ადიღელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კავკასიის ეთნოლინგვისტური ჯგუფები.

ადიღელები (ადიღური: Адыгэ; საკუთარი სახელწოდება ადიღე) — ჩრდილო–დასასავლეთი კავკასიის აბორიგენი ხალხი. ადიღელი ხალხის წინაპარ ტომებად ითვლებიან: ახეები, კერკეტები, მეოტები, სინდები, ტორეტები, ფსესები, ზიხები (ქართული წყაროებით ჯიქები). ძვ. წ . VI - V საუკუნეებში ჩრდილო–დასავლეთ კავკასიის ნაწილში ყუბანსა და შავიზღვისპირეთში ცხოვრობდნენ. ანტიკურ წყაროებში ყუბანისპირელი ადიღელები მეოტების კრებითი სახელითაც მოიხსენებიან, ხოლო შავიზღვისპირა ადიღური ტომები კი საკუთარი სახელწოდებით (ზიხები "ჯიქები", კერკეტები და სხვა). ჯერ ალანების (I ს.), შემდეგ ჰუნების (IV ს.) მოძალების შემდეგ ადიღელებმა სამხრეთ–აღმოსავლეთით გადმოინაცვლეს. ქართლის ცხოვრებაში ჯუანშერის მიხედვით, ვახტანგ გორგასალის (V ს.) დროს ადიღელების ტომებს სათავეში ზიხები (ჯიქები) ჩაუდგნენ:

ვიკიციტატა
„მაშინ მუნ იყო პაჭანიკეთი მოსაზღვრედ ოვსეთისა, მდინარესა მას ოვსეთისავე წიაღ, და ჯიქეთი მუნვე იყო. შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიკნი და ჯიქნი თურქთაგან; და წარვიდეს პაჭანიკნი დასავლით კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკჳდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა.“

VIII - IX საუკუნის მიჯნაზე ჯიქეთი შავიზღვისპირეთის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. X საუკუნის რუსულ წყაროები ადიღელებს კასოგებს უწოდებენ აღმოსავლურ (სპარსული, არაბული) წყაროები კაშაგებს (ყაშაყებს), კეშეგებს, ქართული წყაროები ქაშაგებს უწოდებს. მონღოლების შემოსევების დროიდან ადიღელები ჩერქეზებად იხსეინებიან. XIII - XIV საუკუნეებში ადიღელების ნაწილი (ყაბარდოელები) მდინარე თერგის აუზში დასახლდა. ამჟამად ადიღელები ცხოვრობენ ადიღეში, კრასნოდარის მხარის ლაზარევსკის, ტუაპსეს და ნოვოკუბანსკის რაიონებში, სულ რუსეთის ფედერაციაში 125 ათასი კაცი ( 1989წ აღწერა ). ადიღელები ჩერქეზებთან და ყაბარდოელებთან ერთად კავკასიის უძველეს მკვიდრთან ადიღეების შთამომავლები არიან. ლაპარაკობენ ადიღურ ენაზე რომელიც კავკასიურ ენათა ოჯახს აფხაზურ-ადიღურ ჯგუფს განეკუთვნება.

ანთროპოლოგიურად ყველაზე მეტად ყაბარდოელებს ჰგვანან. XVI საუკუნემდე ქრისტიანები იყვნენ , შემდეგ მათ შორის ისლამი (სუნიზმი) გავრცელდა. XVIII- XIX საუკუნეებში ადიღელებში შედიოდნენ ნათხვაჯები, ბჟედუღები, აბაძახები, შაფსუღები, ჭემგუელები, ბესლენები და სხვა მცირე ტომებები (ამჟამად ტომობრივი დაყოფა აღარ არსებობს). ადიღელების დიდი ნაწილი რუსეთის იმპერიამ XIX საუკუნის 60 წლებში თურქეთში გადაასახლა (მუჰაჯირობა) . ადიღელი საზოგადოებრივი ცხოვრება ფეოდალურ-პატრიარქაული ხასიათის იყო. ისინი უპირატესად სოფლის თემებად ცხოვრობდნენ, მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, მებაღეობას. ვითარდებოდა ხელოსნობა ოქრომჭედლობა, მეთუნეობა, ლითინდამუშავება მჭედლობა და სხვა. ადიღელ ხალხის კულტურასა და ყოფაში (ტანსაცმელი, იარაღი, საოჯახო წყობა, რწმენა-წარმოდგენები, ფოლკლორი და სხვა) ბევრი საერთო აქვს სხვა კავკასიელ ხალხებთან. ადიღელებს კავკასიელ ხალხებიდან ენით და კულტურით და ეთნიკურად ენათესავებიან აბაზები, აფხაზები და ქართველები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]