ჰიდასპის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰიდასპეს ალყა)
ალექსანდრე მაკედონელი ხვდება ინდოელთა დატყვევებულ მეფე პორს. 1904 წლის რეპროდუქცია.

ჰიდასპის ბრძოლა (ძვ.წ. 326) — ალექსანდრე მაკედონელის უკანასკნელი ბრძოლა ინდოეთის მეფე პორთან მდინარე ჰიდასპზე (მდინარე ინდის შენაკადი). მაკედონიის არმიამ გაანადგურა ინდოელთა მეფე პორის არმია. მას შემდეგ, რაც პორი ტყვედ ჩავარდა, ალექსანდრეს მოკავშირე და ვასალი გახდა. ამ ბრძოლის შემდეგ, ალექსანდრემ შეწყვიტა თავისი ათწლიანი ძლევამოსილი ლაშქრობა აღმოსავლეთში. ის დაბრუნდა სპარსეთში, სადაც დაკავდა ახლადშექმნილი იმპერიის საშინაო საქმეებით.

პრეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ.წ. 334 წელს ალექსანდრე მაკედონელმა დაიწყო თავისი ლეგენდარული მოგზაურობა აზიაში. ძვ. წ. 331 წელს მან გავგამელას ბრძოლაში დაამარცხა აქემენიდების სპარსეთის იმპერია, რომელმაც იარსება დაახლოებით 200 წლის განმავლობაში. სპარსეთი ფაქტობრივად დაიშალა, თუმცა ამის შემდეგ ალექსანდრეს მოუწია ბრძოლა იმპერიის ყოფილ სატრაპებთან. როდესაც მთელი სპარსული მიწები მაკედონელის იმპერიას შეუერთდა, იგი ახალი მიწების დასაპყრობად აზიაში შეიჭრა. შეჭრიდან მერვე წელს ალექსანდრე მიადგა ბერძენთათვის ზღაპრულ სამყარო ინდოეთს. მისი გმირობების გამგონე წვრილი ინდოელი მთავრები უბრძოლველად უთმობდნენ ალექსანდრეს საკუთარ სამფლობელოებს. მთავრებს ამოძრავებდათ არა მარტო შიში ალექსანდრეს წინაშე, არამედ ინტერესიც, რომ მაკედონელის ბრძოლების ხარჯზე გაეფართოვებინათ თავიანთი მიწები და გაძლიერებულიყვნენ მოწინააღმდეგეებზე. მდინარე ინდის გადალახვისას ალექსანდრე მაკედონელი დაიძრა აღმოსავლეთისაკენ. ძვ. წ. 326 წელს ის მიადგა მდინარე ჰიდასპს (თანამედროვე ჯელუმი პაკისტანში), ინდის მსხვილ შენაკადს აღმოსავლეთის მხრიდან. ჰიდასპთან მას ელოდა მეფე პორი.

მოწინააღმდეგის ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიდასპის ბრძოლის ადგილი

მეფე პორი (სანსკრიტზე პურურავა) ყოფილი მოწინააღმდეგეებისაგან გამოირჩეოდა მიზანსწრაფულობითა და სიმამაცით. ყველა ანტიკური ავტორი ერთნაირად აღიარებს მის მეფურ აღნაგობას და ხასიათს — ის იყო სიმაღლით 2 მეტრი და ჰქონდა ტანის მკვრივი და ძლიერი აღნაგობა. სპილოზე ამხედრებული მეფე პორი მიდამოს ისე გასცქეროდა, როგორც ცხენზე ამხედრებული მხედარი. პორის არმია რიცხობრივად ვერ უტოლდებოდა სპარსულ არმიას, მაგრამ საკმაოდ ძლიერი და ბრძოლისუნარიანი იყო. არიანეს ცნობით, არმია შედგებოდა 30 000 ქვეითის, 4 000 ცხენოსნის, 300 მეეტლისა და 200 სპილოსსაგან. დიოდორეს ცნობით, მეფე პორს ჰყავდა 50 000 ქვეითი, 3 000 ცხენოსანი, 1 000 მეეტლე და 130 საბრძოლო სპილო. მეორე მხრივ, პლუტარქე გვაუწყებს ინფორმაციას მხოლოდ 20 000 ქვეითის, 2 000 ცხენოსნის შესახებ. არის კიდევ სხვა მონაცემებიც, რომელთა განხილვა გვაძლევს წარმოდგენას, რომ ლაშქრის რაოდენობრივი მონაცემები არაზუსტია, თუმცა არსებულ მონაცემთა შორის განსხვავებები მცირეოდენია.

ყველაზე მრისხანე ძალას ინდურ არმიაში ანტიკური ეპოქის ტანკები – სპილოები წარმოადგენდნენ. გავგამელას ბრძოლაში მაკედონელებმა სპარსელებს 15 სპილო წაართვეს, მაგრამ მრისხანე ცხოველებით ბრძოლის რეალური გამოცდილება მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ. მსუბუქად შეიარაღებული ინდოელთა ქვეითები ძირითადად ემსახურებოდნენ სპილოების გვერდიდან და ზურგიდან თავდასხმების მოგერიებას. მათ ძირითად შეიარაღებას წარმოადგენდა გრძელი შუბები. მემატიანეების თანახმად, ეტლებში შებმული იყო ოთხი ცხენი და მისი ეკიპაჟი შედგებოდა 6 კაცისგან, რომელთა შორის იყო ორი მეეტლე, ორი მშვილოსანი და ორი ფარის მატარებელი უშუალო ბრძოლებისათვის. სპარსელი მეეტლებისაგან განსხვავებით, ინდოელი მეეტლეები არ იყვნენ აღჭურვილი ისრებით, დანებითა და ბასრი საგნებით. ინდური კავალერია ყველა მონაცემის თანახმად, შეიარაღებით ჩამორჩებოდა სპარსულს.

თავისი მცირე საბრძოლო ძალების გარდა მეფე პორი ეყრდნობოდა მოკავშირის – ინდოელი მეფის აბისარის არმიას, რომელიც რიცხობრივად და შეიარაღებით მცირედ აღემატებოდა მეფე პორის ჯარებს.

წყაროები არაფერს გვამცნობენ ალექსანდრე მაკედონელის ჯარების რაოდენობაზე, მაგრამ არიანეს მიერ მაკედონელისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ერთეულების საფუძვლიანი ჩამოთვლის შემდეგ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ალექსანდრეს ძალები შეადგენდა დაახლოებით 8–10 ათას ცხენოსანს, 25–30 ათას ქვეითს, რომელთა შორის 5 ათასი წარმოადგენდა მოკავშირე ინდოელი მეფის, ტაქსილას სამხედრო ძალებს.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელსა და მეფე პორს შორის გამოირჩევა რთული სამხედრო მანევრებით, რომლის აღწერა ნათლად შეძლო სამხედრო საქმეში კარგად გათვითცნობიერებულმა არიანემ.

მდინარის გადალახვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე მაკედონელის მიერ მდ. ჰიდასპის გადალახვა
კავალერიის და ფეხოსნების კომბინირებული შეტევა

პორისა და ალექსანდრეს არმიებს წელიწადის ამ დროისათვის მეტად წყალუხვი და ძლიერი დინების მქონე, 4 სტადიუმის სიგანის მდინარე ჰიდასპი ჰყოფდა. მეფეთა ბანაკები ერთმანეთის პირისპირ იდგა. მდინარის გასწვრივ პორმა დამცავი რაზმები განალაგა, რომ დროულად გაეგოთ მაკედონელთა მოძრაობა და მდინარეში ჩამოსვლა. ალექსანდრე, თავის მხრივ, შეეცადა საფიქრალში ჩაეგდო მოწინააღმდეგე. მან თავისი რაზმები მდინარის გასწვრივ გააგზავნა მდინარის ხან ერთ ადგილას, ხან მეორე ადგილას გადაკვეთის იმიტირებისათვის, სანამ ინდოელებმა არ მოადუნეს მაკედონელთა მანევრებისაკენ მიმართული ყურადღება. ალექსანდრემ, ასევე, გაავრცელა ხმები, თითქოს ისინი დაელოდებოდნენ მდინარეზე ფორსირებისათვის წყლის დონის დაწევას.

როდესაც პორის მცველები დაიღალნენ, ალექსანდრემ გადაწყვიტა მდინარის გადაკვეთას შესდგომოდა. მან ჯარი სამ ნაწილად დაჰყო. ნაწილები 10 000 ჯარისკაცის რაოდენობით და 5 000 ინდოელი მოკავშირის ჩათვლით კრატერის მეთაურობით დატოვებულ იქნა პორის მოპირდაპირე ბანაკის ტერიტორიაზე იმ პირობით, რომ მათ მდინარის გადაკვეთა უნდა დაეწყოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც პორი იძულებული გახდებოდა უკან დაეხია და განსაკუთრებით, თავისი სპილოები გაეყვანა ბანაკიდან.

არმიის მეორე ნაწილს, 10 000 მეომრის ოდენობით, ებრძანა დაეწყოთ მდინარის გადაკვეთა ძირითადი ბანაკიდან 10–12კმ. დაშორებით, როდესაც პორი ჩაებმებოდა ალექსანდრესთან ბრძოლაში. თვით ალექსანდრე კი არმიის მე–3 ნაწილით ემზადებოდა შეუმჩნევლად გადაელახა მდინარე ბანაკიდან დაახლოებით 25 კმ–ით მოშორებული ფოთლოვანი ტყეებით დაფარული მთებითა და კუნძულით გარშემორტყმულ ადგილას. ალექსანდრეს ჩანაფიქრით ძალების ასეთი დაყოფა არ მისცემდა საშუალებას მეფე პორს, დაეზუსტებინა მდინარის გადალახვის მომენტში შემტევი ძალები.

ალექსანდრეს თან ახლდა რჩეული ჯარები: ცხენოსანთა ესკადრონი (დაახლ. 2 000) , ფარის მტვირთველთა კორპუსი, ფალანგის ორი პოლკი და მშვილდოსან ქვეითთა ლაშქარი. მდინარის გადაკვეთას, რომელიც ღამით განხორციელდა, კარგად ნიღბავდა კოკისპირული წვიმა. დილით გამოიდარა. ჰიდასპის გადალახვა წარმატებით განხორციელდა მანამ, სანამ მეფე პორის ვაჟი ინდოელთა მოწინავე ძალებით ადგილზე გამოჩნდებოდა.

ბრძოლის მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოელთა უფლისწული, მეფე პორის ვაჟი ბრძოლის ადგილას გამოცხადდა 2 000 ცხენოსნითა და 120 მეეტლით (პლუტარქე ასახელებს 2–ჯერ უფრო მცირე რაოდენობას). ალექსანდრე მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის მხედრებით ეკვეთა მათ. მთელი ღამის წვიმის გამო, ტალახში ამოსვრილ მეეტლეთა წინ წასვლა შეუძლებელი აღმოჩნდა, მაგრამ, ასევე, შეუძლებელი აღმოჩნდა მათი უკან დახევაც. ბრძოლაში დაიღუპა 400–მდე ინდოელი ცხენოსანი მხედარი, მათ შორის მეფე პორის ვაჟი, ხოლო მეეტლეთა მთელი ეკიპაჟი ტყვედ ჩავარდა.

მაშინ პორმა რამდენიმე სპილოს და არმიის მცირე ნაწილი დატოვა ბანაკში იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ ბანაკთან ახლოს მაკედონელთა მიერ მდინარის გადაკვეთა, ხოლო დანარჩენი მთელი ლაშქარი დაძრა ალექსანდრეს შესახვედრად. პორმა ინდოელთა ლაშქარი ასეთი წყობით განალაგა: წინა პლანზე ერთ ხაზად დააწყო საბრძოლო სპილოები მათ შორის თანაბარი ინტერვალებით, უკან განალაგა ინდოელთა ქვეითი ძალები, ცხენოსნები განალაგა ფლანგებზე, ხოლო ცხენოსნების წინ ჩააყენა მეეტლეები.

ალექსანდრემ გადაწყვიტა, არ დალოდებოდა თავისი ლაშქრის დანარჩენი ნაწილების მიერ მდინარის გადაკვეთას და შეეტია პორის ჯარებისათვის. ცხენოსანთა დარტყმა მან მიმართა მარცხენა ფლანგზე ინდოელ მხედართა წინააღმდეგ. მხედართმთავარმა კენმა შეუტია პორის მარჯვენა ფლანგს. თავდაპირველად, ცხენოსანმა მეისრეებმა ინდოელებს სეტყვასავით დააყარეს ისრები, ხოლო ალექსანდრემ თავისი ჯარებით ალყა შემოარტყა მარცხენა ფლანგს. სპილოებზე წინა მხრიდან შეტევა მაკედონელებმა ვერ გაბედეს. თავიანთი კავალერიის რიგებიდან მათ სწრაფად გამოიყვანეს მეეტლეები. პორის მხედრები მოექცნენ სპილოთა დაცვის ქვეშ, თუმცა ხელსაყრელ შემთხვევებში ერთვებოდნენ ბრძოლაში. სპილოთა მხედრებმა ცხოველები მიმართეს ალექსანდრეს ცხენოსნებისკენ, მაგრამ მაკედონელებმა შეძლეს მათი მოეგერიება. ბრძოლის მთელი სიმძიმე თავს დაატყდა მაკედონელთა ქვეით ლაშქარს. სპილოების ზურგს ამოფარებული ინდოელი ქვეითები ცდილობდნენ ინტერვალებიდან განეხორციელებინათ შეტევა. შეტაკება გადაიზარდა ხელჩართულ ბრძოლაში, სადაც გამარჯვება რჩება იმას, ვინც უკეთესად მართავს რაზმებს. მალე პორის არმია გადაიზარდა უზარმაზარი ბრბოს მასაში, რომელიც სპილოების ზურგს უკან ეძებდა თავშესაფარს, თუმცა ისინი სპილოებისაგან უფრო მეტად ზარალდებოდნენ, ვიდრე მოწინააღმდეგეთაგან. არიანე წერს, რომ თუ გარემო დიდი სივრცე იყო და მაკედონელებს შეეძლოთ სპილოებზე თავდასხმა, ცდილობდნენ სპილოების მოგერიებას, მაგრამ თუ სპილოები ახორციელებდნენ მათზე შეტევას, მაკედონელები გარბოდნენ და იფანტებოდნენ, თუმცა შეტრიალდებოდა თუ არა სპილო, მაკედონელები უთვალთვალებდნენ და სროდნენ ლითონის შუბებს. სპილოთა შორის მოძრავი ინდოელები კი განსაკუთრებულად ზარალდებოდნენ სპილოებისაგან.

მალე ცოცხლად გადარჩენილი სპილოები უკან გაბრუნდნენ. ალექსანდრემ ალყა შემოარტყა ინდოელთა მთელ ჯარებს, რომლებიც ვიწრო სივრცეში ვეღარ იშლებოდნენ. ამასობაში, მაკედონელებს წამოეშველა თავიანთი დასვენებული ჯარები, რომლებმაც მშვიდად გადმოლახეს მდინარე ჰიდასპი. მათ შეცვალეს 8–საათიან ბრძოლაში დაღლილი ალექსანდრეს მეომრები და შეუდგნენ ინდოელთა საბოლოო განადგურებას.

ალექსანდრე მაკედონელის მიერ ინდოელთა მეფე პორის განადგურება

ბრძოლის შედეგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოელთა მეფე პორი ბოლომდე იბრძოდა. რამდენიმე მოსაზრება არსებობს მის ტყვედ ჩავარდნასთან დაკავშირებით. ერთ–ერთი მოსაზრების თანახმად, პორი დაჭრილი, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. არიანეს თქმით, მხარში დაჭრილი მეფე დაარწმუნეს სპილოდან ჩამოსულიყო. არიანეს გადმოცემით, ალექსანდრე მაკედონელი პირველი მივიდა მასთან და ჰკითხა: რას ისურვებდა ის თავისთვის? პორმა უპასუხა: მომეპყარი მე, როგორც მეფეს, ალექსანდრე. ალექსანდრეს მოეწონა პასუხი: მე ამას გავაკეთებ ჩემი თავსთვის პორ, ხოლო შენ მთხოვე შენთვის ის, რაც შენთვის ძვირფასია. პორმა უპასუხა, რომ მის თხოვნაში დევს ყველაფერი. ალექსანდრეს ეს სიტყვები კიდევ უფრო მოეწონა. მან დაუბრუნა პორს ხელისუფლება და მის ძველ მიწებს მიუმატა სხვა სამფლობელოებიც.

არიანეს სიტყვით, ბრძოლაში დაიღუპა ინდოელ ქვეითთა 20 ათასამდე ლაშქარი, 3 ათასამდე მხედარი, მთლიანად განადგურდა მეეტლეთა კორპუსი, სპილოები დაიხოცნენ ან შეიპყრეს, დაიღუპა მეფე პორის ორი ვაჟი და ყველა მისი მთავარსარდალი. დიოდორე სიცილიელის აზრით, დაიღუპა 12 ათასი ინდიელი, პორის ვაჟებისა და საუკეთესო მხედართმთავრების ჩათვლით. კიდევ 9 ათასი ჩავარდა ტყვედ, აგრეთვე, შეპყრობილ იქნა 80 სპილო.

მაკედონელებმა განიცადეს მსუბუქი დანაკარგები. დიოდორეს გადმოცემით, 280 ცხენოსანი და 700–ზე მეტი ქვეითი. არიანეს აზრით, დაღუპულ მხედართა რაოდენობა 230–ს უტოლდება, თუმცა დაღუპულ ქვეითთა რაოდენობას მხოლოდ 80–ს ასახელებს.

ბრძოლის შემდგომ ალექსანდრე მაკედონელმა ბრძანება გასცა – არმიას ერთი თვე დაესვენა. ბრძოლის ადგილას დააარსა ქალაქი ნიკეა, ხოლო შემდეგ გაემართა უფრო აღმოსავლეთით. ზოგიერთი თავადი ნებით მიეახლებოდა ალექსანდრეს და ერთგულებას ეფიცებოდა, სხვებს ბრძოლით იმორჩილებდა. დაპყრობილ მიწებს ალექსანდრე გადასცემდა პორს მფლობელობაში. თუმცა მდინარე განგთან გაისმა რა უზარმაზარი არმიის შესახებ ინფორმაცია და გაიგონეს რა მაკედონელებმა ათასობით საბრძოლო სპილოს ხმა, უარი თქვეს თავიანთ მეფეს გაჰყოლოდნენ. ამდენად, მდინარე ჰიდასპის ნაპირებზე ბრძოლამ და მაკედონელთა პირველმა შეტაკებამ სპილოებთან შეაჩერა დიდი დაპყრობები აღმოსავლეთში. ამის შემდეგ, სპარსეთში უკან მიმავალ გზაზე ალექსანდრე იმორჩილებდა ტომებს. ჰიდასპის ბრძოლა აღმოჩნდა ალექსანდრე მაკედონელის ბიოგრაფიაში უკანასკნელი დიდი ბრძოლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]