კათოლიციზმი საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კათოლიციზმი საქართველოში ან კათოლიკური ეკლესია საქართველოში — რომის მსოფლიო კათოლიკური ეკლესიის ნაწილი. კათოლიკეთა რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 50 ათასს ადამიანს (2 % საერთო მოსახლეობის რიცხვიდან) შეადგენს. კათოლიციზმი საქართველოში წარმოდგენილია რომაულ-კათოლიკური და სომხური კათოლიკური ეკლესიის მორწმუნეთა მიერ. ქართველ კათოლიკეთა უმრავლესობა ძირითადად ცხოვრობენ დიდ ქალაქებში და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულ წყაროთა თანახმად, ქართველების სარწმუნოებრივი კავშირი რომთან ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებისთანავე მყარდება: წმინდა ნინო, მეფე მირიანი და მთელი ქართველი ერი იღებს კურთხევის წერილს რომის პაპის სილვესტერ I-საგან, რომელიც მცხეთაში ვინმე „ბრანჯი“ მთავარდიაკონს ჩამოუტანია.

XIII საუკუნის საქართველოში მოღვაწეობას იწყებს ლათინური წესის სამღვდელოება. 1328 წელს კი პაპმა იოანე XXII დააფუძნა თბილისის ლათინური წესის საეპისკოპოსო. კათოლიკეებმა ღირსშესანიშნავ კვალი დაამჩნიეს ქართულ კულტურას: კერძოდ მათი მეურვეობით რომში იბეჭდება პირველი ქართული წიგნები - ქართულ-იტალიური ლექსიკონი, ქართული ენის გრამატიკა, ლორეტას ლიტურგია. ისინი პირველად ჩაიწერენ ქართულ ზღაპრებს, შეადგენენ ქვეყნის სხვადასხვაგვარ აღწერილობას და სხვ. 1391 წელს თბილისის ეპისკოპოსად დაინიშნა ლეონარდო ვილაკოელი. XV საუკუნეში თბილისის ეპისკოპოსი იყო ვინმე ივანე, რომელიც 1425 წელს გარდაიცვალა და მის ნაცვლად ეპისკოპოსად პაპმა მარტინ V-მ დანიშნა ივანე სანკტემიქაელელი.

[XIX საუკუნე|XIX]] საუკუნის დასაწყისიდან, საქართველოს რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, კათოლიკე მოღვაწეთა საქმიანობა უფრო მეტად კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროსკენ გადაიხარა. შენდება ტაძრები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში. ბოლშევიკების დროს კათოლიკებმა დიდი დევნა განიცადეს: განადგურდა კათოლიკე სამღვდელოება, 60 ტაძრიდან მოქმედებდა მხოლოდ ერთი - თბილისში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დროს დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობანი წმინდა საყდარსა (ვატიკანს) და საქართველოს შორის. 2000 წ. ეპისკოპოსად იქნა ხელდასმული მღვდელი ჯუზეპე პაზოტო. ამოქმედდა ტაძრები და საკრებულოები თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, გურიასა და კახეთში. ამჟამად საქართველოში მოღვაწეობს კარმილელთა ორდენი, სტიგმელთა კონგრეგაცია, დედა ტერეზა კალკუტელის მოწყალების ორდენი, სალეზელთა საზოგადოება და სხვ. შეიქმნა საქველმოქმედო კათოლიკური ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასი“, თბილისის კათოლიკური საავადმყოფო „კაცთა მაცხოვარი“ , დაარსდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტი. იბეჭდება საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე „საბა“, აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობის ჟურნალი „დიალოგი“. კათოლიციზმს იზიარებს ამჟამად საქართველოში დაახლოებით 50 ათასი ადამიანი.

სიტუაცია აფხაზეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოხუმში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს ერთადერთი კათოლიკური მრევლი, რომელიც ემორჩილება კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატურას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]