ჩიჯავაძეთა სათავადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიჯავაძეთა სათავადო — ფეოდალური სათავადო იმერეთის სამეფოში. ჩიჯავაძეთა სათავადოს ჩამოყალიბება ХV-XVI საუკუნეთა მიჯნაზეა სავარაუდებელი. XV საუკუნის მიწურულს ჩიჯავაძეები ფლობდნენ მთელს საჩინოს მხარეს (ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი და მიმდებარე სოფლები).

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიჯავაძეთა სათავადოს საზღვარი დასავლეთით საჯავახომდე აღწევდა, აღმოსავლეთით – კორისწყლამდე, ჩრდილოეთით მდინარე რიონამდე და სამხრეთით – ახალციხემდე. უკანასკნელისაგან საჩიჯავაძეოს ჰყოფდა საძოვარი მთები: ლამაზ მთა, საბუღრაო და სხვა.

ჩიჯავაძეების სათავადოში, მთლიანად თუ ნაწილობრივ, შემდეგი სოფლები შედიოდა: 1. დაფნარი, 2. დაბლაგომი, 3. გომ-მუხაყრუა, 4. მთისძირი, 5. შუამთა, 6. სებეკა, 7. ციხესულორი, 8. ვანი, 9. სალხინო, 10. ტობანიერი, 11 დიხაშხო (ნაწილობრივ), 12. საპრასია, 13. ისრითი, 14. დვალიშვილები (ნაწილობრივ), 15. ზენობანი, 16. ციხისუბანი (ნაწილობრივ), 17. გადიდი, 18. ბზვანი (ნაწილობრივ), 19. ინაშაური (ნაწილობრივ), 20. ყუმური (საპაიჭაო), 21. საყულია (ნაწილობრივ), 22. ონჯოხეთი. ასევე ჩიჯავაძეები ადგილ–მამულებს ფლობდნენ შემდეგ სოფლებში: ჭყვიში, მუღრუნეთი, მაჭარეული, ამაღლება, ბჟღოლნარი და ზამთაროული.

ჩიჯავაძეების რეზიდენცია საბეკაში იყო. აქ იჯდა სათავადოს უფროსი. აქ ჰქონდა მას სასახლე, ციხე სიმაგრე და კარის ეკლესია. სასახლე აგებული იყო მაღალ გორაზე, მდინარე სულორის რიონის შესართავთან ახლოს და გადაყურებდა ამ მდინარეთა ხეობას. ჩიჯავაძეთა სახლიკაცები განლაგებული იყვნენ ვანს, ჭინჭველაურს (ბზვანის თავზე), ისრითსა და ამაღლებაში. საბეკას ციხის გარდა, ჩიჯავაძეები ფლობდნენ აგრეთვე ციხესულორის, ქვედა ვანის და საპაიჭაოს (ყუმურის) ციხე სიმაგრეებს.

საგვარეულო სასაფლაო ჰქონდათ ვანის ეკლესიაში, რომელიც მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე იყო აშენებული. ეს ძველი ეკლესია, რომელიც საჩინოში ჩიჯავაძეების დამკვიდრებამდე იყო აგებული, ამ საგვარეულომ თავის სამარხად გაისაკუთრა. ჩიჯავაძეებმა მას ჩრდილოეთით ეკვდერი მიაშენეს, სადაც „ყოფილა დახატული მაშენებელი ეკვდრისა და სხვა პირნიც ჩიჯავაძეების გვარისა, მაგრამ მათი წარწერები აღარ ჩანან“. ეს ეკვდერი იყო ჩიჯავაძეების საძვალე.

ჩიჯავაძეები ერმრავალი ფეოდალები იყვნენ. XVII საუკუნის მეორე ნახევრის ცნობით, საჩინოს მხარეში, რომელიც ჩიჯავაძეებს ეკუთვნოდათ, 1000 კომლი ითვლებოდა. აქედან თუნდაც 200-300 კომლი მეფის, ეკლესიისა და სხვა მფლობელთა ყმებად რომ მივიჩნიოთ, ჩიჯავაძეების ყმათა რიცხვი მაინც საკმაოდ დიდი – 700–800 კომლი რჩება.

ჩიჯავაძეთა ყმა–გლეხები იყვნენ: მჟავანაძეები, ნიკოლაძეები, აბრამიძეები, ჯულაყიძეები, მხეიძეები, გურგენაძეები, ქამუშაძეები, გიორგაძეები, ბაღდავაძეები, მორჩილაძეები, ჩხირაძეები, გოგაძეები, კორძაძეები, ჩუბინიძეები, ბურკაძეები, მახარაძეები, კალმახელიძეები, ხატისკაცები, გაბუნიები, ფანცულაიები, ცხადაშვილები, ნიკოლეიშვილები, ტყეშელაშვილები, ხუხუშვილები, ნამიჭეიშვილები და სხვა.

ჩიჯავაძეების აზნაურები იყვნენ: ლორთქიფანიძეები, ახვლედიანები, გოგორიშვილები, რატიძეები, ჩხეიძეები, სანადირაძეები, ჟვანიები, მაკარაძეები, ჩახუნაშვილები, შათირიშვილები, ზაალიშვილები, ფარემუზაშვილები და სხვა.

ჩიჯავაძეთა სათავადოს საგადასახადო შეუვალობა ჰქონდა მოპოვებული. 1810 წლის ცნობით, საჩინოს მთელი მოსახლეობიდან, რომელიც, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში 1000 კომლს უდრიდა, სამეფო საურს იხდიდა მხოლოდ 10 კომლი, საუდიეროს – 20 კომლი.

ზოგი სხვა სამეფო ვალდებულება („მესადგომობა – შინ ცხენისა და კაცის ჩადგომა“) მართებდათ მდივანბეგ ვახუშტი ჩიჯავაძის „სახასო კაცებს“: ბზვანის წმინდა გიორგის ეკლესიის „შემავალს... ერთობით ტყეშელაშვილებს და ერთობით გურულებს – მჟავანაძეებს“. მაგრამ 1808 წელს სოლომონ II-მ ამისგან გაანთავისუფლა ისინი.

სათავადოს მართვის საქმეში ჩიჯავაძეები თავიანთ აზნაურებს იყენებდნენ. მაღალი თანამდებობები ჩიჯავაძეების კარზე აზნაურებს ეჭირათ. მაგალითად, სახლთუხუცესის სახელო 1811 წელს დათუნა ახვლედიანს ჰქონდა, მოურავის – 1798-1811 წლებში – ოტია, ქაიხოსრო, როსტომს და პაპუნა ლორთქიფანიძეებს, ნაცვლისა – 1808-1823 წლებში – დათუნა და ვახტანგ ჩახუნაშვილებს.

უფრო დაბალ, ხელოსნის თანამდებობაზე გლეხები ჩანან – აბრამიძეები და ნიკოლეიშვილები: 1808 წელს – დავით აბრამიძე, 1809, 1810, 1811 წლებში კი – გიორგი (გიორგელა) ნიკოლეიშვილი.

ჩიჯავაძეების ერთი გვიანდელი ხანის (1827) საბუთში იხსენიება აგრეთვე მათი ტყის მცველი.

საეკლესიო მსახურთაგან ჩიჯავაძეთა სათავადოში ვხედავთ მხოლოდ მათ „კარის წინამძღვარს“ მაკარიოზს 1731 წელს და ხუცესს ამავე წელში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVI საუკუნის მიწურულს ჩიჯავაძეები აქტიურად მონაწილეობენ იმ ბრძოლაში, რომელიც როსტომ იმერთა მეფესა და მის წინააღმდეგ ამხედრებულ გიორგი II გურიელს შორის წარმოებს. ამ ბრძოლაში ერთი ჩიჯავაძე როსტომის მხარეზე ჩანს, მეორე – გურიელის და მის მიერ იმერეთის ტახტის პრეტენდენტად წამოყენებულ ბაგრატ თეიმურაზის ძისა. როცა გურიელმა გაიმარჯვა, მეფესთან ერთად მისი მომხრე ჩიჯავაძეც განდევნა და სათავადოს უფროსად „სხუა ჩიჯავაძე“ დასვა. არ ვიცით რა დღე დაადგა გურიელის მომხრე ჩიჯავაძეს, როცა 1590 წელს, ოფშკვითის ბრძოლის შემდეგ, როსტომმა ტახტი დაიბრუნა.

ამ ორი ჩიჯავაძედან შეიძლება ერთი იყოს ის საზვერელ ჩიჯავაძე, რომელსაც XVII საუკუნის დამდეგს ვხედავთ. ეს ის დროა, როცა ბაადურ არაგვის ერისთავს ერისთავობას ეცილება მისი ძმა ზურაბი. უკანასკნელისაგან ქართლიდან გამოდევნილი ბაადური თავის ოჯახით საზვერელ ჩიჯავაძემ შეიფარა. მაგრამ იგი ბაადურის ცოლს „ეტრფიალა“, მოკლა ერისთავი და ქალი თვითონ შეირთო. ზურაბმა ძმის სისხლი არ შეარჩინა საზვერელ ჩიჯავაძეს: წამოვიდა არაგვის ერისთავი „ფერსათის მთით“, მოულოდნელად თავს დაესხა საზვერელს საჩინოში, მოკლა იგი და ასე გადაუხადა სამაგიერო მას.

ამის შემდეგ ჩიჯავაძეები ერთ ხანს არ ჩანან წყაროებში. XVII საუკუნის შუა წლებში კი ეს საგვარეულო ფრიად დაწინაურებულია. ამ დროს იმერეთის თავადურ გვართა შორის მას თავის ღირსებით მეოთხე ადგილი უჭირავს. ჩიჯავაძეთა გვარის წარმომადგენელი საზვერელ III იმერთა მეფის ალექსანდრე III-ის მიერ რუსთ ხელმწიფისათვის გაგზავნილ 1651 წლის ფიცის წიგნში მეოთხე ადგილზე იხსენიება. სათავადოს უფროსობაც საზვერელს აქვს (გვარში ის პირველობს).

საზვერელ III-ის თანამოგვარეებს ვხედავთ აგრეთვე იმავე ალექსანდრე III-ის მეფობის (1639-1660) უკანასკნელ წლებში. ისინი იმ ლაშქარში არიან, რომელიც ვამეყ III დადიანმა, დასახელებულ მეფესთან შეთანხმებით, ქაიხოსრო I გურიელს შეუსია „შუა გურიაში“. ქაიხოსრომ ეს ლაშქარი დაამარცხა. თავდამსხმელთაგან ბევრი ტყვედ „დაარჩინა“. ტყვეთა შორის იყვნენ ჩიჯავაძეებიც. ყურადღებას იპყრობს ერთი ტყვე ჩიჯავაძის საომარი იარაღები: „ჯაჭვი, ხრმალი, ლახტი“, რომელნიც იმდენად ძვირფასია, რომ გურიელი მათ თავისი გამარჯვების აღსანიშნავად აჭის წმინდა გიორგის საყდარს სწირავს.

ალექსანდრე III-ის მემკვიდრის ბაგრატ IV-ის მიერ რუსეთის ცარის ალექსი I-ის სახელზე გაგზავნილ წერილშიც საზვერელ III ჩიჯავაძე მეფის დიდებულ თავადთა („დიდ ბოიართა“) შორის არის წარმოდგენილი. იქვე მეორეხარისხოვან თავადთა („ბოიართა“) რიგებში იხსენიებიან საზვერელის სახლიკაცები: როსტომ, ლომკაცი და ლიპარი ჩიჯავაძეები.

იმავე ბაგრატ IV-ის დროს საზვერელი დიდ წარმატებას აღწევს. 1673 წელს მას სახლთუხუცესის თანამდებობით ვხეავთ. ეს ის საზვერელ ჩიჯავაძე უნდა იყოს, რომელიც შემდეგშიც ბაგრატ IV-ის მხარეზე ჩანს და მის მეტოქე არჩილთან ბრძოლაში იღუპება 1679 წელს მეფის ერთგულ თავადს, უნდა ვიფიქროთ, სახლთუხუცესის სახელო სიკვდილამდე ჰქონდა.

იმ პოლიტიკური აშლილობის დროს, რომელიც ალექსანდრე III-ის გარდაცვალებიდან იმერეთში დაიწყო, ჩიჯავაძეები ერთ ხანს გურიელის გავლენის ქვეშ მოექცნენ. 1661 წელს ქართლის მეფე ვახტანგ V შაჰ–ნავაზმა იმერეთი დალაშქრა, საჩიჯავაძეოს მომიჯნავე საჯავახო გურიელს გადასცა. ქართლის მეფის ეს ღონისძიება იმერეთის კანონიერ მეფესა და გურიელს შორის განწყობილების გამწვავებას და არჩილის მოწინაარმდეგეთა გაფანტვას ისახავდა მიზნად. მართლაც, გურიელის ხელში საჯავახოს გადასვლას მოჰყვა ის, რომ „ჩიჯავაძენი მარადის იყუნენ წინაშე“ გურიელისა. შეიძლება ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ალექსანდრე V-ის ძმამ მამუკა ბატონიშვილმა წაართვა ბეჟან ჩიჯავაძეს საჩიჯავაძეო და თვითონ „დაიპყრა“ იგი. ეს მოხდა 1734-1735 წლებში. გურიელის „წინაშე“ ყოფნისა თუ სხვა მიზეზის გამო ჩიჯავაძეები ამაზე ადრეც დაქვეითებული ჩანან. მაგალითად, „ჩინებული თავადის“ ლომკაც ჩიჯავაძის თანამეცხედრე ანიკა 1731 წელს ჩივის: „ჟამთა ვითარებისაგან ჩვენი სახლი დამცირებულ იყოო“.

1734-1735 წლებიდან 1789 წლის დასასრულამდე ჩიჯავაძეთა გვარს რთული პერიოდი უდგას, ამ დროს ჩიჯავაძეთა სათავადო ფაქტობრივად აღარ არსებობს, „სამკვიდრებლისაგან უწილო“ და „სხვადასხვა ადგილას განბნეულსავით“ არის. სათავადოს გაუქმება ალექსანდრე V-ის (1720-1752) ადმინისტრაციული ღონისძიების შედეგი უნდა იყოს.

უკეთეს მდგომარეობაში არ არიან ჩიჯავაძეები სოლომონ I-ის დროშიც. ამ მეფემ, როგორც ზემოთ ითქვა, ჩამოართვა „საყულია, რაც რომ ჩიჯავაძის წყალობით მიცემული ჰქონდა“ და 1770 წელს ქაიხოსროსა და პაპუჩა აბულაძეებს უბოძა. მეტიც: სოლომონ I ის მეფობაშიც ჩიჯავაძეებს მთლიანად ჩამორთმეული აქვთ მათი საგვარეულო სამფლობელო საჩინოს მხარე და 1772 წელს ის მეფეს უჭირავს. მართალია, 1789 წლის ერთი დოკუმენტის მიხედვით, მამუკა ბატონიშვილის მიერ „გაღარიბებული“, „ობლად დარჩენილი“ ჩიჯავაძეები სოლომონ I–ს „დაეზარდა“ და მათი „რჩენა ნდომოდა“ ოღონდ „დროს არ მიეცა“... მაგრამ ამასთან ისიც ფაქტია, რომ ჩიჯავაძეების სამფლობელო სოლომონის ხელშია და მათი ზემოხსენებული საყულიაც მან სხვებს მისცა.

მძიმე მდგომარეობაში რჩებიან ჩიჯავაძეები სოლომონ II-ის მეფობამდე. ერთხანს მათ დავით გიორგის ძის ტახტზე მომაგრებას დიდათ შეუწყვეს ხელი, მაგრამ ამას მათი მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია. ეს იმიტომ, რომ მალე ისინი მის წინააღმდეგ მებრძოლ დავით არჩილის ძეს (გამეფებიდან სოლომონ II) მიემხრნენ. ჩიჯავაძეების გასაჭირი კარგად არის ასახული ვახუშტის, ქაიხოსროს, გიორგისა და მათ სახლიკაცებს შორის დადებულ XVIII საუკუნის მიწურულის პირობის წიგნებში, სადაც ისინი აცხადებენ: „ჩვენი ოჯახი დამდაბლებული, წამხდარი იყო... ჩვენი სამკვიდრებლისაგან უნაწილო ვიაყავით და სხვადასხვა ადგილას განბნეულსავით ვიაყავითო“.

ჩიჯავაძეების „წამხდარი“ საქმე გამოასწორა ამ საგვარეულოს ენერგიულმა წარმომადგენელმა ვახუშტიმ, რომელმაც თავის „ცდით“ და სოლომონ II-ის „შეწყნარებით“ მიიღო ჩიჯავაძეთა ადრინდელი „სამკვიდრებელი“. ეს მოხდა დავით არჩილის ძის გამეფების (1789) შემდეგ ამავე წლის 8 დეკემბერს. ვახუშტი ჩიჯავაძე უთუოდ დიდად გამოადგა დავით არჩილის ძეს იმ ბრძოლაში, რომელსაც იგი ტახტზე ასვლისათვის აწარმოებდა. გამეფებისთანავე მის მიერ ვახუშტის „შეწყნარება“ ამით აიხსნება.

ამგვარად, „ჟამთა ვითარებისაგან... დამცირებული“ ჩიჯავაძეთა სახლი სოლომონ II–ის დროს ისევ აღზევდა. მაგრამ ვახუშტიმ თავისი საგვარეულოს ძველი სამფლობელო მთლიანად მაინც ვერ დაიბრუნა. ჩიჯავაძეების ოთხი სოფელი: გომი ანუ მუხაღრუა, დაბლა გომი, დაფნარი და ტობანიერი ჩამოერთვათ, საჩივაძეოს დასავლეთის საზღვრად სოფელი გომი (მუხაღრუა) და კაპტონის ღელე დაწესდა“. ეს სოფლები სოლომონ II-მ გელათის მონასტერს შესწირა. შეწირული სოფლები მეფის განკარგულებით ჩიჯავაძეთა და სხვათა სამფლობელოდგან გამიჯნულ იქნა წარწერიანი სამანი ქვებით, რომელთაგან რამდენიმე დღემდე შერჩენილია და რომლებზედაც ვკითხულობთ: „მეფემან სოლომონ გაენათს შეგწირე“, მეფემ არ მისცა ჩიჯავაძეებს აგრეთვე მათი ყოფილი აზნაური „ოტიელა ლორთქიფანიძე და მისი სახლიკაცი“ და ზოგი სხვა ყმა მამული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩიჯავაძეების გვარში „სათავისთავო“ ინდივიდუალური საკუთრებისკენ ლტოლვა ადრევე დაიწყო და საკუთრების ამ პროგრესულმა ფორმამ ადრევე დაძლია საგვარეულო საკუთრება. ამ მხრივ ნისანდობლივია ის, რომ გვიან, მაგრამ იმერეთის თავადებიდან ერთ–ერთმა პირველთაგანმა, სწორედ ჩიჯავაძემ მოაწყო სასაქონლო ხასიათის მეურნეობა. ყოველ შემთხვევაში, ვახუშტიმ საჩიჯავაძეო ადგილ-მამული რომ მიიღო (1789 წლის მიწურულს), სახლიკაცებს შორის ერთობის შესახებ „ლაპარაკი“ იყო, მაგრამ „ერთად დგომა აღარ მოხდა“ და გვარის წევრები „ცალკე გევიდნენ“. 1790–1791 წლებში ვახუსტიმ მისცა თავის თანამოგვარეებს, რაც „სამართლით“ მისგან ერგებოდათ „კაციცა და მიწა-წყალიც“ (ჩიჯავაძეთა თავკაცი ამ დროს ვახუშტი იყო). ამრიგად საგვარეულო სამფლობელოს დაბრუნების შემდეგ, მოკლე ხანში, ჩიჯავაძეები გაიყარნენ, გაინაწილეს საერთო ყმა-მამული და ამიერიდან ერთ სათავადო სახლად არ გაერთიანებულან.

ვახუშტი ჩიჯავაძეს ამის შემდეგაც ჰქონდა წარმატება: 1799–1801 წლებში სოლომონ II-მ მას მდივანბეგის თანამდებობა, რომელიც სიკვდილამდე ეჭირა ვახუშტი მეფესთან ფრიად დაახლოებული იყო. მეფესაც მისი „ძმობის“ იმედი ჰქონდა. მათი კეთილი დამოკიდებულება ნათესაობითაც იყო შემტკიცებული. ვახუშტი დაქორწინებული იყო დადიანის ასულ მარიამზე, რომელიც სოლომონ II-ის თანამეცხედრის აგრეთვე დადიანის ასულ მარიამის ახლო ნათესავი იყო. ამიტომაა, რომ დედოფალი ვახუშტის „ფრიად საყვარელ სიძესა და ძმას“ უწოდებს. უთუოდ ამ ნათესაობამაც შეუწყო ხელი მის დაწინაურებას.

საგვარეულო მიწა-წყლის განაწილების შემდეგ ჩიჯავაძეები ჩანან როგორც ცალკეული მემამულეები. ერთი მსხვილი მემამულე ამ საგვარეულოში, და მთელ XVIII საუკუნის დასასრულს და XIX საუკუნის დამდეგს იყო იგივე ვახუშტი. გვიან კიდევ – მისი მემკვიდრე ნიკოლოზ ჩიჯავაძე, რომელსაც კაპიტალისტურ საწყისებზე გამართული დიდი მეურნეობა ჰქონდა.

საგვარეულოს წარმომადგენლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII-XVIII საუკუნეებსა და XIX ს. პირველ ნახევარში მეტნაკლებობა ცნობილია ჩიჯავაძეთა საგვარეულოს შემდეგი წარმომადგენლები:

  • ვ ა ხ ტ ა ნ გ I თავის თანამეცხედრესთან, მიქელაძის ასულ ხვარამზესთან ერთად იხსენიება ХVII ს. პირველ ნახევარში. ეს ვახტანგი და მისი მეუღლე ხვარამზე დახატული არიან მთავარ–ანგელოზ მიქელის სახელზე აშენებულ ვანის (იმერეთში) ეკლესიის ჩრდილოეთის ეკვდრის სამხრეთის კედელზე.
  • ს ვ ი მ ო ნ მთავარეპისკოპოსი. ჩანს XVII საუკუნეში.
  • ვ ა ხ უ შ ტ ი I. გვხვდება 1696–1714 წლების ფიცის წიგნში. ეს ის ვახუშტი უნდა იყოს, რომელიც ვანის ეკლესიის მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის ხატების წარწერაში იხსენიება. პირველი ხატი მოაჭედინა „ახალ მიცვალებულისა“ მისი „მეუღლისა... ღოღობერიძისა მარეხისა სალხინებლად“, ხოლო მეორეს ამკობს იგი თავის მეორე თანამეცხედრესთან, ჭილაძის ასულ ანასთან ერთად. ვახუშტი II-ს, რომელიც უფრო გვიან მოღვაწეობდა, არც ღოღობერიძის ასული ჰყოლია ცოლად და არც ჭილაძისა
  • პ ა ა ტ ა. ვხედავთ, ვახუშტი I- თან ერთად, 1696 – 1714 წლებში. შეიძლება პაატა ვახუშტის ძმა იყოს.
  • ს ა ზ ვ ე რ ე ლ ი IV. სიძე ქართლის ჯანიშინის ვახტანგ VI-ისა. 1708 წ. 23 იანვარს საზვერელი ცოცხალი არ არის. მისი გარდაცვალება ამ თარიღს უნდა ემთხვეოდეს. მკვდრად იხსენიება იგი ვანის ეკლესიის მთავარანგელოზთა ხატის წარწერაში. რომელიც მოუჭედინებია „საქართველოს ჯანიშინს“ 1708 წ. 23 იანვარს, „მას ჟამს ოდეს სულკურთხეული“ მისი „სიძე ... ჩიჯავაძე საზვერელი მიიცვალა“
  • ლ ო მ კ ა ც ი. „ჩინებული თავადი“ დასახელებულია 1731 წ. საბუთში. მაგრამ ამ დროს ის მკვდარია. მისი თანამეცხედრე აბაშიძის ასული ანიკა და სამი ვაჟი – გიორგი, ვახუშტი II და ილარიონი გვხვდებიან ამვე წელს, უკანასკნელი აღნიშნული წლის შემდეგ არ ჩანს. ლომკაცის შვილი იყო აგრეთვე საზვერელი („საზორელი“) V. 1798 წ. ერთ პირობის წიგნში ვახუშტი ჩიჯავაძე საზვერელს თავის ძმად ასახელებს. ამ დროს და შემდეგაც ჩიჯავაძეთა გვარში მხოლოდ ერთი ვახუშტი II არის, რომელიც ლომკაცის შვილია. თუ საზვერელი ამ ვახუშტის ძმა იყო, ცხადია, იგიც ლომკაცის შვილი ყოფილა. საზვერელ V 1798 წ. შემდეგ არ გვხვდება. ლომკაცის შვილი ჩანს ანტონიც. იგიც ზემოდასახელებულ ვახუშტის ძმად იხსენიება.
  • გ ი ო რ გ ი I. ლომკაცის ძე, ძმა ვახუშტი II-ის, ილარიონის, საზვერელ V-ის და ანტონისა. მოხსენიებულია 1731 წ. საბუთში. ეს გიორგი უნდა იყოს 1764 – 1770 წლების პირობის წიგნის „გამრიგედ“ დასახელებული და 1775 წლის 22 ივნისის ნასყიდობის წიგნის გამცემი გიორგი ჩიჯავაძეც.
  • ვ ა ხ უ შ ტ ი II. ლომკაცის ძე, ძმა გიორგი I-ის, ილარიონის, საზვერელ V-ის და ანტონისა. მდივანბეგი, წიგნიერი, კანონმთცოდნეობის საქმეში ფრიად გაწაფული, ჩიჯავაძეთა გვარის ართი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ვხედავთ 1731, 1776, 1786 (დაახლოებით), 1789, 1790, 1796, 1798, 1801, 1808, 1809, 1810, 1811 წლების საბუთებში. 1809 წ. 30 დეკემბერს მდივანბეგი ვახუშტი ჩიჯავაძე იმერეთის სამეფოს „რჩევის“ წევრ თავადთა შორის არის მოხსენიებული. ვახუშტი II, როგორც ზემოთ ითქვა, დადიანის ასულ მარიამთან იყო დაქორწინებული. ჰყავდა სამი ვაჟი: ვახტანგი, ნიკოლოზი და გიორგი. მათგან უფროსი ვახტანგი უნდა იყოს: საბუთში პირველ რიგში ისაა დასახელებული. ვახუშტი II-ს ქალიშვილებიც ჰყოლია: ერთი მათგანი მიქელაძეზე ყოფილა გათხოვილი, მეორე – თავად ბეჟან ლორთქიფანიძეზე. უკანასკნელი თავის თავს ნიკოლოზ ჩიჯავაძისადმი (ცოლის ძმისადმი), გაგზავნილ ერთ უთარიღო წერილში მის „უმცირეს სიძეს“ ეძახის.
  • ბ ე ჟ ა ნ ი. ვახუშტი II- ის ბიძაშვილი. გვხვდება 1734, 1735, 1736, 1738, 1790, 1791 წლებში. შეიძლება ეს ბაჟანი იყოს 1817 წ. საბუთში მოწმედ მოხსენიებული თავადი ბეჟან ჩიჯავაძეც.
  • დ ა ვ ი თ ი. მოწმედ იხსენიება 1768 წლის ერთ წყალობის წიგნში.
  • ა ნ ტ ო ნ ლომკაცის ძე , ძმა ვახუშტის II-ისა, ხონის მტთავარეპისკოპოსი. ჩანს 1770, 1771, 1776, 1777, 1778, 1779, 1780, 1789, 1790, 1795, 1802, 1806, 1807, 1811, 1812, 1814, 1819, 1820, 1821 წლებში. 1770 წ. ანტონ ჩიჯავაძეს უკვე ხონის მთავარეპისკოპოსის ხარისხით ვხედავთ. მონაწილეობდა 1819–1820 წწ. იმერეთის აჯანყებაში. „ის იყო პირველი მიზეზი“ უკმაყოფილო ხალხის თავმოყრისა ვაკის ოლქში. ანტონი თავის დროისათვის ფრიად ნაყოფიერ კულტურულ მოღვაწეობას ეწეოდა. მისი „ბრძანებითა და წარსაგებლითა“ „აღიწერა“ მრავალი „სამღვდელმთავრო“ და „საფილოსოფოსო“ წიგნი. გარდაიცვალა იგი 1822 წ. 17 ივლისს.
  • ქ ა ი ხ ო ს რ ო. ვახუშტი II- ის ძმისწული, ძმა გიორგი II-ისა იხსენიება 1789, 1790, 1791 წლებში. ქაიხოსრო ჩიჯავაძე იმ იმერელ „დესპანებს“ შორის იყო, რომელნიც იმერეთის ქართლ–კახეთის სამეფოსთან შეერთების წინადადებით ერეკლე II-ს ეახლნენ 1789 წ.
  • გ ი ო რ გ ი II. ვახუშტი II-ის ძმისწული, ქაიხოსროს ძმა. ვხედავთ 1790, 1791, 1811, 1821, 1826 წლების დოკუმენტებში. შეიძლება ეს გიორგი და 1801 წლის ერთ „საუდეო წიგნში“ მოწმედ დასახელებული გოგია ჩიჯავაძე ერთი და იგივე პირი იყოს.
  • კ ა ც ი ა. ბეჟანის ძმა. ჩანს 1790 წ.
  • ვ ა ხ ტ ა ნ გ II. ვახუშტი II-ის ძე. ძმა გიორგი III-ის და ნიკოლოზისა. ვხედავთ 1810 წ.
  • ნ ი კ ო ლ ო ზ ვახუშტი II-ის ძე. ძმა ვახტანგ II-ის და გიორგი III-ისა. პირველად მოხსენიებულია 1810 წ. საბუთში. ამის შემდეგ განუწყვეტლივ გვხვდება XIX ს. პირველ ნახევარში და უფრო გვიანაც. 1831 – 1841 წლებში ნიკოლოზ ჩიჯავაძე პრაპორშჩიკის ხარისხს ატარებს. 1845 – 1846 წლებში პოდპორუჩიკად არის წოდებული, ხოლო 1862 წ. იგი შტაბს–კაპიტანია. 1869 წ. 15 იანვარს ის ჯერ კიდევ ცოცხალია და ხელწერილს აძლევს თანდილა დვალიშვილს. ნიკოლოზ ჩიჯავაძე, როგორც ჩანს, მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს თავადაზნაურობის 1832 წ. შეთქმულებაში. იგი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად – გურიელის ქალთან, მეორედ – წულუკიძის ასულთან. შვილი არც ერთთან არ ჰყოლია. ნიკოლოზის გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი უძრავ – მოძრავი ქონება მიიღეს მისმა დისწულებმა – კირილე და გრიგოლ ლორთქიფანიძეებმა და ბიჭია მიქელაძემ.
  • გ ი ო რ გ ი III. ვახუშტი II-ის ძე. ვახტანგი II-ისა და ნიკოლოზის ძმა. გვხვდება 1827, 1828, 1831, 1833 წლებში. ამ დროს იგი პოდპურუჩიკი და მოურავია. ისიც გარეული იყო საქართველოს თავადაზნაურობის 1832 წ. შეთქმულებაში. გარდაიცვალა 1834 წ. ივლისს.
  • მ ა ნ უ ჩ ა რ გიორგი III-ის ძე. ძმისწული ნიკოლოზი ჩიჯავაძისა. ვხვდებით 1828, 1834, 1849 წლების დოკუმენტებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]