შინაარსზე გადასვლა

უდაბნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „უდაბნო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ უდაბნო (მრავალმნიშვნელოვანი).
  უდაბნოები
  ნახევრად უდაბნოები
  სველი უდაბნოები
  მყინვარები
უდიდესი არაპოლარული უდაბნოები
ათი უდიდესი უდაბნო (ანტარქტიდის გარდა)
ატაკამა
რუბ-ელ-ხალის ქვიშის დიუნები, საუდის არაბეთი

უდაბნოლანდშაფტის ტიპი, რომელიც წარმოიქმება მუდმივად ან სეზონურად ცხელჰავიან მხარეებში; იგი უდაბურს, უკაცრიელს ნიშნავს.

ახასიათებს ძალზე მეჩხერი და ღარიბი ფიტოცენოზები, ნიადაგისა და გრუნტის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ უდაბნოს შემდეგ სახეობებს:

  • ქვიშიანს — განვითარებულს ძველი ალუვიური ვაკეების ფხვიერ ნალექებზე;
  • კენჭნარსა და ქვიშნარ-კენჭიანს — გათაბაშირებულ სტრუქტურულ პლატოებსა და მთისძირა ვაკეებზე;
  • ღორღიან-გათაბაშირებულსპლატოებსა და ახალგაზრდა მთისძირის ვაკეებზე;
  • ქვიანს — დაბალმთიანეთსა და წვრილგორაკებზე;
  • თიხნარს — სუსტად კარბონატულ საფრულ თიხნარებზე;
  • ლიოსურს — მთისძირა ვაკეებზე;
  • თიხიანთაყირულს — მთისძირა ვაკეებსა და მდინარეთა ძველ დელტებზე;
  • თიხიან-ბედლენდურს — დაბალმთიანეთში, რომელიც აგებულია მარილების შემცველი მერგელებითა და თიხებით;
  • მლაშობს — დამლაშებულ დეპრესიებსა და ზღვის სანაპიროებზე.

უდაბნოს ძირითადად ახასიათებს ქვიშიანი ან ქვა-ღორღიანი რელიეფის ზედაპირი, ზაფხულის მაღალი ტემპერატურა, ნალექების უმნიშვნელო რაოდენობა, დროებითი მდინარეები და ტბები, ღარიბი ნიადაგი და მცენარეულობა.

უდაბნოები (მშრალი ტერიტორიები) 4 ტიპისაა:

  1. ძალიან მშრალი (ექსტრა-არიდული) უდაბნოები, სადაც ნალექების რაოდენობა 100 მმ-ზე ნაკლებია.
  2. მშრალი (არიდული) უდაბნოები. წლის განმავლობაში მოდის 100 - 250 მმ ნალექი.
  3. ნახევრად მშრალი (სემიარიდული) ტერიტორიები ანუ ნახევრადუდაბნოები. აქ ნალექების რაოდენობა შეადგენს 250-400 მმ-ს.
  4. სველი (არა არიდული) უდაბნოები, სადაც ზედაპირი მთლიანად ნალექითაა დაფარული. წლის განმავლობაში მოდის 1მ ნალექი.

უდაბნოს მცენარეულობის სახეობრივი შემადგენლობა ძალზე თავისებულია. ხშირად უდაბნო წარმოადგენს ძველი სახეობათა წარმოქმნის ცენტრს, სადაც თავმოყრილია კაინოზოურის წინა ენდემები: ნიტრარია, პოტანინია, ემოდენდრონი (ცენტრალური აზია), ველვიჩია, აკანთოსიციოსი (სამხრეთ ამერიკა), ოპუნცია, ცერეუსი (ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკა).ზომიერი სარტყლების შიგა კონტინენტური უდაბნოებისათვის დამახასიათებელია სკლეროფილური ტიპის მცენარეული სახეობები, მათ შორის უფოთლო ბუჩქნარი და ნახევრად ბუჩქნარი (საქსაული, ჯუზღუნი, ეფედრა, მლაშობურა, აბზინდა და სხვა), ბალახეული მცენარეულობიდან — ეფემერები და ეფემეროიდები.

აფრიკისა და არაბეთის სუბტროპიკული და ტროპიკული შიგაკონტინენტურ უდაბნოებში ჭარბობს ქსეროფილური ბუჩქნარი და მრავალწლიანი ბალახეული, ხარობს სუკულენტები. ზომიერი სარტყლის უდაბნოებთან შედარებით სუბტროპიკული და ტროპიკული უდაბნოს მცენარეულობა უფრო მეჩხერია. განსაკუთრებით ღარიბია ქვიშიან-კენჭნარი უდაბნოს მცენარეულობა. ქვიშიან ბარხანებზე და მარილის ქერქით დაფარულეუბნებში მცენარეულობა არ ხარობს. მცენარეულობით მდიდარია ჩრდილოეთი ამერიკისა და ავსტრალიის სუბტროპიკული უდაბნოები. ისინი ახლოს დგას შუა აზიის უდაბნოებთან. ავსტარლიის ქვიშიანი უდაბნოების ედიფიკატორებია ხეშეში ქსეროფილური მარცვლოვნები — სპინიფექსი და კროტალარია. აქვე ქვიშიან სერებს შორის ხარობს დაბალტანიანი აკაცია და ევკალიპტი. სუბტროპიკული და ტროპიკული ოკეანისპირა უდაბნოებში (დასავლეთი საჰარა, ნამიბი, ატაკამა, კალიფორნია, მექსიკა) გაბატონებულია სუკულენტური მცენარეულობა.

ზომიერი, სუბტროპიკული და ტროპიკული სარტყლები უდაბნოს მლაშობებში არის ჰალოფილური და სუკულენტური ბუჩქნარი და ნახევრად ბუჩქნარი (ტამარიქსი, ნიტრარია და სხვა) და ერთწლიანი მლაშობურები. უდაბნოს ძირითადი მცენარეულობისაგან დიდან განსხვავდება ოაზისების, დიდ მდინარეთა ხეობებისა და დელტების ფიტოცენოზები. აზიის უდაბნოიან ზომიერი სარტყლის ხეობებისათვის დამახასიათებელია ფოთოლმცვივანი ხეების რაყები (ალვის ხე, ტირიფი და სხვა), სუბტროპიკული და ტროპიკული სარტყლების ხეობებისათვის — პალმები და ოლეანდრები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]