ზემო ყანდაურა
სოფელი | |
---|---|
ზემო ყანდაურა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
თემი | ყანდაურა |
კოორდინატები | 41°40′40″ ჩ. გ. 45°35′33″ ა. გ. / 41.67778° ჩ. გ. 45.59250° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 850 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 26[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 96,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
ზემო ყანდაურა — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ყანდაურას თემში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 850 მეტრი საგარეჯოდან 36 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ძველი სახელწოდებაა ყანდიაური. ყანდიაური განადგურდა შაჰ-აბასის ლაშქრობების დროს 1614-1617 წლებში. 1790-იან წლებში სოფელი აღადგინა ერეკლე II-მ. 1801-1930 წლებში შედიოდა სიღნაღის მაზრაში. 1930 წლიდან დაიყო ზემო და ქვემო ყანდაურად და შევიდა საგარეჯოს რაიონში.
სხვადასხვა დროს სოფელში შიდა ქართლიდან, იმერეთიდან, რაჭიდან, სამეგრელოდან და კახეთის ცალკეული სოფლებიდან წამოსულები დასახლდნენ. მოგვიანებით, სოფლის მოსახლეობის ნაწილი ბადიაურში ჩაასახლეს, ნაწილი კი ქვემო ყანდაურაში დასახლდა. სოფელს „ნაცვალი“ მართავდა. სოფლის მოსახლეობის 1804 წლის აღწერის მიხედვით, ყანდაურის ნაცვალი აზნაური ბერი (ბერო) გამყრელიძე იყო.
1812 წლის კახეთის აჯანყებაში ყანდაურელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს, თავად იოსებ ანდრონიკაშვილს, მისი მოთხოვნის საპასუხოდ, წარედგინა მოხსენება, რომელშიც ლაპარაკი იყო სოფლის აჯანყებაში ჩაბმის მიზეზებზე: „ასე გაგვიჭირდა საქმე ჩვენ ამ დრაგუნებისაგან, ღმერთიც დაგვავიწყეს, ხელმწიფეც და ჩვენი სიცოცხლეცა... გვცარცვავდნენ... მოგეხსენებათ, ახალი მოსახლე არის სოფელი... ამთენი მწუხარება დრაგუნის მაიორისაგან და იარანალი პორტნეგირის ჯარისაგან გვჭირდა... და ეს ბუნტიც მოხდა“.
ყანდაურელი იყო, აქ მცხოვრები მედავითნის გიორგი დიმიტრის ძე ფხალაძის ოჯახში დაბადებული, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკ III (1872-1960 წწ.).
სოფელში კარგად იყო განვითარებული მესაქონლეობა. უპირატესობა მსხვილფეხა რქოსან საქონელს ენიჭებოდა. ზაფხულში ცხვარს თრიალეთში მიერეკებოდნენ, ზამთარში კი ივრის პირებზე რჩებოდა. სოფელში განვითარებული იყო მეჭურჭლეობა. აქაური კერამიკული ნაწარმი მთელ გარეკახეთში იყო განთქმული.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 26 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 33 | 17 | 16 |
2014[1] | 26 | 14 | 12 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზემო ყანდაურის ეკლესია
- ზემო ყანდაურის კოშკი
- ზემო ყანდაურის სამარხი
- ზემო ყანდაურის ღვთისმშობლის ეკლესია
- ზემო ყანდაურის ყველაწმინდის ეკლესია
- ზემო ყანდაურის წმინდა გიორგის ეკლესია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 511.
- ელერდაშვილი ალ., ჯავახიშვლი ნ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 103.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|