შინაარსზე გადასვლა

ფრანცისკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უწმიდესი რომის პაპი
ფრანცისკე
პაპი ფრანცისკე 2014 წელს
დროშა
დროშა
266-ე რომის პაპი
13 მარტი, 2013 — 21 აპრილი, 2025
არჩევა: 13 მარტი, 2013
ინტრონიზაცია: 19 მარტი, 2013
ეკლესია: რომის კათოლიკური ეკლესია
წინამორბედი: ბენედიქტე XVI
მემკვიდრე: ლეო XIV
 
დაბადების სახელი: ხორხე მარიო ბერგოლიო
ორიგინალი
დაბადების სახელი:
Jorge Mario Bergoglio
დაბადება: 17 დეკემბერი, 1936
ბუენოს-აირესი, არგენტინა
გარდაცვალება: 21 აპრილი, 2025 (88 წლის)
ვატიკანი
კარდინალი: 21 თებერვალი, 2001
 
ხელმოწერა:

ფრანცისკე (ლათ. Franciscus; ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო, ესპ. Jorge Mario Bergoglio; დ. 17 დეკემბერი, 1936, ბუენოს-აირესი — გ. 21 აპრილი, 2025, ვატიკანი) — რომის 266-ე[1] პაპი 2013 წლის 13 მარტიდან 2025 წლის 21 აპრილამდე. წარმოადგენდა კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სუვერენული სახელმწიფოს მეთაურს. სახელი „ფრანცისკე“ აიღო წმინდა ფრანცისკე ასიზელისგან. იგი პირველი იეზუიტი პაპი იყო, ასევე პირველი ამერიკის სუბკონტინენტიდან და პირველი სამხრეთ ნახევარსფეროდან. გარდა ამისა, იყო მეორე არაევროპელი პაპი სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ (პაპი 731-741 წწ.)

პაპად არჩევამდე, იყო კათოლიკური ეკლესიის არგენტინელი კარდინალი; 1998 წლიდან მსახურობდა ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსად, 2001 წლიდან კი კარდინალად.

ხორხე ბერგოლიო[2] ბუენოს-აირესში დაიბადა, იტალიელი იმიგრანტების, რკინიგზის მუშაკისა და მისი ცოლის ხუთშვილიან ოჯახში.[1] ბუენოს-აირესის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ვილია-დევოტოს სემინარიაში.[3] 1958 წლის 11 მარტს „იესოს საზოგადოებაში“ შევიდა. სან-მიგელის მასიმო სან-ხოსეს კოლეჯში ბერგოლიომ მიიღო ლიცენციატის ხარისხი ფილოსოფიაში; ამის შემდეგ, სანტა-ფეს ლამაკულადის კოლეჯსა და ბუენოს-აირესის სალვადორის უნივერსიტეტში შეისწავლა ლიტერატურა და ფსიქოლოგია.[4]

პაპობის წინა კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წლის 13 დეკემბერს არქიეპისკოპოსმა რამონ ხოსე კასტელიანომ აღკვეცა ბერ–მონაზვნად. პარალელურად იგი სწავლას განაგრძობდა სან-მიგელის სემინარიაში, ფილოსოფიისა და თეოლოგიის ფაკულტეტებზე. აქვე მან თეოლოგიის პროფესორის ხარისხი მიიღო. 1980 წელს ის ამ სემინარიის რექტორი გახდა. პოსტზე 1986 წლამდე მუშაობდა. სადოქტორო დისერტაცია ბერგოლიომ გერმანიაში დაიცვა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კორდობაში მოძღვრად დაიწყო მსახური.

1998 წლის 28 თებერვალს კარდინალ ანტონიო კარასინოს მემკვიდრედ დასახელდა. სტატუსი ოფიციალურად 2001 წლის 21 თებერვალს, ვატიკანში, პაპმა იოანე პავლე II-მ უბოძა.

ვიზიტი საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში რომის პაპი ფრანცისკე საქართველოში იმყოფებოდა. მისი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით შედგა. 30 სექტემბერს პაპ ფრანცისკეს შეხვედრები ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სტუმრობდა მის უწმიდესობასა და უნეტარესობას ილია II-ს, სადაც ორივე მხარემ შესაბამისი სიტყვა წარმოსთქვა. პატრიარქი ილია II:

ვიკიციტატა
„ყველასათვის ცნობილია, რომ რომის ეკლესია დააარსა წმ. პეტრე მოციქულმა, საქართველოს ეკლესია კი, – წმ. ანდრია პირველწოდებულმა; პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ და ჩვენც განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და გვმართებს.[5]

პაპი ფრანცისკე:

ვიკიციტატა
„სამოციქულო ქადაგებაში, განსაკუთრებით კი ანდრია მოციქულში ფესვგადმულ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და პეტრე მოციქულის მოწამეობაზე დაფუძნებულ რომის ეკლესიას დღეს აქვთ მადლი სამოციქულო ძმობის სიმშვენიერის განახლებისა, იესო ქრისტეს სახელითა და მის სადიდებლად.[6]

შემდეგ პაპს შეხვედრა ჰქონდა ასირიულ-ქალდეურ საკრებულოსთან. 1 ოქტომბერსს მისმა უწმიდესობა ფრანცისკემ წმიდა წირვა აღავლინა მიხეილ მესხის სახელობის თბილისის ლოკომოტივის სტადიონზე. შეხვდა მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებს, ხოლო კამილიელთა ცენტრში ეკლესიის საქველმოქმედო საქმიანობის ბენეფიციარებსა და მუშაკებს.[7]

რომის პაპი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ეწვია მცხეთას და მოინახულა სვეტიცხოვლის საკათედროს ტაძარი, რომელშიც საეკლესიო ტრადიციით უდიდესი ქრისტიანული საუნჯეები ინახება.

რომის პაპმა საქართველო 2 ოქტომბერს დატოვა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რომის პაპის ვიზიტს ისტორიული უწოდა.[8]

პაპად არჩევა და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 28 თებერვალს პაპმა ბენედიქტე XVI-მ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ის ტოვებდა პაპის პოსტს და რომ კონკლავი მალე ახალ პაპს აირჩევდა, რაც ისტორიაში მეორე შემთხვევა იყო, როცა რომის პაპმა თანამდებობა გარდაცვალებამდე დატოვა. კარდინალები პაპის გადადგომიდან მალევე, 2013 წლის 12 მარტს შეიკრიბნენ და ახალ პაპად ფრანცისკე 13 მარტს აირჩიეს.

ვატიკანის ისტორიაში პირველად თითქმის ათწლეულის განმავლობაში 2013 წლის 13 მარტიდან, 2022 წლის 31 დეკემბრამდე, ბენედიქტე XVI-ის გარდაცვალებამდე, ვატიკანში ერთდროულად ორი პაპი ცხოვრობდა და ისტორიაში პირველად, გარდაცვლილი პაპის დაკრძალვის ცერემონიას მოქმედი პაპი ესწრებოდა.

პაპად არჩევის შემდეგ, ფრანცისკემ ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა და ვატიკანის რეზიდენციაში მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი და თანამდებობის პირი მიიღო, მათ შორის იყვნენ: აშშ-ის პრეზიდენტები — ბარაკ ობამა, დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენი, ინგლისის დედოფალი ელისაბედ II, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სხვ.

2022 წლიდან პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მას შემდეგ ის გადასაადგილებლად ეტლს იყენებს, 2021 და 2023 წელს პაპს ოპერაციები ჩაუტარდა, 2025 წლის თებერვალში კი ბრონქიტის მკურნალობის გასაგრძელებლად ის საავამყოფოში გადაიყვანეს. 2025 წლის 21 აპრილს ვატიკანის წარმომადგენელმა პაპის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.[9]

  • წმიდა მამა ფრანცისკეს სამოციქულო ექსჰორტაცია. სახარების სიხარული. საქართველოში ვიზიტის გახსენება ერთი წლის შემდეგ. გამომცემლობა ,,უნივერსალი", თბილისი, 2017.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Rice-Oxley, Mark (13 March 2013). „Pope Francis: the humble pontiff with practical approach to poverty“. The Guardian (UK). ციტირების თარიღი: 13 March 2013.
  2. Jorge Bergoglio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-27. ციტირების თარიღი: 2013-03-13.
  3. Rocca, Francis X. (March 13, 2013) Cardinal Jorge Bergoglio: a profile. Catholic Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 15, 2013. ციტირების თარიღი: March 13, 2013.
  4. „Pope Francis I: Cardinal Jorge Mario Bergoglio named new Pope“. Baltimore News Journal. 13 March 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 13 March 2013.
  5. პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა[მკვდარი ბმული]
  6. რომის პაპის მისასალმებელი სიტყვა[მკვდარი ბმული]
  7. პაპის ვიზიტის პროგრამა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-08. ციტირების თარიღი: 2016-10-02.
  8. პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა[მკვდარი ბმული]
  9. რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
წინამორბედი:
ბენედიქტე XVI
რომის პაპი

2013-2025
შემდეგი:
ლეო XIV