შინაარსზე გადასვლა

ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური წევრობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
რაიონი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა მარგვეთისა და უბისის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილი სამნავიანი ბაზილიკა
თარიღდება IX-X საუკუნეების მიჯნა


ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი — IX-X საუკუნის ეკლესია ნუნისში. ტაძარი მრავალჯერ დანგრეულა და განახლებულა. უკანასკნელად ტაძარი დაანგრია და დაწვა ომარ-ხანმა 1785 წელს, გვიან შემოდგომაზე, ვახანის ციხის აღების შემდეგ. IX ს. 60-იან წლებამდე დანგრეული ტაძრის აღდგენაზე არავის უფიქრია. ტაძარი განახლებულია XI-XIII საუკუნეებში, შემდგომ კიდევ მრავალგზის და ბოლოს 1895 წელს.

გიორგი ბოჭორიძემ XIX ს. 30-იან წლებში იმოგზაურა ზემო იმერეთში და მოგვცა ტაძრის აღწერილობა. ეკლესია სამნავიანი უგუმბათო ბაზილიკაა, ზომით 34 (საკურთხევლის კედლამდე), 24X14 არშინი (დაახლ). მას სამხრეთით ჰქონია კარიბჭე და დასავლეთით საქალებო, მათგან მხოლოდ საძირკველიღა მოჩანს. ნაშენია კლდისა, შირიმის ქვისა და კირისაგან. კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. სარკმელი აღმოსავლეთით 1, სამხრეთით 3, დასავლეთით 2. ჩრდილოეთით 3 თაღი დაბჯენილი აქვს ექვს მსხვილ, ჯვარედინ სვეტზე. საკურთხეველს გარშემო შემორიგებული აქვს საჯდომები (კედლის ძირზე).

ეკლესია ძველად გუმბათიანი შენობა უნდა ყოფილიყო, რასაც მოწმობს გვერდის ნავების აღმოსავლეთის ნაწილები, რომლებიც 21/2 არშინით მაღლა არის აწეული. გუმბათის ნაწილი მე-17 არშინის შემდეგ იწყება და მოიცავს 11 არშინს, შემდეგ 6 არშინი საკურთხევლის ნაწილისა არის (17.11.6,34).

ეკლესია დანგრეული ყოფილა და განუახ­ლებიათ 1900-იან წლებში. საკურთხევლის ნაწილი მეტად ყოფილა დანგრეული და გა­ნახლების დროს მისი აგებულება თვალსაჩინოდ შეცვლილა. განსაკუთრებით კანკელ­თან, გუმბათის ადგილი სულ ჩამოქცეული ყოფილა, აქ თაღი ხელახლა გადაუყვანიათ (ძველი აგებულების, ვარსკვლავის სახელი თაღი ხელუხლებლად შენახულია სამხრეთ ნავში).

ეკლესიაში, სამხრეთ-დასავლეთი სვეტის წინ ყოფილა საფლავი უცნობი პირისა, რო­მელსაც სდებია მარმარილოს დაფა წარწერით. დღეს ამ დაფიდან მცირედი ნატეხებიღა არის შენახული. ეკლესიაში არის ქვის ნატეხი მაქსიმალური ზომით 15X21 სმ, ასომთავრული წარწერის ნაშთით:

წარსა მართ(ე)ბლ(ა)დ ძეთა ჩ(ვ)ენ თა, აღ საზრდ(ე)ლ(ა)დ ჩ(ვ)ენი შ(ე)ნდ(ო)ბ(ა)ს ყ(ო)ფთ

ეკლესიის გარშემო არის ოთხკუთხა გალავნის ნანგრევები, ნაშენი ყოფილა კლდე-რი­ყის ქვისა და კირისაგან. უკეთ შენახულია სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები.

ეკლესიის დასავლეთ-სამხრეთი კუთხის გასწვრივ, გალავნის გარეთ, არის შენობის ნანგრევი. მის მახლობლად არის ორი აკლდამა, რომელსაც ადგილობრივ «ეკვტერს» უწოდებენ. ამ აკლდამებს ჩაქცეული აქვთ დასავლეთი ნაწილი. ისინი თითქმის თაღამდე მიწაში სხედან.

ნუნისის ეკლესიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ტყის სიღრმეში მდებარეობს ადგილი, რომელსაც «ბერების კლდეს» ეძახიან. მის კომპლექსში შედის კლდეში გამოკვეთილი სამი გამოქვაბული, ლეგენდის თანახმად ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი ოდითგან საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა «ბერების კლდეს».

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]