შინაარსზე გადასვლა

რომის კათოლიკური ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომის პაპი ფრანცისკე

რომის კათოლიკური ეკლესია — ყველაზე მრავალრიცხოვანი აღმსარებლობა მსოფლიოში არსებულ რელიგიათა შორის. სხვა ქრისტიანული დენომინაციებისგან გამოირჩევა ინსტიტუციური ერთიანობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა კათოლიკე თავის ამქვეყნიურ მეთაურად მიიჩნევს რომის პაპს. 2018 წლის მონაცემებით კათოლიკეთა რიცხვი მსოფლიოში შეადგენს 1,329 მილიარდ ადამიანს, რაც მსოფლიოში ქრისტიანების 50,1 %-ია. კათოლიკეები მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ყველა ქვეყანაში არიან წარმოდგენილნი. კათოლიკეებს სწამთ, რომ ეკლესია დაარსებულია იესო ქრისტეს მიერ და თავად მეთაურობს მას. მათი რწმენით, ქრისტე მართავს ეკლესიას რომის პაპისა და ეპისკოპოსთა დასის მეშვეობით. ქრისტემ წმინდა პეტრეს, როგორც მოციქულთა მეთაურს, მიანდო, ყოფილიყო ეკლესიის პირველი მოძღვარი. მის შემდეგ კი მსახურებას ქრისტეს მეორედ მოსვლამდე გააგრძელებენ პეტრეს უშუალო და უწყვეტი მემკვიდრეები, რომის ეპისკოპოსები, ანუ პაპები. კათოლიკური ეკლესიის იერარქიას სათავეში უდგას რომის პაპი, ამჟამად ფრანცისკე, რომელიც ირჩევა კარდინალთა კოლეგიის მიერ. კარდინლების შემდეგ პასუხისმგებლობა აკისრიათ სხვადასხვა რანგის ეპისკოპოსებს.

სიტყვა „კათოლიკე“ ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს ყოვლის მომცველს, „საყოველთაოს“, „მსოფლიოს“. 1054 წელს მომხდარი დიდი სქიზმის, ანუ ქრისტიანული სამყაროს ორად გაყოფის შემდეგ „კათოლიკე ეკლესიის“ სახელწოდება შეინარჩუნა ქრისტიანული სამყაროს დასავლეთ ნაწილმა, რომელიც ექვემდებარებოდა რომის პაპს.

ნეტარი ავგუსტინე

კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმსახურებას აღავლენენ მღვდლები, დიაკვნები და ეპისკოპოსები. მღვდლები და დიაკვნები ეპისკოპოსთა დამხმარეები არიან. კათოლიკურ ეკლესიაში უმაღლესი ძალაუფლება გააჩნია რომის ეპისკოპოსს, ანუ პაპს. პაპის საბჭოს წარმოადგენს კარდინალთა კოლეგია და საეპიკოპოსო სინოდი. ადმინისტრაციულ აპარატს, რომელიც პაპს ემსახურება, ეწოდება კურია და ის სრულად იმყოფება ვატიკანის ტერიტორიაზე. კურია შედგება სახელმწიფო სამდივნოს, კონგრეგაციების, სასამართლოების, პაპისეული აკადემიებისა, საბჭოების და სხვა სამსახურებისგან. აქედან სახელმწიფო სამდივნო მაგალითად არის ვატიკანის საგარეო ურთიერთობებისთვის პასუხისმგებელი, ხოლო კონგრეგაციები, რომელთაც ვატიკანში მუდმივად მყოფი კარდინლები მეურვეობენ, უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებად ითვლებიან. პაპის კათედრასა და კურას ერთობლივად ეწოდება წმინდა საყდარი. წმინდა საყდარი საერთაშორისო სამართლის სუბიექტია. მის წარმომადგენლებს სხვა სახელმწიფოებში ეწოდება ნუნციუსი. პაპის შემდეგი ინსტანცია კათოლიკურ ეკლესიაში არის ეპისკოპოსთა კოლეგია. 2007 წლის 5 აპრილისთვის კოლეგიუმში იმყოფებოდა 184 კარდინალი, აქედან 108 საარჩევნო უფლებით ანუ 80 წელზე ახალგაზრდა.

რომის ეკლესია შედგება ცალკეული ადგილობრივი ეკლესიებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმითა და სტრუქტურით. ადგილობრივი ეკლესია შესაძლოა იყოს დიოცეზი, ანუ ეპარქია, ან მასთან გათანაბრებული პრელატურა, სააბატო, სავიკარიუსო, პრეფექტურა, ადმინისტრაცია, სამხედრო სამმართველო ან — აღმოსავლეთის ეკლესიებში — საექსარქოსო. რამდენიმე ეპარქია შესაძლოა გაერთიანებული იყოს მიტროპოლიაში, რომელსაც მეთაურობს მიტროპოლიტის ხარისხში მყოფი ეპისკოპოსი. ისტორიულად მნიშვნელოვანი, ან დიდი დიოცეზების მმართველები ატარებენ არქიეპისკოპოსის წოდებას, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, პატრიარქის ტიტულს. ეპისკოპოსთა მთლიანი რაოდენობა 4967-ს შეადგენს, ხოლო მღვდელთა რაოდენობა 405 067-ს (2001). პატრიარქების რაოდენობაც 13-ია, აქედან 3 ლათინური წესის საპატრიარქოების (ვენეცია, იერუსალიმი, ლისაბონი), ხოლო დანარჩენი 10 აღმოსავლური წესის საპატრიარქოებისაა. ზოგიერთი პატრიარქი ერთდროულად კარდინალიც შეიძლება იყოს. მთელი კათოლიკური საეკლესიო ცხოვრების წესი დარეგულირებულია ეკლესიის კანონიკური კოდექსით, რომელიც ბოლოს 1983 ორ წიგნად გამოიცა: ერთი კოდექსი არეგულირებს ლათინური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის წესებს, ხოლო მეორე აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის წესებს.

ეკლესიის საფუძველი ცალკეული საკრებულოა. საკრებულოს წინამძღვარია მღვდელი. ზოგიერთი საკრებულო გაერთიანებულია სადეკანოზოში, რომელსაც ხელმძღვანელობს დეკანოზი. კათოლიკური ეკლესია აერთიანებს სხვადასხვა ლიტურგიულ წესს. კათოლიკეთა უმრავლესობა ლათინური წესისაა, მაგრამ, ამასთანავე, რომის კთოლიკე ეკლესიას ეკუთვნიან აღმოსავლეთის წესის ეკლესიები: ძველი ასურული, სომხური, ბიზანტიური და ალექსანდრიული. რომის კათოლკურ ეკლესიაში ცალკე ჯგუფს ქმნიან სამღვდელო და საერო პირები, რომლებიც არიან სამონაზვნო ორდენების და კონგრეგაციების წევრები. ასეთი სტრუქტურები ხშირად არ ექვემდებარება ეპარქიას და ემორჩილება უშუალოდ რომის პაპს. ასეთი ცნობილი ორდენებია ბენედიქტელთა, ავგუსტინელთა, ფრანცისკელთა, დომინიკელთა, კარმელელთა, კამილელთა, იეზუიტთა, სალეზელთა და სხვა ორდენები.

შობა, სანდრო ბოტიჩელი, სანტა-მარია-ნოველა, ფლორენცია

კათოლიკეებს მიაჩნიათ, რომ ეკლესიის მოძღვრება ემყარება ღვთაებრივ გამოცხადებას. ჭეშმარიტეტები ღმერთის მიერ გამოცხადებულია ადამიანებისთვის და მათ აყალიბებს ეკლესია მოძღვრების სახით, გადასცემს მორწმუნეებს და იცავს მას. მოძღვრება ეფუძნება ასევე წმინდა წერილსა და წმინდა გადმოცემას. წმინდა წერილი, ანუ ბიბლია, შედგება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებისაგან, რომელთა ტექსტები შედგენილია ღვთაებრივი შთაგონებით. წმინდა გადმოცემა ნიშნავს გამოცხადების უწყვეტ გადაცემას ქრისტიანთა თაობიდან თაობაზე ღვთისმსახურებით, რელიგიური ტექსტებით, აღზრდით, საეკლესიო თხზულებების და საეკლესიო ხელოვნების მეშვეობით. წმინდა წერილიცა და წმინდა გადმოცემას განეკუთვნებიან გამოცხადებას. კათოლიკური რწმენით, გამოცხადების მისაწვდომად საჭიროა არა მხოლოდ წმინდა წერილი, არამედ წმინდა გადმოცემაც, რადგან სწორედ გადმოცემა შეიცავს ცნობებს იმის შესახებ, რომელიც წიგნები შეადგენენ წმინდა წერილს. გადმოცემა უზრუნველყოფს აევე წმინდა წერილის განმარტებისას თვითნებობის და თავისუფალი ინტერპრეტაციის არიდებას. კათოლიკური მოძღვრების თანახმად, რომის ეკლესია ისტორიის განმავლობაში უფრო ღრმად აცნობირებს გამოცხადებას. დროდადრო საეკლესიო მღვდელმთავრობა პაპისა და ეპისკოპოსთა სახით თავს იყრიან საეკლესიო კრებაზე და გარკვეულ დებულებებს აცხადებენ ჭეშმარიტებად. ასეთ ჭეშმარიტებას დოგმაა ეწოდება და მას უცდომლად აღიარებს მთელი კათოლიკე ეკლესია. კათოლიკე მოძღვრების თანახმად ეკლესია არ იგონებს ახალ დოგმებს, არამედ ცხადყოფს იმას, რაც ისედაც იგულისხმებოდა წმინდა წერილსა და გადმოცემაში. ეკლესიას დასაშვებად არ მიაჩნია დოგმათა გადახედვა და შეცვლა.

კათოლიკური სარწმუნოების მიხედვით სამყარო შექმნილი ღმერთის მიერ, რომელიც მართავს მას. ღმერთი, ამავე სარწმუნოების მიხედვით, არის ყოვლისშემძლე და ერთადერთი. ის იმდენად აღემატება ყოველივეს, რომ მიუწვდომელი რჩება ადამიანისთვის. ღმერთი არის სამართლიანი და მოწყალე. ღმერთი სიყვარულია. ღმერთი ერთიანი და სამპიროვანია. ღმერთი სამებაა, ხოლო სამების სამივე პირი — მამა, ძე და სულიწმინდა — ერთსულოვნად მონაწილეობენ ღმერთის გამოვლინებაში. კათოლიკე მოძღვრების მიხედვით მამა ღმერთი შობს ძეს, სულიწმინდა კი გამოდის მამისაგან და ძისაგან. ამავე დროს მამა ღმერთი არის სამების წყარო. ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლები არიან ანგელოსები. სამყაროს ქმნილებათა შორის ღმერთთან მსგავსებით გამოირჩევა ადამიანი. ის, თავდაპირველად, შექმნილი იყო ღმერთთან ნეტარი ცხოვრებისთვის, მაგრამ პირველმა ადამიანებმა ბოროთად ისარგებლეს თავისუფლებით და დააღვიეს აღთქმა, ჩაიდინეს პირველი ცოდვა, რაც ეშმაკის მიერ ცდუნებით იყო გამოწვეული. პირველ ცოდვას სასჯელად მოჰყვა სხვადასხვა ტანჯვა, მათ შორის სიკვდილის გარდუვალობა. კაცობრიიობის ისტორია ადამიანის ხსნის ისტორისაა. ისტორიის საფეხურებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღმერთის მიერ ისრაელის გამორჩევას. მაგრამ საუკუნეთა განმავლობაში ისრაელი ხშირად არღვევდა საღვთო მცნებებს. ღმერთმა კაცობრიობას მხსნელად მოუვლინა იესო ქრისტე, ძე ღვთისა, რომელიც გახდა მესია. ის იშვა ქალწულ მარიამისგან და განსხეულდა ადამიანის სახით. ამგვარად, კათოლიკეთა რწმენით, ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანია. მან შეძლო შეერიგებინა კაცობიობა ღმერთთან. ქრისტე ცხოვრების მანძილზე კურნავდა სნეულთ და მიუტევებდა ცოდვებს. ის სიკვდილით დასაჯეს, ჯვარს აცვეს. კვარცმით ქრისტე მსხვერპლად შეეწირა კაცობრიობის ხსნას. ქრისტემ აღდგომით გამოისყიდა ადამიანები ცოდვის ტყვეობისგან. მან საკუთარ მოწაფეებს, მოციქულებს მიანდო ქადაგება და მის მიერ მოტანილი ხსნის საყოველთაო გავრცელება. მათი საქმიანობის დასახმარებლად კი ამაღლების შემდეგ გამოუგზავნა სულიწმინდა. ამ დროიდან იწყებს ქვეყნად არსებობას ეკლესია.

ეკლესია ამქვეყნად აღავლენს ღვთისმსახურებას, რომლისგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია შვიდი საიდუმლო: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, აღსარება, ზეთისცხება, მღვდლობა და ქორწინება. ყოველი საიდუმლო დაწესებულია თავად ქრისტეს მიერ. ეკლესიური ცხოვრების გულისგულია ზიარება. ზიარების დროს მორწმუნეები იღებენ პურსა და ღვინოს, რომელიც, მათი რწმენით გადაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად. მისი მიღებით მორწმუნეები ეზიარებიან ქრისტეს. კათოლიკე ეკლესია სასურველად მიიჩნევს ზიარების მიღებას რაც შეიძლება ხშირად. კათოლიკე ქრისტიანის მოვალეობად მიიჩნევა მინიმუმ ყოველკვირეული ზიარება. ასევე სასურველადაა მიჩნეული ხშირი აღსარება და ცოდვათა მიტევება. კათოლიკე მოძღვრების თანახმად ხსნა მიიღწევა სამყაროს დასასრულს, როდესაც ქრისტე მეორედ მოვა ამქვეყნად, აღადგენს ყველა მკვდარს და განსჯის მათ. ამდენად, ადამიანის ცხოვრება ფიზიკური სიკვდილით არ სრულდება. ის სიკვდილის შემდეგ ან სამოთხეში დამკვიდრდება, ან დაინთქმება ჯოჯოხეთში, ან დროებით განსაწმენდელში გაემართება. სამოთხეში ადამიანის სული განიცდის ბედნიერებას და ეძლევა ღმერთის მუდმივი და უშუალო ჭვრეტის შესაძლებლობა. განსაწმენდელი, ანუ სალხინებელი სეთი მდგომარეობაა, სადაც სულს არ გააჩნია სრულყოფილი სიყვარულის უნარი და უნდა გაიაროს განწმენდის გზა უფალთან და ნაგელოსებთან მისაახლებლად. ჯოჯოხეთი სამუდამო მარტოობის მდგომარეობა და სიყვარულის უქონლობაა.

კათოლიკური ეკლესია აღიარებს წმინდანებს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქალწულ მარიამს. ის სარწმუნოების სახეა და მიჩნეულია ყველა ქრისტიანის დედად. 1854 წელს კათოლიიკურმა ეკლესიამ დოგმად გამოაცხადა მარიამის უბიწოდ ჩასახვა, ხოლო 1950 წელს დგომად გამოაცხადა მისი ზეცად აყვანა. ეს ორი დოგმა ხაზს უსვამს მარიამის როლს კათოლიკურ სარწმუნოებაში.

რომის კათოლიკური ეკლესია აღიარებს 21 მსოფლიო საეკლესიო კრებას და ეკლესიის 33 მოძღვარს. კათოლიკური მოძღვრების თანახმად რომის პაპი კათედრიდან საუბრის დროს უცდომელია. ეს დებულება დოგმად გამოცხადდა 1870 წელს. კათოლიკური ეკლესიის მიხედვით მოძღვრების გადმოცემა უნდა ემყარებოდეს თომა აქვინელის სწავლებას. კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება სრულად ჩამოყალიბებულია „კატეხისმოში“, რომელიც ბოლო 1992 წელს გამოიცა.

ფლორენციის საკათედრო ტაძარი

რომის კათოლიკურ ეკლესიას სხვადასხვა ლიტურგიული ტრადიციები აქვს. კათოლიკეთა უმრავლესობა მიეკუთვნება ლათინურ, ანუ რომაულ წესს. აღმოსავლური კათოლიკური ეკლესიების ლიტურგიული წესები არსებითად მისგან არ განსხვავდება. თავდაპირველად ლიტურგია აღესრულებოდა ლათინურ ენაზე, მაგრამ 1962-1965 წლების ვატიკანის II კრების შემდეგ დაშვებულ იქნა ღვთისმსახურება მრევლის მშობლიურ ენაზეც, რაც ამჟამად ჩვეულებრივი პრაქტიკაა. კათოლიკეთა უმეტესი ნაწილისთვის ლიტურგიული წლის საფუძველია გრიგორიანული კალენდარი, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის კათოლიკეები სარგებლობენ იულიუსის კალენდრითაც.

სოციალური სწავლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან რომის კათოლიკე ეკლესია აქტიურად მონაწილეობდა საერო ცხოვრებაში. კათოლიკური სოციალური მოძღვრება თავდაპირველად ემყარებოდა ნეტარი ავგუსტინეს სწავლებას, შემდეგ კი თომა აქვინელისას. საზოგადოების მოწყობის საფუძვლად კათოლიციზმი მიიჩნევს ინტეგრალურ პერსონალიზმს და სოლიდარობას, უპირისპირდება ტოტალიტარიზმს, ასევე თავკერძობასა და კონსიუმერიზმს. მისი მიხედვით ხელშეუვალია ადამიანის თავისუფალი ნება და მისი არჩევანი. კათოლიკური თვალსაზრისით, ცოდვით დაცემამ იმოქმედა ადამიანის ბუნებაზე, მაგრამ ვერ წაართვა ბუნებითი უფლებები და ღმერთსაც კი არ შეუძლია წაართვას ადამიანს თავისუფლება. კათოლიკური ეკლესია აღიარებს ადამიანის პიროვნების თავისუფლებასა და ღირსებას ჩასახვიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, შესაბამისად, ეწინააღმდეგება აბორტს. კათოლიკური მოძღვრების თანახმად ოჯახი ქალისა და მამაკაცის ქორწინებას უნდა ემყარებოდეს. კათოლიკური ეკლესიის სოციალური მოძღვრება შეჯამებულ წიგნად ბოლოს 2004 წელს გამოქვეყნდა.

ანტიოქიის აღება ჯვაროსნების მიერ, XIII საუკუნე

კათოლიკური ეკლესიის ისტორია იწყება მოციქულების ეპოქიდან. ან დროს დაიწყო ჩამოყალიბება ეკლესიის მოძღვრებამ, ლიტურგიამ, წყობამ. IV საუკუნემდე ეკლესიის ცხოვრებას განაპირობებდა მოწამეობრივი სულისკვეთება. ამ პერიოდში ქრისტიანობის გავრცელების ძირითადი არეალი იყო რომის იმპერია, რომელიც ახალ რელიგიას დევნიდა. 313 წლის მილანის ედიქტის შემდეგ დამყარდა მშვიდობიანი თანაცხოვრება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. მოწამეობას ჩაენაცვლა საეკლესიო მოღვაწეობა, დაიწყო სამონაზვნო ცხოვრების აყვავება. დასავლური მონაზვნობის ფუძემდებლად მიიჩნევა ბენედიქტე ნურსიელი, ხოლო დაფუძნების თარიღად 529 წელი. რომის იმპერიის ნგრევის კვალდაკვალ გამყარდა საეკლესიო მოძღვრება და წყობა აღმოსავლეთ საქრისტიანოში ამ დროს არ წყდებოდა თეოლოგიურ-დოგმატური კამათები, მაგრამ დასავლეთ საქრისტიანო კანონიკურად და სტრუქტურულად მოწესრიგებულად ვითარდებოდა.

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ჩამოყალიბდა პაპის ოლქი, როგორც ცალკე პოლიტიკური ერთეული, რომელსაც რომის ეპისკოპოსი ედგა სათავეში. მისი მხარდაჭერით 962 წელს დაარსდა საღვთო რომის იმპერია, სადაც გამოჯნული უნდა ყოფილიყო საერო და სასულიერო ხელისუფლება, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ამ ორს შორის ხშირად ღვივდებოდა კონფლიქტები. შუა საუკუნეებში ეკლესია წარმართავდა იმპერიის მოსახლეობის სულიერ ცხოვრებას, გაშალა ფართო სამისიონერო საქმიანობა, შეიტანა ევროპის ხალხებში კულტურული და სამეურნეო ჩვევები. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი ეკუთვნოდათ სამონასტრო ორდენებს. ბენედიქტელთა ორდენს XIII საუკუნეში მხარში ამოუდგა უპოვართა ორდენები, ფრანცისკელები და დომინიკელები. XI-XIII საუკუნეებში ეკლესიის ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ქრისტიანულ წმინდა ადგილთა გათავისუფლებას.

XI საუკუნეში დაიწყო დიდი სქიზმა, ანუ აღმოსავლეთის და დასავლეთის საქრისტიანოების განხეთქილება, რომელმაც 1054 წლიდან შეუქცევადი ხასიათი მიიღო. XIV საუკუნეში თითქმის 70 წლის განმავლობაში პაპების რეზიდენცია რომიდან გადატანილი იყო საფრანგეთის ქალაქ ავინიონში, რაც ავინიონის ტყვეობის სახელითაა ცნობილი. პაპის რომში დაბრუნებას მოჰყვა დასავლეთის დიდი განხეთქილება, როდესაც პაპის საყდარი ერთდროულად ორ ან სამ მღვდელმთავარს ეპყრო და ისინი ერთმანეთს არ აღიარებდნენ. შესაბამისად, დაყოფილი იყო ევროპული კათოლიკური ქვეყნები. 1417 წელს კონსტანცის საეკლესიო კრებაზე მოხერხდა განხეთქილების დაძლევა და კათოლიკური ეკლესია გაერთიანდა. 1439 წლის ფერარა-ფლორენციის კრებამ სცადა აღმოსავლურ და დასავლურ ეკლესიათა გაერთიანება, თუმცა უშედეგოდ. XVI საუკუნის დასაწყისში კათოლიკური ეკლესია აღმოჩნდა რეფორმაციის პირისპირ. რეფორმაციას სათავე დაუდო მარტინ ლუთერმა. დაიწყო ბრძოლა კათოლიკური მოძღვრების, სამღვდელოების, მონაზვნობის წინააღმდეგ. რეფორმაცია მოედო მთელ ევროპას და ბევრი ევროპული ქვეყნის მოსახლეობა ჩამოშორდა კათოლიკურ ეკლესიას. მოწვეულ იქნა ტრიენტის საეკლესიო კრება რეფორმაციაზე საპასუხოდ და კათოლიკური მოძღვრების მკაფიოდ ჩამოყალიბებისთვის. რეფორმაციას დაუპირისპირდა იგნატიუს ლოიოლას მიერ დაარსებული იეზუიტთა ორდენი.

„იგნატიუს ლოიოლას ხილვა“, პიტერ-პაულ რუბენსი, XVII საუკუნე

1789 წლიდან, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ დაიწყო სისხლიანი სეკულარიზაცია და კათოლიკური ეკლესიის დევნა, რაც შენელდა ნაპოლეონის იმპერატორობის დროს. ნაპოლეონის იმპერატორობის დროსვე შეწყდა საღვთო რომის იმპერიის არსებობა. ამის შემდეგ მწვავედ დადგა პაპის ოლქის არსებობის საკითხი. 1870 წელს იტალიის ჯარებმა დაკავეს რომი და გამოაცხადეს ის იტალიის დედაქალაქად. არსებობა შეწყვიტა პაპის ოლქმა. მან არსებობა განაგრძო 1929 წლიდან ვატიკანის სახით. ვატიკანმა კონკორდატების მეშვეობით დაამყარა ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებთან. XX საუკუნეში კატოლიკური ეკლესიის დევნა განხორციელბდა საბჭოთა კავშირში, აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტურ ქვეყნებში, რესპუბლიკურ მექსიკასა და ესპანეთში, მაოისტურ ჩინეთში. კათოლიკური ეკლესიის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1962-1965 წლების ვატიკანის II კრება, რომელიც იოანე XXIII-მ და პავლე VI-მ წარმართეს. პაპი იოანე პავლე II მკაფიოდ დაუპირისპირდა კომუნისტურ ბლოკს და წვლილი შეიტანა მის დანგრევაში. 2013 წლიდან კათოლიკურ ეკლესიას სათავეში უდგას პაპი ფრანცისკე.

(XVI საუკუნე)
(XI საუკუნე)
უნია


კათოლიკე ეკლესია საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში კათოლიკეთა რაოდენობა დაახლოებით 19,2 ათასს ადამიანს (მოსახლეობის 0,5 %) შეადგენს. კათოლიკური ტაძრები და საკრებულოები მოქმედებს თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, კახეთში, სამცხეში (უდე, არალი, აბასთუმანი, ახალციხე). კათოლიკეებმა ღირსშესანიშნავ კვალი დაამჩნიეს ქართულ კულტურას, მათი მეურვეობით რომში დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნები: ქართულ-იტალიური ლექსიკონი, ქართული ენის გრამატიკა, ლორეტას ლიტურგია. მათ პირველებმა ჩაწერეს ქართულ ზღაპრები, შეადგინეს ქვეყნის სხვადასხვაგვარი აღწერილობაა და სხვ.