ვარლაამი (მახარაძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარლაამი (მახარაძე) (დ. 26 მარტი, 1873 — გ. 1943) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიტროპოლიტი ვარლაამი, ერისკაცობაში ვარლამ მელიტონის ძე მახარაძე, დაიბადა 1873 წლის 26 მარტს მედავითნის ოჯახში. 1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1895-1897 წლებში მედავითნედ მსახურობდა თბილისის ღვთისმშობლის სახელობის დიდუბის ეკლესიაში, ასწავლიდა საღვთისმეტყველო საგნებს. 1897 წლის მაისში აკურთხეს მღვდლად და 7 ივნისს განამწესეს სოფელ კავთისხევში ეკლესიის წინამძღვრად. 1899 წლის 1 სექტემბერიდან 1914 წლის 20 ოქტომბრამდე მსახურობდა ფოთის საკათედრო ტაძარში, 1914 წლიდან საქართველოს ეგზარქოსის მიერ გადაყვანილ იქნა ერევნის საოსტატო სემინარიისა და ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად და სემინარიის კარის ეკლესიის მღვდლად. 1915 წლის 12 მაისიდან ყარსის სამხედრო ჰოსპიტლის მღვდელია. 1916 წლის 28 ოქტომბრიდან ერევნის ჰოსპიტლის მღვდელმსახურია. 1918 წლის 18 ოქტომბერს დაინიშნა თბილისის #1 საქალებო გიმნაზიისა და ვაჟთა #7 გიმნაზიის პედაგოგად.

1919 წლის 1 თებერვალს დაინიშნა ოზურგეთის ვაჟთა პროგიმნაზიის მათემატიკისა და უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად. 1919 წლის 12 აპრილს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. 1929 წლის 12 თებერვალს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად, 1930 წლის 25 ოქტომბერს მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი. 1934-1937 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ იგი ეპარქიიდან გამოაძევა.

მიტროპოლიტი ვარლაამი 1937 წელს დააპატიმრეს და გადასახლებაში გარდაიცვალა 1943 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 169-170.