როსტომ რაჭის ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როსტომ რაჭის ერისთავი — ერისთავი დაახლოებით 1750-1769 წლებში. შოშიტა III-ის ძე. ერისთავად გახდომისთავნავე რაჭის თავად-აზნაურები ზოგი ამოწყვიტა, ზოგი გააძევა და მათი მამულები მიიტაცა. ხელთ იგდო სამეფო მამულებიც და ამრიგად მთელ რაჭას დაეუფლა. ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ცენტრალისტურ პოლიტიკას. იმერეთის ზოგიერთ რენეგატ ფეოდალთან ერთად მეგზურობას უწევდა ოსმალ დამპყრობლებს და ხშირად გამოდიოდა მათ მოკავშირედ სოლომონ -ის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1752 წელს როსტომ რაჭის ერისთავმა და ლევან აბაშიძემ სოლომონ I ტახტიდან ჩამოაგდეს, სოლომონმა მალე დაიბრუნა ტახტი. როსტომ რაჭის ერისთავმა ისევ სცადა მეფის თავიდან მოცილება, მაგრამ ხრესილის ბრძოლაში (1757) გამარჯვება სოლომონს დარჩა. 60-იანი წლების დასაწყისში როსტომ რაჭის ერისთავი მხარში ედგა ოსმალებს და მათთან ერთად ებრძოდა სოლომონ მეფეს. 60-იანი წლების მიწურულიდან სოლომონ I-მა რამდენიმეჯერ წარმატებით ილაშქრა რაჭაში, მაგრამ როსტომის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა. 1769 წელს სოლომონ I-მა მინდობილი როსტომ რაჭის ერისთავი ოჯახიანად შეიპყრო და მკაცრად დასაჯა, მამულები კი სამეფო საკუთრებად გამოაცხადა. 1773 წლამდე როსტომი პატიმარი იყო. შემდეგ გაათავისუფლეს და 1790 წლიდან აღარ იხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 449-450.
  • რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 197-216.
  • სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1973