შინაარსზე გადასვლა

მინდა ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მინდა ციხე
ჯაბა ლაბაძის ფოტო
დიუბუა დე მონპერეს ნახატი,
XIX სკ. I ნახევარი.

მინდა ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე, დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესის მახლობლად, მდ. რიონის მარჯვენა და მდ. ლუხუნის მარცხენა სანაპიროებს შორის არსებულ მაღალ კლდოვან კონცხზე. ეკუთვნოდა რაჭის ერისთავებს. მინდა ციხე კახაბერისძეთა მთავარ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა.

ვიკიციტატა
„ლუხუნის აღმოსავლით კიდის მაღალს კლდის გორასა ზედა და რიონის ჩრდილოთ არს ციხე მინდა, მაგარი და აუღებელი მტრისაგან, და ვის უპყრავ ციხე ესე, არს ერისთავი რაჭისა“

ციხე სათავდაცვო ნაგებობაა, სადაც წარმოდგენილია გალავნით გაერთიანებული სამი (აღმ. დას. და ჩრდ.) კოშკი. მინდა ციხე ნაგებია კლდის გამოტეხილი და რიყის ქვით კირის დუღაბზე. იგი ამჟამად ძლიერ დაზიანებულია, თუმცა შემორჩენილი ნაწილები მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა საერთო სურათის წარმოსადგენად. ციხე-გალავნის შიგნით, სხვადასხვა სიმაღლეზე მიმოფანტულია კედლებიდან ჩამონაშალი საშენი მასალა, ასევე, მიწის ზედაპირი ნაწილობრივ დაფარულია ახალგაზრდა ხეებით. აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კოშკებს აერთიანებდა გალავანი, რომლის სამხრეთ კედელშიც დატანებულია კარი. აღმოსავლეთის კოშკი ძლიერ დაზიანებულია, მისი დასავლეთის კედელი ინტერიერის მხრიდან გალესილია კირის ხსნარით. კედლის სისქე 1,5 მ-ია და ეზოს მხრიდან მიახლოვებით 8 მეტრამდე სიმაღლისაა შემორჩენილი, სადაც გაჭრილია გალავნის ეზოსკენ გამავალი კარი. კარის სამრეთით კედელში დატანებულია ხვრელი, რომელიც ქვემოთ ეშვება, თანდათან ბოლოსკენ ვიწროვდება და გადის ეზოსაკენ. აღნიშნული კოშკის ჩრდილოეთი კედლის სისქე 70 სმ-ია, ხოლო აღმოსავლეთისა და სამხრეთის მონაკვეთში იგი 4 მ. სისქის უნდა ყოფილიყო. ამავე კოშკის სამხრეთის კედელში ჩაკირულია დიდი ქვევრი, რომელსაც ზემოდან დაახლ. 1/3 მომტვრეული აქვს. ქვევრი ამოვსებულია ქვა-ღორღით. კოშკის მომიჯნავედ, ჩრდილოეთის მხრიდან გალავნის ეზოს დონეზე მდებარეობს, კამარული გადახურვის მქონე ოთახი. მას სამხრეთის მხრიდან დატანებული აქვს ეზოდან შესასვლელი კარი, ხოლო, სამხრეთ კედელში შედარებით მცირე ზომის კარია, რომელიც, როგორც ჩანს აღმოსავლეთის კოშკის ჩრდილო კედელსა და აღნიშნულ ოთახს შორის არსებულ ვიწრო დერეფანში გადიოდა. ოთახს ასევე, ორი სარკმელი აქვს დატანებული, ჩრდ. და აღმ. მონაკვეთებში. ეს ოთახი მოქცეულია ციხე-გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში, სადაც კედელი ოვალური ფორმისაა და აღმ. კოშკთან შედარებით საკმაოდ გამოწეულია გარეთ. კედელი შედარებით კარგადაა შემონახული, მხოლოდ ზედა ნაწილში არსებული ოთახის დონეზეა საპირე წყობა ჩამოშლილი. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით მინდა ციხეს მხოლოდ აღმოსავლეთის კოშკის და ჩრდილო-აღმოსავლეთით ორიენტირებული ოვალური კედლის მხრიდან აქვს მეტ-ნაკლებად იოლად მისადგომი გზა, ამათგან უფრო მეტად იოლია აღმ. კოშკთან მისვლა, ვიდრე ოვალურ კედელთან, ვინაიდან იგი უმეტესად ჩრდილოეთის მხრიდანაა დაცული დამრეცი ფერდობის საშუალებით. ციხე-გალავნის სხვა მონაკვეთები მიუდგომელია, ვინაიდან ყველგან ციცაბო კლდის გაგრძელებას ქმნის მტკიცე და მაღალი გალავნისა თუ კოშკების კედლები. დასავლეთის მხარეს დგას მრგვალი ფორმის კოშკი. მისგან უფრო მეტად აღმოსავლეთის მონაკვეთია შემორჩენილი, ხოლო დასავლეთის მხარეს ჩამონდრეულია. კოშკი სიგანით 7,5 მ-ია. დასავლეთის მხარეს არსებული 70 სმ. სისქის გალავნის კედელი ჩრდილოეთის კოშკის მიმართულებით უფრო სქელდება 2 მ-მდე. ჩრდილოეთის კოშკი 6,8X6 მ. ზომისაა, მისი კედლები აღმ. მხარეს 1,6 მ. სისქისაა, ხოლო დას. მხარეს 1,1 მ. მისი ინტერიერის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში არის გვირაბი. ამავე კოშკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, გალავნის ეზოში, არის წყლის რეზერვუარი-ჭა, რომლის ქვედა ნაწილი ოთხკუთხედი ფორმისაა, ხოლო, სიმაღლით 1,6 მ-ია და გადახურულია ბრტყელი ქვებით გუმბათისებურად. შიგნით შეინიშნება კირის ხსნარით გალესილობის სქელი კვალი. სამხრეთის მრიდან დატანებული ჰქონია 50 სმ. სიგანის ღიობი. ამავე მხრიდან ჩანდრეულია გადახურვა. გალავნის სამხრეთის კედელში დატანებული კარის ზედა და მარცხენა მხარეს ჩარჩოს სახით წარმოდგენილია უზარმაზარი ქვის ფილები. საინტერესო დეტალია კარის ჩარჩოს მარცხენა ზედა კუთხეში მრგვალ ამოჭრილი ქვა, რომელიც კარის ჩასამაგრებელ ხვრელს უნდა წარმოადგენდეს. გალავნისა თუ კოშკების კედლები შემორჩენილია თავდაპირველთან შედარებით მცირე სახით.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ბოჭორიძე გ., რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994 წ.
  • ბოჭორიძე გ., რაჭის ისტორიული ძეგლები, ტ. VII, ტფ., 1933 წ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6603
  1. ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 159 — თბილისი, 1941