ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხარაგაულის რაიონი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
IM-kharagauli-ka.svg

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი  დროშა ხარაგაულის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ხარაგაული

რეგიონი

იმერეთის მხარე

სიმჭიდროვე

30.5 [1] კაცი/კმ²

ფართობი

913.9 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

Decrease2.svg 19 473 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.5%
რუსები 0.3%
ოსები 0.1%[2]

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — თვითმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — დაბა ხარაგაული.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით ბორჯომის, აღმოსავლეთით ხაშურის, ჩრდილოეთით კიჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები. მდებარეობს ზღვის დონიდან 285 – 2,642 (საშუალოდ 420) მ.

ტერიტორია მთაგორიანია. კლიმატი სუბტროპიკულია. ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული შედარებით გრილი. მუნიციპალიტეტის ფართობია 91,3 (ათასი)ჰა. წლიური ნალექიანობა არის 1200-1800 მმ. მთლიანი ტერიტორიის 180 კვ.კმ უჭირავს დაბლობს, ხოლო 733, 9 კვ.კმ. – მთიან ადგილებს. მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი წერტილია მთა სამეცხვარიო 2642 მეტრი. გვხვდება თიხნარი, ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგები, სუბალპური მდელოები.

მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით და ჰიდრო რესურსებით, ყველაზე გრძელი მდინარეა ძირულა, რომლის შენაკადებია ხელმოსმულა, დუმალა, ვაშლეურა და მეჩხეთურა, ბორიმელა, რიკოთულა, გედსამანისწყალი, საკასრია, ღორეშისხევი, ჩხერიმელა. მდინარეებში ბინადრობენ კალმახები.

მუნიციპალიტეტის უპირველეს სიმდიდრეს წარმოადგენს ტყე, რომელსაც მისი ტერიტორიის 2/3 (68,2%-ზე მეტი) დაახლოებით 650 კვ.კმ. უჭირავს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაწილი. ტყეებში ბინადრობენ: ტურა, მელა, მგელი, კვერნა, შველი, ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი, გარეული ღორი, მაჩვი, კურდღელი, ციყვი, თრია, დედოფალა, მწყერი, კოდალა, ოფოფი, ქორი, ყვავი, ყორანი, მიმინო, შაშვი, ჩხიკვი, ქედანი და სხვა. ტყეში ხარობს წაბლი, წიფელი, რცხილა, თელა, მუხა, ნეკერჩხალი, ლეკის ხე, ცაცხვი, თხმელა, კოპიტი, აკაცია, თხილი, შქერი, იელი, ბაძგი, ეკალი, წყავი, ზღმარტლი, ასკილი, კუნელი, პანტა, მაჟალო, ხურმა, ლეღვი, ძაღლყურძენა, შინდი, კაკალი, თამელი, ასევე სოკო: ნიყვი, მიქლიო, ქამასოკო, მანჭკვალა, ხეთამხალი და სხვა.

მუნიციპალიტეტში მოიპოვება შემდეგი ბუნებრივი რესურსები: მარმარილო (მოლითი, მარელისი, ფონა), თეთრი მარმარილო (ჭარტალი), თიხა (გოლათუბანი), მოსაპირკეთებელი მასალა (წიფა), სამშენებლო ქვები (ამაშუკეთი, საქასრია), კვარცის მიწა (ქროლი), აზბესტი (ბჟინევი).

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორი ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია: ნუნისი და ზვარე. ორივე გამორჩეულია მინერალური წყლების გამო. სოფელ ზვარესა და ჩრდილი საზღვარზე მოდის მინერალური წყალი ზვარე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებული იყო ქვის ხანიდან. მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირას, ხანდების კლდეში ნაპოვნია ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის მღვიმე-ნამოსახლარი, დევისხვრელი. [1] სოფელ ბორში 1938 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ათიოდე ჰექტარზე ბუდეებად გაფანტული ძვ. წ. I ს. – ძვ. წ. III ს. ბრაინჯაოს ხანის საგვარეულო და საოჯახო სამაროვნები. მათ შორის II-III სს. 2 მდიდრული ნეკროპოლი. ნაპოვნი ნივთები ინახება სანქტ-პეტერბურგის მუზეუმში ერმიტაჟი. სავარაუდოა რომ სოფელი ბორი პიტიახშთა ერთ–ერთი რეზიდენცია იყო. [2] არქეოლოგიური მასალა აღმოჩენილია ასევე სოფელ ბეჟათუბანში, საგვეშში, ლეღვანსა და გოლათუბანში.

რკინიგზის მშენებლობა სადგურ ბეჟათუბანთან, 1890 წ.

ფეოდალურ ხანაში მუნიციპალიტეტის ტერიტორია სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, რადგან მასზე გადიოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები. ტერიტორია არგვეთის საერისთავოში შედიოდა. 1774 წელს აქ მოხდა ჩხერის ბრძოლა იმერეთის სამეფოსა და ოსმალეთის ჯარს შორის.[3] ცენტრალური მნიშვნელობის იყო ვახანის ციხე, სადაც 1804 წელს გაფორმდა ელაზნაურის შეთანხმება, რომლითაც იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.[4]

1917 წლამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში. დაბა ხარაგაულში დასახლება გაჩნდა XIX ს. 70-იან წლებში ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით. 1905-07 წლების რევოლუციის დროს ზემო იმერეთის ნაწილმა, კერძოდ კი სადგურ ყვირილასა და ხარაგაულის (ბელაგორის) მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებმა გლეხებმა გამოაცხდეს ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკა. 1921 წლიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორია საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქუთაისის მაზრაში მოხვდა, 1928-1929 წლებში - ქუთაისის ოლქში, 1930 წლიდან კი დამოუკიდებელი რაიონის სახით განაფრძო არსებობა. 1932-1989 წლებში მას ორჯონიკიძის რაიონი ეწოდებოდა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 28 702
2002 27 941 Decrease2.svg
2014 19 473 Decrease2.svg

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში შედის 20 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეული:

სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 მარტის №02 დადგენილებით დამტკიცდა მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა. ხარაგაულის დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად – მწვანე და თეთრ ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლისფერი-მწვანე ჯვარი. ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია ოთხი მცირე ზომის ჯვარი. დროშის პროპორციაა 2:3. [5]

ხარაგაულის გერბის ფარი იყოფა 2 ნაწილად. I ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს, II ნაწილი ვერცხლისფერ ველს. ფარის ორივე ველზე სიმბოლურად გამოსახულია მთები. ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი, რომელიც გაკვეთილია და იყოფა ორ ველად - მწვანე და ვერცხლისფერ ველებად. მცირე ფარის ცენტრში გამოსახულია ვერცხლისფერ-მწვანე ჯვარი[5] გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლისფერ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლისფერ ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი - "ხარაგაული".[5]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის მთლიანი ტერიტორიის 1,5% სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება. ამ ტერიტორიის 70,9% უჭირავს საძოვრებს, ხვნა-თესვისათვის განკუთვნილია 29,1% (წლიურ ნათესებს უჭირავთ 22,5% , მუდმივ ნარგავებს – 22,5%) სოფლის მეურნეობის დარგებს შორის განსაკუთრებით განვითარებულია მეცხოველეობა და მეფუტკრეობა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მეფუტკრეობის მხრივ წამყვანი მუნიციპალიტეტია საქართველოში.

მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავ ტურიზმს. ამას ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და კურორტი ნუნისი.

საბჭოთა მმართველობის დროს განვითარებული იყო მრეწველობაც. მოქმედებდა კვების, სამთო მრეწველობის, ხე-ტყის საწარმოები, ღვინის, რძისა და ავეჯის კომბინატები. დღესდღეობით მრეწველობის მასშტაბები მნიშვნელოვნად შემცირებულია. მიმდინარეობ სამშენებლო ქვის ბლოკების დამზადება, ხე-ტყის დამუშავება, იწარმოება მინერალურ წყალი ზვარე, სოფელ კიცხიში მოქმედებს ღვინის ქარხანა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია საკვანძო როლს ასრულებს საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში. ის აკავშირებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს წიფის გვირაბითა (3910 მ.) და ხანდების გვირაბით (740 მ.). აქ გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1 და ხაშური-სამტრედიის რკინიგზის მონაკვეთი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის რამდენიმე სადგურია: ხარაგაული, მოლითი, მარელისი, წიფა.

საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში არის 11 საჯარო და 3 საბაზო სკოლა. მუნიციპალიტეტის ცენტრში, დაბა ხარაგაულში მოქმედებს მოსწავლეთა სახლი, საავადმყოფო, პოლიკლინიკა, კულტურის სახლი, სამუსიკო სკოლა, კინოთეატრი. 1998 წლის მარტიდან გამოდის გაზეთი „ჩემი ხარაგაული". მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 12 ბიბლიოთეკა[6]

დაბა ხარაგაულში არის საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა“, რომელიც დაარსდა 1983 წელს. 2010 წლიდან ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში, რაც გუნდისთვის თავისი ისტორიის მანძილზე საუკეთესო შედეგია. „ჩხერიმელას“ საშინაო არენაა ხარაგაულის საფეხბურთო მოედანი.

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაიბადნენ:

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიდუმლო სერობის სცენა უბისიდან

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია უბისა, IX საუკუნის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც გამოირჩევა XIV საუკუნეში მხატვარ დამიანეს მიერ შესრულებული ფრესკებით.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია IX-X საუკუნეების მიჯნის ძეგლი და განვითარებული შუა საუკუნეების კახორი. სოფელ საქასრიაში დგას წმინდა გიორგის სახელობის IX-X სს. სავანის ეკლესიის ნაშთები. ისტორიული ტაძრები დგას სოფლებში: მარელისი, ვერტყვილა, გედსამანია, ბჟინევი, თეთრაწყარო, ხონი, ვანი, ბორი, ვარძია, ხევი, ზედუბანი, ამაშუკეთი.

საერო ძეგლებიდან აღსანიშნავია ვახანის ციხე, ასევე ციხეები სოფლებში ლაშე, ბაზალეთი, ჩხერი. გვიანი ფეოდალური ხანის კოშკები დგას სოფლებში ნადაბური, მოლითი, ლეღვანი, ჩრდილი.

დაბა ხარაგაულში მდებარეობს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1978 წელს და სადაც დაცულია მუნიციპალიტეტის ისტორიასთან დაკავშირებული ექსპონატები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბერძენიშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 435, თბ., 1978 წელი.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 470, თბ., 1977 წელი.
  3. იობაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 176, თბ., 1975 წელი.
  4. მაჭარაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 83, თბ., 1979 წელი.
  5. 5.0 5.1 5.2 heraldika.ge
  6. ხარაგაულში 12 სასოფლო ბიბლიოთეკის ფუნქციონირება აღდგა