ. 72
  2. ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, გვ. 54
  3. ჯეიკობ ებოტი- ალექსანდრე დიდი, ნიუ იორკი და ლონდონი, 1902, თავი III (გვ.57 - გვ. 78)
    არიანე -ალექსანდრეს კამპანიები, გვ.44
    მარი რენო - ალექსანდრე დიდის ბუნება, გვ. 73
  4. შეფარდი მდინარეს მოიხსენიებს, როგორც ლინგინუსი
  5. არიანე - ალექსანდრეს კამპანიები, ნაწილი II, გვ.45-46
    შეფარდი - ალექსანდრე დიდი ომებში: მისი არმია - მისი ბრძოლები - მისი მტრები, გვ. 69
  6. არიანე წერს, რომ ეს რიცხვები თავის ნაშრომში მოხსენიებული აქვს პტოლემეოსს
  7. არიანე-ალექსანდრეს კამპანიები, გვ.47
  8. აგნეს სავილი - ალექსანდრე დიდი და მისი ეპოქა, გვ.11
    არიანე-ალექსანდრეს კამპანიები, გვ.45-48
    მარი რენო - ალექსანდრე დიდის ბუნება, გვ. 73-74
  9. ჯეიმზ ეშლი - მაკედონიის იმპერია: ფილიპე II-ისა და ალექსანდრე დიდის ომები, ძვ. წ. 359-323, გვ.172
  10. მარი რენო, ალექსანდრე დიდის ბუნება, გვ. 77
  11. ჯეიმზ ეშლი - მაკედონიის იმპერია: ფილიპე II-ისა და ალექსანდრე დიდის ომები, ძვ. წ. 359-323, გვ.173
  12. არიანე - ალექსანდრეს კამპანიები, VII თავი
  13. 13.0 13.1 13.2 ჯეიმზ ეშლი - მაკედონიის იმპერია: ფილიპე II-ისა და ალექსანდრე დიდის ომები, ძვ. წ. 359-323, გვ.178-179
  14. ბრძოლას განსხვავებულად აღწერს დიოდორე სიცილიელი
  15. დიოდორე სიცილიელი - ისტორიის ბიბლიოთეკა, წიგნი XVII, გვ. 159