სილვესტერ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სილვესტერ I

სილვესტერ I (სილიბისტრო) (ლათ. Silvester; დ. უცნობია, რომი, იტალია — გ. 31 დეკემბერი 335, რომი, იტალია) — რომის პაპი 314–335 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილვესტერი რომში დაბადებულა, ღრმადმორწმუნე ქრისტიანების, რუფინისა და იუსტას ოჯახში. მამა მას მალე გარდაეცვალა და დაქვრივებული დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. იაკობ ვორაგოელის ნაშრომის „ლეგენდა აურეას“ მიხედვით მას ავადმყოფობისგან განუკურნია იმპერატორი კონსტანტინე დიდი, რომლისგანაც მადლიერების ნიშნად მიუღია ე. წ. „კონსტანტინეს ნაბოძვარი“ (ლათ. Patrimonium Petri).

მღვდელმთავარი სილვესტერი განთქმული იყო წმინდა წერილის ცოდნითა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურყეველი ერთგულებით. იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს, როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, იუდეველებმა გამართეს დისპუტი ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ: მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე, მისი დედა – დედოფალი ელენე და მრავალი დიდებული. ქრისტიანთა მხრიდან კამათში მონაწილეობდა პაპი სილვესტერი, იუდეველთაგან კი – მრავალი სწავლული რაბინი ცნობილი მაგის და ჯადოქარ ზამბრის მეთაურობით. ძველი აღთქმის წიგნებზე დაყრდნობით წმინდა პაპმა დამაჯერებლად დაადასტურა, რომ ყველა წინასწარმეტყველი წინასწარ ჭვრეტდა იესო ქრისტეს შობას წმინდა ქალწულისაგან, მის ნებსით ჯვარცმას, ვნებასა და სიკვდილს დაცემული ადამის გამოსასყიდლად და ბრწყინვალე აღდგომას. წმინდა სილვესტერი გამარჯვებულად სცნეს ამ სიტყვიერ ჭიდილში. მაშინ ზამბრი შეეცადა, ჯადოთი მოეხიბლა მღვდელმთავარი, ის კი იესო ქრისტეს წმინდა სახელის მოხმობით იგერიებდა მოძალებულ ბოროტს. უღონოქმნილმა მაგმა სხვა იუდეველებთან ერთად ქრისტეს ძლიერება ირწმუნება და ნათლისღება ითხოვა.

მეორე დიდი მოვლენა სილვესტერის მღვდელმთავრობის დროს იყო ნიკეის საეკლესიო კრების მოწვევა 325 წელს, რომელშიც პაპს თვითონ მონაწილეობა არ მიუღია.

წმინდა პაპი სილიბისტრო რომის ეკლესიას ოცზე მეტი წლის განმავლობაში განაგებდა და ქრისტიანთა ღრმა პატივისცემით სარგებლობდა. იგი მშვიდობით მიიცვალა 335 წელს.

კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. წმინდანადაა შერაცხილი ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდა პაპ სილიბისტროს სახელწოდებით (ხსენების დღე არის ძველი სტილით 2 იანვარი, ახალი სტილით - 15 იანვარი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, გვ. 12-13, თბილისი, 2001
წინამორბედი:
მილტიადე
რომის პაპი

314335
შემდეგი:
მარკოზი