საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი | |
ადმინისტრაციული ცენტრი | |
---|---|
რეგიონი | |
სიმჭიდროვე |
39.7 [1] კაცი/კმ² |
ფართობი |
1491 კმ² |
მოსახლეობის რაოდენობა |
60.396 კაცი (2006 წელი) |
ეროვნება |
ქართველები 58.5% |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი (1933 წლამდე გარეკახეთის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. 1917 წლამდე ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის თბილისის მაზრაში, 1921 წლის საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისევ თბილისის მაზრაში იყო, 1929 წელს გარეკახეთის რაიონის სახელწოდებით შედის თბილისის ოლქში. 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით საზღვრავს სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით საზღვრავს თელავის, თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით კი ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ფართობია 1491 კმ². აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 94 371 ჰა უკავია, 42 065 ჰა კი ტყეებს.[1]
მუნიციპალიტეტის რელიეფი ზღვის დონიდან 460 მ-იდან 1,800 მ-ის ფარგლებში იცვლება. კლიმატი ზონალობის მიხედვით იცვლება. დაბალ ზონაში ზომიერად თბილი სტეპური ჰავაა გაბატონებული, ხოლო შედარებით მაღალ ზონაში ზომიერად ნოტიო. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11°C-12°C, ნალექების საშუალო წლიური მოცულობა კი 700-860 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში.[1]
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მთავარ ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარე იორი, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ორ ნაწილად ყოფს. მდინარე ივრიდან გამოყვანილია სამგორის ზემო მაგისტრალური არხი, რომლითაც „თბილისის ზღვა“ საზრდოობს. აღსანიშნავია უჯარმასთან არსებული ტბების ჯგუფი.[1]
მუნიციპალიტეტში 45 დასახლებული პუნქტია, 1 ქალაქი (საგარეჯო) და 44 სოფელი. 2012 წლის მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 60 000 კაცია, აქედან სოფლად 51 000 კაცი ცხოვრობს, ხოლო დარჩენილი 9000 კაცი ქალაქ საგარეჯოში. მოსახლეობის შემოსავლების ძირითადი წყაროებია: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურება და ხე-ტყის რეალიზაცია. მუნიციპალური ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით შეადგენს 13 387 000 ლარს.[1]
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის მიხედვით, ეკონომიკის პრიორიტეტული დარგია სოფლის მეურნეობა. ამას გარდა, სატყეო მეურნეობის ბაზაზე შესაძლებელია ტურიზმის განვითარება.[1]
გეოგრაფია
რელიეფი
გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მუნიციპალიტეტის ტერიტორია მრავალფეროვანია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილი გაშლილია ვაკე-ბორცვიან ივრის ზეგანზე, რომელიც აგებულია ნეოგენური და მეოთხეული ნალექი წყებებით. გეოლოგიურად იგი შედგება მონოკლინურ ანტიკლინური მაღლობებისა და სინკლინური ვაკეფსკერიანი ტაფობებისაგან. ზეგნის რელიფზე დაშენებულია მშრალი ხეობები, ხევები, ხრამები და ასევე ტერასები.
რელიეფის უარყოფითი ფორმებიდან აღსანიშნავია კაჭრეთისა და წიწმატიანის აკუმულაციური ვაკეები, რომლებიც ტექტონიკურ დეპრესიებს წარმოადგენენ. საყარაულოს მთა (594 მ) ვაკეებს ერთმანეთს აცალკევებს. აქვეა უდაბნოს ვაკე (ზომები 8X5 კმ), რომელიც ამოვსებულია ფხვიერი ნაფენებით.
ივრის ზეგანზე აღმართული დაბალი სერებიდან გამოსაყოფია : საქარის, ნატახტარის, თეთრი-უდაბნოსა და იაილა-ჯიხის ანტიკლინური სერები. მთა ნატახტართან იწყება გარეჯის დაბალი სერი, რომელიც თავის მხრივ, აგებულია ნეოგენური კირქვებით, თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით. გარეჯის სერი მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროსთან მთავრდება. გარეჯის სერზე არის მთა უდაბნო (878 მ საქართველოს-აზერბაიჯანის საზღვარი), რომლის ჩრდილო კალთაზე მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი დავითგარეჯა.
საკუთრივ ივრის ზეგანზე აღმართულია შემდეგი მთები : თეთელი (769 მ), დემურდაღი (991 მ), დათვისსერი (583 მ), ნატახტარი (966 მ), ნაომარი (972 მ), აქლემისგორა (946 მ).
მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილი უჭირავს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთას. აგებულია კონგლომერატებით, ქვიშაქვებითა და თიხებით. გამოსაყოფია მთა მანავისცივი (1682 მ). გომბორის ქედის თხემი მოგლუვებულია და მისი კალთები დასერილია ივრის აუზის მდინარეების ეროზიული ხევ-ხეობების ქსელით.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ბედლენდური და კარსტული ფორმებიც, სახელდობრ : ბედლენდური რელიეფი გვხვდება ცივის წყების ადვილადშლად ქანებზე, ხოლო კარსტული ძაბრები ფიქსირდება გომბორის მთის მიდამოებში.
შიგა წყლები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მთავარ ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარე იორი, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ორ ნაწილად ყოფს. მდინარე ივრიდან გამოყვანილია სამგორის ზემო მაგისტრალური არხი, რომლითაც არსებობს „თბილისის ზღვა“.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება მდინარე ჩაილური (სიგრძე 30 კმ), რომელიც იწყება გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ალაგ-ალაგ იტოტება.
აღსანიშნავია ასევე მდინარე ლაფიანხევი, რომელსაც ღვარცოფული თვისებები გააჩნია. მცირეწყლიანი და მომცრო მდინარეა (სიგრძე 11,5 კმ). შემოდგომაზე ახასიათებს წყალმოვარდნა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება ასევე მდინარე გომბორი (სიგრძე 12,4 კმ), რომელიც გომბორის მთებში იღებს სათავეს და გამოირჩევა სუფთა წყლითა და ლამაზი ნაპირებით. მდინარე გომბორს ერთი მიმართულება აქვს და გაედინება მხოლოდ დასავლეთისაკენ (თუ არ ჩავთვლით მდინარის შუა მონაკვეთს). მნიშვნელოვან მანძილზე გაედინება ტყით შემოსილ უბნებში.
მუნიციპალიტეტში არის ტბებიც, მ.შ. გამოსარჩევია უჯარმასთან არსებული ტბების ჯგუფი, რომელიც მდიდარია თევზით და პოპულარულია მეთევზეებისათვის.
ჰავა
ივრის ზეგანზე ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული ნალექების ორი მინიმუმით წელიდადში. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11°-12°, იანვრის -1,1°-იდან 0,1° მდე. აბსოლუტურ მინიმუმი -26°, აბსოლუტურ მაქსიმუმი 39°. ნალექები 700-860 მმ წელიდადში.
ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში. გომბორის ქედის მთისწინეთში და ქვემო კალთებზე ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. გომბორის ქედის თხემზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული.
ნიადაგები
გომბორის ქედის მთისწინეთსა და ქვემო კალთებზე ჩამოყალიბებულია ტყის ყავისფერი ნიადაგი. მთისწინეთსა და ივრის მარცხენანაპირეთის ვაკეზე განვითარებულია კორდიან-კარბონატული ძლიერ ხირხატიანი ნიადაგი. გომბორის ქედის ზემო კალთებზე არის გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგი. ქედის ყველაზე მაღალ ადგილებში გვხვდება კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგი.
ივრის ზეგანზე ფართოდაა განვითარებული მცირე და საშუალო სისქის შავმიწები, გვხვდება აგრეთვე წაბლა ნიადაგები. მდინარე ივრის გასწვრივ განვითარებულია ალუვიური ნიადაგები. დიდი ფართობი უჭირავს სუსტად განვითარებულ სხვადასხვა ტიპის ნიადაგებს.
ლანდშაფტები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები :
- ყომრალი ნიადაგები წიფლნარით;
- ყავისფერი ნიადაგები მუხნარ-რცხილნარითა და ჯაგ-ეკლიანი სტეპებით;
- ტყის ყომრალი ნიადაგები რცხილნარ-მუხნარით;
- მეორეული სუბალპური მდელოები კორდიან-ტორფიან ნიადაგებზე;
- ყავისფერი, შავმიწები და ალუვიური ნიადაგები სტეპური მცენარეულობით;
- სტეპური წვრილმთიანეთი წაბლა ნიადაგებითა და შავმიწებით;
- ვაკე ტაფობები სტეპის მცენარეულობით შავმიწა და წაბლა ნიადაგებით;
- ივრისპირა ჭალის ტყის ლანდშაფტი.
ფლორა და ფაუანა
ფაუნა
გომბორის ქედის ტყეებში ბინადრობენ შველი და მურა დათვი. თითქმის ყველგან გვხვდება კურდღელი, მგელი, მაჩვი, კვერნა, მელა, ტურა, დედოფალა; მცირე რაოდენობით არის ლელიანის კატა და ზოლებიანი აფთარი. ორნითოფაუნას ქმნიან ხოხობი, გარეული მტრედი, მწყერი, კაჭკაჭი, კვირიონი, ყვავი და სხვ. მდინარე იორში მოიპოვება ქაშაპი, მტკვრის ტობი, გველანა, ფრიტა, ხრამული, მურწა და სხვა სახეობის თევზი.
ფლორა
აქაურ მიწებზე ხარობს სოსნოვსკის ფიჭვი, რომლის სიმაღლე 35 მ-ს აღწევს. სოსნოვსკის ფიჭვი გავრცელებულია ზღვის დონიდან 800-1800 მ-ზე. იგი ქმნის ხევნარებს ფიჭვნარ-რცხილნარს, ფიჭვნარ-არყნარს, ფიჭვნარ-წიფლნარსა და სხვ. აქვეა ნეკერჩხალი, რცხილა, წიფელი და მუხა.
ივრის ზეგანზე გაბატონებულია უროიანი და ვაციწვერიანი სტეპები. ჯაგეკლიანებიდან მთავარია ძეძვი. ივრისპირას გვხვდება თელა, წნორი, ჭალის ვერხვი და სხვ. გომბორის ქედის მთისწინეთში არის მუხნარ-ჯაგრცხილნარი და ჯაგეკლიანი სტეპი, მთის ზემო კალთები შემოსილია წიფლნარით; ქვემო კალთები კი მუხნარითა და რცხილნარით. გომბორის ყველაზე მაღალ ადგილებში გაბატონებულია სუბალპური მდელოები.
მოსახლეობა
მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს მდინარე ივრის ხეობასა და გომბორის ქედის მთისწინეთში. განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 400-800 მ ფარგლებში. უდიდესი ნაწილი სოფლად ცხოვრობს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმთავრესად ქართველები ცხოვრობენ, არიან ასევე აზერბაიჯანელები, რუსები და ოსები. აზერბაიჯანელები დასახლებულები არიან სოფელ იორმუღანლოში, დუზაგრამაში, პალდოში და ა.შ.
მმართველობა
გამგეობის სტრუქტურა
- გამგებელი
- გამგებლის პირველი მოადგილე
- გამგებლის თანაშემწე
- გამგეობის აპარატი.
- საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
- ეკონომიკური პოლიტიკის, მუნიციპალური ქონების მართვის, სტატისტიკის, აღრიცხვის და საარქივო სამსახური.
- მუნიციპალური შესყიდვების, ადგილობრივი არასაგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური.
- სივრცითი ტერიტორიული მოწყობის, ურბანული დაგეგმარების, ტრანსპორტის, კეთილმოწყობისა და კომუნალური მეურნეობის სამსახური.
- ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის სამსახური.
- საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახური.
- განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
- ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების სამსახური.
- სანიტარული ზედამხედველობის სამსახური.
- სახანძრო სამსახური.
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტრუქტურა
- საკრებულოს თავმჯდომარე
- საკრებულოს თავმჯდომერეს მოადგილე
- ფრაქცია „მაჟორიტარი“
- ფრაქცია „ნაციონალი“
- საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისია
- სოციალურ საკითხთა კომისია
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის საკითხთა შემსწავლელი კომისია
- ადგილობრივი მოსაკრებლების, საგადასახადო შემოსავლების, თვითმმართველობის ქონების ფლობისა და განკარგვის საკითხთა შემსწავლელი კომისია
- მიწათსარგებლობის დაგეგმვის და ბუნებრივი რესურსების გამოყენების საკითხთა კომისია
- საკრებულოს აპარატი
ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგია მევენახეობა. განვითარებულია ასევე მეცხოველეობა და ღვინის წარმოება.
კულტურა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არის დაახლოებით 30-მდე სკოლა და რამდენიმე თეატრი.
ღირსშესანიშნაობანი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უხვადაა შემორჩენილი ისტორიული ძეგლები. აღსანიშნავია სოფელი უჯარმა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 770 მ-ზე. იგი ისტორიული კახეთის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი იყო. V ს. II ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ააშენა სამეფო რეზიდენცია.
საგარეჯოდან 14-15 კმ დაშორებით მდებარეობს სოფელი ხაშმი, სადაც მდებარეობს სამების ეკლესია. უძველესი ეკლესიაა, ადრე კაწარეთის სამება ერქვა. სოფელ ნონოწმიდაში აღსანიშნავია ამავე სახელწოდების ტაძარი, რომელიც წარმოადგენდა ტეტრაკონქის განვითარებულ სახეს. ტაძარი მრავალჯერ შეუკეთებიათ. საბოლოოდ იგი დაინგრა ძლიერი მიწისძვრის შედეგად.
სოფელ პატარძეულში შემორჩენილია ორი კოშკი, ციხის ნანგრევები და ეკლესია. სოფელ გიორგიწმინდაში არის ერთნავიანი ეკლესია.
ძლიერ დაზიანებული ციხესიმაგრე შემორჩენილია სოფელ მანავში. აქვეა ხომის ეკლესია (1794).
საყურადღებო ისტორიული ძეგლია დავითგარეჯა — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში ისტორიულ კუთხეში, გარეჯის კლდოვან მთებში.
ლიტერატურა
- უკლება დ., ჯაოშვილი ვ., ქსე, ტ. 8, გვ. 612-613, თბ., 1984;
- მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
- საბაშვილი მ., საქართველოს სსრ ნიადაგები, თბ., 1965;
- უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
|