შინაარსზე გადასვლა

ზიარება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაზიარებელი ქრისტე, ვინსენტე ხუან მასიპი, XVI საუკუნე

ზიარება, ევქარისტიაქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო — მორწმუნის მიერ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება. საგანგებო ღვთისმსახურების — წირვის დროს, პური და ღვინო სიმბოლურად ქრისტეს ხორცად და სისხლად იქცევა, რომლის მიღებით მორწმუნე ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება და ცოდვებისაგან იწმინდება, რათა საიქიოში ცხონდეს.

საეკლესიო სამართლით, უზიარებლობა სასჯელის ერთ-ერთი ფორმაა. ზიარების უფლება ერთმევა მორწმუნეს განზრახ მკვლელობისათვის (20 წლით), უნებლიე მკვლელობისათვის (10 წლით), მრუშობისათვის (15 წლით), სიძვისათვის (7 წლით), ცრუ ფიცისათვის (10 წლით) და სხვ. ზოგიერთი მძიმე დანაშაულისათვის (მაგ., შავი მაგიისთვის) მორწმუნეს მთელი სიცოცხლე ერთმევა ზიარების უფლება — როგორც ყველა მოკვდავს, მასაც მხოლოდ სიკვდილის წინ შეუძლია ეზიაროს.

მართლმადიდებლური ეკლესიის წესით ზიარება ყველა მორწმუნეს შეუძლია, ასევე კათოლიკურშიც და პროტესტანტულშიც, მაგრამ კათოლიკურ ეკლესიაში და პროტესტანტულში ზიარების დროს გამოიყენება აუფუებელი ჰოსტია, განსხვავებით მართლმადიდებლებისგან, რომლებიც ზიარების დროს გამოიყენებენ აფუებულ სეფისკვერს. საეკლესიო მოძღვრება ზიარების საიდუმლოს დაწესებას იესო ქრისტეს მიაწერს (მისი ვნების წინ, საიდუმლო სერობის დროს). ზიარების საიდუმლო სიმბოლურად გამოხატავს მორწმუნეთა მიერ ქრისტესადმი სამადლობელო უსისხლო მსხვერპლს. ასეთ გაგებას ეფუძნება ზიარების ბერძნული სახელწოდება ევქარისტია („მადლობა“). არ არის განსაზღვრული, თუ რა სიხშირით უნდა ეზიაროს მართლმადიდებელი.